„გამოცდის სტილი და შინაარსი შეიცვალა, იყო კონტროლის მექანიზმი“ – IBSU-ში დისტანციური შუალედური გამოცდები დასრულდა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 08 მაისი 2020 16:35

კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და სტუდენტებისთვის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი შუალედური და შემაჯამებელი გამოცდების ფორმატია. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (იბსუ) ამბობენ, რომ სწავლების განსხვავებული რეჟიმიდან გამომდინარე, შუალედურმა გამოცდებმა გარკვეული ცვლილებები განიცადა, თუმცა საკითხები არ გამარტივებულა. რაც შეეხება ფინალურ გამოცდებს, უმაღლესი მათ ჩატარებას დადგენილ ვადებში, ონლაინ ფორმატში გეგმავს.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ შუალედური გამოცდები დადგენილი კალენდრის მიხედვით, რიგ ფაკულტეტებზე ონლაინ რეჟიმში უკვე ჩატარდა, რისთვისაც სხვა პროგრამებთან ერთად, ელექტრონული პლატფორმა „სმარტი“ გამოიყენეს.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შუალედური გამოცდები დადგენილი – აკადემიური კალენდრის მიხედვით ჩატარდა. როგორც ჩვეულებრივი სწავლების დროს, ორი კვირის განმავლობაში, ონლაინ გამოცდებს – აპრილის ბოლო და მაისის პირველი კვირა დაეთმო. მეორე, მესამე და მეოთხე კურსმა ამ დროისთვის უკვე დაასრულა ექვს-შვიდ საგანში შუალედური აქტივობები, რაც უმრავლეს შემთხვევაში ელექტრონული პლატფორმის “სმარტის” მეშვეობით, უხარვეზოდ ჩატარდა.

„ნაწილი იყო ზეპირი გამოკითხვა, ნაწილი ჯგუფურად ჩატარებული კვლევების წარდგენა, ზოგი წერილობით, ზოგი პრეზენტაციის სახით. გამოცდებმა ნაწილობრივ სახე იცვალა და ონლაინ პროგრამას მოერგო, თუმცა როგორც სტუდენტები ამბობენ, შინაარსობრივად ეს პროცესი არ გამარტივებულა, სრული დატვირთვით მოემზადნენ, როგორც სხვა შემთხვევაში. იბსუ-ში ცალ-ცალკე მიმდინარეობს შუალედური და ფინალური გამოცდები და ეს ფორმატი არ შეცვლილა, სტუდენტები ფინალურ გამოცდებსაც ონლაინ ჩააბარებენ, როცა ეს აკადემიური კალენდრით მოუწევთ“, – განუცხადეს EDU.ARIS.GE-ს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებმაც გამოცდაზე გასვლა ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოახერხეს, იბსუ-ში განგვიმარტეს, რომ ფაკულტეტებმა ასეთ სტუდენტებს განცხადების ფორმა გაუგზავნეს, სადაც მათ მიზეზები უნდა მიუთითონ და ხელახალი გამოცდის ჩაბარებას შეძლებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ არაბული ამბობს, რომ შუალედური გამოცდის ჩაბარების პროცესი ტექნიკურად რთული არ იყო, სტუდენტების მუშაობას კი, ლექტორები კომპიუტერის ეკრანებიდან აკვირდებოდნენ.

„ვარ სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსზე, შუალედური გამოცდები უკვე დავასრულეთ. არანაირი აცდენა პროგრამასთან არ გვქონია, საგამოცდო ცენტრმა, როგორც ჩვეულებრივი სწავლის რეჟიმის დროს იყო, ისე გაგვიწერა დრო და ჩემს შემთხვევაში ექვსივე გამოცდა განსაზღვრულ დროში ჩავაბარე. რაც შეეხება ფორმატს, ის განსაზღვრული იყო საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ზოგ საგანში კვლევითი ნაშრომი დავწერეთ, ზოგი იყო ზეპირი ხასიათის, ასეთ დროს ფორმატი გვაძლევს საშულებას, რომ თვალი ჩავრთოთ და ლექტორს ზეპირად ჩავაბაროთ გამოცდა. უნივერსიტეტს ასევე აქვს სმარტ სისტემა, რომელიც არის მორგებული იმაზე, რომ თვითონ ამ პროგრამაში დავწეროთ შუალედური გამოცდა. ძალიან კომფორტულად და მოხერხებულად ჩატარდა ყველაფერი. თავიდან გვქონდა იმედი, რომ ჯერ ერთი კვირა, შემდეგ ერთი თვე გაგრძელდებოდა ეს ეპიდემიის სიტუაცია, მაგრამ მარტის შუა რიცხვებიდან დისტანციურ რეჟიმში ვსწავლობთ. მე პირადად, კმაყოფილი ვარ, არანაირი აცდენა არც სილაბუსზე, არც გაწერილ გეგმებთან არ გვაქვს. ლექტორები იმ სამ საათს, რაც გათვლილია ლექციისთვის, სრულად გვიტარებენ. ვისმენთ ახსნას, ვაბარებთ სემინარებს და სრულად გადავერთეთ დისტანციურ რეჟიმზე. სულ არაფერს ჯობდა და მიხარია რომ ფეხი ავუწყვეთ ამ რეჟიმს“,- ამბობს მარიამ არაბული EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

მისივე თქმით, ფინალური გამოცდების ფორმატი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, თუმცა უკვე არსებული გამოცდილებით, ფიქრობს რომ პროცესი რთული არ იქნება.

„შეიძლება ბევრ სტუდენტს ჰქონდა ფიქრი, რომ რაღაცნაირად მარტივად გამოვიდოდა ამ პროცესში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კონტროლის მექანიზმები კარგად მუშაობდა. ჯერჯერობით არ ვიცით ზუსტად როგორი ფორმით იქნება ფინალური გამოცდები, იგივე ფორმატითაც რომ იყოს როგორც შუალედურები ჩატარდა, არ მგონია რაიმე ხარვეზი შეიქმნას, ბევრი თეორიული საგანი გვაქვს და კვლევის ჩატარება ამ ფორმატში უფრო მოსახერხებელი და საინტერესო იყო. რაც შეეხება სხვა საგნებს, ალბათ უფრო გართულდება იმიტომ, რომ ურო მეტი მასალა იქნება. გამოცდები სავარაუდოდ ისევ ზეპირი ფორმატით იქნება, ან წერილობით. შუალედურზე წერითი გამოცდის დროს, ჩართული გვქონდა თვალი, გაზიარებული გვქონდა ჩვენი ეკრანი და ლექტორი კომპიუტერზე ხედავდა რას ვწერდით. აქედან გამომდინარე, ობიექტურობის დაცვის პრობლემა არ ყოფილა და ვფიქრობ შემაჯამებელ გამოცდებზეც არ იქნება“, – ამბობს მარიამ არაბული.

კიდევ ერთი სტუდენტი ლევან კორძახია დისტანციური სწავლების მხრივ ტექნიკური კუთხით არსებულ პრობლემებზე და დადებით მხარეებზე საუბრობს.

„სირთულე ეს გახლავთ ინტერნეტთან დაკაშირებული პრობლემები, ეს ძირითადად რეგიონში მყოფ სტუდენტებს ეხება, ან ითიშება ქსელი, ან სუსტი კავშირია. მყავს კურსელები, რომლებსაც ინტერნეტის პრობლემის გამო სხვაგან უწევთ წასვლა, რომ ონლაინ ლექციაში ჩაერთონ, მაგრამ ეს უფრო რეგიონებში. ქალაქებში სირთულე ნაკლებადაა, უფრო მეტი დადებითი მხარე აქვს დისტანციურ სწავლებას. უფრო კომფორტულია, ხარ სახლში და თან ესწრები ლექციას. დილით გაღვიძების პრობლემა არ გაქვს, მგზავრობისთვის დრო არ გეკარგება. მე მაგალითად, რუსთავში ვცხოვრობ, ტრანსპორტის პრობლემა ყოველთვის იქმნებოდა, თუ ათზე მქონდა ლექცია შვიდზე მაინც უნდა ავმდგარიყავი და ამ მხრივ ძალიან კომფორტულია ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ ფორმატში ლექციების ხარისხი არანაირად არ დაკარგულა, კითხვების დასმის საშუალებაც გვაქვს, ჩართულობა მაინც აუდიტორიაში უფრო უკეთესია და უფრო ცოცხალი და დინამიური პროცესია, იქ უფრო ჩქეფს სიცოცხლე“, – ამბობს სტუდენტი EDU.ARIS.GE– სთან საუბარში.

ლევან კორძაიას თქმით, შუალედური გამოცდები უკვე ჩააბარა, ფინალურ გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით კი იცის ის, რომ უნივერსიტეტი ამ კუთხით რამდენიმე ვერსიას განიხილავს.

„შუალედურები ზოგთან პრეზენტაციის სახით ჩავაბარეთ, ზოგმა ლექტორმა დაგვაწერინა ისე, როგორც უნივერსიტეტში ხდებოდა ხოლმე, არანაირი პრობლემა არ გვქონია. გაითვალისწინეს ისიც, რომ ვბეჭდავდით და შედარებით მეტი დრო მოგვცეს. საკითხების გამარტივება არ მომხდარა, მაგრამ გამოცდის სტილი და შინაარსი შეიცვალა იმ მხრივ, რომ არ გვქონდა გადაწერის საშუალება. უფრო მეტად შეკითხვები ეხება საკითხთან მიმართებაში ჩვენს მოსაზრებებს და არა ფორმალურ ნაწილს. მაგალითად, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე და არა დავუშვათ რა მოხდა ამა და ამ წელს. ფინალურებთან დაკავშირებით ჯერ ინფორმაცია არ გვაქვს, როგორც ვიცი, სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ალბათ, დახლოებით, ანალოგიური პრინციპით ჩატარდება, როგორც შუალედურები იყო. ისედაც დიდად არ განსხვავდება შუალედური და ფინალური გამოცდები, უბრალოდ ქულაა განსხვავებული. ზოგმა ლექტორმა გვითხრა ფინალურებსაც ისევ ამ სტილით ჩავატარებთო“, – ამბობს იბსუ-ს სტუდენტი.

რამდენად კარგად გაართმევენ თავს უნივერსიტეტები და თავად სტუდენტები შექმნილ ფორსმაჟორულ ვითარებას, ჯერ ვერ ვიტყვით. სტუდენტების ინტერესი კი მზარდია და აღნიშნულის გათვალისწინებით, შუალედური და ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმებთან დაკავშირებით EDU.ARIS.GE-მ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, სამედიცინო უნივერსიტეტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და თავისუფალ უნივერსიტეტს მიმართა, მათ პასუხებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

შუალედური და ფინალური გამოცდები – რა ცვლილებებს ახორციელებს თსუ სტუდენტების შეფასების მიზნით

მოამზადა თამთა ვირსალაძემ

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური