"როდესაც სიძულვილი არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული"

გამოქვეყნებულია ახალი ამბები
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 12:39

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სიძულვილით გაჯერებულ წინასაარჩევო კამპანიაზე საუბრობს.უსუფაშვილმა განცხადება, გუშინ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე საუბრისას გააკეთა. „გუშინდელი ფაქტი სამწუხაროდ არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთის მხრივ სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნება, მეორეს მხრივ ყოფილი სახელისუფლებო პარტია ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებენ ქვეყანაში. როდესაც სიძულვილი არის მთავარი იარაღი არჩევნებში გამარჯვების, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული.რა თქმა უდნა ,ყველამ ჩვენ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან. ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცეებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორიც მათ სურთ,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.თავისუფალი დემოკრატები გუშინ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტზე, სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დღეს ქვეყანაში კრიმინალები დანაშაულს თავისუფლად ჩადიან და საზოგადოებას ტერორში ამყოფებენ.ტერორისტულ აქტად შეაფასა გუშინ მომხდარი ფაქტი სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა. ბურჭულაძის გუნდი მომხდარის სწრაფ გამოძიებას ითხოვს.

უსუფაშვილი შს მინისტრის განცხადებებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 13 სექტემბერი 2016 14:07

პარლამენტის თავმჯდომარე შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილისგანცხადებას გამოეხმაურა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, შს მინისტრი ქვეყანაში წესრიგზეა პასუხისმგებელი და მას არ უკვირს, თუკი ძალოვანი მინისტრი გარკვეულ პრევენციას აკეთებს. თუმცა როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საზოგადოებას მინისტრისგან და მთავრობისგან სჭირდება არა ზოგადი ვარაუდები, არამედ ფაქტები, გახსნილი საქმე და შეკავებული დანაშაული.

„აქედან გავალთ თუ არა, მე და ვახტანგ ხმალაძემ ეროვნული მასშტაბის პროვოკაციები უნდა დავგეგმოთ, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა დავამხოთ. გთხოვთ, ეს საქმე გამოიძიოთ, ჟურნალისტურადაც და სხვანაირადაც. შს მინისტრი პასუხისმგებელია ქვეყანაში წესრიგზე და არ მიკვირს, თუკი ის გარკვეულ პრევენციას აკეთებს. თუმცა, მგონია, რომ ბატონი გიორგი საკმაოდ გონიერი ადამიანი და წინასაარჩევნო პერიოდში და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში სწორად და კარგად დაინახავს შსს-ს როლს და ადგილს...
ბატონ გიორგის პატივს ვცემ და ამის თქმა არ მიჭირს, ახლა, როცა პოლიტიკური ოპონენტები ვართ გუნდები, რადგან პერსონალურად პატივს ვცემდი და პატივს ვცემ, მაგრამ მინდა მოკრძალებით ვთხოვო, მეტი ყურადღება მიაქციოს ამ ნაწილს მისი გამოსვლების, რადგან 1-2 დღის წინ, როდესაც საუბრობდა ერთ-ერთ კონკრეტულ ფაქტზე, სამტრედიის ტრაგედიაზე, ბოლოს იმით დაასრულა, რომ ყველამ იცის ჩვენ გავიმარჯვებთ და ამიტომ ეძებენ ვიღაცები რაღაც გზებს და ა.შ.
მინდა ვუთხრა მასაც და ყველას, „რესპუბლიკური პარტია“ შსს-ს წინააღმდეგ არ იბრძვის, ჩვენ სახელმწიფოს არ ვეჯიბრებით არჩევნებში, ჩვენ მთავრობასთან არ გვაქვს კონკურენცია, რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ პარტიას ჰყავს თავისი წარმომადგენლები ამ არჩევნებში და ისინი მონაწილეობენ , თავის სათქმელს ამბობენ და იტყვიან. მინისტრისგან, რომელიც თავისი კონკრეტული საქმის კეთების პროცესშია, ჩვენ ალბათ ველით უფრო იმ საქმის კეთებას, რაც საკეთებელია. ამ თვალსაზრისით საქართველოს კანონმდებლობა ძალიან ნათლად ჰყოფს, ავლებს ზღვარს, მაგალითად პარლამენტის წევრს რა შეუძლია, მინისტრს რა შეუძლია, და ა.შ. იმის თქმა, მინდა, რომ წესრიგი აუცილებელია, მე ყველა არჩევნების წინ ბოლო ხანებში მქონდა განცდა, რომ შესაძლოა ზოგ პოლიტიკურ პარტიას ჰქონოდა სხვა ტიპის დამხმარე საშუალებები არჩევნების დროს, მე ამას არ გამოვრიცხავ არც დღეს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ძალიან დაძაბულ სამეზობლოში ვიღაც სხვას ქონდეს რაღაც სურვილები, მაგრამ ამაზე საუბარი კი არა ქმედებაა საჭირო და გამოვლენა თუ ვინმემ რამე იცის“, - დასძინა უსუფაშვილმა.

 

უსუფაშვილის პოზიცია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 24 აგვისტო 2016 11:27

 პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს, რომ საპროცედურო კომიტეტის სხდომის ჩავარდნით პარლამენტის რეგლამენტი ირღვევა. დავით უსუფაშვილი დეპუტატებს უფლებამოსილებებთან ერთად ვალდებულებებსაც ახსენებს და ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანო 4 წლის ვადით აირჩევა და მან, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, შეუფერხებლად უნდა იმუშაოს. უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მიუხედავად, დეპუტატებმა კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა განახორციელონ. პარლამენტის თავმჯდომარეს საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარესთან სხდომის ორჯერ ჩავარდნის საკითხზე საუბარი გუშინ ჰქონდა. უსუფაშვილის განცხადებით, გიორგი კახიანი კომიტეტის სხდომაზე საჭირო კვორუმის შეგროვებას ამ ეტაპზე გამორიცხავს.

დავით უსუფაშვილის შეთავაზება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 ივლისი 2016 09:59

შექმნილ ვითარებაში სახელისუფლებო შტოების შეხვედრის მნიშვნელობაზე პირველ სატელევიზიო კომენტარს აკეთებს ამერიკაში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.მისი თქმით, პრეზიდენტთან, პრემიერთან, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებთან შეხვედრა ინსტიტუტების თავისუფლად მუშაობისა და საკითხების პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გამოსავალია.ორი დღის წინ პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის აუცილებლობაზე პრეზიდენტმა ისაუბრა.

„ვთავაზობ ბატონ პრეზიდენტსაც, ბატონ პრემიერმინისტრს, ქალბატონ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ბატონ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში რაღაცნაირად შევქმნათ ფორმატი სამუშაო ვითარებაში შეხვედრების. ანუ ხელისუფლების ხუთივე შტო, რომელიც ვიმსჯელებთ ინსტიტუციურ გარემოზე პოლიტიკური თავისუფლებებისთვის, ინსტიტუტების თავისუფალი მუშაობისთვის და ეს საშუალებას მოგვცემს საკითხებს სწრაფად და ეფექტურად გავუმკლავდეთ და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი სპეკულაციები და პოლიტიზირება. საჭიროა პოლიტიკური  პროცესებისადმი რაც შეიძლება მაღალი ნდობის უზრუნველყოფა და ამისთვის ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. თუკი რაიმე კითხვებია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაეცეს მას პასუხი,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 16:45

პარტნიორები გვპირდებიან, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ბევრი თვით არ გაჭიანურდება - ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს. 
მისივე განმარტებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთან მიმართებაში გაჭიანურდა სხვა მიზეზების და არა უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხების გამო. 
“ამაზე საუბრობენ ჩვენი კოლეგები სტრასბურგში, ბერლინშიც - ყველგან. მოგეხსენებათ, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სხვა საკითხიც - თურქეთთან ამავე ვიზალიბერალიზაციის თემაზე მოლაპარაკებები, უკრაინასთან მოლაპარაკებები. უკრაინა და თურქეთი ერთად, 100 მილიონზე მეტი მოქალაქეა. ამასთან დაკავშირებით ევროპულ სახელმწიფოებს სხვა მიდგომები აქვთ. განსაკუთრებით გართულდა ვითარება მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისების გამო ევროპაში, ამიტომ ხდება საკითხის გადადება სხვა მიზეზების გამო. ჩვენ ყველა კოლეგა, პარტნიორი გარკვეულწილად ბოდიშს გვიხდის ამისთვის, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს გაჭიანურება არ იქნება ბევრი თვით. ეს იქნება რამდენიმე კვირით ან თვით. არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა უწყბების დონეზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ზოგის ივნისში, ივლისში, სექტემბერშიც, მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერანაირ გარემოებას ამ წუთში, რომელიც ხელს შეგვიშლის ჩვენ ამ გზით სვლისკენ. ჩვენ 26 წელია ვიზებით დავდივართ ევროპაში, 26 დღესაც მოვითმენთ მე მგონი, იმიტომ, რომ ბოლო ნათელი იქნება“, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა. 

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია ვეტო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 15:07

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონპროექტის დღევანდელ სესიაზე განხილვის საკითხი ხანგრძლივი დისკუსიის თემა იყო. 
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით, მუხლობრივი განხილვისთვის არის წარდგენილი. საპარლამენტო ოპოზიციამ - ”ნაციონალურმა მოძრაობამ” და ”თავისუფალმა დემოკრატებმა” განხილვის გადადება მოითხოვა, ვიდრე პროექტი ვენეციის კომისიას არ გაეგზავნება და მათი დასკვნა არ გახდება ცნობილი. 
ამასთან დაკავშირებით საკითხის ერთ-ერთმა ინიციატორმა ეკა ბესელიამ განმარტა, რომ გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია, რაც პროექტში სწორედ მეორე მოსმენის დროს უნდა აისახოს და ვენეციის კომისიას მეორე მოსმენით კორექტირებული პროექტი გაეგზავნოს. ოპოზიციამ კი აღნიშნა, რომ თუკი დღეს პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით მიიღებს, ამის შემდეგ ვენეციის კომოსიის რეკომენდაციების გათვალისწინება და მისი პროექტში ასახვა შეუძლებელი იქნება.
ამ თემაზე კამათისას, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ინიციატივა არა მხოლოდ ევროსაბჭოს მონიტორების, არამედ ბევრი სხვა მონიტორის ყურადღების ქვეშაა. უსუფაშვილმა დაადასტურა, რომ პროექტის პირვანდელ ვარიანტში მნიშვნელოვანი შენიშვნებია გათვალისწინებული და ისიც აღნიშნა, რომ იცნობს პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას. 
”დიდი ალბათობით მოსალოდნელია ვეტო”, - განაცხადა უსუფაშვილმა. 

საკითხის მეორე მოსმენით განხილვის გადადების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნა ბიურომ არ გაითვალისწინა. პარლამენტი პლენარულ სხდომა სწორედ აღნიშნულ კანონპროექტის განხილვით დაიწყო.

ლევან ბერძენიშვილი უსუფაშვილის განცხადებაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 აპრილი 2016 14:27

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, "არცთუ ნორჩ ლენინელ და სტალინელ" "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან დაკავშირებით, ”რესპუბლიკელი” დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ეხმაურება და განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია . ”ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანად არის განწყობილი. მან დაასახელა ის პრობლემები, რომელიც გადასაწყვეტია. ეს იყო ნათქვამი იმისთვის, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. საქართველოს პარლამენტში არიან ლენინის მოყვარულებიც, რუსეთის მოყვარულებიც და სხვებიც, მაგრამ ეს ევროპაში აღქმულია, როგორც ხელისუფლების პოზიცია და გვიშლის ხელს. ვისაც რა უნდა ის უყვარდეს. ეს დიდი პრობლემა მაინც არ არის, მაგრამ ევროპაში არ არის ისეთი ვითარება, როდესაც ვისაც რა უნდა ის უნდა უყვარდეს. აღქმულია, რომ თუ ,, ქართულ ოცნებაში“ არის ლენინელი და სტალინელი, მაშინ იქნება პრობლემა ბევრი მიმართულებით. ვფიქრობ, რომ სწორად დასახა უსუფაშვილმა ეს საკითხები და ეს გადასაწყვეტია”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

უსუფაშვილი: გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 16:45

„ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, უშუალო სამეზობლოში და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას“, - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. დავით უსუფაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოძმე ერების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რაც შეაჩერებს ესკალაციას და არ გამოიყვანს ვითარებას კონტროლიდან. მისივე თქმით, შესაბამის პროცესებში ჩართულია საქართველოს ხელისუფლებაც.

ჯოზეფ დაული დავით უსუფაშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 15:21

ჯოზეფ დაული პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბარი დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. 

შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის კომენტარი არც დავით უსუფაშვილს და არც ჯოზეფ დაულს არ გაუკეთებია.

პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მარტი 2016 13:52

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პრემიერს გიორგი კვირიკაშილს შეხვდა , შეხვედრის შემდეგ დავით უსუფაშვილმა მედიასთან ისაუბრა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ,პარტია "ქართული ოცნება" და "რესპუბლიკელები" დღეიდან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში გადადიან,ამ განცხადებიტ პაუხი გასცა ჟურნალისტის კითხვას ,არის თუ არა "რესპუბლიკური" პარტია კონსტრუქციული ოპოზიცია. 

"ჩვენს იმიჯს დააზარალებს სახელმწიფოს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე უპასუხისმგებლო მოქმედება. ჩვენს იმიჯს გააძლიერებს ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიციები იმისთვის, რომ ჩვენი პარტიული პოზიციებიდან გამომდინარე კი არ ვავნოთ საქმეს, არამედ ვარგოთ. ეს გააძლიერებს ჩვენი და "ქართული ოცნების" იმიჯსაც", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური