უჩა ნანუაშვილმა გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში საქართველოში მოიწვია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 16 მარტი 2017 12:37
სახალხო დამცველმა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის მოწვევის წერილი გაუგზავნა. ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის. მოწვევის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ინდივიდუალური თუ უფრო ფართო, სისტემური ხასიათის უფლებადარღვევათა გარემოებების შესწავლა, სამართლებრივი შეფასება და მათზე რეაგირების მექანიზმების გამოვლენა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით; ასევე, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014–2020 წლების სტრატეგიაში, თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო გარანტიებისა, საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის“, - აცხადებენ სახალხო დამცველში. მათივე თქმით, მოწვევის წერილში სახალხო დამცველმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი და უარყოფითი ტენდენციები განიხილა. ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის შექმნის მნიშვნელობაზე; ასევე მიუთითა, რომ ახალი კანონის მიღების მიუხედავად, კვლავ დღის წესრიგში დგას ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო რეგულაციების და მისი კონტროლის მექანიზმის ეფექტურობის საკითხი. „წერილში ასევე საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიაზე – „წამმზომი ჩართულია“, რომელიც სახალხო დამცველმა 2016 წლის მარტში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების სწრაფად და ეფექტურად გამოძიების მიზნით წამოიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ ჩანაწერების გამავრცელებელი პირები კამპანიის დაწებიდან ერთი წლის შემდეგაც არ არიან იდენტიფიცირებული. დღემდე დღის წესრიგში დგას პირადი ცხოვრების დაცულობის განცდა საზოგადოებაში და დანაშაულის ჩამდენ პირებში დაუსჯელობის სინდრომი“, - განაცხადეს სახალხო დამცველში. მათივე თქმით, სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში. ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკითხებში გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტისა და მასთან წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში, მთავრობა და სხვა პასუხისმგებელი მხარეები უფრო ეფექტურ ღონისძიებებს გაატარებენ, რაც აუცილებლად აისახება ქვეყანაში პირადი ცხოვრების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე მოხსენებით გამოვიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 17:26
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე, სადაც ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის მოდ დე ბოერ-ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტის ანგარიში განიხილეს. თავის გამოსვლაში საქართველოს სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯზე, დადებითად შეაფასა საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა, ამავდროულად, აღნიშნა, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს არსებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმი და გაუმჯობესდეს პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლებლობები. სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობისა და ადრეული ქორწინების შემთხვევათა გამოვლენის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების საკითხები განიხილა. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები არ ფლობენ ძალადობის პრევენციის უნარ-ჩვევებს და არ გააჩნიათ ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა გამოვლენისათვის აუცილებელი ცოდნა. ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევად ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას არსებული ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება რჩება. სესიაზე სახალხო დამცველმა ვრცლად ისაუბრა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პრობლემებზე და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი ინსტიტუტები სპეციალური მომხსენებლის ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებენ და უახლოეს მომავალში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.

„ახალდაქორწინებულთა პროგრამა“ დისკრიმინაციულია, - სახალხო დამცველი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 14:37

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის N2  ახალდაქორწინებულთა პროგრამით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც ახალდაქორწინებული წყვილის მიერ ფულადი დახმარების მიღების წინაპირობად მეუღლე მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციას განსაზღვრავს.

მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების წახალისების მიზნით ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვისათვის ახალდაქორწინებულ წყვილს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლე მამაკაცის რეგისტრაცია ბორჯომში.

სახალხო დამცველი არ შეაფასებს თავად პროგრამის მიზანშეწონილობას და აცნობიერებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა ფინანსურ წახალისებას ემსახურებოდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციულია ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიმართ, რამდენადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათი რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი განაპირობებს მსგავს განსხვავებული მოპყრობას.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მსგავსი მოთხოვნა, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში და კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ. 

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული  დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.

 

სახალხო დამცველი შეკრების თავისუფლების შეზღუდვას ეხმიანება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 16:30

სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილე გიორგი გაბედავას, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიციამ ხელი შეუშალა დასადგმელი ქოლგით სარგებლობასა და კარვის გაშლაში. სახელმწიფოს აღნიშნული ქმედებები შეუთავსებელია შეკრების თავისუფლებასთან.

გიორგი გაბედავას მიერ მოწოდებული ვიდეომასალით, რომელიც მან სოციალურ ქსელშიც ატვირთა, დასტურდება, რომ პოლიციის წარმომადგენლები დასადგმელი ქოლგის გამოსაყენებლად მერიის წერილობით თანხმობას სთხოვენ. ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იმ პერიოდში ცუდი ამინდი იყო. გაბედავას განმარტებით, მას ასევე არ მიეცა საშუალება პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე, ფართო ტროტუარზე კარავი გაეშალა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ მოშიმშილე ნიკა ჩერქეზიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუმარტა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა შიმშილობის აქციის მიმდინარეობისას მთავრობის ადმინისტრაციის წინ დაედგა სკამი.

მსგავს შემთხვევებზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ზაფხულში იმსჯელა. 2016 წლის 31 აგვისტოს, სასამართლოს მიერ გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი თბილისის მერიის მიერ ამავე დაწესებულების შენობის წინ, სკვერში, პარტიზანი მებაღეებისათვის კარვის განთავსებაზე უარის თქმა.

ზემოთ დასახელებული შემთხვევები, ვინაიდან არ იწვევს შენობის შესასვლელების, საავტომობილო გზის ბლოკირებასა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხებას,  შეკრების თავისუფლებით არის დაცული. შესაბამისად, დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ ხელშეშლა და ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა. ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით ასევე განმარტავს, რომ აქციების დროებითობა არ გამორცხავს საპროტესტო კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვას.

იგივე პოზიცია დააფიქსირა სახალხო დამცველმა 2011 წლის 3 იანვარს ვეტერანთა აქციის კარვის გაშლის საბაბით დაშლისას, ასევე, პატრიოტთა ალიანსის მიერ 2015 წელს გამართულ შიმშილობის აქციებთან დაკავშირებით, რა დროსაც მათ არ მიეცათ კარვის გაშლის შესაძლებლობა. ეს არ არის მსგავსი შემთხვევების სრული ჩამონათვალი. სამწუხაროა, რომ აღნიშნული წარსული გამოცდილებისა და ამ ფაქტებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც, ეს საკითხები ისევ პრობლემად რჩება და იმავე არგუმენტის გამოყენებით კვლავ იზღუდება შეკრების თავსუფლება.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა პასუხისმგებელ სტრუქტურებს, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი შეკრების თავისუფლების რეალიზებას. სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირებმა უნდა უზრუნველყონ მათი ქვემდებარე პირების ინფორმირება აღნიშნული სტანდარტების შესახებ და გასცენ ადეკვატური ინსტრუქციები შეკრების თავისუფლების სრულყოფილად რეალიზებისათვის.

 

უჩა ნანუაშვილი - 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 25 ნოემბერი 2016 12:29

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის პირობებში 13 ქალია მოკლული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 
მისი თქმით, კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, მისასალმებელია გასულ წლებთნ შედარებით ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენისა და მათზე რეაგირების მაჩვენებლის გაზრდა, თუმცა პრობლემის მასშტაბების და სიმძაფრის გათვალისწინებით შესაძლო რისკების პრევენციის და თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო.სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და პარლამენტს ხელი შეუწყონ და დააჩქარონ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის საკითხებზე ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირება. უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, მოახდინონ ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის დეფინიციის განსაზღვრა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის, ერიკა კვაპილოვას განცხდებით, უნდა შექმნას ფემიციდის მონიტორინგის სისტემა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს არა მარტო ამგვარი ფაქტების, არამედ მათი გამოძიების და დამდგარი განაჩენის შესახებ. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილის თქმით, ის უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის მიზეზებსა და შედეგების შესახებ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის მოწოდებას გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომლის მიხედვითაც აუცილებელია მთავრობამ მიზანმიმართულად იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და ამ მიზნით შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა, იგივე მონიტორინგის სისტემა და ყოველი წლის 25 ნოემბერს წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი. 

სახალხო დამცველის საბავშვო ბაღის დადგმულ „ქორწინების“ სცენას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 10:38

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ „ქორწინების“ სცენას და აღნიშნავს, რომ აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.

ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი  თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის.

შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და   შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისი 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ასევე, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის  უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

სახალხო დამცველი მეორე ტურის დარღვევებზე საუბრობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 31 ოქტომბერი 2016 10:44

გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, არჩევნებს  სახალხო დამცველი დადებითად აფასებს, გამოვლინდა ხარვეზები. უჩა ნანუაშვილი ჟურნალისტებისთვის მუშაობის ხელის შეშლასა და მარკირების წესის დარღვევაზე საუბრობს:

„ვცდილობდით დარღვევის ყველა სავარაუდო ფაქტი გამოგვეკვეთა. დარღვევები არის, მაგალითად 5 კონკრეტული ფაქტი იყო, როდესაც დამკვირვებელზე მოხდა ზეწოლა ან გარკვეული პრობლემები შეექმნათ დამკვირივებლებს. ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტი გამოვლინდა, ასევე იყო სავარაუდო მოსყიდვის რამდენიმე შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის ხარვეზები,  ხარვეზები იყო მარკირების პროცესში. აღნიშნული დარღვევები სახალხო დამცველის ანგარიშში აისახება, რომელზეც მუშაობა დღეიდან დაიწყება,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უჩა ნანუაშვილი საქართველოში ბულგარეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 15:05

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა. 
შეხვედრაზე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში არსებული ვითარება, სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა განიხილეს. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.

მათივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვას. 

უჩა ნანუაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, სპეციალურ ანგარიშებზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიასა და სხვადასხვა პროექტის შესახებ. 

სახალხო დამცველმა მადლიერება გამოხატა ბულგარეთის საელჩოს მიმართ, რადგან ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ზედიზედ უკვე მესამე წელია ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ამჟამად მიმდინარე პროექტი „სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება კახეთის რეგიონში“. 
ელჩმა დესისლავა ივანოვამ საქართველოს ომბუდსმენის აპარატისადმი სრული მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.

სახალხო დამცველი ეუთოს წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 13:14

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიის ხელმძღვანელს, ელჩ ალექსანდრე კელჩევსკის შეხვდა.

სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის საქმიანობაზე და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ქვეყანაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წინასაარჩევნო პერიოდში შეკრების და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, საარჩევნო უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა სტუმარს საარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების მონიტორინგის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვით სახალხო დამცველის აპარატის 8 რეგიონულ ოფისში უკვე ამოქმედდა რეაგირების 26 ჯგუფი, მათ შორის 8 სასამართლო მონიტორი და 8 რეგიონული კოორდინატორი.

იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოიკვეთება ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, ცხელი ხაზით, მედიიდან ან სხვა ნებისმიერი გზით მიღებული შეტყობინებისთანავე მონიტორინგის ჯგუფები მოახდენენ რეაგირებას, ადგილზე გადაამოწმებენ ინფორმაციას  და დაიწყებენ საქმის წარმოებას.

სასამართლო მონიტორები შეისწავლიან საჩივრების განხილვის პროცესს საოლქო საარჩევნო კომისიებში და სარჩელების განხილვის პროცესს სასამართლოებში. არჩევნების დასრულების შემდგომ მომზადდება სპეციალური ანგარიში, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის მიერ არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ.

სახალხო დამცველის განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 18 აგვისტო 2016 15:04
სახალხო დამცველი წამებისა და ღირსების შემლახავი კადრების ხელმისაწვდომობის აღკვეთის მიზნითსამართლებრივი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ამასტან დაკავშირებით, უჩა ნანუაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "2016 წლის 15 აგვისტოს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა წამებისა და ღირსების შემლახავი კადრები, სადაც კონკრეტული ადამიანების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ვიდეო ჩანაწერების ხილვა იწვევს მასში აღბეჭდილი ადამიანების ღირსების შელახვას და მორალურ ტკივილს. ღირსება ადამიანის აბსოლუტურად დაცული სამართლებრივი სიკეთეა, რომლის დაცვაზეც სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას. ამ კადრების საჯარო ხელმისაწვდომობა უწყვეტ რეჟიმში იწვევს კონკრეტული ადამიანების სამართლებრივ და მორალურ შევიწროვებას. მიუხედავად უმაღლესი ინტენსივობის სამართლებრივი ზიანისა, რომელსაც კონკრეტული ადამიანები განიცდიან, ამ დრომდე არაერთ ინტერნეტ სივრცეში, კვლავ ხელმისაწვდომია აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები. საქართველოს სახალხო დამცველი მოითხოვს, რომ კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებებმა არა მხოლოდ დაიწყონ გამოძიება ვიდეო მასალის გავრცელებისა და შენახვის ფაქტზე, არამედ დაუყოვნებლივ გაატარონ კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიებები, რათა აღიკვეთოს ამ კადრების ხელმისაწვდომობა და ხილვადობა ინტერნეტ და სხვა საჯარო სივრცეში,"- აღნისნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გვერდი 1/ 6-დან

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური