საქართველოსა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 15:31

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო რივას პალასიოსმა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და პარაგვაის ორდინალური პასპორტების მქონე მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს შეთანხმება ხელს შეუწყობს როგორც ხალხთაშორისი კონტაქტების, ასევე ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.  მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველო-პარაგვაის ორმხრივი ურთიერთობები და ასევე ქვეყნების თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა დაინტერესება,  კიდევ უფრო გაძლიერდეს სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა იმ დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, რაც ორივე ქვეყანას გააჩნია ამ მიმართულებით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლას და ყველა მიმართულებით კომუნიკაციის გააქტიურებას.

საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 12:13

საქართველოსა და ფიჯის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორდინალური, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ხოლო    ფიჯის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.  
 
საქართველოს მოქალაქეებს ფიჯის ტერიტორიაზე ისევე როგორც ფიჯის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შეუძლიათ შესვლა და ყოფნა არაუმეტეს 90  დღის ვადით 180 დღიან პერიოდში.
 

7 მარტს, საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ფიჯის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ინია სერუირატუ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ფიჯის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების მნიშნელოვანი საკითხები, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი და შემდგომი განვითრების პერსპექტივები, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობას ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და  სპორტის მიმართულებით. დაფიქსირდა ორმხრივი მზადყოფნა ხელი შეეწყოს ფიჯის რესპუბლიკაში და ზოგადად ოკეანეთის რეგიონში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ქვეყნის პოპულარიზაციას. შესაბამისად, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ სექტორული სამინისტროების წარმომადგენელთა ვიზიტების ურთიერთგაცვლას, ასევე კერძო სექტორისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შორის  კონტაქტების დამყარებას პრაქტიკული თანამშრომლობის დაწყების მიზნით.
 
განხილულ იქნა მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატები, საერთაშორისო ორგანიზაციებში ურთიერთმხარდაჭერებზე ყურადღების გამახვილებით. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონებში არსებული ვითარება და გამოწვევები. ფიჯის მხარეს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განხორციელებული უკანონო ქმედებების ასევე საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ. მოხდა აზრთა გაზიარება კავკასიის და ოკეანეთის რეგიონებში, აგრეთვე საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით. ბატონმა ინია სერუირატუმ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა ფიჯის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

​ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018 10:54

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 13-26 ოქტომბრის პერიოდში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში, კერძოდ ონში, ამბროლაურში, ცაგერში, ლენტეხში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში. 6 შეხვედრას 250-მდე ადამიანი დაესწრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი თვითთმართველობებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, სოფლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

13 ოქტომბერს, ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ბათუმში, ევროპის დღის აღსანიშნავად გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ. უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მონაწილეობდა. საინფორმაციო ცენტრის კუთხეში უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო, რომელშიც 2500-მდე სტუმარი ჩაერთო.

ღონისძიებების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. საუბარი დაეთმო იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

მთავრობა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას გეგმავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 თებერვალი 2018 15:59

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს, - ამ თემაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.

თათბირზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის შეფერხების მიზეზი არ გახდეს.

საქართველოს მთავრობა დიდი ყურადღებით ეკიდება პარტნიორი ქვეყნების წუხილს და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, როგორც კანონმდებლობის გამკაცრების, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებისა და ქვეყნის მასშტაბით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოების მიმართულებით.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.

ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კომიტეტებში კენჭისყრა სექტემბერში გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 ივლისი 2016 10:06

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების საკითხზე კენჭისყრა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, შინაგან საქმეთა და იუსტიციის კომიტეტში 5 სექტემბერს გაიმართება.საგარეო საქმეთა კომიტეტმა ამ საკითხს კენჭისყრის დროს უკვე დაუჭირა მხარი. გუშინ კომიტეტის ბოლო სხდომა გაიმართა. ევროპელი დეპუტატები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ამბობენ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო მიმოსვლას.„ევროპარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც მხარს ვუჭერდით სავიზო პირობების შემსუბუქებას საქართველოს, უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის, მიგვაჩნია, რომ თუ ყველა პირობა, რომელიც ამ ქვეყნების წინაშე იდგა, შესრულებულია, კენჭისყრა აუცილებლად გაიმართება. ეს ქვეყნები ვიზალიბერალიზაციის საკითხში ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი. თუმცა, პირადად მე მხარს არ ვუჭერ ამ გაერთიანებას, რადგან ვფიქრობ, რომ თუ ერთმა ქვეყანამ ყველა წაყენებული პირობა შეასრულა, სწორედ ამ ქვეყნის საკითხი უნდა განვიხილოთ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მივიღოთ,“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა რებეკა ჰარმსიმ.

უვიზო მიმოსვლა უკვე აუცილებლობას წარმოადგენს, - გიორგი მარგველაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 ივნისი 2016 09:59

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებთან - ევროპის სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტ იაცეკ სარიუშ - ვოლსკისთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორ კრისტიან დან პრედასთან და ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარესთან მანფრედ ვებერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ვიზალიბერალიზაციის საკითხები განიხილა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა დროულად განახორციელოს სათანადო პროცედურები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ.

“ეს იქნება დამატებით მნიშვნელოვანი ბიძგი საქართველოს შემდგომი ევროპული ინტეგრაციისათვის და ქვეყანაში ევროპული პროცესების განვითარებისათვის.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს შესრულებული აქვს   ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა მოთხოვნა და იმის გათვალისწინებით, რომ 1 ივლისდან ოფიცილურად ძალაში შედის ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა არა მხოლოდ ქართველი  ხალხის სურვილს, არამედ უკვე აუცილებლობას წარმოადგენს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა ისაუბრეს ასევე, დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე. ასევე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე.

აღინიშნა, რომ ეს არჩევნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს.

შეხვედრაზე ევროპარლამენტარები დაინტერესდნენ ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემოთი. აღინიშნა, რომ პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო  მიეცემათ ამომრჩეველთან მუშაობისათვის.

საქართველო მიესალმება ევროპელი კოლეგების, მათ შორის, ევროპარლამენტარების ჩართულობას, როგორც არჩევნების, ისევე წინასაარჩევნო პროცესში. საქართველო დაინტერესებულია მაქსიმალური თანამშრომლობით ღია, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

საქართველო ელოდება უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან-გიორგი კანდელაკი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 14:56

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სხდომაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლას ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დადებითად ვაფასებ. ამის შესახებ „ნიუს დეისთან“ საუბარში ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში მან ოპოზიციის სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველომ მიიღოს უვიზო მიმოსვლის უფლება ზაფხულში. ხოლო რაც შეეხება კითხვას, რომელიც მან დაუსვა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს, შეეხებოდა იმას, არის თუ არა რაიმე დამატებით, ახალ პირობებზე საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით და აქვე იმედი გამოთქვა, ასევე ოპოზიციის სახელით, რომ ქართველი ხალხი არ დაისჯება იმ შეცდომებისათვის, რომელსაც უშვებს საქართველოს მთავრობა. „ამაზე ბატონმა იუნკერმა პასუხი გამცა, რომ ქართველი ხალხი სრულად იმსახურებს უვიზო მიმოსვლას და რომ არ განიხილება არანაირი დამატებითი პირობები და რომ მთელი ეს პროცესი არის, მათ შორის, წინა მთავრობის დამსახურებაც“, - აღნიშნა გიორგი კანდელაკმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატმა ”ნაციონალური მოძრაობიდან” ასევე დაამატა, რომ როგორც კომისია აცხადებს, თუ ყველაფერი ასე კარგად წარიმართება, მართლაც საქართველო ელოდება უვიზო მიმოსვლას მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან, „თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდანაც არ ქონდეს რაიმე შეფერხებას ადგილი, როგორც უკვე ჰქონდა ამას წარსულში ადგილი. იმიტომ, რომ ჩვენი გეგმით უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უკვე 2014 წელში უნდა შესულიყო ძალაში“, - დასძინა გიორგი კანდელაკმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22 აპრილამდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც აუცილებელია უვიზო მიმოსვლის საკითხის დადებითად გადასაწყვეტად-ევროკომისიის პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 აპრილი 2016 14:03

სტრასბუგში გრეძელდება ევროპის საბჭოს საპალამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები. დღევანდელი დილის სხდომა გაიხსნა ევროპული კომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის გამოსვლით, რომელმაც ისაუბრა ევროპაში არსებულ დღევანდელ ვითარებაზე და ყურადღება გაამახვილა ლტოლვილებისა და კონფლიქტების თემაზე. იგი ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწესების საკითხსაც. აღნიშნულთან დაკავშირებით მას კითხვები საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა და სომხეთის დეპუტატმა სამველ ზურაბიანმა დაუსვეს.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა პასუხად განაცხადა, საქართველო და უკრაინა სრულად აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც ამისათვის არის აუცილებელი. „ეს ორივე ქვეყანა დღეისათვის უკვე მზად არის და იმსახურებენ პოზიტიურ შედეგს. უახლოეს მომავალში ევროკომისია გააგრძელებს ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობას“, - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.
როგორც ცნობილია, ევროპელ დეპუტატებს ხუთშაბათის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი დღეს ჩამოვა სტრასბურგში.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომები 22-მდე გაგრძელდება. საქართველოს პარლამენტიდან სხდომებში, თედო ჯაფარიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.


ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სავარაუდოდ, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 აპრილი 2016 10:30

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ევროპარლამენტის იუსტიციისა და საშინაო საქმეთა კომიტეტი საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს 7 აპრილს განიხილავს, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძიემ განაცხადა. 
"ერთ-ერთი სხდომა 7 აპრილს არის ჩანიშნული, შესაბამისად, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სწორედ აქ იყოს განხილული ან შემდეგ სხდომაზე. ეს არის იმ პროცედურის ნაწილი, რომელიც გულისხმობს მომზადებული საკითხის კომიტეტის შიგნით განხილვას, კენჭისყრას და კენჭისყრის შემდეგ გავა საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
არსებული ინფორმაციით, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხს ევროპარლამენტი 7 აპრილს განიხილავს.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური