დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ, - ზურაბ ხიზანიშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 05 სექტემბერი 2016 10:51

ფეხბურთელი, რომელიც 16 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა სანაკრებო კარიერას ასრულებს. ზურაბ ხიზანიშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია დღეს დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე  გაიმართება. 

სანაკრებო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს:

"16 წელი იმ საქმეს ვემსახურე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელშიც ყველაფერი ჩავდე. ამ პერიოდში არაერთ სახელოვან გუნდში მომიწია თამაში, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საპატივცემულო საქართველოს ნაკრებში თამაში იყო. 93-ჯერ მოვირგე ეროვნული მაისური და ყოველთვის განსაკუთრებული განცდა მეუფლებოდა. იყო წარმატებებიც და წარუმატებლობაც, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო და საამაყოა, როდესაც შენ ქვეყანას წარმოადგენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს, თანაგუნდელს, რომლებთან ერთადაც მომიწია მრავალი წლის გატარება და გამარჯვებისთვის ბრძოლა, მაგრამ ყველაზე დიდი და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელთა თანადგომას და სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი და ეს მაძლიერებდა. დღეიდან უკვე მეც გულშემატკივრის რიგში გადავინაცვლებ და იმედი მაქვს რომ ყველა ერთად გავხდებით მოწმე ქართული ფეხბურთის იმ დიდი წარმატებისა და გამარჯვებისა, რომელსაც ყველა ასე ველოდებით!'- წერს ზურაბ ხიზანიშვილი.

ეროვნული ნაკრების გულშემატკივარს კარგად ახსოვს ხიზანიშვილის გულიანი და თავდადებული თამაში. საქართველო ავსტრიის დაპირისპირებასთან ერთად ქომეგისთვის დღევანდელი მატჩი გამორჩეული და ემოციური იქნება. იმედია, სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და  ყველა ერთად ვეტყვით მადლობას ხიზანას.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები  20:00 საათზე, ”დინამო არენაზე” ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

ზურაბ ხიზანიშვილი სანაკრებო კარიერას ასრულებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 02 სექტემბერი 2016 16:00

5 სექტემბერს, დინამო არენაზე, წლის პირველი ოფიციალური მატჩის დაწყებამდე ზურაბ ხიზანიშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ზურაბ ხიზანიშვილი 16 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი. მისი დებიუტი 1999 წელს საქართველო-საბერძნეთის დაპირისპირების დროს შედგა და მას შემდეგ, 2015 წლის ჩათვლით, მან ეროვნული ნაკრების მაისურით 93 მატჩი ითამაშა.

ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 15:42

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება.

30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ოთხი კლუბი კი, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ თასის გათამაშებაში ავტომატურად, მერვედფინალიდან ჩაებმებიან.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლიახვი - ლოკომოტივი

სიონი - კოლხეთი1913

ბორჯომი - დინამო თბ

კოლხეთი ხობი - ჩიხურა

ოდიში 1919 - ტორპედო

სულორი - გურია

ჩხერიმელა - სამტრედია

მერანი - დილა

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება. მეოთხედფინალის შევხედრები 19 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 2 ნოემბერს შედგება. შეგახსენებთ,რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.

საქართველო-ავსტრიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 22 აგვისტო 2016 18:17

2018 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩის: საქართველო - ავსტრია, ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დაიწყო. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთის შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე tkt.ge/georgiavsaustria შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია. მატჩის ბილეთების გაყიდვა დინამო არენასა და ფილარმონიის სალაროებში, მოგვიანებით, 29 აგვისტოდან დაიწყება. 5 სექტემბერს, 20:00 სთ. დინამო არენაზე ერთმანეთს საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 17:05
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 5 სექტემბერს ჩაატარებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ავსტრიას თბილისში დაუპირისპირდება. დინამო არენაზე მატჩი 20:00 საათზე შედგება. მატჩისთვის მოსამზადებელ შეკრებას ქართველი ფეხბურთელები 29 აგვისტოს დაიწყებენ. მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩისთვის გაფართოებული, 28 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ნაკრებს, წინა შეხვედრების მსგავსად, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯაბა კანკავა ვერ დაეხმარება. ვლადიმირ ვაისმა შემადგენლობის დასახელების პარალელურად სასტუმრო „ჰუალინგში,“ მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს სპეციალურ პრესკონფერენციაზე უპასუხა. „ბოლო ამხანაგური თამაშების შემდეგ აქტიურად ვაკვირდებოდი ჩვენს კონკურენტებს,რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში დავუპირისპირდებით. ასევე იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც საქართველოს ნაკრებში მოვიაზრებთ. დავესწარი „დინამო თბილისის“ შეხვედრებს ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ჩვენი პირველი ოფიციალური მატჩისთვის მზადებას სერიოზულად ვიწყებთ, ნაკრების შეკრება 29 აგვისტოს დაიწყება და ყველაფერს გავაკეთებთ,რათა ავსტრიის ნაკრებთან დადებით შედეგს მივაღწიოთ. ნაკრები ოჯახივითაა, თუ ბავშვი კარგად არ იქცევა - შენიშვნა უნდა მისცე. ესპანეთთან მატჩამდე გაკეთებულ ჩემს განცხადებას ფეხბურთელებთან დაკავშირებით სწორედ ასე ვაფასებ, ამ განცხადებას ფსიქოლოგიური გავლენა უნდა მოეხდინა, დადებითი ეფექტი უნდა ჰქონოდა და ვთვლი, რომ ასეც მოხდა ესპანეთთან. თუ ფეხბურთელები დისციპლინით და თავდადებით ითამაშებენ, ჩვენს ნაკრებს ექნება შანსი, კარგი ფეხბურთი აჩვენოს. ნაკრების 11-მა ფეხბურთელმა შეიცვალა საკუთარი კლუბი და ეს დიდი ციფრია, ზოგს ტრავმა აწუხებს. მიხარია,რომ ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატი წარმატებით დაიწყო, კლუბი შეიცვალა გიორგი ქვილითაიამ და მინდა მას ავსტრიაში წარმატება ვუსურვო. დაველოდებით ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვნახავ რამდენად მზად იქნებიან ისინი 5 სექტემბრის თამაშისთვის. რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ის ჩვენი კაპიტანია, დიდი პროფესიონალი და იმედი მაქვს ნაკრებს მალე დაუბრუნდება. ფეხბურთში არის მომენტები, როდესაც გუნდები საკუთარი ლიდერების გარეშე თამაშობენ. მომავალ მატჩში ჯაბას პოზიციაზე შეიძლება კაშია იყოს. ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ამხანაგურ შეხვედრებში საკმაოდ კარგად ითამაშა. იგივე პოზიციაზეა მურთაზ დაუშვილი და გიორგი აბურჯანიაც“. დღეს პრესკონფერენციაზე, ეროვნული ნაკრების კაპიტნის არყოფნის საკითხს შეეხო ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. „ჯაბა ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მან ივნისში გამართული სამი ამხანაგური მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა და მას დღემდე არ ჩაუტარებია ვარჯიში. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ყველა ფეხბურთელთან. გუშინ მწვრთნელთან ერთად ვესაუბრეთ ჯაბას და გვითხრა, რომ თავს კვლავ ცუდად გრძნობს. მას ისევ აქვს იგივე ჯანმრთელობის პრობლემები, როს გამოც წინა თამაშები გამოტოვა. ჯაბამ თავად განაცხადა,რომ ამ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მალე შემოუერთდება ნაკრებს“ . - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი) მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო თბილისი), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი) ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი (გაბალა, აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (გენკი, ბელგია), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი) თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ოთარ მარცვალაძე (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)

დიანამო თბილისი VS პაოკი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 15:44

რამდენიმე წუთის წინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში  ევროპა ლიგის პლეი-ოფის წილისყრა დასრულდა. ცნობილი გახდა საქართველოს ჩემპიონის მეტოქის ვინაობა.

ევროპის ლიგის ფლეი-ოფში "დიანამო" თბილისის მეტოქე ბერძნული "პაოკი"  იქნება.  დინამო პაოკის პირველი შეხვედრა 18 აგვისტოს,  დინამო არენაზე გაიმართება. განმეორებითი მატჩი კი 25 აგვისტოს შედგება. 

ფეხბურთელის უფასო ვახშამს ძვირადღირებულ რესტორანში კრიტიკა მოჰყვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 23:53

„როგორი ტრაგიკული მომენტია,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ბლოგერი გურამ შეროზია იმ ფეხბურთელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის სტატუსებიც ბევრისთვის გარჩევის საგნად იქცა.

 

„რუსთავის“ ფეხბურთელმა გიორგი ლემონჯავამ საზოგადოების ყურადღება 2 დღის წინ მიიქცია, მაშინ ის იმ პატრულის საქციელით ამაყობდა, რომელმაც დარღვევის მიუხედავად ჯარიმა არ გამოუწერა - თავი ფეხბურთელად ვიგრძენი წერდა ის.

 

გურამ შეროზია: „როცა თავს ფეხბურთელად რესტორანში უფასო გამასპინძლებისას და პატრულის მიერ ჯარიმის არ დაწერის დროს გრძნობს... თან წინაზე ეწერა - პირველად ვიგრძენიო (რესტორანზე არ მაქვს კომენტარი, პატრულის ამბავი მაწუხებს)

და მოედანზე რად გრძნობს თავს ნეტა?

პ.ს. ერთი ეს და მეორე კიდევ ანაფორიანები, ვინც "სტატუსს" ასე ბოროტად იყენებენ და თან ამაყობენ. იპოვონ და დასაჯონ ეს არაკომპეტენტური პატრული!

ვაჰ და თან ფოთელი, ჯერ იზორია, ახლა ეს, სავარაუდოდ ჩემთვის საბოლოოდ ჩაიკეტება საზღვრები ქვალონთან და გრიგოლეთთან“

თბილისის „დინამო" ზაგრების "დინამოსთან" ისევ დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 03 აგვისტო 2016 11:22

„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლას გამოეთიშა. თბილისელები ზაგრების „დინამოსთან“  2 შეხვედრის ჯამში 3:0 დამარცხდნენ.  საქართველოს ჩემპიონმა ხორვატებს  2 აგვისტოს, "დინამო არენაზე" უმასპინძლეს.  თბილისელთა კარში სწრაფი  გოლი შეხვედრის მე-8 წუთზე მარკო როგიამ გაიტანა.  

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა რამდენიმე მომენტი შექმნა,  ზაგრების დინამო მტელი სიზუსტით თამაშობდა.

თბილისის "დინამო" ჩემპიონტა ლიგაზე მოსახვედრად ბრძოლას გამოეთისა, თუმცა  თბილისელები ევროპა ლიგის პლეი-ოფში იტამაშებენ.  ევროპის ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა  5 აგვისტოს გაიმართება, სადაც დინამო თბილისის მეტოქის ვინაობა გაირკვევა.

თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გულშემატკკივარს დღესასწაულს ჰპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 02 აგვისტო 2016 10:26

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის ”დინამო”  ზაგრების ”დინამოს” დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე ”დინამო არენაზე” დაიწყება. საქართველსო ჩემპიონი ხორვატიაში  2:0 დამარცხდა, დინამოელებს სემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ, ამისთვის მინიმუმ ორბურთიანი გამარჯვებაა საჭირო. 
თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის იურაი იარაბეკის განცხადებით, გადაწყვეტილი არაფერია და თბილისის "დინამოს" გულშემატკივარს დღსასწაული ელის:

”დღესასწაული გველის. შანსი გვაქვს, რომ  ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ კარგი ანგარიში დავაფიქსიროთ. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა  პირველ თამაშში ჩვენ  ძალიან კარგად ვითამაშეთ თუ არ ჩავთვლით იმ 3 წუთს, როცა კონცენტრაცია დავკარგეთ და 2 ბურთი გავუშვით. მოვლენ გულშემატკივრები, ვისი იმედიც მაქვს და გუნდთან ერთდ კარგ გარემოს შექმნიან. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ.მთავარია, ფეხბურთელებს კარგი განწყობა აქვთ", - განაცხადა იარაბეკმა.

თბილისში ხორვატები შემდეგი ეტაპის საგზურისთვის ჩამოვიდნენ. ზაგრების ”დინამოს” მთავარი მწვრთნელის ზლატკო კრანჩარის განცხადებით, გუნდის მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა

"კარგი თამაშის ჩვენებას ვგეგმავთ. 2:0 გვაქვს მოგებული, მაგრამ მატჩს 0:0-დან დავიწყებთ. მეტოქე კარგი გუნდია, პირველ შეხვედრაში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი, რთული  მატჩი იქნება, გულშემატკივარი საკმაო რაოდენობით მოვა, მაგრამ ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. ", - განაცხადა კრანჩარმა.

 

 

 

"დინამო თბილისი" ხორვატიაში დამარცხდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 10:49

ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი დინამო თბილისი გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების დინამოსთან 0:2 დამარცხდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თბილისელ ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, საპასუხო თამაშის წინ მასპინძლებმა კარგი უპირატესობა მოიპოვეს. ხორვატმა ფეხბურთელებმა გოლები 3 წუთის ინტერვალით გაიტანეს: 38-ე წუთზე ანტე ჩორიჩმა მშვენიერი პასით მეკარეს შეატოვა ელ არაბი ჰილალ სუდანი და ალჟირელმაც ანგარიში გახსნა; 42-ე წუთზე კი ჟუნიორ ფერნანდესი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩორიჩს დაუგორა ბურთი, რომელმაც მეორედ დალაშქრა საქართველოს ჩემპიონის და თასის მფლობელის კარი - 2:0.

იურაი იარაბეკის გაწვრთნილმა დინამო თბილისმა ანგარიშის შემცირების ყველაზე რეალური შანსი 55-ე წუთზე ვერ გამოიყენა. ლადო დვალიშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა სწრაფად გაუთამაშა შეცვლაზე შესულ ნიკოლოზ გელაშვილს, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა თავდამსხმელმა ბურთი კარს ააცილა.

„სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა იმ ბურთმა ძალიან აგვრია. გულდასაწყვეტი თამაში წავაგეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მეტოქემ ფლეი-ოფი გაინაღდა - საპასუხო მატჩში ყველაფერს ვიღონებთ, რათა ორი თამაშის ჯამში ჩვენ გავიმარჯვოთ", - განაცხადა დინამოელთა სლოვაკმა თავკაცმა.

საპასუხო შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 2 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება.

26 ივლისი, 2016. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიხორვატია, ზაგრები, მაქსიმირი. 10000
დინამო (ზაგრები, ხორვატია)
 2:0 დინამო
გოლები
: 1:0 ელ არაბი ჰილალ სუდანი (38), 2:0 ანტე ჩორიჩი (42)
დინამო (ზაგრები): ედუარდო, ელ არაბი ჰილალ სუდანი, დომაგოი ანტოლიჩი (კაპ), პაულო მაჩადო (ჟუნიორ ფერნანდესი 9), არმინ ჰოჯიჩი (ჟონასი 62), იოსიპ პივარიჩი, ლეონარდო სიგალი, ანტე ჩორიჩი (ანხელო ენრიკესი 74), ფილიპ ბენკოვიჩი, მარკო როგი, პეტარ სტოიანოვიჩი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
დინამო: ანტონი სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (მათე ცინცაძე 78), გიორგი პაპუნაშვილი (მათიას კურიე 56), ოთარ კიტეიშვილი (ნიკოლოზ გელაშვილი 46)
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი)
გაფრთხილება: ლეონარდო სიგალი
მსაჯები: ბობი მედენი; დევიდ მაკგი, შონ კარი (შოტლანდია)

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური