შეიქმნა საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველი მობილური აპლიკაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 19 ივნისი 2020 10:34

ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს საქართველოს კულტურული მარშრუტების პირველ მობილურ აპლიკაციას სთავაზობს. ამის შესახებ "ნიუსდეი საქართველოს" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

სამინისტროს ინიციატივით შექმნილი უფასო მობილური აპლიკაცია Cultural Routes Georgia ხელმისაწვდომია როგორც Android, ისე iOS პლატფორმებისთვის. ამ ეტაპზე აპლიკაციაზე დატანილია ევროპის საბჭოსა და სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული მარშრუტები. მას უახლოეს პერიოდში ორი ახალი სერთიფიცირებული მარშრუტი დაემატება.

 ევროპული მარშრუტები:

 ღვინის მარშრუტი

 ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი

 პრეისტორიული კლდის ხელოვნების ევროპული მარშრუტი

 ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი

 ლოკალური მარშრუტები:

 ალექსანდრე დიუმას კვალდაკვალ

 გერმანული დასახლებები საქართველოში

 ახალი სერტიფიცირებული მარშრუტები:

 დედაქალაქიდან დედაქალაქამდე

 წმინდა ანდრია პირველწოდებულის გზა

 კულტურული ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას შემდეგ საკითხებზე: საქართველოში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვადა განხორციელება; კულტურული ტურიზმის/კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების მხარდაჭერა, სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის რუკებზე, ბროშურებზე, ონლაინ პლატფორმებზე განთავსება, ტურიზმის სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მართული კულტურული მარშრუტების ინტეგრირება.

 ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ორი ახალი კულტურული მარშრუტის პრეზენტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნული მარშრუტების ხელმძღვანელებს სერტიფიკატები გადასცა.

 კულტურული მარშრუტების მიზანია ევროპულ ღირებულებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით შექმნას და ხელი შეუწყოს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებას, საქართველოს ინტეგრირებას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში. ლოკალური კულტურული მარშრუტები, 2019 წლიდან, სამინისტროსთან არსებული „კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარებისა და სერტიფიცირების საბჭოს“ მიერ კონკურსის წესით ვლინდება და მისი მიზანია საქართველოს მრავალფეროვანი კულტურის წარმოჩენა.

 საქართველო „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების“ 27-ე წევრი სახელმწიფო 2016 წელს გახდა. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა მოიცავს 38 სერტიფიცირებულ მარშრუტს, რომელიც კვეთს 57 ქვეყანასა და 1500-ზე მეტ ქალაქს.

 უფასო მობილური აპლიკაციის გადმოსაწერად იხილეთ ბმული:

 Android პლატფორმისთვის  https://play.google.com/store/apps/details

 iOS პლატფორმისთვის  https://apps.apple.com/…/cultural-routes-georg…/id1490696755

#კულტურულიმარშრუტები

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები ქართულ მედიას საკუთარ მიღწევებს უზიარებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 მარტი 2019 10:40

2019 წლის 27 მარტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა რეგიონულმა პროექტებმა მოაწყვეს არაოფიციალური შეხვედრა წამყვან მედია-საშუალებებთან საქართველოში. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო იმ რეალური  შედეგების და შესაძლებლობების განხილვა, რომლითაც ევროკავშირი რეგიონული პროგრამების საშუალებით საქართველოს მოქალაქეებს უზრუნველჰყოფს, ასევე ჟურნალისტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება. ღონისძიება მიეძღვნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს და საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ სახის მედია-ღონისძიებას უმასპინძლა.

ღონისძიებაზე ევროკავშირის შავი ზღვის აუზის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამამ ქუთაისში ახლად დანერგილი ნარჩენების მართვის ნოვატორული პრაქტიკა წარმოადგინა. ეს გარემოსდაცვითი პროგრამა საქართველოს, მოლდოვის და სომხეთის ადგილობრივი ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მეცნიერების და აქტივისტების ერთობლივი ძალისხმევით, მიზნად ისახავს მდინარეებში პლასტმასის ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. ქართველი კალათბურთელი ანატოლი ბოისა, რომელიც ევროკავშირის პროექტის მიერ მომზადებულ საპოპულარიზაციო ვიდეორგოლში იყო გადაღებული, ღონისძიებაზე ინიციატივის მხარდასაჭერად მოვიდა: „სიხარულით დავთანხმდი ამ ვიდეოში გადაღებას, რადგან ვფიქრობ, რომ პროექტი საქართველოსთვის ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს - ახორციელებს პლასტმასის ნარჩენების დახარისხებას და გადამუშავებას.პლასტმასი სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს, ის ტოქსიკურია ნიადაგისა და წყლისთვის. დღეისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ყურადღების მიმართვა ამ პრობლემისკენ, ყველასთვის ჩვენება, რომ მდინარეში ან წყალში გადაგდებული პლასტმასის ბოთლი ან პოლიეთილენის პარკი აზიანებს გარემოს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, აღნიშნა ანატოლი ბოისამ მიმართვაში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამამ წარმოადგინა საკუთარი ინიციატივები ქართულ-აზერბაიჯანული და ქართულ-სომხური კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე:„ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების სწავლების გზით“, „სამოქალაქო საზოგადოება განვითარებისა და თანამშრომლობისთვის: ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ და „გაიცანი მეზობელი“. ეს პროექტები ხელს უწყობს კულტურულ გაცვლებს ახალგაზრდებს შორის ღონისძიებების, ტრენინგების, სასკოლო საქმიანობის, ვიდეო-ისტორიების და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების საშუალებით. ერთ-ერთი პროექტის ბენეფიციარმა, ლუკა დოლიძემ, ჟურნალისტებს საკუთარი ისტორია გაუზიარა: „მე ვარ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი. მიუხედავად ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ბიზნეს-ტრენინგებში მივიღე მონაწილეობა. 3–თვიანი ტრენინგების და პრაქტიკული ტურების შემდეგ გავხდი ექსტრემალური და ეკოტურიზმის გიდი. ტრენინგის პერიოდში ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობით პრაქტიკული გამოცდილებაც მივიღე. ვცხოვრობ მანგლისში. ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ტურისტული მარშრუტებიდან/ღონისძიებებიდან. ჩემი ინიციატივით, ჩვენი სახლი საოჯახო სასტუმროდ გადავაკეთე. ახლა შემიძლია ტურისტებს ვუმასპინძლო და გავუწიო მათ გიდობა ჩემი ქვეყნის გასაოცარ ადგილებში. ახალგაზრდებს ვურჩევდი, ნუ შეუშინდებიან ახალ ინიციატივებს და ნუ გაუშვებენ ხელიდან სწავლის შესაძლებლობას“.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა ინიციატივამ მერები ეკონომიკური ზრდისთვის წარმოადგინა საქართველოს გორის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საუკეთესო პრაქტიკა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გამოყენებული ევროკავშირის დაფინანსება აგრობიზნესის და ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონებში.

ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამამ ჰორიზონტი 2020 წარმოადგინა საკუთარი საქმიანობა საქართველოში და მისი გრანტის მიმღები - პროექტი CURE („ეუბიოზის აღდგენის თერაპიის“ შექმნა ასთმისთვის), რომლის მიზანია ასთმით დაავადებული ადამიანების მკურნალობის კვლევა. სიახლე ამ მკურნალობის ამ სტრატეგიაში ემყარება რესპირატორული მიკრობიომის აღდგენას მასში ბაქტერიოფაგების შეყვანით - ეს კომპონენტი ასთმით დაავადებულ პაციენტებს არა აქვთ. აღნიშნულ პროექტში სულ ჩართულია 10 სამეცნიერო ჯგუფი შემდეგი ქვეყნებიდან: საბერძნეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ბელგია, პოლონეთი და საქართველო.  საქართველოს მხრიდან კვლევას ახორციელებს გიორგი ელიავას სახ. ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი.

Erasmus+“ პროგრამები ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირში სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს; აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებმა მობილობის პროგრამებიდან მიღებული გამოცდილების  შესახებ ისაუბრეს. „ჩემს ცხოვრებაში მომხდარ რადიკალურ და გადამწყვეტ ცვლილებებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღვნიშნო ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „Erasmus+“-ის მოკლე- და გრძელვადიანი პროგრამები, რომლებშიც მონაწილეობა მივიღე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ საზღვარგარეთ სწავლას შევძლებდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰელსინკის უნივერსიტეტში, ფინეთში“, თქვა მარიამ ბიწაძემ, პროგრამის „Erasmus +“ სტუდენტმა თბილისიდან. 

„ჩემი აზრით, ამ ვიზიტის დროს მოხდა ნამდვილი კულტურული გაცვლა, რომელიც ჩემთვის, უსინათლო ადამიანისთვის, უმნიშვნელოვანესია. „Erasmus+“ პროგრამის ორივე სემესტრის განმავლობაში შესაძლებლობა მომეცა გამეუმჯობესებინა ჩემს თანატოლებთან გუნდური მუშაობის უნარები. „Erasmus+“ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობამ ასევე მომცა იშვიათი შესაძლებლობა დამოუკიდებლად, მარტო მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, ჩემი საკუთარი ან მასპინძელი ოჯახის  გარეშე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული უნარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისთვის.როგორც რუმინეთში, ისე გერმანიაში შესაბამისი დახმარებით ვიყავი უზრუნველყოფილი“… თქვა ესმა გუმბერიძემ, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა „Erasmus+“ მოკლევადიანი მობილობის საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში. 

ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის განსაზღვრულია მასშტაბური ასოცირების ხელშეკრულებით და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით.

ასოცირების ხელშეკრულებით საქართველო იღებს რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელების ვალდებულებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ღია და კარგი მმართველობა და ეკონომიკური განვითარება. აღნიშნულის შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა ორიენტირებულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის რეალურ და თვალნათლივ გაუმჯობესებაზე.

ევროკავშირს და საქართველოს შორის ვიზა-ლიბერალიზაციამ ხელი შეუწყო სოციალურ-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, რის შედეგად საქართველოს 300,000-მდე მოქალაქემ იმოგზაურა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით უზრუნველჰყოფს ქართველ ფერმერებს. ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა 1600-ზე მეტი ფერმერული კოოპერატივი. შედეგები უჩვენებს შემოსავლების 20%-ზე მეტით ზრდას და დასაქმების მაჩვენებლების გაორმაგებას.

ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომლის წილი ქვეყნის მთლიან ვაჭრობაში 25%-ს აღემატება.

საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრების გაფართოებული შეხვედრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 15:38

ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ტრადიციულ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე და სამომავლოდ, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისა და გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრისას, აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის უდიდესი პოტენციალი აქვს, მათ შორის, პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, ენერგეტიკის, ჯანდაცვის, განათლების და ჰუმანიტარულ-კულტურული მიმართულებებით და გამოითქვა მზადყოფნა, არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენაზე.
გადაწყდა, რომ განახლდება საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა უახლოეს მომავალში ჩაინიშნება.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ ვითარებას.
გიორგი კვირიკაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა დელეგაციების წევრებს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღები მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ ხელს შევუწყობთ ტურიზმში ინოვაციური იდეების გენერირებას

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 იანვარი 2018 12:58

მასპინძლობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმის საქართველოში ჩატარება მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყნის შიგნით გავმართოთ მსგავსი კონკურსი და ხელი შევიწყოთ ახალი იდეების გენერირებას, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დანიურ ორგანიზაციასთან „The Creative Business Cup Foundation“-თან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, რომელიც საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების საერთაშორისო ფორუმის გამართვას ითვალისწინებს. 

მომერანდუმს ხელი ასევე მოაწერეს „The Creative Business Cup Foundation“-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რასმუს თშერინგმა და „Creative Business Cup Georgia”-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გელა სულმა. ღონისძიება საქართველოს ტექნოპარკში გაიმართა და მას ქართველი სტუდენტები და სტარტაპერები დაესწრნენ. 

დანიური ორგანიზაცია ინოვაციების კონკურსსა და ინვესტორთა ფორუმს 2012 წლიდან ახორციელებს. თავდაპირველად ღონისძიებაში 17 ქვეყანა მონაწილეობდა, დღეს მათი რიცხვი 60-ს აჭარბებს. 

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „The Creative Business Cup Foundation“-ი ინოვაციურ იდეებს მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს და მათი გადარჩევისა და შესწავლის შემდეგ, გამარჯვებულს გამოავლენს, რასაც შემდგომში მნიშვნელოვანი კომერციალიზაცია მოყვება. „დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი ინოვაციური იდეების გადარჩევა მსოფლიოს მასშტაბით და შემდგომში უკვე ფინალის ჩატარება მოხდება საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მიმართულებით. მით უფრო, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, რომლისთვისაც ზოგადად ტურიზმის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. რას მისცემს ეს ჩვენს ქვეყანას? პირველ რიგში, მისცემს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდება იმ ყველაზე საინტერესო იდეების და ინოვაციური იდეების განხილვა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ბიზნესში დაგენერირდება მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით, რაც რა თქმა უნდა, იქნება უფრო მეტი ეფექტიანობისა და მიმზიდველობის მატარებელი ამ მიმართულებით, ვიდრე ჩვეულებრივი მომსახურება,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. „მეორე მხრივ, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის შიგნით უკვე გავმართოთ კონკურსები და რა თქმა უნდა, ხელი შევუწყოთ ახალი იდეების გენერაციას. ჯამურად ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას მისცემს უფრო დახვეწილ, უფრო უკეთეს მომსახურებებს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ტურისტებს შევთავაზოთ,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 15 სექტემბერი 2017 10:48

საქართველოს ვიცე-პრემიერისაგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩინეთისტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარეს ლიძინ ჭაოს შეხვდა

ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ჩინეთის ტურიზმის ადმინისტრაციის სახელით ვიცე-პრემიერს მიულოცა გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა, რაც როგორც შეხვედრაზე აღინიშნა არა მხოლოდ საქართველოს არამედ ორგანიზაციის გამარჯვებაა.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ჩინეთს მხარდაჭერისთვის. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, იგი ბედნიერია, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული იქნა სწორედ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში - ჩინეთში და მის ულამაზეს  ქალაქ ჩენგდუში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან წარმატებულ თანამშრომლობას მრავალ სფეროში, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და აღნიშნა რომ საქართველო გააგრძელებს როგორც ორმხრივად, ასევე UNWTO-ს ფარგლებში შემდგომ თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძე  მიესალმა UNWTO-ს  გენერალური ასამბლეისას ჩინეთის ინიციატივით  ტურიზმის მსოფლიო ალიანსის დაფუძნებას და აღნიშნა რომ საქართველო, როგორც მთავრობის, ასევე კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით ითანამშრომლებს ალიანსთან და ჩაერთვება მის საქმიანობაში.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა  ჩინეთის ინიციატივაში  "გზა და სარტყელი" საქართველოს აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობა. როგორც ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ჩინეთი დიდად აფასებს იმ როლს რაც საქართველოს აქვს აბრეშუმის გზის პროექტში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების, აზიის ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების ბანკში საქართველოს ჩართულობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტებზე, რაც ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესს - გააღრმავონ და განავითარონ თანამშრომლობა .

პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი კავშირების განვითარება. აღინიშნა რომ საქართველო, თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით ასევე ზამთრის და საზაფხულო კურორტებით საინტერესო ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩინეთისთვის. აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას დიდად უწყობს ხელს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული პირდაპირი ფრენები. ასევე ხაზი გაესვა ჩინეთის ბიზნეს წრეების  მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მზარდ ინტერესს და მათ წარმატებულ საქმიანობას მრავალ სექტორში.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ჩინეთის ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია. ლი ძინ ჭაომ გამოხატა დაინტერესება ეწვიოს საქართველოს და აღნიშნა, რომ ჩინეთი დიდად აფასებს საქართველოსთან მეგობრობასა და თანამშრომლობას.

ჩინეთის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან შეხვედრას ასევე დაესწრნენ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლადარჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო დ სრულუფლებიანი ელჩი, დავით აფციაური.   

პრემიერ-მინისტრის მილოცვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017 15:11

ვულოცავ ზურაბ პოლოლიკაშვილს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად დამტკიცებას. ეს არ არის მარტო მისი წარმატება, ეს საქართველოს აღიარებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნიდან წარგზავნილ კანდიდატს UNWTO-ს გენერალური ასამბლეა ერთხმად უჭერს მხარს და იგი საერთაშორისო ორგანიზაციის უმაღლეს თანამდებობას იკავებს. ყველას გილოცავთ ამ დიდ წარმატებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017 12:48

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ - ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება - ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის. 

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას თითქმის 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს. ამ პერიოდში საქართველომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც სახელმწიფოს ტურიზმის სექტორში ჩართულ სხვადასხვა უწყებებს, ასევე კერძო სექტორს და, რა თქმა უნდა, ტურიზმის ადმინისტრაციას. სწორედ ამ მიღწევებმა ტურიზმის სექტორში კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ახალი გამოწვევები და თვალსაჩინო გახადა არსებული პრობლემები, რომლებსაც ადეკვატური და სწრაფი საპასუხო ქმედებები სჭირდება. ამ  გამოწვევების საპასუხოდ ჩვენ  მუდმივად ვმუშაობთ ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ ყველა უწყებასთან, როგორც სტრუქტურულ, ასევე შინაარსობრივ რეფორმებზე.

როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ამ მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურებამ, რაც თავის მხრივ, უკავშირდება წლევანდელი ტურისტული სეზონის რეკორდულ მაჩვენებლებს, რომლის ფონზეც აშკარაა, რომ ბევრი რამ არის გასაძლიერებელი და დასახვეწი. 

ჩვენი გუნდი წარმატებით უპასუხებს  ახალ გამოწვევებს  და ამ პროცესში ყველა, მათ შორის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელიც საკუთარ წვლილს შეიტანს.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დაუშვებელია მიზანმიმართულად გავრცელებული, არასწორი ინფორმაციებით ჩრდილი მიადგეს  იმ მიღწევებს, რომელიც აქვს ქვეყანას.

კურორტ შოვში თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 მაისი 2017 17:22

კურორტ შოვში, ყაზახური ინვესტიციით, თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა იგეგმება, - ამის შესახებ კომპანია „ევრაზია ინვესტის" გენერალურმა დირექტორმა ტიმირზან მეირამბეკოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა. 
ინვესტორის თქმით, შოვამდე მისასვლელი გზის მშენებლობის დასრულებისა და ამბროლაურის აეროპორტის ამოქმედების შემდეგ, რაჭაში ტურისტების ნაკადი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო შოვის საკურორტო ზონაში გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნა ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ამჟამად, კომპანიის საკუთრებაშია კურორტ შოვის ტერიტორიაზე მდებარე კომპლექსი „პანსიონატი მამისონი", რომლის რეკონსტრუქცია თანამედროვე გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობის პროექტის ნაწილია. პრემიერ-მინისტრმა ყაზახ ინვესტორს საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის სივრცითი მოწყობის კომპონენტის ნაწილში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რეგიონებთან წვდომის გამარტივებასა და ეკონომიკის განვითარებას ისახავს მიზნად. 
შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დაესწრო.

„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:50

„დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

„ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე და მინდა, მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა, რაც დღეს საქართველოში განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 110-მეგავატიანი „დარიალი ჰესი" აბსოლუტურად უნიკალური ჰესია, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული.

„ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური", - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
სამშაბათი, 11 აპრილი 2017 09:39

მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წელი შესრულდა. ამ ხნის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველა სფეროში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში ბატონ კიმ ინ ჰანს.


რამდენი ხანია რაც საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოყალიბდა?

1992 წელს, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კორეას რესპუბლიკა და საქართველო აგრძელებენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. სამხრეთ კორეის საელჩო საქართველოში აქტიურად იმუშავებს საქართველო-კორეას წლისთავის ორგანიზებისათვის. 2017 წელი, სწორედ ამ ორი ქვეყნის ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობის ოწდახუთი წელია და არის შესანიშნავი მიზეზი ამ კავშირის უფრო გაღრმავებისათვის და ყველა სფეროში ახალი ჰორიზონტების გახსნისათვის, როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში, მეცნიერებასა თუ განათლებაში.

ამ კუთხით, რა ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოში კორეას საელჩოს მიერ?

მიმდინარე წელს, ჩვენ ავღნიშნავთ კორეასა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დაწყების ოცდამეხუთე დაბადების დღეს. მთელი საქართველოს მასშტაბით ოცდახუთზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. ყველაფერთან ერთად, ეს მოვლენა იმითაცაა აღსანიშნავი, რომ საქართველოსა და კორეას მრავალი სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაცია საერთო ძალებით ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს. მინდა ეს ხელსაყრელი შემთხვევა გამოვიყენო, და შთაგონებულმა ამ წლის აქტუალური მოვლენებით, განვიხილო ის გამოწვევები, რომლებიც მომავალში საქართველო - კორეას თანამშრობლობისათვის გვესახება.

გამოვყოფდი სამ ძირითად ასპექტს:
პირველი გამოწვევა ეს არის საჯარო ურთიერთობის განვითარება, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ამ ორი ქვეყნის მიერ მეტი სარგებელის მოპოვებაზე რაც შეიძლება მოკლე დროში.
მეორე გამოწვევა ეს არის ქართველი და კორეელი ხალხის ურთიერთობა.
და ბოლოს, მესამე - ერთმანეთის უკეთ გაცნობა და შესწავლა.

რა დონემდეა განვითარებული საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობა?

მე ვფიქრობ, რომ საქართველო და კორეა უფრო ინტენსიურ დიალოგში უნდა შევიდნენ და მეტად გააძლიერონ თანამშრომლობა, რადგან ეს ორი ქვეყანა იზიარებს ერთსა და იმავე ძირეულ ღირებულებებსა და ეროვნულ და საერთაშორისო ჭრილში მათ პასუხისმგებლობას. ვფიქრობ, რომ როდესაც ორი ქვეყანა ერთსა და იმავე ღირებულებებს იზიარებს, მეტი შანსი და პოტენციალი არსებობს პოლიტიკური ურთიერთობის გაძლიერებისთვისაც.
მიუხედაავად იმისა, რომ 25 წელი საკმაოდ ხანმოკლე პერიოდია, მსგავსი იდეოლოგია ხელს უწყობს ამ ორი ქვეყნის კეთილდღეობასა და სტაბილურობას პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ასევე ვიმედოვნებ, რომ ეს საერთო ღირებულებები გააძლიერებენ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობას.

დაგეგმილია თუ არა წელს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკის მთავრობების წარმომადგენლების ვიზიტები?

შარშან, ნიუ იორკში, საქართველოსა და კორეას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალ დონეზე შეაფასეს ამ ქვეყნებს შორის არსებული ომხრივი ურთიერთობები, მას შემდეგ რაც გასულ წელს კორეას პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი კორეას ოფიციალურად ეწვია. მე ვისურვებდი ამ თანამშრომლობის შენარჩუნებასა და გაგრძელებას. ასევე მსურს, ჩემი დიპლომატიური ძალები მივმართო ამ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებისაკენ. საქართველოში კორეელი ტურისტების რაოდენობა 2005 დან 20016 წლამდე - 238 დან 3782 - მდე გაიზარდა. ვფიქრობ, ამ პროგრესის მიზეზი ხელშეუხებელი ბუნება და ისტორიული ფაქტებია, სწორედ ეს ორი ფაქტორი იზიდავს კორეელებს საქართველოში. 

არსებობს თუ არა საქართელოსა და კორეას შორის ეკონომიკური ურთიერთობები?

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კორეამ გადაწყვიტა ინვესტიცია ჩადოს საქართველოს ჰიდროელექტროსადგურებში, რაც ვფიქრობ, შეესაბამება საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალსა და პოლიტიკას. ჯერჯერობით ეს პროექტი განვითარების სტადიაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ არ დაწყებულა შენება. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი, როგორც ორი ქვეყნის მეგობრობის ძლიერი სიმბოლო, გადამწყვეტი იქნება კორეელი ინვესტორებისათვის.

რომელი კორეული კომპანიებია საქართველოში წარმოდგენილი, ეკონომიკური კუთხით და რა დაინტერესებაა კორეელი ბიზნესმენების მხრიდან?

კორეული კომპანიები მრავლადაა საქართველოში, დაწყებული ავტომობილებით, ტექნიკით და დამთავრებული ელექტროენერგიით. მათ შორისაა HYUNDAI, SAMSUNG, LG, DOOSAN. მექანიკა, ჰიდრავლიკა და ა.შ. კორეელი ბიზნესმენები დაინტერესებულნი არიან ტურიზმის, სასტუმროების, რესტორნების, მოგზაურობის, ტურისტული და სხვადასხვა სახის პროდუქციის ტრანსპორტირების მხრივაც.

არსებობს თუ არა საქართველოსა და კორეას შორის კულტურული კავშირები?

კულტურულ კავშირს კორეასა და საქართველოს შორის ამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ჩამოაყალიბებს, რაც ფუნდამენტურია ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის. ორმხრივი კულტურული შეთანხმება 2015 წელს ძალაში შევიდა და დღემდე გრძელდება.
წელს, საქართველო-კორაის ურთიერთობების ოცდამეხუთე დაბადების დღეს ავღნიშნავთ. ამ თარიღთან დაკავშირებით ბევრი შესანიშნავი ღონისძიებაა დაგეგმილი. გაიმართება კორეული ფილმების ჩვენება საქართველოს უნივერსიტეტებში, მოეწყობა სემინარები, საბრძოლო ხელოვნება, კორეული წარმოდგენები და კონკურსი, რომელშიც სამი კავკასიური ქვეყანა მიიიღებს მონაწილეობას.
აქვე მინდა, გულითადი მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროს, რომელთაც დაგეგმეს ეს ღონისძიებები, რათა გაზარდონ ქართველების ინტერესი კორეას რესპუბლიკის მიმართ და პირიქით.

შეუძლიათ თუ არა ქართველ სტუდენტებს სამხრეთ კორეაში განაგრძონ სწავლა?

კორეას განათლების სამინისტრო გთავაზობთ სტიპენდიებს და ეძებს ქართველ სტუდენტებს, რომელთაც აქვთ ლიცენზია კორეაში გასამგზავრებლად.
თუ გსურთ უფრო დაწვრილებით გაიგოთ მონაწილეობის კრიტერიუმები , გაეცანით: KGSP (Korean Government scholarship Program)
http://www.niied.go.kr/eng/%20contents.do?contentsNo=78&menuNo=34

გარდა ამისა ინტენსიური თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს უნივერსიტეტებთან. თავისუფალ უნივერსიტეტში გახსნილია კორეული ენის შესწავლის კურსები და ყოველ წელს იმართება ენის ტესტირება. მაისში კი ილიას უნივერსიტეტთან ერთად ჩავატარებთ სემინარს "აბრეშუმის გზის" თემასთან დაკავშირებით. სემინარში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ცენტრალური აზიის სასწავლო უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც.

დასასრულს მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანამშრომლობისათვის და დარწმუნებული ვარ მომავალში საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

 

ესაუბრა ავთანდილ ოთინაშვილი

ფრანგულიდან თარგმნა თათული გომართელმა

 

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური