თბილისში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 16:25

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება.

მათი ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერასმა, რომელიც ვიდეომიმართვით ჩაერთო საბჭოს სხდომის გახსნის ღონისძიებაში.

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი

UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება. გარდა იმისა, რომ ღონისძიება აღნიშნული ცენტრისა და ქართველი ეპიდემიოლოგიების სრული ჩართულობითა და მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ გაიმართება, ჩარტერს, რომლითაც საქართველოში წარმომადგენლობითი დელეგაციები ჩამოვიდნენ, 4 ეპიდემიოლოგი ჩამოყვა.

ღონისძიების მონაწილეებმა, რომლებსაც საქართველოში გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარებული ჰქონდათ 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად, საზღვარზე წარმოადგინეს ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციას.

ღონისძიების მონაწილე სხვა პირებს, რომლებმაც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას სასაზღვრო - გამშვებ პუნქტში ვერ შეძლეს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული პროტოკოლის შესაბამისად ტესტირების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა, საქართველოში ტესტირება ჩაუტარდათ და ტესტის პასუხების მიღებამდე ისინი იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

UNWTO აღმასრულებელი საბჭოს სხდომებს ესპანეთის ქალაქ მადრიდში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ატარებს, სადაც ორგანიზაციის სათაო ოფისი მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ 2020 წელს აღმასრულებელი საბჭოს სხდომის ჩატარების ადგილად მადრიდის ნაცვლად თბილისი შეარჩია, რითაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე, საბჭო ამ ტიპის სხდომებს მხოლოდ მადრიდში ატარებდა.

საქართველოში UNWTO-ის მაღალი რანგის შეხვედრის გამართვა ჯერ კიდევ პანდემიამდე გადაწყდა. თავდაპირველად, ღონისძიება 2020 წლის ივნისში უნდა ჩატარებულიყო. ადგილზე არსებული ვითარების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები ინსპექტირების მიზნით, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს მზაობას, ემასპინძლა მაღალი რანგის წარმომადგენლობითი შეხვედრისთვის. ინსპექტირებისას შეფასდა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პროდუქტების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა პანდემიის გამო, აღნიშნული ღონისძიების ჩატარების თარიღი გადაიდო. 

მასპინძელი ქვეყნის ხელახალი შერჩევისას საქართველოს სასარგებლოდ იმუშავა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა.

ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მართვის კუთხით საქართველოს წარმატებული გამოცდილება აღიარებულია მსოფლიო მასშტაბით. ამ მხრივ, მაღალი დონის შეხვედრის მასპინძლობა კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას ისეთ ქვეყნად, რომელსაც უსაფრთხოდ, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, შეუძლია, ნებისმიერი მაღალი რანგის ღონისძიებას უმასპინძლოს.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მომავალი ორიენტირები სწორედ საქართველოში გაირკვევა.

"5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა" - გიორგი ჩოგოვაძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 16:53

საქართველოში 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ამის შესახებ დღეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

2016 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს 522,359 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ეს მონაცემები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14,9%-ით მეტია. 

საერთაშორისო მოგზაურების ზრდა დაფიქსირდა 5 თვის მონაცემებითაც. საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,119,275 შეადგინა, ზრდა კი +15.3%-ია. 

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

ტურიზმის ადმინისტრაცია ირანიდან შემოსულ ვიზიტორებს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 15:27

ირანთან სავიზო რეჟიმის ამოქმედების პირველ დღეს პირველ უვიზო ვიზიტორებს ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციამ უმასპინძლა.

საქართველოში ირანული ბეჭდური და ელეტრონული მედიის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტურისტულ ადგილებს დაათვალიერებენ. სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ტურიმზის ადმინისტრაცია ტურისტების გაზდას რამდენიმე ათეული ათასით ვარაუდობს.

ირანიდან შემოსულებს დღეიდან საქართველოს ტერირიაზე დარჩენა 45 დღეს შეეძლებათ.

საქართველოს რუსული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 15:55

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს რუსეთის ფედერაციის ტურ-ოპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია.

ერთკვირიანი ტურის ფარგლებში სტუმრებმა თბილისის ისტორიული უბნები, სიღნაღი, ყვარელი, წინანდალი, მცხეთა, გუდაური, ყაზბეგი, ბორჯომი და ბაკურიანი დაათვალიერეს.

რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებსაც შეხვდნენ და ტურისტული პაკეტების შემუშავების გეგმები განიხილეს. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 10-ეულში რუსეთის ფედერაცია მე-4 ადგილს იკავებს.

2015 წელს საქართველოს რუსეთიდან 925 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია.

პროგრამა HEREIN-ის ვორქშოპი კულტურის სამინისტროში

გამოქვეყნებულია კულტურა
ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი 2015 18:28

29 ოქტომბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა ვორქშოფი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საკანონმდებლო ბაზის გამართული მუშაობის შესახებ. ღონისძიება  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროპის საბჭოს ორგანიზებით, პროგრამა HEREIN-ის ფარგლებში ჩატარდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
HEREIN „ევროპის მემკვიდრეობის ქსელი“ ევროპის საბჭოს პროგრამას წარმოადგენს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ მონაცემთა ბაზისა და საინფორმაციო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოდფად შეიქმნა. ამ დროისთვის, პროგრამაში უკვე ჩართულია 42 ქვეყანა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ HEREIN-ის ეროვნული კოორდნატორები ლატვიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან და საქართველოდან, ასევე წარმომადგენლები სხვადასხვა სტრუქტურიდან - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ეროვნული მუზეუმი, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებმა გადამზადება გაიარეს

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 13:41

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების ეფექტური მუშაობის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა დამუნიციპალიტეტების თანამშრომლებისათვის ტრენინგები ჩატარდა.

გადამზადება თბილისის აეროპორტის, ქუთაისის აეროპორტის, მესტიის, ამბროლაურის,ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, მცხეთის, გორის, ბაკურიანის, ბორჯომის, ახალციხის, სიღნაღის, თელავის, ყვარლის და ბოლნისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების 53-მათანამშრომელმა გაიარა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გადასცა.

„სერვის პლუსის“ კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. ტრენინგის დროს ინტერაქტიული სწავლების მეთოდი გამოიყენებოდა: სიტუაციების ანალიზი, დისკუსია,შეფასება.

ტრენინგზე განხილული საკითხებია: 1. მომსახურების სტანდარტები და მომსახურების მართვა; 2. კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის მეთოდები (ვერბალური დაარავერბალური კომუნიკაცია), ინფორმაციის გადაცემის უნარი; 3. ტურისტების საჭიროებების განსაზღვრა; ტურისტების მოთხოვნების, სურვილებისა და პრობლემების სწორად გაგება; 4. ტურისტული პროდუქტის შეთავაზების ტექნიკა; 5. სატელეფონო კომუნიკაციის სტანდარტები; 6. არასტანდარტულ და სტრესულ სიტუაციებში რეაგირება, მომხმარებლისწინააღმდეგობის ფორმები და გადალახვის ხერხები.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:16

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიშის, ზამთრის ახალი ვიდეო რგოლისა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.

მსოფლიოს წამყვანი ტელეკომპანების ეთერით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლის, სახელწოდებით "Winter in Georgia" ჩვენება დაიწყო.

კლიპის პრეზენტაცია სასტუმრო "Radisson Blu Ivedia"-ში გაიმართა, სადაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ზაფხულის სეზონის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა და ზამთრის სეზონის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას მოაწყო.

ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, საქართველოს შესახებ ინგლისურ და რუსულ ენებზე რეკლამა "Euronews"-ზე 1 ოქტომბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით გადაიცემა, CNN-ზე კი - 5-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ცნობით, 30 წამიანი საიმიჯო რგოლი CNN-ისა და Euronews-ის მრავალმილიონიან მაყურებლებს საქართველოს ზამთრის ტურისტულ პოტენციალს გააცნობს. ვიდეორგოლი კომპანია "კორ პროდაქშენ"-მა ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაკვეთით მოამზადა.

Euronews-ს 392 მილიონიანი აუდიტორია ჰყავს, მაუწყებლობს 14 ენაზე 155 ქვეყანაში. CNN მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. აშშ-ში 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კი დაახლოებით, 300 მილიონი.

პრეზენტაციაზე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა 9 თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. 2015 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 4,491,039 შეადგინა, ზრდა კი 6.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,801,018 შეადგინა, რაც 1.6%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 7 თვის განმავლობაში 34 ქვეყნიდან ჩამოიყვანა 420 საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი; ჩატარდა 9 მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე; ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს საიმიჯო ვიდეო რგოლები გადაიცა CNN-სა და Euronews-ით. ადმინისტრაცია მონაწილეობს 26 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში; მიმდინარეობს აქტიური მარკეტინგული კამპანია სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

გარდა ამისა, 2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაიხარჯა, სავარაუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით (მხოლოდ აპრილი - ივლისი პერიოდში), 96 634 009 ლარი შეადგინა.

პაატა ბაირახტარი:“ტურისტების მოზიდვა შეფუთულ პროდუქტზეა დამოკიდებული“

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 15:37

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ წელს ვიზიტორების რაოდენობის ზრდა იმ აქტივობებმა განაპირობა, რომლებსაც საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია, ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში ახორცეილებდა.

„როდესაც ტურისტი პირველად სტუმრობს ქვეყანას და მას კომფორტული მომსახურება ხვდება, მას უჩნდება სურვილი, იმ ქვეყანაში მეორედ ჩასვლის და, პირობითად, ორი მეგობარი მაინც მიჰყავს თან. რაშიც დიდი წვლილი ტურიზმის ადმინისრაციას მიუძღვის“,-განაცახდა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში პაატა ბაირახტარმა.

მისი თქმით, წელს ბევრი საიმიჯო კლიპი ტრიალებდა უცხოურ არხებზე საქართველოს შესახებ, რომლის მეშვეობითაც, ბევრმა ტურისტმა შეიტყო საქართველოს შესახებ და, თუ რაიმე გარეშე ფაქტორებმა არ შეგვიშალა ხელი, მომავალ წელს უფრო მეტ ტურისტს უნდა ველოდოთ.

2015 წლის დასაწყისიდან, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,7%–ით გაიზარდა და 4 მილიონზე მეტი ადამიანი შეადგინა.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:37

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ტოკიოს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „JATA 2015“ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად Caucasus Travel, Georgian DMC, Visit Georgia, Concord Travel, Explore Georgia მონაწილეობდნენ. ტოკიოს რიგით 27-ე საერთაშორისო გამოფენას 141 სახელმწიფოს 1161 ორგანიზაცია მონაწილეობდა, გამოფენას 173602 სტუმარი დაესწრო. მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა-ბაზრობა 24-27 სექტემბერს გაიმართა. გამოფენას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტოკიოში შეხვედრები გამართა იაპონიის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტთან, ნაციონალური ავიაგადამზიდავი კომპანიის პრეზიდენტთან და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან.

საქართველოში „მის ჩინეთის" ნახევარფინალი იმართება

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2015 17:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოში „მის ჩინეთი“-ს კონკურსის ნახევარფინალი იმართება. ღონისძიებასთან დაკავშირებით საქართველოს 12 სექტემბერს თექვსმეტი კონკურსანტი ეწვია. „მის ჩინეთი“-ს მონაწილეები 22 სექტებრამდე დარჩებიან საქართველოში. სილამაზის კონკურსის ორგანიზატორი უმსხვილესი ჩინური სატელიტური ტელევიზია, Phoenix TV”-ია. ტელეკომპანია ევროპის ქვეყნებშიც მაუწყებლობს და მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 250 მილიონი მაყურებელი ჰყავს. „Phoenix TV”-ის მიერ დაარსებული სილამაზის კონკურსი “Miss Chinese Cosmos Pageant”, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ ღონისძიებად არის დასახელებული. ბოლო ათი წლის კონკურსი სხვადასხვა ქვეყნებში იმართებოდა . (ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, ევროპა და ტაიტის კუნძულები).
ღონისძიება ხელს შეუწყობს როგორც ჩინეთის ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, ისე ჩინელი და ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების მატებას.
ღონისძიების ფარგლებში იგეგმება თბილისის ისტორიული უბნების დათვალიერება, კონკურსის მონაწილეები მოინახულებენ ყაზბეგს, გორს, მცხეთას, ყვარელს, სიღნაღს. კონკურსანტების მონაწილეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დაგეგმილია ფილმის გადაღება,რომელიც 17 ოქტომბერს „მის ჩინეთი“-ს მსვლელობისას გაშუქდება და მილიონობით ადამიანი იხილავს.

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური