უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 14:34

უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი სუ-25 სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. შემთხვევას მფრინავი ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

უკრაინული ვიკილიქსის გვერდი დაბლოკილია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 20:14

ვებგვერდი www.wikileaks.center,  რომელმაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების, ასევე სააკაშვილისა და სხვა პირების როგორც სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები, ასევე სააკაშვილის შესახებ მომზადებული პუბლიკაციები გამოქვეყნა ამჟამად დაბლოკილია.

ვებგვერდზე შესულ მომხმარებელს ხვდება შეტყობინება, რომ საიტის გათიშვის მიზეზი ან მომსახურების ღირებულების გადაუხდელობა, ან საიტის ჰოსტინგით სარგებლობის წესების დარღვევა გახდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ვიკილიქსის მომსახურებას რუსული კომპანია ახორციელებდა.

“სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღებისთანავე უნდა შეჩერებოდა“-დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 12:38

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს ექს პრეზიდენტის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წულუკიანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველი ,ჯერ კიდევ ოდესის მერის არჩევნებში უკრაინული პასპორტით მონაწილეობა იყო.

„ადამიანს , რომელიც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი უკრაინაში და რომელიც მერის არჩევნებში მონაწილეობს უკრაინული პასპორტით, როგორ შეიძლება არ შეუჩერდეს საქართველოს მოქალაქეობა? ეს იგივეა, რაც მოხდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც, როდესაც ის იყო ერთდროულად საქართველოსა და საფრანგეთის. მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ამაზე ცოტა ადრე უნდა ეზრუნა, რადგან სააკაშვილი ძალიან აქტიურად პოზიციონირებდა, როგორც იმპორტირებული სახელისუფლებო რესურსი უკრაინაში.

 კანონის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც მიიღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ავტომატურად უწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუმცა, ამ ნორმის ძალაში შესასვლელად აუცილებელია, იურიდიული და ტექნიკური პროცედურების ჩატარება.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ ამ თემაზე „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. 

მოხსნიან თუ არა პოსტიდან ალექსანდრე კვიტაშვილს უკრაინაში

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 11:35

უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს, ალექსანდრე კვიტაშვილს თანამდებობიდან გადააყენებენ. როგორც "ბიბისი" იტყობინება, დაგეგმილ საკადრო ცვლილებებზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გამოცემა "პოლიტიკო"-სთან საუბარში განაცხადა.
იაცენიუკის თქმით, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ენერგეტიკისა და განათლების სამინისტროებსაც. გარდა ამისა, დაინიშნება ვიცე პრემიერი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში.
ჯერ უცნობია, ვინ გახდება უკრაინის ჯანდაცვის ახალი მინისტრი. იაცენიუკის ინფორმაციით, კანდიდატურების შერჩევის პროცესი პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 02 ნოემბერი 2015 11:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, წერილი გაუგზავნა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი სატელეფონო საუბრის ჩანაწერებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობის მეთაური შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებებსა და ანტისახელმწიფოებრივი, ძალადობრივი ქმედებებისკენ კონკრეტულ მოწოდებებს შეიცავს.
პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოსა და უკრაინის მეგობრულ ურთიერთობებს არ შეეფერება. პრემიერი აღნიშნავს, რომ ამ მოწოდებებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უკრაინის პრეზიდენტს აღნიშნული საკითხით დაინტერესების თხოვნით მიმართავს.

საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ოფიციალური ნოტა გადასცა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 31 ოქტომბერი 2015 11:19

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ, უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულ გიორგი ნაზაროვს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გადასცა.
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოს საგარეო უწყებაში დღეს მიიწვიეს.
ქართულმა მხარემ დააფიქსირა უკიდურესი უკმაყოფილება, მედიასაშუალებებში გავრცელებული, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველ მოსაზრებებსა და მოწოდებებს შეიცავს. აღინიშნა, რომ მსგავსი გამონათქვამები წარმოადგენს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, რაც დაუშვებელია და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას. ქართულმა მხარემ გამოთქვა მოლოდინი, რომ უკრაინული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება.

საერთაშორისო კონფერენცია: სამუშაო ადგილების შექმნა თანასწორობისა და კეთილდღეობისათვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 19:37

2015 წლის 28-29 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც მიეძღვნება ღირსეული დასაქმების, სოციალური თანასწორობისა და მდგრადი განვითარების საკითხებს აზერბაიჯანში, ბელორუსში, მოლდოვაში, უკრაინაში, საქართველოსა და სომხეთში.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო დელეგაციები ექვსივე ქვეყნიდან და რეგიონში მომუშავე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელშიც შედიან: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ბანკი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).  

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 13:34

უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. წინასწარი მონაცემების თანახმად, კიევში, ლვოვში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკში არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი.

ეგზიტპოლების მიხედვით, კიევის მერის პოსტზე ვიტალი კლიჩკო ლიდერობს. მას ამომრჩევლის 40–მა პროცენტმა დაუჭირა მხარი, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მერის თანამდებობის დასაკავებლად დიდ ქალაქებში ხმების 50 პროცენტზე მეტის მოპოვებაა საჭირო.

საერთო ჯამში უკრაინის მასშტაბით ცენტრალურ რეგიონებში პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბლოკი ლიდერობს.

არჩევნები სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არ ჩატარებულა.

უკრაინული "ვიკილიქსი" 4თვის წინ რუსეთში დარეგისტრირდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 15:00

მედიაში გავრცელებული მასალები, რომელზეც ძალოვანი უწყებები სავარაუდოდ თავის განცხადებებში საუბრობენ - ე.წ. უკრაინული ვიკილიქსია. ვებგვერდი 4 თვის წინ რუსეთშია რეგისტრირებული და მასზე განთავსებულია სულ 30-მდე სტატია, რომელთაგან უმეტესობაში სააკაშვილი ფიგურირებს.

რუსულ ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა სტატიის მიხედვით, სააკაშვილის დავალებით უკრაინაში ყოფილი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობენ, მისი და მაკკეინის ერთობლივი გეგმით, ის სირიაში ქართველი მებრძოლების გადაყვანას უზრუნველყოფს და ასე შემდეგ.

ახალ სტატიაში, რუსულმა ვებგვერდმა გუშინ გამოაქვეყნა, გადმოცემულია მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დიალოგი, რომელიც, ვებგვერდის მტკიცებით, თურქეთში შედგა. სტატიის მიხედვით, იგეგემბა რუსთვი 2-ში პროვოკაციის მიზნით არეულობის მოწყობა და ერთი თანამშრომელის მკვლელობაც კი.

მასალა, რომელიც ამ დრომდე, სულ 6 ათასმა ადამიანმა ნახა, მალევე თარგმნეს და გაავრცელეს ქართული მედიასაშუალებების ერთმა ნაწილმა.

მოროშკინა სააკაშვილს: შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომლებსაც სპეციალურად ითხოვდი და მერე კაბინეტში„ტკბებოდი“

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 12:48

შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომლებსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და “ტკბებოდი“, – ამ სიტყვებით ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს.
მოროშკინა მიმართვის ვრცელ ტექსტს ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
„მიშა, შენ გაწირე შენივე გუნდი! შენ ავრცელებ ამ ბინძურ კადრებს, რომელსაც სპეციალურად ითხოვდი, საუკეთესო ხარისხით ყოფილიყო გადაღებული, მერე იკეტებოდი კაბინეტში და „ტკბებოდი”! იცი კარგად, რომ დღე-დღეზე გაგაძევებენ უკრაინიდან და ახალი გზის ძიებაში გადაწყვიტე საქართველოში სისხლის კალო დააყენო, რომ ამ “კარტინკამ” შესაძლებლობა მოგცეს, შენი “არდაბრუნება სამშობლოში” აპოზიციონერო, როგორც -“იქ სამოქალაქო დაპირისპირებაა”!
შენ გაწირე ის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც სჯერა შენი! შენ გაწირე გიგი უგულავა, რომელსაც ეს ჯოჯოხეთური სპექტაკლი მოუწყვე! შენ გაწირე ჟურნალისტთა ჯგუფი – რომელიც პირადად შენზე მუშაობდა, აბა ვითომ უფლებადამცველები კი ვიცით, რომ შენი სისხლიანი გეგმის ნაწილია! შენ გინდა, რომ 320.000 მსჯავრდებულმა და შენგან გამწარებულმა თითქმის მთელმა საქართველომ პირდაპირი მნიშვნელობით გადაუაროს 15.000 შენს მხარდამჭერს! ისევ სისხლი გინდა, მიშიკო? ისევ ამძაღდა შენი სული? რატომ არ გასვენებს გამჩენი? რატომ სწირავ ამ ხალხს შენ, კერპთაყვანისმცემელო! სისხლიანი სურათი საქართველოდან “გაგიპრავებს” ამერიკელებთან გაქცევას! – აი რა არის შენი გეგმა! ხომ არ დაგავიწყფდა, რომ პიარის ერთი სკოლა დავამთავრეთ? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ყველა შენი ნაბიჯი წინასწარ ვიცი! არ გამოგივა საქართველოს ძაძებში გახვევა!“,- წერს ლალი მოროშკინა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური