შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი ესტუმრა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 12:22

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე სტუმრობდა და სტუდენტებისთვის საფრანგეთი -საქართველოს ურთიერთობის შესახებ ლექცია წაიკითხა.

ელჩმა ხაზი გაუსვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული კარგი ურთიერთობების შენარჩუნებისა და გაღრმავების მნიშვნელობას. მისივე თქმით, საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში აქტიურად ვითარდება.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხი.

შეხვედრის ფარგლებში, ტელევიზია იბერიისთვის მომზადდება სატელევიზიო გადაცემა.

სოციალური კამპანია #ნუშეზღუდავ - წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივას

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 05 დეკემბერი 2017 15:49

სოციალური კამპანია #ნუშეზღუდავ - წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად.

კამპანიის ფარგლებში სტუდენტები სტიკერებს იმ ავტომობილებს აკრავენ, რომლებიც ტროტუარებზე არსებულ პანდუსებზე დგანან, ან განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის განკუთვნილ ავტოსადგომს იკავებენ.

კამპანიის მიზანი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

"არასწორად დაყენებული ავტომობილების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ქალაქში გადაადგილება გართულებულია. დაკავებულია არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგი, არამედ ჩაკეტილია ტროტუარიც, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის, ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ არ შეზღუდონ გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის" - განაცხადა კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარი გოგუაძემ.

კამპანიის ფარგლებში სტუდენტები საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა აქტივობებით გააგრძელებენ.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 23 მაისი 2017 19:25

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩინურ-ქართული კომპეტენციის ცენტრის დაარსება. აღნიშნული ცენტრის მიზანია საქართველოსა და ჩინეთს შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება, სამეცნიერო კვლევების, კონფერენციებისა და სხვადასხვა სახის პროექტების ხელშეწყობა. ამასთან, ცენტრის საქმიანობა მიმართული იქნება განათლების, კვლევითი, საჯარო და კერძო სექტორის განვითარებისაკენ, ისეთი პროექტების ფარგლებში, როგორიცაა: ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ინოვაცია, მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარება, ფინანსები, ინვესტიციები და ა.შ. გარდა ამისა, თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს ახალი აკადემიური სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვას, მაგ: „ბიზნესის წარმოება ჩინეთში ქართული კომპანებისათვის“, „ბიზნესის წარმოება საქართველოში ჩინური კომპანებისათვის“ და „ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება“.

 

 

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გორის უნივერსიტეტიში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 11:08

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭო შეიკრიბა. სხდომას ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა და მასში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

სხდომაზე უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, უმაღლესი განათლების დაფინანსების სქემის შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ფაკულტეტების დაფინანსების ახალ პრინციპებზე, საგანმანათლებლო პროგრამების ქვოტებზე, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელეს.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები. ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველ ჯერზე კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში იმართება, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშულოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.

 

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 13:35

ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარედ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (EEU) ახალ საუნივერსიტეტო კომპლექსს ააშენებს. უნივერსიტეტის ასაშენებლად საჭირო 8287 კვ.მ. მიწის ფართობი ინვესტორებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე 1 328 000 ლარად შეიძინეს. ახალ უნივერსიტეტში რამდენიმე სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი, ბიზნეს აქსელატორი, ლაბორატორიები, ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი შენობები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლიტერატურის მაღაზია, საცურაო აუზი, სპორტული და რეკრეაციული მოედნები მოეწყობა.  აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი ფაკულტეტი და ხორციელდება შვიდი საბაკალავრო, შვიდი სამაგისტრო და 2 სადოქტორო პროგრამა. ამჟამად უნივერსიტეტში 1000-მდე სტუდენტი ირიცხება. მენეჯმენტში აცხადებენ, რომ სამომავლოდ აგრომენეჯმენტის მიმართულებით აგროტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციური პროექტების დანერგვას აპირებენ.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი ასევე ჩართულია Erasmus+ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მაგისტრატურის სტუდენტები სწავლას აგრძელებენ ლინცის (ავსტრია), ლოძის (პოლონეთი), ბრატისლავას, ტალინის, რიგის და კონსტანტას უნივერსიტეტებში. თანამედროვე, დასავლური ტიპის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ქვეყნის განათლების სისტემაში.

 

რექტორთა საბჭოს სხდომა ზუგდიდში

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 12:17

ქალაქ ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

სხდომა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასზე, უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, შეჯერდა მოსაზრებები და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე, მინისტრი რექტორთა კორპუსთან ერთად, რეგიონალური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და სწავლების ინოვაციურ მეთოდებს გაეცნო.

ალექსანდრე ჯეჯელავას ინიციატივით, რექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება კონკრეტულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს უშულოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები.

საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 10:30

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი გაიხსნა. სიმპოზიუმის თემაა „საქართველო ევროპული ცივილიზაციის კონტექსტში“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, უცხოელი მეცნიერები ფილადელფიის, ბოსტონის, იერუსალიმის, ბირმინგემის, ტოკიოს, ვარშავის, თეირანის, ვენეციის, ფრანკფურტის, ბრემენის, იენის, ნიურნბერგის, მაინცის, პარიზის, მადრიდის, ინსბრუკის, მოსკოვის, კიევის, რიზეს უნივერსიტეტებიდან და სამეცნიერო ცენტრებიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან.

სიმპოზიუმის ფარგლებში მუშაობდა აკადემიური სექციები ქართველოლოგიური მეცნიერებების ყველა მიმართულებით: რუსთველი და რუსთველოლოგია, ივანე ჯავახიშვილი და ქართული ისტორიოგრაფია, ქართველური ენათმეცნიერება, შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ახალი და უახლესი ქართული ლიტერატურა, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობები, არქეოლოგია, საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური პერსპექტივები, ფოლკლორი, ეთნოლოგია, ქარტული ფილოსოფიის ისტორია, ქართული ხელოვნება. ქართველმა და უცხოელმა მეცნიერ-მკვლევრებმა წაიკითხეს მოხსენებები.

სიმპოზიუმი იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

VII საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმი 22 ოქტომბერს დასრულდება.

სოხუმის უნივერსიტეტმა სწავლა განაახლა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 12:53
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს, მათ მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტი უკან მოიტოვებს დევნილის სახელს და ის მეგობრობის ხიდად იქცევა სოხუმსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებსაც მისცა რჩევა თუ როგორ გახდნენ წარმატებულები და მეტად რეალიზებულნი.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შვიდ ფაკულტეტზე წელს 600-მდე პირველკურსელი ისწავლის. უნივერსიტეტისთვის, რომელსაც 3000-მდე სტუდენტი ჰყავს, პრიორიტეტულია ისეთი მნიშვნელოვანი დარგებისა და მიმართულებების განვითარება, როგორიცაა აფხაზოლოგია, ქართველოლოგია, არქეოლოგია, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და სოციალ-პოლიტიკური მეცნიერებები, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება და განათლების მეცნიერებები. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მნიშვნელოვან პროექტებში აქტიური ჩართვა, ბოლონიის პროცესის სწორი გაგება, მისი განხორციელება და რეფორმების თანმიმდევრული გატარება, რაც, თავის მხრივ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთაშორისო აღიარებას მოუტანს.

ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 სექტემბერი 2016 09:50

ვადა ამოწურულია - ტექნიკურ უნივერსიტეტში ორი ლექტორი დღეიდან უვადო შიმშილობას აცხადებს. ისინი მესამე ვადით არჩეული რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ და აქციებს აანონსებენ.მოშიმშილეები სასწავლებლის ადმინისტრაციის მხრიდან სტუდენტებზე ზეწოლაზეც საუბრობენ და პროცესში განათლების მინისტრის აქტიურ ჩართვას ითხოვენ.„ამოიწურა ის ვადა, რომელიც ჩვენ მივეცით არჩილ ფრანგიშვილს იმისათვის, რომ იგი გადამდგარიყო, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. დაიწყეს ტელეფონებზე რეკვა ჩვენს თანამოაზრეებთან მავანმა და მავანმა და ეუბნებოდნენ, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ აქციაში. გადავწყვიტეთ, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქციაში 9 ოქტომბრამდე, ანუ არჩევნებამდე,“-განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.მოთხოვნების გათვალისწინებას არ აპირებს სასწავლებლის რექტორი და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე თანამდებობის დატოვებაზე უარს აცხადებს.

რექტორთა საბჭო განახლებული შეიკრიბა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 09 სექტემბერი 2016 15:39

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა. სხდომაში რექტორთა საბჭოს წევრი სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები იღებდნენ მონაწილეობას.

უცხოენოვანი და საერთაშორისოდ აკრედიტირებული პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დაფინანსების სისტემის განვითარების საჭიროებებსა და დუალური სწავლების ელემენტების შემოღებასთან დაკავშირებით, ვრცელი მოხსენება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გააკეთა.

სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის თავისებურებებზე, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებასა და მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე დარჩიამ ისაუბრა. რის შემდეგაც სხდომა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა.

რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება და ერთობლივად განიხილავს უმაღლესი განათლების განვითარების მიმართულებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, ხდება მოსაზრებების შეჯერება და მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილებები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური