პრემიერ-მინისტრმა თურქეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 12:22

საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის თურქეთს პირველი ადგილი უკავია და ის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თურქეთის რესპუბლიკის 95-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფატმა ჯერენ იაზგანს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ამ 95 წლის განმავლობაში, თურქეთმა ბევრ გამოწვევას გაართვა თავი და მსხვილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალად იქცა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს და თურქეთს ერთად ბევრი რეგიონული და ისტორიული პროექტი აქვთ განხორციელებული, მათ შორის ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, სამხრეთ კავკასიის მილსადენი და ბაქო-თბილისი-ყარსი.

„მე ძალიან მახარებს, რომ ამ ბოლო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში თავად მაქვს მონაწილეობა მიღებული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთის გვერდით დგომას.

„თურქეთი ჩვენს სტრატეგიულ მეგობრად მიგვაჩნია. ამავდროულად, თურქეთი წარმოადგენს ჩვენი საერთაშორისო მისწრაფებების იდეას, რადგან საქართველოს ნატო-ში სრულუფლებიანი წევრობა სურს და თურქეთი ამ იდეის გულმხურვალე მხარდამჭერია. ამიტომ, ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს თურქ მეგობრებს ეროვნული დღესასწაული მივულოცო და ყოველივე საუკეთესო ვუსურვო. მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საზეიმო მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვლადიმერ იმნაძემ თურქეთის ელჩს და TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 01 ივნისი 2018 16:02

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, თურქეთ-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, თურქეთის ელჩთან, ფატმა ჯერენ იაზგანთან და თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორთან, ჰუსეინ სანლისთან, შეხვედრა გაიმართა.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტომ, TIKA -მ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი შენობის საკონფერენციო დარბაზი, ტექნიკურად, უსასყიდლოდ აღჭურვა, რომელიც დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

შეხვედრას, ასევე, დაესწრო პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე, გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე.

“მოგესალმებით თქვენო აღმატებულებავ! დღეს ჩვენ ნამდვილად საზეიმო დღე გვაქვს, თურქეთის რესპუბლიკის დახმარებით, ჩვენ შევძელით, ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის გახსნა. თურქეთთან ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაშინ დაიწყო, როცა 2004 წელს, თურქმა ექიმებმა ანკარაში, მეორე სიცოცხლე მაჩუქეს.

თურქეთთან ჩვენ სხვადასხვა სფეროში გვაქვს მეგობრული ურთიერთობა. გვეგმავთ დელეგაციის გაგზავნას, ჩემი ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკაში, რათა გავეცნოთ მათ გამოცდილებას ვეტერანებთან მიმართებაში.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სააგენტო TIKA-ს თანადგომისა და დახმარებისთვის.” – აღნიშნა ვლადიმერ იმნაძემ სიტყვით გამოსვლისას.

” თქვენ ხართ წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი მეგობრის და ძლიერი სახელმწიფოსი – თურქეთის რესპუბლიკის. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, თქვენთან მეგობრობა. ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო და შორსმხედველი მიზნები.

მინდა, მოგახსენოთ, რომ სახელმწიფომ ჩვენ,  ვეტერანებს გადმოგვცა ტერიტორია, რომელზეც მიზნობრივად არის განსაზღვრული ვეტერანებისთვის სამხედრო ჰოსპიტალის აშენება. ჩვენ ვიცით, რომ თურქეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მედიცინაში, სამედიცინო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების დარგში და ამ მიმართულებითაც, იმედი გვაქვს თქვენი თანადგომის.”- მიმართა კობა კობალაძემ ფატმა სერენ იაზგანს მისასალმებელ სიტყვაში.

”ძალიან დიდი მადლობა, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებოდი აქ თქვენთან ერთად. ვეტერანების და ომში დაღუპულების თემა, ერთ-ერთი უმთავრესია ჩვენთვის თურქეთში, ისევე როგორც საქართველოში. სისხლი, რომელიც დაიღვარა სამშობლოსთვის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც შვილების დამოუკიდებლობა. საქართველოს შვილები ჩვენი შვილები არიან.

დიდი მადლობა TIKA-ს თანამშრომლობისთვის, ამ მშვენიერი დასაწყისისათვის, რომელიც განხორციელდა ასეთი მშვენიერი საკონფერენციო დარბაზის აღჭურვით.

ურთიერთობა საქართველოსა და თურქეთს შორის, ყველა სფეროში მართლაც საოცარი ტემპით ვითარდება. თავდაცვის მიმართულება არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისთვის ჩვენი თავდაცვის მინისტრი აქ იმყოფებოდა. ერთხელ ვინც იყო სამხედრო, ის ყოველთვის სამხედრო იქნება. ვეტერანი არ არის თადარიგის სამხედრო პირი.  როდესაც თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებაზეა საუბარი, ის მდიდარი გამოცდილება, რომელიც აქვთ ვეტერანებს, აუცილებლად უდნა იყოს გათვალისწინებული და გადაცემული შემდგომი თაობებისთვის.

ის ყველაფერი რაც ვეტერანებმა გაიღეს ქვეყნისათვის მათ უნდა დაუბრუნდეთ თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ყველა იმ პროექტში, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს სიყვარული გაღვივებას ახალგაზრდა თაობაში, ჩვენ ყოველთვის თქვენს გვერდით ვიქნებით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის! თუ რაიმე იქნება საჭირო ყოველთვის გქონდეთ ჩვენი იმედი.”- განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

” მეც დიდი მადლობა მინდა გითხრათ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA-ს სახელით ბატონ ვლადიმერს, ბატონ კობას და ყველა აქ დამსწრე საზოგადოებას.

თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს, TIKA უკვე 24 წელია მოღვაწეობს საქართველოში. საქმიანობის სფერო მრავალმხრივია, განათლება ჯანდაცვა სოფლის მეურნეობა და.ა.შ ის პროექტი, რომლის გამოც აქ ვიმოყოფებით, სოციალური მიმართულებისაა და ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ჩვენ წვლილი შევიტანეთ საზოგადოების განვითარებაში.  ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება მომავალშიც ითანამშრომლოს საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ჩემთვის დიდი პატივია ჩემი ორგანიზაციის სახელით ვიმყოფებოდი დღეს აქ გახსნაზე.

ვიცით, რომ საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახური პატრონაჟს ახორციელებს 70 ათასამდე ვეტერანზე, ღმერთმა ქნას, რომ ეს რიცხვი არ გაიზარდოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი ორგანიზაციის სახელით, ქალბატონი ელჩის სახელით  სოციალური და იურიდიული გარანტიებით, რომელიც ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის გაქვთ დაგეგმილი, ვეცდებით მუდამ თქვენს გვერდით ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებას გისურვებთ თქვენ საქმიანობაში.”- განცხადა ჰუსეინ სანლიმ.

მიხეილ ჩხენკელი თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 11 იანვარი 2018 14:33

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თურქეთის რესპუბლიკის ახლადანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. 

მინისტრმა ელჩს მისიის დაწყება მიულოცა, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას ხაზი გაუსვა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მადლობა გადაუხადა თურქულ მხარესთან ჩამოყალიბებული განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებისა და მხარდაჭერისათვის და განათლებისა მეცნიერების სფეროს ყველა მიმართულებით ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და პროფესიულ განათლებაში თურქული მსხვილი კომპანიების ჩართულობაზე იმსჯელეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებას განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად მზად იქნება.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური