28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018 09:53

დღეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

ყველა საარჩევნო უბანი დროულად, დილის 08:00 საათიდან გაიხსნა ამომრჩევლებისთვის და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი.

ამომრჩევლებს შევახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩევლები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

ნებისმიერ ამომრჩეველს, რომელსაც სურვილი აქვს დააზუსტოს მისი საარჩევნო უბნის მისამართი, შეუძლია ისარგებლოს ცესკოს ვებ-გვერდით, სადაც ონლაინ შეძლებს დამატებითი ინფორმაციის მიღებას. ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51; მუშაობს ონლაინ ჩათიც.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას იღებს პრეზიდენტობის კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი ან არც ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ნებისმიერი სახის კონტროლი. ამას გარდა, დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციებს წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, საღამოს 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად მოგაწოდებთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობის შესახებ. ცესკოს მედია ცენტრში გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები. ჩვენ ასევე მოგაწვდით ინფორმაციას ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

და ბოლოს, შევახსენებთ მოქალაქეებს, რომ დღეს არის უქმე, არასამუშაო დღე. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თითოეული ამომრჩევლის აქტიურობა მნიშვნელოვანია.

ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი არჩევნების მშვიდ, ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩატარებას, რაც ამომრჩევლებს მისცემს შესაძლებლობას თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტური ავღანეთში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 27 ნოემბერი 2018 09:58

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მე-2 ტურში მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადეს. საარჩევნო პროცესმა მშვიდ გარემოში ჩაიარა და არჩევნები შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩატარდა. ავღანეთში მხოლოდ ხმის მიცემის პროცედურა განხორციელდა. პროცესის დასრულების შემდეგ, საარჩევნო დოკუმენტაცია, მათ შორის კონვერტები, სადაც ბიულეტენებია მოთავსებული, დაილუქა და შედეგების დათვლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება.

ავღანეთში ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა საკუთარი არჩევანი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გააკეთეს, სადაც საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა მოქალაქეობრივი ვალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ ბაზა „მარმალზე" გახსნილ საარჩევნო უბანზე მოიხადა. ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში დისლოცირებულმა IV მექანიზებული ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა კი, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, როგორც ბაგრამის საარჩევნო უბნის ამომრჩევლებმა, გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მიიღეს მონაწილეობა.

საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა,  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018 16:37

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 28 ნოემბერს გაიმართება. განკარგულება მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ მიიღო.

სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დღე არის უქმე დღე. შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, ოფიციალურად არასამუშაო დღეა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩვენების მეორე ტურში მონაწილეობას იღებს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატი. შესაბამისად, 28 ნოემბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ დღესვე დამტკიცდა საარჩევნო ბიულეტენის ტექსტი. ბიულეტენში იქნება პრეზიდენტობის ორი კანდიდატი: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი.

არჩევნების მეორე ტური 3 705 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. მათ შორის 55 საარჩევნო უბანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის იმუშავებს. რაც შეეხება ავღანეთში დისლოცირებულ საქართველოს შეიარაღებულ ნაწილებში მოსამსახურე მოქალაქეებს, მათთვის ავღანეთში საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2 საარჩევნო უბანზე 26 ნოემბერს გაიმართება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ვერ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობა არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აძლევს მეტ შესაძლებლობას ისარგებლონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით. კონკრეტულად, ცესკოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიები იმუშავებენ დამატებითი დროით და ხმის მიცემის პროცედურები გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მეორე ტურის ბიუჯეტი - სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი.

საცნობარო ტური "მე ვირჩევ" იმერეთს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 აგვისტო 2017 11:11

არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI ახალი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „მე ვირჩევ!“ იწყებს იმერეთის რეგიონის 6 ოლქის ჩართვას წინასაარჩევნო ინფორმირების, ყველასთვის საინტერესო, ნოვატორულ, საგანმანათლებლო, საცნობარო ტურში.

ჩვენ ერთად მოვივლით ქალაქებს: ზესტაფონს, ხარაგაულს, საჩხერეს, ჭიათურას, ტყიბულს, თერჯოლას და ადგილობრივ მოსახლეობას გავუზიარებთ ცოდნას, რათა მათი უპირატესი ხმის უფლება დაცული იყოს! რათა მათთვის ნათელი გახდეს არჩევნებზე მისვლის აუცილებლობა და აქტივობის მნიშვნელობა. ჩვენ გვაქვს ჯანსაღი ამბიცია, იმ საინფორმაციო ტექსტური მასალებით, რომლებიც მოვამზადეთ და ვიდეო კლიპის მეშვეობით, რომელიც მთელ იმერეთს მოუწოდებს მაღალი აქტივობისკენ, მივცეთ სტიმული ადგილობრივ ამომრჩეველს, მოახლოვებულ დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსიროს გადაწყვეტილება.

თითოეულ ოლქში ჩვენი ძალისხმევით და უაღრესად დიდი ენთუსიაზმით, მოეწყობა სიმულაციური თამაშები, კონკურსები და ვიქტორინები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერებას და არჩევნების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, ადგილობრივი ტელევიზია გააშუქებს სახალისო ვიდეო-ანიმაციას.

ღია ცის-ქვეშ მოეწყობა საჯარო-საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და დარიგდება საინფორმაციო მასალები. საინფორმაციო მასალები აქტუალურ თემებზე უკვე მზადაა. მაგალითად: არჩევნების მნიშვნელობა, აქტიური მოქალაქეობა, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები, ამომრჩეველთა უფლებები და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კენჭისყრის პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

იმისათვის, რომ ახალი თაობა უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესში პროექტმა მათ წახალისებაზეც იზრუნა და ჩვენი სლოგანით: „შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის“, ჩვენი სახელწოდებით - „მე ვირჩევ“ და ორგანიზაციის დასახელებით - ICDI მაისურები ლოზუნგით -ნუ დარჩები სახლში! კეპებით, ბლოკნოტებით, ბუშტებით ხელდამშვენებულები ჩავალთ!

პროექტი ხორციელდება სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

ჩვენ უკვე მზად ვართ თქვენთან შესახვედრად!

#იმერეთი - შენ ირჩევ! მე ვირჩევ! ჩვენ ვირჩევთ! შენი ხმა რეგიონის განვითარებისთვის!!!

 

მოლდოველი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 29 ნოემბერი 2015 17:54

ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოლდოვიდან ტუროპერატორები მოიწვია. 

საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად, სხვადასხვა კომპანიის 13-მა წარმომადგენელმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე დაათვალიერა. 

ტუროპერატორებმა მოინახულეს მცხეთა. უძველესი დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ, მოლდოველი ტუროპერატორები ანანურს, გუდაურს, სტეფანწმინდასა და სიღნაღს ეწვივნენ და ტურისტულ მიმართულებებს, ისტორიულ-კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. 

მოლდოვიდან საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 10 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი.

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 12 ოქტომბერი 2015 14:06

ძველ თბილისში საფეხმავლო ტურის მანიშნებლების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძესთან ერთად დაათვალიერა.  

პროექტის  მიზანია,  ახალ  ტურისტულ  მარშრუტზე მანიშნებლების განთავსება, რომელიც დედაქალაქის სტუმრებს საშუალებას მისცემს, ქალაქის ღირსშესანიშნაობები, მაქსიმალურად, მოკლე დროში დაათვალიერონ. თბილისის საფეხმავლო ტურის მანიშნებელების მონტაჟი კონკას მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. 

„მას შემდეგ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ქალაქის ძირითადი მარშრუტები განისაზღვრა, გადავწყვიტეთ, რომ ტურისტებს უფრო მეტად გავუმარტივოთ დედაქალაქში გადაადგილება. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, თბილისის ლოგოტიპი ძირითად მარშრუტზე მონტაჟდება და თბილისობისთვის დასრულდება.

მეორე ეტაპის სამუშაოები კი, ლოგოტიპის ყველა ძირითად ისტორიულ და კულტურულ ობიექტზე განთავსებას ითვალისწინებს. ეს კიდევ უფრო მეტად გაამარტივებს ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას და ქალაქში გადაადგილებას,  საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივაღწევთ უმთავრეს მიზანს, რომ თბილისი რეგიონის ტურისტულ  ცენტრად იქცეს“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 

„თბილისში ტურისტებისათვის საფეხმავლო მარშრუტი შეიქმნა, მარკირების პროცესი უკვე დაწყებულია. ეს ყველაფერი  დედაქალაქის სტუმრებს თბილისის უმნიშნველოვანესი ობიექტების დათვალიერებას გაუმარტივებს“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. 

ძველი თბილისის საფეხმავლო ტურის სიგრძე 5800 მეტრია,  მანიშნებლებს შორის  დაშორება კი, 4-დან 5 მეტრამდე იქნება. ჯამში, ძველ თბილისში 1300 მანიშნებელი დამონტაჟდება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური