საქართველოს ფინანსთა მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 31 მარტი 2021 18:51

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

როგორც ივანე მაჭავარიანი აღნიშნავს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადადგომა რამდენიმე თვით გადადო.

ივანე მაჭავარიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მერვე მიმოხილვაზე. ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მისი დამტკიცების შემდეგ, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება დამატებითი ფინანსური რესურსი.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გლობალური პანდემიის დაწყებიდან მალევე, პარტნიორებისგან (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროკავშირი) მიიღო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ მქონდა შესაძლებლობა, აქტიური მონაწილეობა მიმეღო ამ მოლაპარაკებებში.

მინდა, გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად – მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს. მეამაყება, რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად“, – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: https://1tv.ge/news/ivane-machavarianma-finansta-ministris-tanamdeboba-datova/

საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 11:35

2019 წლის 13 თებერვალს, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ძი იენჩიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოსთვის გამოყოფს უსასყიდლო დახმარებას 100 მილიონი იუანის (დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც მიიმართება საქართველოში საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის საინსპექციო სისტემების შესაძენად. 
უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი ტექნიკის მიმღები იქნება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა უზრუნველყოფს საზღვარზე პოტენციური საფრთხეების თავიდან არიდების მიზნით, მიზნობრივი საბაჟო კონტროლის სწრაფად განხორციელებას, ხელს შეუწყობს უსაფრთხოების დაცვასა და იმავდროულად, შეამცირებს საბაჟო შემოწმების პროცედურების ხანგრძლივობას, რაც წინგადადგმული ნაბიჯია კანონიერი და ეფექტიანი სავაჭრო თანამშრომლობის განვითარების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2005 წლიდან დღემდე, გრანტების სახით უკვე გამოყოფილია, დაახლოებით, 62 მლნ აშშ დოლარი, ხოლო შეღავათიანი სასაქონლო კრედიტის სახით - დაახლოებით 4.3 მლნ აშშ დოლარი. 
აღნიშნული უსასყიდლო დახმარებებით/უპროცენტო სასაქონლო კრედიტით ფინანსდება საქართველოსთვის პრიორიტეტული ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომელთა შერჩევა ხორციელდება მხარეებს შორის კონსულტაციების საფუძველზე.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა და ამჟამად მიმდინარეობს ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის (ფსიქიატრიული საავადმყოფოების მშენებლობა სენაკსა და თელავში) ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერა, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და მოწყობილობებით. ამასთან, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის განხორციელება.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2017 16:47

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველო-ჩინეთის ორმხრივი ურთიერთობები განიხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება. 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო პერსპექტივები. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ასამოქმედებლად აუცილებელია ორივე ქვეყანაში დასრულდეს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები და მოხდეს ორი ქვეყნის საკანონმდელო ორგანოთა მიერ შეთანხმების რატიფიკაცია. მისი განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. აგრეთვე ინდუსტრიული მიმართულება. პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას. 

ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთაანამრომლობას და ხელს შუწყობს ქართველი და ჩინელი ხალხის დაახლოებას, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუამ შეხვედრის შემდეგ. 

მა ფეიჰუას განცხადებით, ქართველი ხალხი ძალიან მეგობრულია, საქართველოს მთავრობა ეფექტურად მუშაობს და არსებული ბიზნეს გარემო ქმნის კარგ პირობებს უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად. „ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს ოცზე მეტი ჩინური ბიზნესი და მე მჯერა, რომ ორმხრივი პოლიტიკური ნდობით და ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაღრმავებით, მომავალში ჩვენ გვექნება ბუმი სავაჭრო ურთიერთობის კუთხით. მე მართლა მჯერა, რომ საქართველოს ლამაზი ბუნების, ქართველი ხალხისა და ქვეყნის ტრადიციებს გასაცნობად საქართველოში მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 10:44

აშშ საქართველოს დამატებით დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება. არსებულ საგრანტო შეთანხმებებში შესული შესაბამისი ცვლილებები განიხილეს დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა დუგლას ბოლმა შეხვედრაზე, რომელიც ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. 

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს მთავრობასა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დახმარებისთვის. მისი თქმით, ის დახმარება, რომელიც საქართველომ 1992 წლიდან მიიღო უშუალოდ USAID-ის გავლით, 1,5 მლრდ აშშ დოლარზე მეტია, ხოლო აშშ-დან - 4 მლრდ აშშ დოლარზე მეტი. 

განახლებული შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“. 

შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 12:55
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო ინვესტორთა ჯგუფს შეხვდა. მათ შორის იყვნენ JP Morgan-ის, BNP-ის და Bank of America Merril Lynch-ის, წარმომადგენლები. დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება ახალი პროგრამის დაწყების შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზე გაამახვილა, რომელიც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერას ითვალისწინებს.საერთაშორისო კორპორაციებმა სურვილი გამოთქვეს, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები განხორციელონ. ეს კომპანიები საქართველოს მიერ გამოშვებული ევრობონდების მფლობელები არიან. თუმცა, მათ ასევე გამოხატეს დაინტერესება, მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები ადგილზევე შეიძინონ.

„ჰუალინგ ჯგუფის“ წარმომადგენლების შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 18:27

2016 წლის 15 ნოემბერს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჩინეთის საბანკო სექტორის მარეგულირებელი კომისიის და "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და მისასალმებელია, რომ სულ უფრო იზრდება ჩინური კომპანიების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.
აღინიშნა, რომ საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ქვეყანაა და მზადაა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, საბანკო და ეკონომიკის რეალურ სექტორში თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას, ყურადღება გამახვილდა ჩინური მხარის ინიციატივის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ პროექტის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საფინანსო და მონეტარული პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე.

13-14 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ანგარიშს ფინანსთა მინისტრი დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 17:22

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. 
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ, მწუხარება გამოთქვა დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მომავალში ასეთი ტიპის კატასტროფები თავიდან იქნას აცილებული. 
როგორც ნოდარ ხადურმა განაცხადა, გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ხაზინაში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად და სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად, გახსნილი იყო სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში.
„გასული წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ხელისუფლებამ, საზოგადოებამ, ბიზნესსექტორმა და ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა უპრეცედენტო ერთიანობის მაგალითი აჩვენეს. პირველად გაკეთდა ისე, რომ თანხა ჯერ ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში, მობილიზებული იქნა 90 მილიონი, ხოლო შემდეგ, გადაეცა თბილისის ბიუჯეტს და შესაბამისად, დაფინანსდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები. ასე რომ, სახელმწიფომ გარდა იმისა, რომ რეგიონული განვითარების ფონდიდან და სარეზერვო ფონდიდან გამოყო თანხები, ასევე, ორგანიზება გაუკეთდა იმას, რომ შემოწირულობები, მათ შორის, კერძო შემოწირულობები შემოსულიყო ბიუჯეტში და უფრო გამჭვირვალედ დახარჯულიყო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. 

სამინისტრომ, ასევე, გაითვალისწინა გადასახადის გადამხდელთა მდგომარეობა და ყველა იმ გადამხდელს, რომელმაც ვერ მოახერხა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, საგადასახადო დეკლარაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში წარდგენა და გადასახადების გადახდა, მოუხსნა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქციები. 
ფინანსთა სამინისტრო, ასევე, აქტიურად იყო ჩართული დონორ ორგანიზაციებთან და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში, რათა პარტნიორების მხრიდან საქართველოს დროულად მიეღო დახმარება როგორც ფინანსური და ტექნიკური კუთხით, ასევე ექსპერტული მიმართულებით.

ნოდარ ხადურმა გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 20 მაისი 2016 16:31

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა ის სტუდენტები დააჯილდოვა, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მონაწილეობა მიიღეს ფინანსთა სამინისტროს გამოცხადებულ კონკურსში თემაზე: „საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები და პოლიტიკა".

დაჯილდოების ცერემონია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გაიმართა, სადაც ფინანსთა მინისტრმა სტუდენტებისთვის საქართველოს პირველ რესპუბლიკაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით, საუკეთესო სტატიის შესარჩევად კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა.

საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობდა ფინანსთა მინისტრი და მის შემადგენლობაში შედიოდნენ მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორები.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტატიები გამოიცემა კრებულის სახით. გამარჯვებული სტუდენტი კი სტაჟირებას გაივლის ფინანსთა სამინისტროში. 

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სტუმრობისას, სტუდენტები გაეცნენ გაფორმების პროცედურებსა და სერვისებს.

სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 20 მაისი 2016 12:41

”გასული წლის ბოლოსა და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, შემოდინებების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული, იმასთან დაკავშირებით, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა," - მის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

იმედი გვაქვს, ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება, - ნოდარ ხადური

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 მაისი 2016 16:49

ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს იმედი აქვს, რომ 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 3%-ზე მაღალი იქნება.  
”თებერვალსა და მარტში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო. მარტში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3.4%-იანი მაჩვენებელი გამოაქვეყნა.  იმედი გვაქვს, ეკონომიკური ზრდა  3%-ზე მაღალი იქნება," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური