გიორგი ქობულიამ იაპონელ კოლეგასთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 15 მარტი 2019 11:29

ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრთან ჰიროშიგე სეკუსთან. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის იაპონიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. 

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორმხრივ ვაჭრობაზე. აღინიშნა, რომ 2018 წელს ექსპორტი 55 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ამავე დროს, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით პოტენციალი გაცილებით მეტია, რაც აუცილებლად უნდა იყოს ათვისებული. 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის ზრდად დინამიკაზე იაპონიაში, კერძოდ, 2018 წელს ზრდამ 28 პროცენტი შეადგინა. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტოკიოში ღვინის გამოფენის მოწყობის ფაქტი, რომელიც მარტში გაიხსნება, 7 მაისამდე იმუშავებს და გამოფენის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქართული ღვინის ისტორიისა და უწყვეტი ტრადიციების შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული ღვინის ცნობადობას იაპონიის ბაზარზე. ასევე დადებითად შეფასდა ტოკიოში საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმის ჩატარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქტების პოპულარიზებას იაპონიის ბაზარზე. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე შეთანხმებაზე საქართველოსა და იაპონიის  ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას (NEXI) შორის, რომელსაც ხელი 15 მარტს მოეწერება. აღინიშნა, რომ შეთანხმება სტიმულს მისცემს იაპონური და ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდას, აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლას. 

ქართულმა მხარემ ასევე გაამახვილა ყურადღება იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების საკითხზე და იაპონელ კოლეგას აღნიშნული პროცესის დაწყება შესთავაზა. ასევე აქცენტი გაკეთდა ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებაზე, რომლის შედეგადაც შეთანხმების ძირითად ტექსტზე მუშაობა უკვე დასრულებულია. შეხვედრაზე მინისტრებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რათა დასრულდეს დარჩენილი ფორმალური პროცედურები შეთანხმების გაფორმების მიზნით. იაპონურმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ შემდგომ ნაბიჯად შესაძლოა, საქართველოსა და იაპონიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე დაწყების შესაძლებლობა განიხილოს. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც საქართველოსა და იაპონიის მინისტრებმა ისაუბრეს, ენერგეტიკა, მათ შორის, ენერგოეფექტურობის მიმართულება იყო. ქართული მხარე იაპონიის გამოცდილებით დაინტერესდა. 

ქართული მხარემ იაპონურ მხარეს ორი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა შესთავაზა. საუბარია, 230-250 მეგავატი სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურისა და მზის 50 მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტებზე. ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია, თუკი იაპონური კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად გამოცხადებულ ტენდერებში. 

გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმაზე და გამოთქვა დაინტერესება, რომ იაპონურმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღონ საქართველოს მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების ენერგოაუდიტში და როგორც საბითუმო მომხმარებლებს, გაუწიოს ტექნიკური დახმარება და გაუწიოს გამოცდილება მათი ენერგოეფექტურობის გეგმის შემუშავების მიზნით. 

ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გათვალისწინებით, პრიორიტეტად განისაზღვრება ჰიდრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განხორციელების მეშვეობით. განახლებადი ენერგიის სხვა წყაროების დიდი პოტენციალი, არამარტო წყლის რესურსის, არამედ ქარის, მზის, გეოთერმული და ბიომასის ენერგიის ათვისების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. ქართულმა მხარემ გამოთქვა ინტერესი, რომ აღნიშნულ პროცესში იაპონურმა კომპანიებმა უფრო აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. 

შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ იაპონელი კოლეგა თბილისში დაგეგმილ აბრეშუმის გზის მესამე ფორუმზე მოიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.

ზახაროვა: ქართველ და რუს ხალხებს ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი 2018 16:09

მარიამ ზახაროვამ დადებითად აღნიშნა ის ფაქტი, რომ საქართველოს და რუსეთს, მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, შეხების წერტილები აქვთ.

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების დარეგულირებისთვის, რისი მოთხოვნილებაც  ორი ქვეყნის ხალხებს აქვს, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებაა საჭირო, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართული ვიდეოხიდის მოსკოვი–თბილისის–ტალინი–კიშინიოვი მსვლელობისას.

„ეს პეპლების მოყვარულთა კლუბი როდია“ - ზახაროვამ საქართველო ნატოს თაობაზე გააფრთხილა>>>

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოდან თბილისის გადაწყვეტილების საფუძველზე გაუქმდა მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ. ამ დროისთვის ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და პრაღაში რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში. 

„მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ისტორიაში არცთუ ცოტა მაგალითია იმისა, თუ ადამიანები, ერები, პოლიტიკოსები როგორ ლახავდნენ ამ ვითარებას და რეცეპტი – აქ შეუძლებელია ვთქვათ, რომ ძალიან მარტივი – არსებობს. შეიძლება ამ ურთიერთობებს სხვადასხვანაირად დავარქვათ, სადაც ეს დიალოგი ურთიერთობების და კონტაქტები უბრალოდ შესაძლებელი კი არა, ჰაერივით  აუცილებელია. აუცილებელია არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ ხალხისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, მან გულდაწყვეტით აღნიშნა პრინციპული საკითხების „ცალკე კალათის“ არსებობა, რომელთა მიმართებითაც  მოცემულ მომენტში კონსესუსის მიღწევა შეუძლებელია.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განმარტა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, მაგრამ არა პრინციპული საკითხის – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.

„რაც შეეხება საქართველოსთვის პრინციპული საკითხებისადმი  განსხვავებულ მიდგომებს. რუსეთისთვის ეს საკითხი სხვანაირად ფორმულირდება, საქართველოსთვის კი სხვანაირად.  ვფიქრობ, რომ რუსულმა  მხარემ არაერთხელ   გამოთქვა თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, და თბილისიც საკუთარ  პოზიციას საკმაოდ ნათლად აფიქსირებს“, – აღნიშნა ზახაროვამ. 

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ურთიერთობების დარეგულირებისთვის მსოფლიო გამოცდილების მნიშვნელობა აღნიშნა და ახლო აღმოსავლეთის მაგალითი მოიყვანა.

 „რა უნდა ვქნათ ამ სიტუაციაში? მე მგონია, რომ არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელსაც შეიძლება უბრალოდ მივმართოთ და გავიგოთ, რომ ჩვენ არც პირველი და სამწუხაროდ,  არც უკანასკნელი სახელმწიფო ვართ, რომელსაც პრინციპული საკითხებისადმი  დიამეტრალურად განსხვაგებული შეხედულებები აქვს. შეხედეთ მაგალითად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონებს. ჯერ კიდევ 10–15 წლის წინ მთელ რიგ სახელმწიფოებს შორის დიალოგი პრინციპში შეუძლებელი იყო, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო არამარტო დიპლომატიური ურთიერთობები, არამარტო ჰუმანიტარული ურთიერთობები არამედ ნებისმიერი კონტაქტი. მაგრამ გავიდა წლები და ამ რეგიონის სახელმწიფოებს შორის ურთიერთთანამშრომლობის  აბსოლუტურად სხვა სურათს  ვხედავთ“, – განაცხადა ზახაროვამ. 

ურთიერთობების დარეგულირების მაგალითად ზახაროვამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივება დაასახელა.

 „თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ვითარებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც სურთ ან უბრალოდ იძულებული არიან ჩამოვიდნენ პირადი საკითხების, ოჯახური მდგომარეობის გამო, მოინახულონ საკუთარი ნათესავები და მათგან ბევრ სურს მუშაობა, ურთიერთობა  და ა.შ.“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პრინციპული საკითხებისადმი განსხვავებული აზრისა, მხარეებმა შეძლეს სხვა მიმართულებებით წარმატების მიღწევა. 

„თუმცა, შეირჩა საერთოდ სხვა კონცეფცია, რომლის რეალიზებაც, ღმერთს მადლობა, ახლა მიმდინარეობს. და სწორედ ნელ–ნელა, მოცემულ შემთხვევაში, არა ლიბერალიზაცია, არამედ ამ მიმართულებით ვითარების თანდათანობითი შემსუბუქება და ამ მიმართულებით მოძრაობა.  ამიტომ, მგონია, რომ ვექტორი უნდა იყოს ასეთი“, –  განაცხადა ზახაროვამ.

ამავე დროს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. რუსეთი საქართველოსთან ტვირთბრუნვის მოცულობით ლიდერი–ქვეყნების სამეულში შედის.

 

Read more: https://sputnik-georgia.com/russia/20181016/242525824/zaxarova-qartvel-da-rus-xalxebs-urtiertobebi-haerivit-schirdeba.html



ისრაელი და თურქეთი ურთიერთობის აღდგენას აპირებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 17:44

ისრაელმა და თურქეთმა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ The New York Times-ი ებრაელ დიპლომატზე დაყრდნობით იტყობინება.
შეგახსენებთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა 2010 წელს გაუარესდა, როდესაც თურქული ხომალდები ღაზას სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას ცდილობდნენ. მაშინ, ისრაელის სამხედრო ძალების ჩატარებული ოპერაციის შედეგად 10 აქტივისტი დაიღუპა.
წინასწარი შეთანხმებით, ისრაელი იღებს ვალდებულებას, დაღუპულთა ოჯახებს კომპენსაცია გადაუხადოს, თურქეთი კი ისრაელის წინააღმდეგ სასამართლო დავას შეწყვეტს.
ოფიციალური განცხადება შეთანხმების შესახებ ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

ქუმსიშვილის განცხადება მეზობელი ქვეყნების ურთიერთობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 11:30

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "როსსელხოზნადზორის" ოფიციალური წარმომადგენლის ალექსეი ალექსეენკოს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ალექსეი ალექსეენკოს განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის აკრძალვის ინფორმაციამ რუსეთის მეზობლები გაახარა. 
"მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენს მეზობლებს შორის ურთიერთობა არ იყოს დაძაბული, არ მოხდეს ესკალაცია და პირიქით, რაც შეიძლება მალე ამოიწუროს კონფლიქტი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 
რუსეთში თურქეთიდან ხილისა და ბოსტნეულის შეტანა აიკრძალება. ეს აკრძალვა ძალაში რამდენიმე კვირაში შევა. "როსსელხოზნადზორის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსეი ალექსეენკომ განაცხადა, რომ რუსეთის მოსახლეობას ამ მხრივ უკმარისობა არ ექნება. მისი თქმით, რუსეთი ასეთ პროდუქტებზე ძლიერად არ არის დამოკიდებული, რადგან ქვეყანამ მისი წარმოება ჩრდილოეთ კავკასიაში, კუბანზე, სტავროპოლში, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში გაზარდა. 
"ამ ინფორმაციამ ხილისა და ბოსტნეულის შესახებ აშკარად გაახარა ჩვენი სხვა მეზობლები: იმიერკავკასია, სომხეთი. ეს ინფორმაცია ძალიან პოზიტიურად აღიქვა საქართველომ და აზერბაიჯანმა და ისინი არსებითად გაზრდიან თავისი პროდუქციის მიწოდებას. განსაკუთრებით ხარისხიანი პროდუქციის მოწოდებისთვის მზადაა ირანი", - განაცხადა ალექსეენკომ.
მისივე თქმით, სომხეთი უკვე მზადაა დაიკავოს ეს ნიშა და გაზარდოს ხილისა და ბოსტნეულის წარმოება კონკრეტულად რუსეთის ბაზრის დასაკავებლად.

თანამედროვე ქართულ–რუსული ურთიერთობების ასპექტები

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 17:17

მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა,  პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის ხანგრძლივი დროით ჩიხში შევიდა. რამ გამოიწვია ურთიერთობების უკიდურესად გართულება ორ მეზობელ ქვეყანას შორის, როგორია ამ ურთიერთობების დინამიკა და არსებობს თუ არა მისი გაუმჯობესების პერსპექტივები? ეს ის აქტუალური საკითხებია, რომელიც  ქართული და რუსული საზოგადოების დიდ ნაწილს აღელვებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (სამაჩაბლოში) განვითარებული კონფლიქტების შედეგად, რუსულ–ქართული ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა.  2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის შედეგად, რუსეთმა აღიარა საქართველოს 2 რეგიონის დამოუკიდებლობა.  ამან რუსეთის პოლიტიკური იმიჯი საქართველოში საგრძნობლად შელახა. რუსეთი საქართველოში ოფიციალურად განიხილება, როგორც აგრესორი ქვეყანა და უკვე 7 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები 2 ქვეყანას შორის გაწყვეტილია.
რა შეიცვალა რუსულ–ქართულ ურთიერთობებში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ? 3 წლის წინ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რამდენიმე შეხვედრის შედეგად, თანდათანობით აღდგა სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლა. რთული ურთიერთობების მიუხედავად, შეიცვალა ოფიციალური თბილისის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში; აღდგა რუსეთის წამყვანი სატელევიზიო არხების მაუწყებლობა საქართველოში.
პარალელურად, 2 ქვეყნის წარმომადგენლები დისკუსიებს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებშიც მართავენ. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე გამართული 33 რაუნდი პრაქტიკულად  უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ქართული მხარე მისი გამართვის აუცილებლობას ეჭვქვეშ არ აყენებს და მისი გაგრძელების საჭიროებას უსვამს ხაზს.  „მანიაკალური მტრობა, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ღვივდებოდა, წასულში დარჩა“, –განაცხადა აბაშიძე–კარასინის ერთ–ერთი შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა.
მიუხედავად ურთიერთობების ერთგვარი დათბობისა, რუსეთში არ განიხილება საქართველოს 2 რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა და ამ რეგიონებიდან რუსული სამხედრო ნაწილების გაყვანის საკითხი. ამდენად, ეს საკითხი ორი ქვეყნის ურთიერთობებს „წითელ ხაზად“ გასდევს. შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას მეზობელ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და ფართომასშტაბიანი პოლიტიკური დიალოგის დაწყების საკითხები. ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც დარღვეულია, ხოლო საქართველო განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფას. მეორე მხრივ, ამ 2 რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. რთული სათქმელია, თუ როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა და დაირღვევა თუ არა ამ მხრივ სტატუს–ქვო უახლოეს ან უფრო შორეულ მომავალში.
ფაქტია, რომ ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში არ წარმოებდა კავკასიის და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ რუსეთის და მისი პოლიტიკის ღრმა ანალიზი, აგრეთვე იმის ანალიზი, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ და რომელ მხარეს დადგებოდნენ აფხაზები და ოსები რეგიონში სიტუაციის გამწვავების სემთხვევაში. შესაბამისად, საქართველოს სახელისუფლებო წრეების ბოლომდე გაუთვლელი პოლიტიკის და რუსეთის შესაბამისი აგრესიული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ დროებით კონტროლი დაკარგა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ხოლო პოლიტიკური ურთიერთობები 2 ქვეყანას შორის ჩიხში შევიდა.
ამ პირობებში, საქართველო აგრძელებს მკვეთრად გამოხატული ევროატლანტიკური ორიენტაციის მატარებელ საგარეო–პოლიტიკურ კურსს, რომელიც მიზნად ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ისახავს. სხვა საკითხია, თუ რამდენად რეალურია ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება იმ პირობებში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია.
მიუხედავად რთული პოლიტიკური ურთიერთობებისა, ერთმორწმუნე რუსებს და ქართველებს გაცილებით მეტი რამ აკავშირებს, ვიდრე ყოფს. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთის კულტურას, ხელოვნებას, ისტორიას, ტრადიციებს. ქართველები და რუსები ერთად იბრძოდნენ ფაშიზმის წინააღმდეგ. ბოლო წლებში კვლავ აქტიურდება საზოგადოებრივი და კულტურული ურთიერთობები.
თბილისში  ბოლო რამდენიმე წელია, წარმატებით ტარდება რუსული კინოს ფესტივალი. რუსული კინოს 4 თბილისური ფესტივალის შემდეგ, სულ ახლახანს, ნოემბრის დასაწყისში, უკვე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ქართველ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, კვლავ გაცნობოდა რუსული კინოს თანამედროვე შედევრებს. ორიოდე კვირის წინ თბილისში საზეიმოდ აღინიშნა გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის 170 წლის იუბილე. აღსანიშნავია, რომ მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის თბილისურ სპექტაკლებზე (გაიმართა 3,4 და 5 ნოემბერს) ყველა ბილეთი წინასწარ იყო გაყიდული.  
სულ უფრო ხშირია კონტაქტები ორი ქვეყნის ექსპერტულ წრეებს შორის, რომლებიც გულახდილად ცდილობენ გამოსავლის ძიებას იმ რთული ურთიერთობებიდან, რომელიც 2 მეზობელ სახელმწიფოს შორის წამოიშვა. საქართველოში ყოველწლიურად მატულობს რუსი ვიზიტორების რაოდენობა. მით უმეტეს, რომ მათთვის საქართველოში სტუმრობა უვიზოდაა შესაძლებელი.
სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში მომხდარი რუსული საჰაერო ხომალდის ჩამოვარდნის და პარიზში განხორციელებული საშინელი ტერორისტული აქტის შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმზიდველობა რუსეთისთვის კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი რუსეთში გასამგზავრებლად კვლავინდებურად სავიზო რეჟიმი მოქმედებს, რაც ხელს უშლის ორი ქვეყნის შემდგომ დაახლოებას.
თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში, დიდწილად 2 სახელმწიფოს ხელმძღვანელთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, პოლიტიკური კონტაქტები უმნიშვნელო ხასიათს ატარებს. პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები „წითელი ხაზების“ არსებობისა და ურთიერთკომპრომისების არარსებობის პირობებში ჯერჯერობით არ იკვეთება. მიუხედავად ამისა, პოლიტიკის მიღმა, ერთმორწმუნე რუსები და ქართველები მშვენივრად ახერხებენ ურთიერთობას; საქართველოში დიდ პატივს სცემენ მდიდარ რუსულ კულტურას, რომელიც მსოფლიო კულტურის საგანძურის ღისეული ნაწილია და პირიქით, რუსეთში უყვართ ქართული კულტურა და ტრადიციები, რაც სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

ვასო კაპანაძე

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური