CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 მაისი 2019 18:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

თბილისში, 2 მაისს იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 10:14

თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“, 2019 წლის 2-5 მაისს, ინგლისური და ქართული სუბტიტრებით

2019 წლის 27 აპრილი, თბილისი - 2019 წლის 2 მაისს, ქ. თბილისში იწყება მე-5 უკრაინული კინო ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“. თანამედროვე უკრაინული ფილმების ჩვენება შედგება კინოთეატრ „ამირანში“ (მ. კოსტავას ქუჩა # 36/1), 2-დან 5 მაისამდე. კინოფილმები იქნება ორიგინალ ენაზე ინგლისური და ქართული სუბტიტრებით. აფიშა და ჩვენების დეტალები ხელისაწვდომია ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე: Official Facebook page of the festival .

ფესტივალი „უკრაინა ფოკუსში“ გაიხსნება რეჟისორ იაროსლავ ლოდიგინის ფილმის “ველური მდელო” (2018)  ჩვენებით, რომელიც გაიმართება 2 მაისს, 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“. მოგვიანებით, 3-5 აპრილს ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი კინოფილმები: „კარიბჭე“ (რეჟისორ ვოლოდიმერ ტიხის მხატვრული ფილმი, 2017 წელი),  “ვულკანი” (რეჟისორ ტომან ბონდარჩუკის მხატვრული ფილმი, 2018 წელი), კომედია „ჩვენი დროის გმირი“ (რეჟისორი ანტონინა ნოიაბროვა, 2018 წელი, ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული), „როდესაც ხეები ეცემიან“ (მარუსია ნიკიტიუკის ფილმი, 2018) და რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმები (ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები).

უკრაინული კინოფესტივალის 5-წლიანი ისტორიის ტრადიციის კვალდაკვალ, სპეციალური პროგრამა მომზადდა ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.  ბავშვებს და ახალგაზრდებს შეუძლიათ შემდეგი თანამედროვე ფილმების ნახვა: „წმ. ნიკოლოზის თავგადასავალი“ (რეჟისორი სემიონ გოროვი, 2018) და „მორშინოს 11 ბავშვი“ (რეჟისორი არკადი ნეპიტალუკი, 2019).

საფესტივალო ფილმების ბილეთები სიმბოლურ 1 ლარად ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდებზე: biletebi.ge, tkt.ge და kinoafisha.ge. შესაბამისად, თავისუფალი ადგილებისთვის რეკომენდირებულია ბილეთების წინასწარ შეძენა.

ფესტივალის მთავარი პროგრამის გარდა, 4 მაისს, 14:00 სთ-ზე, კინოთეატრ „ამირანში“, ცნობილი უკრაინელი მსახიობები ირმა ვიტოვსკა და დარია პოლუნინა ბავშვებისთვის ჩაატარებენ მსახიობის ვორკშოპს. ეს ღონისძიება ბავშვებს ჩართავს კინოს მაგიურ სამყაროში და მათ მისცემს მსახიობის გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.

ღონისძიების ორგანიზატორის მარია მოსკალენკოს კომენტარი: „უკრაინული კინოს ფესტივალის უკვე მეხუთედ იმართება თბილისში და ყოველ ჯერზე ამ არაორდინარულ მოვლენას სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების კინო–მოყვარულები სტუმრობენ. წელს ფესტივალის პროგრამაში შევიდა სხვადასხვა ჟანრის თანამედროვე კინოფილმები და იმედს გამოვთქვამთ, რომ თითოეული მაყურებელი შეძლებს მისთვის საინტერესო ჩვენების ნახვას, უკრაინულ კინოს სამყაროს გაცნობას და ფესტივალიდან რაღაც განსაკუთრებულს წაღებას“.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან კომპანია FX Film Georgia და JS Films. ღონისძიება გაიმართება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, კინოს საკითხებში უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, თბილისის მერიის, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდაჭერით.

ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=380515422541700 

კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია

გამოქვეყნებულია კულტურა
კვირა, 10 დეკემბერი 2017 15:30

დღეს კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია, სადაც გამოვლინდა ფესტივალის გამარჯვებული ფილმები.

საერთაშორისო კონკურს აფასებდა ჟიური ხუთი წევრის შემადგენლობით. ჟიურის თავმჯდომარედ მოწვეული იყო ბრიტანელი რეჟისორი უბერტო პაზოლინი. ჟიურის დანარჩენი წევრები იყვნენ: ამერიკელი კინოკრიტიკოსი, სიეტლის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამის კოორდინატორი მარინა აჟაჟა, სერბი რეჟისორი სრჯან დრაგოევიჩი, ფრანგი მსახიობი სტეფან რიდო და ქართველი ლიტერატურათმცოდნე და მსახიობი ლაშა ბაქრაძე.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები არიან:

"ოქროს პრომეთე" (საუკეთესო ფილმი) - "ყორნები" (შვედეთი, 2017), რეჟისორი: იენს ასური.

"ვერცხლის პრომეთე" (საუკეთესო რეჟისურა) - "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.

ჟიურის სპეციალური პრიზი - განსაკუთრებული აღნიშვნა გადასცა ანა ურუშაძეს ფილმისთვის "საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017) და მათან იაირის ფილმისთვის "ხარაჩოები" (ისრაელი, პოლონეთი, 2017).


რაც შეეხება სექციას "ქართული პანორამა", აქ წარმოდგენილი იყო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს ჟიურის წევრებმა: გერმანელმა კინომცოდნეებმა ერიკა და ულრიხ გრეგორებმა და ბრიტანელმა კინოკრიტიკოსმა კარმენ გრეიმ.

"ქართული პანორამის" გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი - "საშიში დედა", რეჟისორი ანა ურუშაძე (საქართველო, ესტონეთი, 2017).

საუკეთესო დოკუმენტური ქართული ფილმი - "მზის ქალაქი", რეჟისორი რატი ონელი (საქართველო/აშშ/ყატარი/ნიდერლანდები, 2017).

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი - "ანა", რეჟისორი მარგო ზუბაშვილი (საქართველო, 2017).

ჟიურის სპეციალური პრიზი - "თევზაობა", რეჟისორი თორნიკე ბზიავა (საქართველო/საფრანგეთი, 2017).


ამას გარდა, წელს პირველად "ევროკავშირმა საქართველოსთვის" დააწესა სპეციალური პრიზი, რომელიც გადაეცა ადამიანის უფლებებზე გადაღებულ საუკეთესო ფილმს საერთაშორისო საკონკურსო პროგრამიდან. მათი გამარჯვებული გახდა "არშიყი" (დანია, შვედეთი, საფრანგეთი, 2017), რეჟისორი: მილად ალამი.


ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ინდუსტრიული დღეები, რომელმაც დაინტერესებულ აუდიტორიას მრავალი საინტერესო მასტერკლასი, ვორქშოფი და პიჩინგი შესთავაზა.

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა - ელენე მიქაბერიძე და ალექსანდრე შერვაშიძის პროექტი "თავის-უფალი".

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების პიჩინგ ფორუმის გამარჯვებული გახდა გიგიშა აბაშიძის და ლაშა ხალვაშის პროექტი "უხერხემლო".

პიჩინგ ფორუმის გამარჯვებულებისთვის პრიზი დააწესა "ქართული ფილმის განვითარების ფონდმა" და გამარჯვებულებს გადასცა ფულადი პრიზები 3000 ლარი (მოკლემეტრაჟიანი) და 5000 ლარი (სრულმეტრაჟიანი).

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა ზაზა ხალვაშის ქართული პრემიერით, ფილმით - "ნამე".

ფოტო: ნინო კანკავა

თბილისში ბრაზილიური ფილმების ფესტივალი გაიხსნა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 07 ნოემბერი 2017 10:15

6 ნოემბერს, კინოთეატრ "ამირანში" საზეიმოდ გაიხსნა ბრაზილიური ფილმების ფესტივალი. ფესტივალი გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ. მან ისაუბრა ბრაზილიური კინოს მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართულ-ბრაზილიური კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას.
ფესტივალის მისიაა ახალი ბრაზილიური კინოს გავრცელება და მხარდაჭერა. ღონისძიება მიზნად ისახავს კულტურული მრავალფეროვნების ხელშეწყობასა და თანამედროვე ბრაზილიის კინოსამყაროსთან ქართველი კინომანების დაახლოებას.
ბრაზილიელი კინორეჟისორების ფილმებს ფესტივალზე აჩვენებენ ორიგინალში ინგლისური სუბტიტრებით.
ფესტივალის სტუმრები ნახავენ ხუთ კინოსურათს. პროგრამაშია: ალე აბრეუს მულტფილმი "ბიჭუნა და მსოფლიო" (2013), მარკოს ხორხეს დრამა "ძაღლური სამყარო" (2016), პაოლო და პედრო მორელის დრამა "ბატკნის ტყავი" (2013), კაიტო პრტიზის კომედია "როგორ მოვიპაროთ თასი" (2016) და კლაუდიო ასისის დრამა "ბიგ ჟატო" (2016).
ფესტივალი ორგანიზებულია საქართველოში ბრაზილიის საელჩოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით. ბრაზილიური ფილმების ფესტივალი 10 ნოემბერს დასრულდება.

ბრაზილიური კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ღონისძიების ვებ-გვერდზე

 

ფილმების ჩვენება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 01 მაისი 2017 11:40

ლათინური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფესტივალის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ფილმების ჩვენება მოეწყო.

კინოჩვენება ბრაზილიის ელჩმა საქართველოში სისერო მარტინს გარსიამ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ გახსნეს.

ჩვენებას სტუდენტები,  საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მივესალმები ფესტივალის ჩატარებას და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები ხალხთა შორის კულტურის გაზიარებისა და დაახლოებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ლათინურ ქვეყნებთან მრავალი მიმართულებით და წელს არგენტინასა და მექსიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის თავს სწორედ ამ ღონისძიებებით აღვნიშნავთ.“ - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

თბილისში ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 13:56

საქართველოსა და არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით  24 აპრილს ეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში საზეიმო მიღება და ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24 აპრილს საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.

კინოფესტივალზე 29 და 30 აპრილს  წარმოდგენილი იქნება, არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის, ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

საიუბილეო დღეების ფარგლებში  არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის, საქართველოში ვიზიტის დროს გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სახლში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში. 

9-18 მარტს საქართველოში ევროკავშირის კინოფესტივალი გაიმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 08 მარტი 2016 14:23

9 მარტს, ოთხშაბათს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახსნიან ევროკავშირის 2016 წლის კინოფესტივალს „გარდამტეხი მომენტები“. 9-18 მარტამდე, 10 დღის განმავლობაში გაიმართება ძველი და ახალი ფილმების ჩვენება საქართველოს 5 ქალაქში. წლევანდელი კინოფესტივალი მოიცავს თბილისს, ქუთაისს, რუსთავს, ბოლნისსა და მესტიას.
კინოფესტივალისთვის „გარდამტეხი მომენტები“ ევროკავშირმა და წევრმა ქვეყნებმა შეარჩიეს სხვადასხვა დროს გადაღებული 17 ფილმი. არჩევანი გათვლილია ყველანაირი გემოვნების მაყურებელზე და ამოცანად აქვს, წარმოუდგინოს ქართულ აუდიტორიას ევროპული კინოს ისტორიული მრავალფეროვნება და თანამედროვე ტენდენციები.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება ოთხშაბათს, 9 მარტს, 19 საათზე. მისამართი: თბილისი, კოსტავას ქ.36, კინოთეატრი „ამირანი“.
კინოფესტივალს „გარდამტეხი მომენტები“ გახსნიან ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და ბელგიის სამეფოს ელჩი კარინ პეტი. ღონისძიების დასრულების შემდეგ, მედიისა და სტუმრებისთვის გაიმართება საზეიმო მიღება.
ფილმების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ  www.eufilm.ge

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური