FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი 2019 11:15

ქართული ფარიკაობის კიდევ ერთი დიდი საერთაშორისო აღიარება. FIE-ს არბიტრი თათია აფციაური ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოფიციალურად მიიწვიეს.
28 წლის თათია აფციაური, ხმლით ფარიკაობაში ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, 2013 წლიდან FIE-ს არბიტრი, პირველი ქართველი მსაჯია, რომელიც პარალიმპიურ თამაშებზე ეტლით ფარიკაობაში გამართულ შეხვედრებს იმსაჯებს.
იაპონიის დედაქლაქი პარალიმპიურ თამაშებს, 2020 წლის 26 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით უმასპინძლებს, ეტლით ფარიკაობა 26-30 აგვისტოს ტოკიოს მაკუჰარი მესსეს საგამოფენო ცენტრში ჩატარდება.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახური

ნინა თიბილაშვილი პარაფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:45

ჰოლანდიის ქალაქ სტადსკანალში, 23-წლამდელთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა ქართველი პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი.

ნინა თიბილაშვილმა რაპირით ფარიკაობაში საწყის ეტაპზე 5 შეხვედრიდან 4-ის მოგება შეძლო, პლეი-ოფში პოლონელი და თურქი სპორტსმენები 15:11 და 15:12 დაამარცხა, ფინალში კი ფრანგ პარამოფარიკავეს 15:12 აჯობა. აღსანიშნავია, რომ 23-წლამდელთა შორის ნინა თიბილაშვილმა კიდევ ერთ სახეობაში - დაშნაშიც იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ტარიელ ხეჩიკაშვილმა მოფარიკავეებს წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 02 მაისი 2017 16:29

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრები 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით ფარიკაობაში.

ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავეებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოიგეს ხმლით ფარიკაობაში გუნდური ჩემპინატი 23-წლამდელებს შორის. ფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 45:36 სძლია, 1/2 ფინალში კი რუსეთის 23-წლამდელთა ნაკრები 45:41 დაამარცხა. რუსეთის დამარცხებამდე, ქართველმა მოფარიკავეებმა ბულგარეთს 45:34 და რუმინეთს 45:31 მოუგეს. 

აღსანიშნავია ასევე ინდივიდუალურ გამოსვლებში, 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრის ლუკა ღაღანიძის მიერ ასევე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ეროვნული და 23-წლამდე მოფარიკავეთა ნაკრების წევრებს, ფედერაციის პრეზიდენტ ზაზა მჭედლიძესთან და მწვრთნელებთან ერთად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის დარბაზში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ასევე ფარიკაობის ფედერაციის ოფიციალური პარტნიორის - ვი თი ბი ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ბარკალაია ესწრებოდნენ. 

ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდა სპორტსმენებს ამ მართლაც გმირულ გამარჯვებას. გვიხარია და განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი გვყავს 23-წლამდელებს შორის. ბოლო წლებია, ერთობლივი ძალისხმევით, როგორც ფედერაციის და სპორტსმენების, ასევე სამინისტროს აქტიური ჩართულობით შევძელით და ავაღორძინეთ სპორტის ეს სახეობა. 

ზედიზედ მეორე წელია ჩვენი ახალგაზრდა მოფარიკავეები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ახერხებენ გასვლას, წელს ევროპის ჩემპიონობაც ვიზეიმეთ და გვაქვს ასევე წარმატებები ინდივიდუალურ გამოსვლებშიც. ასევე კარსაა მომდგარი ევროპის ჩემპიონატი უფროსებს შორის, რომელსაც თბილისი ივნისის თვეში უმასპინძლებს, სადაც ასევე წარმატების დიდი იმედი გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოფარიკავეები სამომავლოდ კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ და ნამდვილად გვაქვს წარმატების მოლოდინი 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე" - განაცხადა სპორტსმენებთან შეხვედრისას ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ხმლით ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრში ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა - მიხეილ მარდალეიშვილი, საბა სულამანიძე, ნიკა შენგელია, ვაჟა რეჭია.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წლის მთავარ ტურნირს, ევროპის ჩემპიონატს 11-17 ივნისს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში პროექტ - Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება.

საქართველოს 23 წლამდე მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 16:52

ქართული სპორტის მორიგი წარმატება. ამჯერად გულშემატკივარი მოფარიკავეებმა გაახარეს. ბელორუსის დედაქალაქში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე მოფარიკავეთა შორის, სადაც  საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა იასპარეზა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველებმა მერვედფინალში ბულგარეთს 45-34 სძლიეს, მეოთხედფინალში რუმინეთს  45-31, ნახევარფინალში რუსეთი 45-41 დაამარცხეს, ფინალური შეხვედრა კი იტალიას 45-36 მოუგეს.

საქართველოს  23 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში არიან: მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია, საბა სულამანიძე და ვაჟა რეჭია.

შეგახსენებთ, საქართველოსთვის ევროპის 23 წლამდელთა ჩემპიონატზე ეს მეორე მედალია,  შაბათს რაპირაში ინდივიდუალურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი ლუკა ღაღანიძემ მოიპოვა.

ლუკა ღაღანიძე რაპირით ფარიკაობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზორია

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:45

ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფარიკაობაში 23-წლამდელთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრი ლუკა ღაღანიძე პირველად ისტორიაში, რაპირით ფარიკაობაში ოთხ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. ამ შედეგით, ახალგაზრდა ქართველმა მოფარიკავემ  ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ლუკამ ჯგუფში ექვსივე შეხვედრა მოიგო, მომდევნო ეტაპზე ხორვატი და პოლონელი მეტოქეები დაამარცხა, ოთხეულში გადასასვლელ ორთაბრძოლაში კი რუსეთის წარმომადგენელს, დიმიტრი ტროფიმოვს დაძაბულ ბრძოლაში 15:14 აჯობა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ნახევარფინალში ქართველი მოფარიკავის მეტოქე ასევე რუსი სპორტსმენი კირილ ბოროდაჩევი იყო, რომლის წინააღმდეგაც ღაღანიძე 12-15 დამარცხდა. 

ლუკა ღაღანიძე: „ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლო ეტაპი ბელორუსში გავიარეთ. მედლის მოპოვება ჩემი უმთავრესი მიზანი იყო. ვცდილობდი, თითოეულ მეტოქესთან მობილიზებული ვყოფილვიყავი, რამაც საბოლოო შედეგამდე მიმიყვანა. შედეგით გახარებული ვარ, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე გაჩერებას. მინდა, რომ ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში უფრო მაღალ საფეხურებზე ავიდე."

„ლუკა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული მოფარიკავეა. მისგან მედალს ველოდით და იმედებს ვამყარებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე იასპარეზებს. რაც შეეხება ზოგადად ნაკრებს, მან კარგი საწვრთნელი შეკრება გაიარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს." - განაცხადა მოფარიკავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მერაბ ბაზაძემ.

ირმა ხეცურიანი მსოფლი თასის გამარჯვებულია

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 20 ივლისი 2016 13:39

ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, პოლონეთში დასრულებულ პირველობაზე, ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი არავის დაუთმო და მნიშვნელოვანი გამარჯვბა იზეიმა. ირმამ ფინალში, ბელორუს მეტოქეს, ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ანასტასია კასტუჩკოვას მოუგო, რომელთანაც, წელს იტალიაში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ფინალში დამარცხდა. 

ვარშავაში გამართული მსოფლიო თასის ფინალში, ამჯერად ირმამ რევანში უააღრესად დაძაბულ ბრძოლაში აიღო, მეტოქეს 15-14 აჯობა და ოქროს მედალიც თავად დაისაკუთრა. მსოფლიო თასის გადამწყვეტ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად კი, ქართველმა ეტლით მოფარიკავემ პოლონელ მეტოქეს გამოცდილ პატრიცია ჰარეზას დამსახურებულად აჯობა. ირმასთვის ეს კარიერაში მოგებული რიგით მესამე მსოფლიო თასია.

ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 11:01

ირმა ხეცურიანი ევროპის ვიცე ჩემპიონია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, იტალიის ქალაქ კასალე მონფერატოში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე, ბე-კატეგორიაში ხმლით მონაწილეთა შორის მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ირმამ ჯგუფში, ყველა მეტოქე - პოლონელი პაცეკი, რუსი საპოჟნიკოვა, ბერძენი ლოუფაკი, უკრაინელი ესენინა, იტალიელი ვოცენტი და ბელორუსი კასტიუკოვა დაამარცხა. მეოთხედფინალში კვლავ იტალიელ ვოცენტს აჯობა, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ რუსს ირინა მიშუროვას მოუგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში, ქართველ ეტლით მოფარიკავეს, ბელორუსი კასტიუკოვა დაუპირისპირდა, რომელსაც ჯგუფში ირმამ 5-0 მოუგო. ამჯერად შეხვედრა, ბელორუსის უპირატესობით წარიმართა და მისი გამარჯვებით 15-9 დასრულდა.

სპორტის მინისტრმა მოფარიკავეთა ნაკრებს წარმატება მიულოცა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 10 მაისი 2016 12:56

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სპორტის სამინისტროში, საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გამართულ 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ  ხმლით ფარიკაობაში ოქროს მედალი მოიპოვა.

სანდრო ბაზაძემ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ასევე მაღალ დონეზე ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ'არმიენტოს - 15:10.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძე მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. ბაზაძემ 2013 წელს ევროპის ჩემპიონატი იუნიორებში მოიგო,  2014 და 2016 წლებში კი 23-წლამდელებში გაიმარჯვა. ამასთან, ახლახანს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციასთან ერთად აგვისტოში ოლიმპიადაზე გამოვა. 

პლოვდივში ინდივიდუალური პირველობის დასრულების შემდეგ გუნდური შეჯიბრება გაიმართა, რომელშიც საქართველოს 23-წლამდელ ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ახალგაზრდული ნაკრების ბიჭებმა ნახევარფინალში ბელარუსს სძლიეს 
45:42, მანამდე კი უკრაინა 45:38, ჩემპიონატის ფავორიტი, პირველ ნომრად განთესილი იტალია კი 45:42 დაამარცხეს. გუნდური შეჯიბრის ფინალი კი რუსეთის ნაკრებთან 38:45 დათმეს.

სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 02 მაისი 2016 13:18

რიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტმა, საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა სანდრო ბაზაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც სანდრომ წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი, ასევე ოსტატურად ჩაატარა გადამწყვეტი შეხვედრები. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 15:13 დაამარცხა რუსი ალექსანდრ ტრუშაკოვი, ფინალში კი ხუთქულიანი უპირატესობით აჯობა იტალიელ ფრანჩესკო დ'არმიენტოს - 15:10.

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოპოვებული ეს ტიტული მესამეა სანდრო ბაზაძის კარიერაში. მან ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2013 და 2014 წლებშიც მოიგო.

მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური თასის გათამაშების ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 02 თებერვალი 2016 11:07

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური თასის გათამაშების ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. მოხმალავეთა შეჯიბრებას, რომელშიც 7 ქვეყნის 8 გუნდი მონაწილეობდა, იტალიის პადოვამ უმასპინძლა.

სანდრო და ბექა ბაზაძეები, მიხეილ მარდალეიშვილი, ნიკა შენგელია - ასეთი იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომლის მთავარი მწვრთნელი მერაბ ბაზაძე გახლდათ. პადოვაში იმყოფებოდა ფარიკაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო არბიტრი ზაზა მჭედლიძეც.

ქართველმა მოფარიკავეებმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს: იტალიის I ნაკრებს 45:39 აჯობეს, საფრანგეთს 45:34, ისრაელს კი 45:23. 1/4-ფინალში მერაბ ბაზაძის გაწვრთნილი გუნდი კვლავ ებრაელ სპორტსმენებს დაუპირისპირდა - 45:24, 1/2-ფინალში ისევ მასპინძელთა პირველ გუნდს შეხვდა - 41:45, მესამე ადგილისთვის კი ქართველებმა იტალიის II ნაკრები დაამარცხეს - 45:28.

პადოვაში მოგებული ბრინჯაოს მედალი ქართველი მოფარიკავეების მეორე წარმატებაა 2016 წელს. 9 იანვარს, თურქეთის ქალაქ სტამბოლში სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის ეტაპი მოიგო, ბექა ბაზაძე და მიხეილ მარდალეიშვილი კი იქვე მესამე ადგილზე გავიდნენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური