დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019 14:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან. 

სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.  განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს  წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებების შესახებ, მათ შორის გორის რ-ნის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.
 
სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.
 
საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის, რომელიც ადგილზე არსებული საერთაშორისო მონიტორინგის ერთადერთი მექანიზმია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ვითარების დეესკალაციისა და უსაფრთხოების შემდგომი უზრუნველყოფისთვის.
 
უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა განიხილეს და ხაზი გაუსვეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალ ხარისხს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 06 მარტი 2019 10:27

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თავმჯდომარეობდა, საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების შესახებ 2018 წლის ანგარიში განიხილეს და  საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მაღალი ხარისხი დადებითად შეაფასეს.

კიდევ ერთხელ დადასტურდა მზადყოფნა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებასთან დაკავშირებით. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ევროპული არჩევანის, ასევე დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობის საერთო მიზნის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განიხილა საქართველოს „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რომლის მიზანიცაა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება.

მხარეებმა დაადასტურეს, რომ  მზად არიან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის უზრუნველსაყოფად ითანამშრომლონ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ოთხ ძირითად სფეროში - ეკონომიკური განვითარება და საბაზრო შესაძლებლობები; ინსტიტუციური გაძლიერება და ეფექტიანი მმართველობა; ტრანსპორტი, ენერგოეფექტურობა, გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები; გაზრდილი მობილურობა და ხალხთა შორის კონტაქტები.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრისა და 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა მთლიანობაში კონკურენტულ გარემოში, ასევე აღნიშნა მცირე ხარვეზები და ხაზი გაუსვა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის(ODIHR) რეკომენდაციების გათვალისწინების მნიშვნელობას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით, 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით. ასოცირების საბჭო მიესალმა კონსტიტუციის ახალი ვერსიის ძალაში შესვლას 2018 წლის დეკემბერში, რითაც დასრულდა საქართველოს გადასვლა სრულ საპარლამენტო სისტემაზე. ასოცირების საბჭომ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანამშრომლობისა და ღია დიალოგისკენ, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, პლურალისტული დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში ევროკავშირსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მიმართული ყოვლისმომცველი რეფორმების ჩატარებაში, ასევე აღნიშნა ზოგიერთი სფერო, სადაც აუცილებელია შემდგომი წინსვლა და მოუწოდა საქართველოს სასამართლო რეფორმის მე-4 ტალღის განხორციელებისკენ და მართლმსაჯულების ინსტიტუტების გაძლიერების გაგრძელებისკენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში, სხვა ასპექტებთან ერთად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვის და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომების მეშვეობით. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის განხორციელებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა სარგებლობს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლით. საბჭო ასევე მიესალმა საქართველოს მთავრობის მიმდინარე ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების დარღვევების აღმოფხვრისკენ და მოუწოდა საქართველოს, გააგრძელოს ბრძოლა შენგენის ზონის ზოგიერთ ქვეყანაში საფუძვლის გარეშე თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდასთან. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ უკანონო მიგრაციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და მოუწოდა მას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და გენდერული თანასწორობის დამკვიდრების გაგრძელებისკენ, მათ შორის ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაფართოების გზით. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა  ერთგულება ზოგადსაკაცობრიო ადამიანის უფლებათა დაცვისადმი, რელიგიური მრწამსის, რასის, სქესის, ენის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, შესაძლებლობებისა და სხვათა მიუხედავად. ასოცირების საბჭომ მაღალი შეფასება მისცა  საქართველოს მიერ შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღებას, რომელიც მოიცავს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროს და მოუწოდა საქართველოს შრომის ინსპექციის ეფექტიანი სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამუშაო პირობების შემდგომი გაუმჯობესება.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების კუთხით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ჩათვლით. 2018 წელს ევროკავშირი კვლავაც წარმოადგენდა საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორს - 2018 წელს ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 2,76 მილიარდი ევრო. ევროკავშირმა შესთავაზა საქართველოს ევროკავშირში ექსპორტის პოტენციალის მქონე კონკრეტული პროდუქტების იდენტიფიცირება, რის საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნება დახმარება. მხარეები მიესალმნენ სტრუქტურული რეფორმების წარმატებით განხორციელებას და ხაზი გაუსვეს საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა 2018 წლის დეკემბერში საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების პირველი ნაკადის გამოყოფას და მოუწოდა საქართველოს დარჩენილი შეთანხმებული სტრატეგიული ზომების განხორციელებისკენ, რათა შესაძლებელი იყოს მეორე ნაკადის გამოყოფა. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს უკვე განხორციელებული რეფორმების მდგრადობის და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისკენ.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული როლი ენერგეტიკის და ტრანსპორტისა სფეროებში, ასევე ქვეყნის, როგორც რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრის, მზარდი ფუნქცია. ევროკავშირმა გამოთქვა მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან სატრანსპორტო დღის წესრიგზე და ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შემდგომ გაფართოებაზე. ასოცირების საბჭო მიესალმა 2019 წლის 29 იანვარს გამართულ ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის სატრანსპორტო დიალოგის პირველ რაუნდს. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი სატრანსპორტო ქსელების და ევროპასა და აზიას შორის საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებისკენ.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში  ევროპის პარტნიორის, საკვანძო როლი და აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო მნიშვნელობა ევროპის ბაზრებისთვის კასპიის ზღვის რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდების საქმეში, კერძოდ სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის და შავი ზღვის მეშვეობით. ევროკავშირმა აღნიშნა მზადყოფნა, გააგრძელოს დახმარება საკვანძო სფეროებში საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საჯარო შენობებისთვის ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის კუთხით. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოფლის მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო სექტორის აღდგენის მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების გზით უკეთესი საექსპორტო შესაძლებლობების შეთავაზებას. ასოცირების საბჭომ აღნიშნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა თბილისში პირველი ევროპული სკოლის წარმატებით ამოქმედებას, როგორც მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირის ურთიერთობებში აღმოსავლეთის პარტნიორებთან, ასევე აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა განათლების სფეროს რეფორმის კუთხით.

ევროკავშირმა აღნიშნა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობა  და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ საკუთარი, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის, როლის განმტკიცებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევას. ასოცირების საბჭომ ასევე განიხილა ევროკავშირი-საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დიალოგის თემები, რომელიც გაიმართა 2018 წლის 23 ოქტომბერს. ევროკავშირმა მადლობა მოახსენა საქართველოს იმ წვლილისთვის, რომელიც ქვეყანას შეაქვს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის თაოსნობით განხორციელებულ კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში. ევროკავშირმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების განვითარების კუთხით.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის არაღიარების და ჩართულობის  პოლიტიკის მეშვეობით.

ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ ამ ერთგულების თვალსაჩინო მაგალითია სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელება.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სასიცოცხლო მნიშვნელობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომლებიც მომდინარეობს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სრულყოფილი და ეფექტიანი "ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები" არსებითად მნიშვნელოვანია ადგილზე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ამ მხრივ, საბჭომ ხაზი გაუსვა გალის "ინციდენტების პრევენციის და რეაგირების მექანიზმის" უპირობო განახლების აუცილებლობას.

ასოცირების საბჭომ გამოხატა ღრმა შეშფოთება რუსეთის ფედერაციას და საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების მიმდინარე განხორციელების გამო, ასევე რეგიონში რუსეთის მხრიდან სხვა უკანონო ქმედებების გამო, რომლებითაც ირღვევა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპები, მათ შორისაა - მზარდი მილიტარიზაცია, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ადმინისტრაციული ხაზების გაყოლებაზე, „გადასასვლელი პუნქტების" დახურვა და მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. ასოცირების საბჭომ გამოხატა შეშფოთება საქართველოს ორივე რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სიტუაციის გაუარესების გამო და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქართველთა დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიღწეული უნდა იყოს სამართლიანობა.

ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანასთან და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შესაქმნელად ყველა დაბრკოლების აღმოფხვრასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ასოცირების საბჭომ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელების საშუალება, მისიის მანდატის შესაბამისად. საბჭომ ხაზი გაუსვა  იძულებით გადაადგილებული ყველა პირის და ლტოლვილის შინ ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა გამყოფი ხაზებს მიღმა მყოფ ადამიანთა შორის კონტაქტების მზარდი მხარდაჭერის და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის  მნიშვნელობას. ამ მხრივ, ასოცირების საბჭომ გამოხატა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" მხარდაჭერა.

ევროკავშირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას აღმოსავლეთ პარტნიორობის მრავალმხრივ განზომილებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტნიორ ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზოგადად აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიმდინარე წელს პარტნიორობის 10 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების წარმატების უზრუნველყოფისთვის.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების ძირითადი დონორია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017 16:10

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 ყოველწლიური ასამბლეა
25-27 ოქტომბერს ტალინში  ჩატარდება ევროპის კავშირის საბჭოს ესტონეთის სახელმწიფოს თავმჯდომარეობის ქვეშ.

სამდღიანი ღონისძიება სახელწოდებით „რეალური შედეგები ხალხისთვის: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვა 2020 წელს და მას შემდეგ“, ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკაზე და სამოქალაქო საზოგადოების წვლილზე უკეთესი მმართველობისათვის ამ ქვეყნებში.

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან საუკეთესო მაკონტროლებლები იმ რეფორმებისა, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ისინი წარმოადგენენ ძალას კორუფციის წინააღმდეგ და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ასევე, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მამოძრავებელ ძალას ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მედია გარემოს გაუმჯობესება და სხვა. ჩვენ პარტნიორები ვართ და ერთმანეთი გვჭირდება, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა რეალობად იქცეს.“

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა, ხაზგასმით აღნიშნა: „ჩვენი ვასრულებთ დანაპირებს და მივყვებით სოციალური ინოვაციების ტენდენციებს ჩვენს მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული გაფართოებული მხარდაჭერის პროცესში. პარტნიორული ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციებით, ძლიერი ლიდერობა და  სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მმართველობითი ფუნქციის გასაძლიერებლად უფრო ეფექტური მექანიზმები  - ეს ყველაფერი ჩვენი განახლებული მეთოდების კომპლექსის ნაწილს შეადგენს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებთან თანამშრომლობით, სამოქალაქო საზოგადოება მოქალაქეებთან იმ სფეროებში დაგვაახლოვებს, რომლებსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მათ ცხოვრებაზე“.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საკოორდინაციო კომიტეტის თანათავმჯდომარემ ჰენადი მაკსაკმა აღნიშნა: „სამოქალაქო საზოგადოებას სჯერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მომავლის, და ამ რწმენის საფუძველს საერთო ფასეულობები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულება იძლევა. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდამჭერი გარემოს შემქნას, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩართვას რეფორმის სტრატეგიაში“.

კონფერენცია შეასრულებს პლატფორმის ფუნქციას შემდეგი საკითხების განსახილველად: გაუმჯობესებული მმართველობა, დიალოგი მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, ტექნოლოგიების გამოყენება მთავრობის გამჭვირვალობის მხარდასაჭერად და ინკლუზიური მიდგომები ეკონომიკური განვითარებისადმი. დისკუსიები ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების როლს დეზინფორმაციასთან ბრძოლის და მედია-კომპეტენტურობის განვითარების საკითხებში.

მონაწილეები მიიღებენ სამოქალაქო საზოგადოების დეკლარაციას, რომელშიც განსაზღვრული იქნება შემდგომი დემოკრატიული განვითარების ძირითად ბარიერები და კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ მთავრობებმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ამ ბარიერების დასაძლევად.

ევროკავშირის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების ზრდის, ადამიანის უფლებების პატივისცემის და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. 2014-დან 2016 წლამდე ევროკავშირმა რეგიონის მასშტაბით 260-მდე ახალი პროექტი დააფინანსა და ეს დახმარება 600-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციის ორგანიზატორები არიან ესტონეთი, როგორც ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი - სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული პლატფორმა, რომლის მიზანია ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა და რეფორმების და დემოკრატიული გარდაქმნების მხარდაჭერა მთელ რეგიონში.

ღონისძიება იმართება ორ წელიწადში ერთხელ, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის თანმხლები ღონისძიება, რომელიც ამა წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში ჩატარდება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 დეკემბერი 2016 12:17

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან (Federica Mogherini). საუბრის დასაწყისში გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დასტურია. ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს დასახული მიზნების სრულად განხორციელებას. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის მნიშვნელობას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრაა.

გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზაობა, ფართომასშტაბიანი რეფორმების გზით მიაღწიოს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობას, რაც, მხარეთა შეფასებით, იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკრეტული სარგებელი და სტიმული, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მოელიან ევროინტეგრაციის შედეგად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ცალსახად დაადასტურა ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისადმი და აღნიშნა, რომ საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა საჭირო მოთხოვნა. გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობაზე. ფედერიკა მოგერინიმ დაადასტურა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა უნდა მოხდეს,- ფედერიკა მოგერინი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 11:13

"ყველასთვის ნათელია რომ საქართველოში სიტუაცია საკმაოდ პოზიტიური და იმედის მომცემია და ევროკავშირის მხრიდან უნდა მოხდეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდაჭერა," - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კოლეგებთან საუბარისას ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

 მოგერინის თქმით,  საქართველომ  კრიტერიუმები შეასრულა:

"საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი მე დასაწყისშივე წამოვჭერი და ის მინისტრებმა განიხილეს. საგარეო საქმეთა მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ ეს არის პრიორიტეტული ევროკავშირისთვის, რადგან საქართველომ შეასრულა კრიტერიუმები და არსებობს გადაწყვეტილება, რომ წინ წავიდეს პროცესი ამ მიმართულებით. მოუთმენლად ველი პრემიერმინისტრის სტუმრობას.

თურქეთში მომხდარ ტერაქტს ფედერიკა მოგერინი ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 11:14

ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარ ტერაქტს საერთაშორისო გამოხმაურებები მოჰყვა. მომხდარს ტრაგედიად აფასებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი კომისარი. ფედერიკა მოგერინი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს: „კიდევ ერთი ტრაგიკული ტერაქტი თურქეთში. ევროკავშირი თურქ ხალხს მხარს უჭერს. ისინი ჩვენს გულში არიან“. 

ფედერიკა მოგერინი რუსეთს ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 14:27

 ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რუსეთს უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს დაუყონებლივ გაათავისუფლებისკენ მოუწოდებს. 

"ეს უკვე იურიდიული და პოლიტიკური საკითხი აღარ არის. ეს უკვე ადამიანური თანაგრძნობის საკითხია. მისი მდგომარეობა სწრაფად უარესდება, ჩვენ ყველას გვეშინია, რომ შედეგები შემზარავი იქნება" - წერს ფედერიკა მოგერინი. 

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ცნობით, სავჩენკომ პრეზიდენტ პოროშენკოს თხოვნით მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. პეტრო პოროშენკომ სავჩენკოს გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთს ტყვეების გადაცემაც შესთავაზა.

 შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის მფრინავი, უკრაინის უმაღლესი რადასა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს.

სასამართლო განაჩენს ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე 21 ან 22 მარტს გამოიტანენ. 

ფედერიკა მოგერინი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 15:59

მიუხენში უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია სამ საათში გაიხსნება. მას საქართველოს პრემიერმინისტრიც დაესწრება. გიორგი კვირკაშვილი საერთაშორისო საქმეებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისარს, ფედერიკა მოგერინის, შეხვდება.

„შევხვდები საქართველოს პრემიერმინისტრს, ჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. განვიხილავთ ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზალიბერალიზაციას, ყველაფერი კარგად მიდის და პოზიტიურად ვარ განწყობილი,“- განცხადა მოგერინიმ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრიც ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ გუშინ ყირიმში უკრაინის 13 მოქალაქე დააკავეს და, მისი თქმით, მინისტრი შეხვედრებს სწორედ ამ საკითხის განხილვით დაიწყებს.

კლიმკინმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა  მუშაობას აგრძელებენ, რათა სავიზო ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მალე იქნას მიღებული. 

 

ბელგრადში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე ფედერიკა მოგერინიმ საქართველოზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 11:35

ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით შეშფოთებულია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების საკითხებში , ფედერიკა მოგერინიმ ბელგრადში მიმდინარე ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ევროკავშირი შეშფოთებულია დნესტრისპირეთში კონფლიქტის მოგვარების კუთხით ძალიან მცირე პროგრესით, მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ზრდით და საქართველოში კონფლიქტების გაღრმავებით", - განაცხადა მოგერინიმ.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, კონფლიქტების მოგვარების პროცესში აქტიური მონაწილეობა გააგრძელოს. ამასთან, მან მოუწოდა პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, "ეუთო-ს პრინციპების დაცვით, კეთილსინდისიერად იმუშავოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად,".

ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 11:20

საქართველოს პრემიერ მინისტრი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ესტუმრა ,ირაკლი ღარიბაშვილი ასოცირების საბჭოს მეორე შეხვედრას დაესწრება, სადაც ქართული მხარე ანგარიშს წარადგენს . ასოცირების საბჭოს  ფედერიკა მოგერინი და იოჰანეს ჰანი წარუძღვებიან , ქართულ მხარეს იმედი აქვს რომ სათანადოდ იქნება აღნიშნული ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი , საუბარი იქნება სამეზობლო პოლიტიკაზე ,აღმოსავლეთ პარტნიორობაზე , სექტორულ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე . 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური