რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები,აშშ-მ დადებითად შეაფასა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 15:48

საგარეო საქმეთა სამინისტროში დემოკრატიისა და მმართველობის ქართულ-ამერიკული ჯგუფის სამუშაო შეხვედრა შეაჯამეს. ვაშინგტონში გამართული შეხვედრის მთავარი თემები საქართველოში წინასაარჩევნო გარემო და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი იყო.

მათ შორის, დისკუსია შედგა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. ბრიფინგი უწყებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გამართა.  

„აშშ-მა დადებითად შეაფასა რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს,“ - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე .

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 22:30

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ნორმა, რის საფუძველზეც რუსთავი 2-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეაფასა. "დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მისცა შანსი ქართულ დემოკრატიას, მის ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფალ მედიას და საქართველოს მთავრობას სახე შეინარჩუნოს და ღირსეულად გავიდეს ამ პროცესებიდან. ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ვზეიმობთ ამ გამარჯვებას, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ, რომლის ყველაზე დემოკრატიულმა და ეფექტურმა ისნტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოახერხა ის, რომ ჩიხური სიტუციიდან გამოსავალი შესთავაზა ყველა მხარეს, მოახერხა ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია.-აცხადებს ნიკა გვარამია. გვარამია თავის გამოსვლაში საერთო სასამართლოებს მიმართავს და მოუწოდებს რომ უკანონო დავალებებს და უკანო შეთქმულებეს არ შესწირონ თავიანთი რეპუტაცია

ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 16:01

ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფსევდომართლმსაჯულებით – ასე გამოეხმაურა ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწვყეტილებას, რომლის თანახმადაც მას უფლებამოსილება აღუდგა.
გვარამიასთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული გადაწყვეტილების საჩქაროდ მიღება, მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მჯსელობს.
“ეს გადაწყვეტილება უღრანი ტყის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ურთმელიძემ შექმნა, ფესვდომართლმსაჯულებით. ჯერ ერთი, რა საჩქარო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ მსჯელობს.
მე გეტყვით, ეს რატომაც არის საჩქარო. ამ გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოზე გაჟღერდეს, რომ უკვე აღარ არის ზიანის საფრთხე და, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამარლოს დაუსაბუთონ, რომ ნორმები არ უნდა შეჩერდეს იმიტომ, რომ პრობლემა ამოწურულია. სინამდვილეში ცხადია, რომ პრობლემა ამოწურული არ არის. ამ განჩინებით დვალი განარიდეს პროცესებს. ვულოცავ, იქნება გადარჩეს. დატოვეს საყევარიშვილი, რომელსაც არანაკლებ საფუძველი აქვს, რომ იყოს მიკერძოებული. იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი კონკურენტის წარმომადგენელია და რამდენიმე დღით ადრე გადადგა დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან. დღემდე ხედავენ „იმედში“. აქ სხვა ხერხს მიმართა, ურთმელიძემ არა, ვინც ამაზე მუშაობს, იმან თქვა, რომ დვალი განვარიდოთ და მოდი, შეუჩერდეს საყევარიშვილს უფლებამოსილება, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას არა საქმესთან, არამედ დროებით მმართველობასთან დაკავშირებით.
ვიდრე სააპელაციო სასამართლო ამ დროებითი მმართველობის შესახებ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. ეს არაფერს ნიშნავს. ეს განჩინება ისევ ურთმელიძესთან საჩივრდება. შეიძლება ხვალ გაასაჩივრონ. რასაც ურთმელიძე და სასამართლო სისტემა აკეთებს, სრული სამართლებრივი დომხალია. მე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს გადაწყვეტილება არის ფიქცია და შექცევადია ხვალვე და ამაზე დაყრდნობით არ შეიძლება იმ ნორმების შეჩერებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ ვითხოვთ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება აღუდგათ.

ურთმელიძემ თავისივე განჩინება გააუქმა და ნიკა გვარამია თანამდებობაზე აღადგინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 15:28

თამაზ ურთმელიძემ თავისივე განჩინება გააუქმა და ნიკა გვარამია თანამდებობაზე აღადგინა. რამდენიმე წუთის წინ ამი შესახებ ინფორმაცია საქალაქო სასამართლოს Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. "ნიუსდეი"განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლების საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სასამართლომ საჩივრის განხილვისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საჯარო განცხადებებით მოსარჩელე ქიბარ ხალვაშმა დააფიქსირა პოზიცია - სასამართლო დავების მის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დავით დვალისათვის შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის წილის ნაწილის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე გაუქმდა, ხოლო რევაზ საყევარიშვილის ნაწილში ძალაში დარჩა.

დროებითმა მმართველებმა - დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა, სასამართლოში წარმოადგინეს თავიანთი პოზიცია, რომელშიც მიუთითებდნენ, რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

სასამართლომ, მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ დროებითი მმართველის მიერ თავისი ფუნქციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, იქმნება ვაკუუმი შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" საქმიანობაში, რადგან წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს შეჩერებული აქვთ უფლებამოსილება. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის და შპს "ტელეკომპანია საქართველოს" წარმომადგენლების საჩივარი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამოსილება აღუდგინა საწარმოს წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირებს- ყოფილ მენეჯმენტს. 

აღნიშნული განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს 5 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში,"- წერია განცხადებაში. 

მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებაზე სასამართლოში საჩივარი შევიდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:54

რუსთავი 2-ში დროებითი მამრთველების დანიშვნის შესახებ განჩინებაზე სასამართლოში საჩივარი შევიდა. ტელეკომპანია საქართველოს და ყარამანიშვილების წარმომადგენლები 5 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუმქმებასა და საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.

იურისტების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია საბიუჯეტო და სხვა ვალდებულებებს ვერ შეასრულებს და მისი ფუნქციონირება დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. 

ყარამანიშვილების ადვოკატები ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას დღეს გაასაჩივრებენ

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 10:11

ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები საქალაქო სასამართლოში თამაზ ურთმელიძის მიერ 5 ნოემბერს მიღებულ განჩინებას გაასაჩივრებენ.

როგორც დაცვის მხარე ამბობს, „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.

სარჩელს კვლავ თამაზ ურთმელიძე განიხილავს. მან გადაწყვეტილება 20 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

თუ არ დაკმაყოფილდება საჩივარი მაშინ პროცესი სააპელაციო სასამართლოში გადაინაცვლებს.

ურთმელიძისგან განმარტების მოთხოვნის უფლება არ მაქვს, მე საბჭოს პოზიცია მაინტერესებს - წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 12:34

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დაბარებას თეა წულუკიანი გამოეხმაურა, მისი თქმით აღნიშნულ თემაზე განმარტებები იუსტიციის საბჭომ უნდა გააკეთოს.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების სისტემის მენეჯერი ორგანოა და თუკი მართლმსაჯულებაში რაიმე ხარვეზია მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას, თუ როგორ ხდება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა, არის თუ არა რაიმე პრაქტიკული ხარვეზი, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება და მეორე მხარე ამას საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად გებულობს. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ალბათ, ასევე უნდა აჩვენოს, რომ მას შესწევს რომ მოსამართლე შეურაცხყოფისა და მუქარისგან დაიცვას. განმარტების მოთხოვნის უფლება არავის აქვს მოსამართლისგან, მაგრამ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებას თავისი მოსაზრებები და მომავლის ხედვაც უნდა უთხრას.

მე ამასთან დაკავშირებით მქონდა კითხვები, როგორ ხდება მართლმსაჯულების ადმინისტრირება ისე, რომ მეორე მხარემ გადაწყვეტილების შესახებ არ იცის, არის ეს მართლმსაჯულებაში სისტემური პრობლემა თუ არა. ხარვეზია ისიც, როდესაც მოსამართლეს აგინებენ, ლანძღავენ, ემუქრებიან, ის უნდა იყოს დაცული თავისი მენეჯერი ორგანოსგან, როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო", - განაცხადა თეა წულუკიანმა

გვენეტაძის და მურუსიძის განცხადებები ურთმელიძესთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 12:21

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სხდომაზე მიწვეული იყო არა ანგარიშის ჩასაბარებლად, არამედ “რუსთავი 2”-ის საქმესთან საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე.
როგორც ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების საპასუხოდ განმარტა, იუსტიციის საბჭოს უმაღლეს სხდომაზე ურთმელიძის დაბარება ემსახურებოდა გამჭვირვალობის პრინციპს.
ამასთან, გვენეტაძის თქმით, მას ჰქონდა ურთმელიძესთან ორი კითხვა, კერძოდ – იყო თუ არა ზეწოლა მასზე და რატომ არ გამოქვეყნდა საქალაქო სასამართლოს მხრიდან განცხადება მიღებულ განჩინებასთან დაკავშირებით. ამასთან, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ თუკი თამაზ ურთმელიძე საბჭოს სხდომაზე მივიდოდა, განჩინების შინაარსთან დაკავშირებით კითხვებს არ დასვამდა.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე დაბარება გაუგებარი ფორმატია, – ამის შესახებ სხდომის მიმდინარეობისას იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ განცხადება საბჭოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართ გააკეთა.
მურუსიძის თქმით, არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არის შექმნილი სასამართლოში არ უნდა გადავიდეს.
იუსტიციის საბჭოს მდივანი ფიქრობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის სხდომაზე დაბარება დიდი შეცდომა იყო.

ურთმელიძე იუსტიიციის უმაღლესი საბჭოს, სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს.

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:54

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე ნინო გვენეტაძეს, ლევან მურუსიძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს წერილით მიმართავს. ურთმელიძე წერილში საბჭოს სხდომაზე არდასწრების მიზეზს განმარტავს.

"საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, 2015 წლის 6 ნოემბრის საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებთ, რომლითაც ქალბატონი ნინო გვენეტაძე მთავაზობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფორმატში შეხვედრას, მოგახსენებთ:

„2015 წლის 4 აგვისტოდან ჩემ წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ქიბარ ხალვაშის შპს პანორამას სარჩელთან დაკავშირებით, რომელშიც ერთერთი მოპასუხეა შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2015 წლის 3 ნოემბერს, ხოლო განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე მიღებულია 2015 ელის 5 ნოემბერს, მოპასუხეების საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი გაასაჩივრებენ აღნიშულ საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის განჩინება, შესაბამისად, ჩემი როგორც მოსამართლის ვალდებულებაა, რომ განვიხილო აღნიშული საჩივარი.

საქართველოს კონსტიტუცია, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი ნათლად მიუთითებს, რომ აკრძალულია ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის კონკრეტულ საქმეზე, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მაღალი უნდა იყოს საზოგადოებრივი ინტერესი, ნებისმიერი პირი ვალდებულია დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციის იმპერატიულ მოთხოვნას.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე ნებისმიერი მოსამართლე ვალდებულია იზრუნოს სასამართლოს რეპუტაციაზე. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლის წარდგომა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გაცემა პირდაპირ თუ არაპირდაპირ დატოვებს კონკრეტულ საქმეზე მოსამართლის მიერ ანგარიშს ჩაბარების შთაბეჭდილებას, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს სასამართლოს ავტორიტეტს და შექმნის მომავალში ანალოგიურის განმეორების სახიფათო პრეცედენტს, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, რომ საზოგადოებას არ შევუქმნა არასწორი წარმოდგენები და არ გამოვცხადდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ჩემი როგორც საქმის განმხილველი მოსამართლის შეხედულებები საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე გადმოცემულია შუალედურ გადაწყვეტილებებში (განჩინებებში), რაც შეეხება საქმის არსებითად გადაწყვეტასთან დაკავშირებულ არგუმენტებს ისინი აისახებიან საბოლოო, შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში.

მასმედიის საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციები ცხადყოფს საზოგადოების დიდ მოლოდინს დაანონსებულ შეხვედრასთან დაკავშირებით,. იმედია, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულყოფილად მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას სხდომაზე ჩემი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე,“ - ნათქვამია საბჭოსთვის გაგზავნილ წერილში.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 10:34

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ისინი მოსამართლე ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას აპროტესტებენ.

უკვე გაირკვა, რომ თავად ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას არ დაესწრება. საბჭოს წევრებმა ამ დროისთვის შეკრება უკვე დაიწყეს. ადგილზე იმყოფება უკვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეც, რომელიც სხდომას უხელმძღვანელებს. სხდომაზე დასასწრებად ასევე დილიდან მივიდნენ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები.

საბჭომ 10 საკითხი უნდა განიხილოს, მათ შორის პირველი საკითხია ნინო გვენეტაძის მიერ 6 ნოემბერს გავრცელებული განცხადება, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიღებულ გადაწყვეტილებას ეხება.

 

გვერდი 1/ 5-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური