უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 17 ივნისი 2019 12:10

უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.
ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, როგორც პოლიციის, ისე სხვა სახელმწიფო უწყების ფუნქციის შესრულების ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. ძალადობის, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის და კანონის დარღვევის თითოეულ ფაქტზე სამინისტროს ექნება შესაბამისი რეაგირება.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება.

შსს-მ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2019 12:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - მამუკა ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

 



საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 10 წლის თავზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 აგვისტო 2018 13:05

2018 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდა საქართველოში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციისა და შედეგად საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. 
 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და შემდგომი უკანონო ნაბიჯებით, რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები და შექმნა სახიფათო პრეცენდენტი დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგზე იერიშის მიტანის თვალსაზრისით. რუსეთის ქმედებები 2008 წელს ნაკარნახევი იყო ევროპაში საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლისა და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ძირის გამოთხრის ამბიციით.
 
ათი წლის შემდეგ რუსეთი კვლავ აგრძელებს აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა, წარმოადგენს უპრეცენდენტო ხასიათის მცდელობას რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
 
რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის თავზე რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ აქვს შესრულებული ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა. სრულად უგულებელყოფს რა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის თაობაზე, მოსკოვი კიდევ უფრო აძლიერებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას ადგილზე და ხელს უშლის უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს
 ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გაუარესების გამო. საოკუპაციო ხაზის მავთულხლართებითა და სხვა ხელოვნური ბარიერებით გამაგრება, მუდმივი გატაცებები და უკანონო დაკავებები რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან ახდენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს დესტაბილიზაციას. ამ უკანონო პროცესების შედეგად, არაერთი ოჯახი გაიყო, ბევრმა ადამიანმა დაკარგა წვდომა საკუთარ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, რელიგიური მნიშვნელობის ადგილებსა და სასაფლაოებზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები აერთიანებს ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა თავისუფალი გადაადგილების, ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დარღვევები, აგრეთვე მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, რაც გაუსაძლისს ხდის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას.
 
მაშინ, როცა ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველობა რჩება ინტენსიური ეთნიკური დისკრიმინაციის სამიზნედ. სამი დევნილი პირის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტები ნათლად წარმოაჩენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელებულ დაუსჯელობის სინდრომს და ეთნიკურ ნიადაგზე წახალისებულ ძალადობას.
 
მუდმივი პროვოკაციული ნაბიჯების პასუხად, საქართველო ერთგულად მიუყვება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების დღის წესრიგს. საქართველო ძალისხმევას არ იშურებს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისათვის, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნოს რუსეთ-საქართველოს შორის გადაუჭრელი კონფლიქტიდან მომდინარე უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა პრობლემებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის.  სრულად იცავს რა ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, საქართველომ არაერთხელ ცალმხრივად დაადასტურა და  პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას, რუსეთის  მხრიდან ანალოგიური საპასუხო ნაბიჯის მოლოდინში.
 
ამავდროულად, საქართველომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურა ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილი საზოგადოებების ჩართულობისა და შერიგების მიმართულებით. ამ კონტექსტში, საქართველოს მთავრობამ წარადგინა ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე გაყოფილ საზოგადოებებს შორის ხალხთაშორისი კონტაქტებისა  და ნდობის აღდგენის გაძლიერებას.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს საერთაშორისოსაზოგადოების ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესის მიმართ. ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, მშვიდობიანი გზით დარეგულირების მიზნით.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს თავისი უკანონო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, კერძოდ, შეცვალოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ აღიარების გადაწყვეტილება და სრულად მოახდინოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაცია.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და სამძიმარს უცხადებს 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 10:52

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 08 აპრილი 2016 14:28

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად გამოვლენილნი არიან ის პირები, რომელთა მიერ განხორციელდა მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვება და შენახვა.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაკავებულია ამ დანაშაულში მონაწილე 5 პირი, ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს კი დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება.
კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი;
ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი;
ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი  რომან ზაალიშვილი;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი;
შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილე გიგლა შიოშვილი მიემალა გამოძიებას, ხოლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს  დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება, ვინაიდან მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას. 
კერძოდ დადგენილია, რომ 2012 წლის მაისში, საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს უფროსს ირაკლი ყიფშიძეს ჰქონდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2012 წლის 5 მაისს, ერთ-ერთი პოლიტიკოსი აპირებდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მდებარე სასტუმროში გაჩერებას. ამ ფაქტის შესახებ, მან შეატყობინა ვასილ ლელუაშვილს, რომლის დავალებითაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ჩაწერის მიზნით, დაიგეგმა სასტუმროს ნომერში ფარული გადამღები მოწყობილობის დამონტაჟება. დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2012 წლის 5 მაისს, ვასილ ლელუაშვილის და ირაკლი ყიფშიძის დავალებით შსს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა თანამშრომლებმა ზურაბ პავლიაშვილმა და გიგლა შიოშვილმა ორგანიზება გაუწიეს სასტუმროს ნომერში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რითაც უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი. 
ამ ფაქტიდან  ერთ თვეში,  2012 წლის 5 ივნისს, ვასილ ლელუაშვილის  დავალებით, ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა რევაზ შიუკაშვილმა და მისმა მოადგილემ რომან ზაალიშვილმა ორგანიზება გაუწიეს ხსენებულ ბინაში ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებას, რა გზითაც უკანონოდ მოიპოვეს ოპოზიციურად განწყობილი კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი.
ჩატარებული გამოძიებით, ასევე გახსნილია ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებით განხორციელებული კიდევ ერთი დანაშაულებრივი ფაქტი, რომელიც ეხება 2013 წლის მაისში საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას. კერძოდ, 2011 წლის დეკემბერში ქ.თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ვასილ ლელუაშვილის დავალებით კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს უფროსმა გივი კაციტაძემ ორგანიზება გაუწია ფარული სათვალთვალო აღჭურვილობის განთავსებასა და ჟურნალისტის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მოპოვებას.
შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე იქნენ დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.  აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  5-დან 8 წლამდე ვადით. 
საქართველოს პროკურატურა აქტიურად განაგრძობს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

საზღვრის უკანონოდ,გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 დეკემბერი 2015 10:29

სამართალდამცველებმა ბანგლადეშის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

ქართველმა სამართალდამაცავებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის 2 პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 22 ნოემბერი 2015 10:19

სამართალდამცველებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. 

პოლიციამ 1997 წელს დაბადებული ანვად ჰამიდ ალი ჰამიდ ა. და 1986 წელს დაბადებული ამირ ალი მოჰამმედ ალი ა. სარფში აიყვანეს. ორივე მათგანი იემენის მოქალაქეა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 15:34

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, შპს „ხიდის“ დამფუძნებელი დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ კომპანიამ ფოთის მუნიციპალიტეტთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ქალაქში ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი უნდა შეეკეთებინა. 

კონტრაქტორმა კომპანიამ არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისმა დამფუძნებელმა მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, ნახევარ მილიონზე მეტი თანხა.

მებაჟე ოფიცრებმა მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 16:18

ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანის 2 ფაქტი გამოავლინეს 14 ნოემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ვალეს“ კონტროლის ზონაში, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. თურქეთისრესპუბლიკის მხრიდან შემოსულიაზერბაიჯანის მოქალაქე ჯ.ს.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე სკანერით დათვალიერების შედეგად, მათფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატი „KATARIN FORTE“აღმოაჩინეს, ხოლო თურქეთის მოქალაქე ს.კ.-ის ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად- პრეპარატი „NUROFEN GOLD & FLU“და პრეპარატი„TYLOLHOT“. ორივე მედიკამენტი ასევე შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს. აღმოჩენილი მედიკამენტების საერთო რაოდენობამ შეადგინა 41 აბი და 3 პაკეტი.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.

შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და უკანონო სახერხი საამქროები დალუქა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 10:12

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 პირი: 1978 წელს დაბადებული დავით ა, 1966 წელს დაბადებული გიორგი ე, 1986 წელს დაბადებული ამბერკი ფ. და 1969 წელს დაბადებული გოჩა ე. ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის რაიონებში, მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან - უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო.

გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 და 128-ე პრიმა-3 მუხლებით).

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური