DIB-ში საერთაშორისო მოლაპარაკებებში ტრენინგი დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 05 ივნისი 2019 10:54

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) კურსი „საერთაშორისო მოლაპარაკებების უნარებში დახელოვნება” დაიწყო.

ტრენინგს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან და მის მიზანს საერთაშორისო მოლაპარაკებების წარმოების სხვადასხვა ფორმატების მრავალმხრივი, დისტრიბუციული და ინტეგრაციული მოლაპარაკებების გაცნობა წარმოადგენს. მსმენელები ოთხი დღის განმავლობაში წარმატებული მოალაპარაკებების ძირითად პრინციპებსა და სტრატეგიებს გაეცნობიან. 
სწავლებას ქართველ ექსპერტთან დავით ნარდაიასთან ერთად კლინგენდაელის წარმომადგენლები ჟან-ვილემ ფოტი და მარლის როტშუიზენი უძღვებიან.

ტრენინგი ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და ნიდერლანდების სამეფოს კლინგენდალის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.

„სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 21 მაისი 2019 10:48

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) „სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის საორიენტაციო კურსი“ დაიწყო, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. კურსი 2017 წელს DIBS-ისა და იტალიის არმიის პოსტკონფლიქტური ოპერაციების მართვის სასწავლო ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა და მესამე წელია, რაც ტარდება.

ტრენინგი სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილემ, სტეფანო კრეშენციმ გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თეა ნიკოლაშვილმა იტალიურ მხარეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კურსს ქართველი ტრენერები უძღვებიან, იტალიელი ექსპერტები კი მიმდინარეობის პროცესს აკვირდებიან.

ტრენინგის მიზანს პოსტკონფლიქტური სიტუაციების მრავალფეროვანი და რთული გარემოს შესახებ მსმენელების ინფორმირება, სტაბილურობისა და რეკონსტრუქციის ოპერაციებში მონაწილე მხარეებზე გავლენის მქონე ფაქტორების მიმოხილვა და გაანალიზება წარმოადგენს. 

ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეები კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო მექანიზმებსა და უსაფრთხოების სექტორში რეფორმირების სპეციფიკას გაეცნობიან. კურსის ფარგლებში საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, სტაბილურობის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების გამოცდილებასა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის როლზეც იმსჯელებენ.

ტრენინგი მედიასთან ურთიერთობის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 09 ოქტომბერი 2017 11:47

მედიასთან კომუნიკაციის საკითხებზე საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ტრენინგი გაიარეს.

სწავლება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლეღომ გახსნეს. როგორც გიორგი შარაბიძემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სანდო, დროული, ზუსტი ინფორმაციის გაცემა მედიასთან ეფექტური ურთიერთობის არსებითი საფუძველია.

მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ესაუბრა ტრენინგის მონაწილეებს ჟერომ ლეღო და განაცხადა, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეები რეგიონებში არჩევნების სახეს წარმოადგენენ და მედიის წარმომადგენლებთან მათი ეფექტური კომუნიკაცია საარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებსა და ინტერვიუს მიცემის ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ  და ფონდის ექსპერტმა თამარ მამულაშვილმა ჩაატარეს.

3 დღიან ტრენინგი ცესკომ IFES-ის მხარდაჭერით განხორციელა.

 

 

 

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 სექტემბერი 2017 18:34

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგს გადიან. ტრენინგი დღეს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელ ჟერომ ლეღოსთან და სწავლების ცენტრის დირექტორ ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. 

„საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების პერიოდში ტრადიციულად ატარებს საინფორმაციო ტრენინგებს მედიის წარმომადგენლებისთვის იმისათვის, რომ ჟურნალისტებს გავუზიაროთ ის საკანონმდებლო მოთხოვნები, ვალდებულებები და უფლებები, რაც უკავშირდება არჩევნების გაშუქებას, კამპანიის მიმდინარეობის წესებს. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ ყოვლისა იმისთვის, რომ ამომრჩეველმა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ“,-აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ შემდეგ საკითხებს: კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება; საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები; საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და ა.შ.

„ეს პროექტი არის ძალზედ მნიშვნელოვანი, ვინაიდან მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მედიასაშუალებების წარმომადგენლების საარჩევნო უფლებებსა და ვალდებულებებს უკავშირდება. ეს ხელს შეუწყობს მათ თავისი საქმიანობის არჩევნების დღისთვის ეფექტიანად განხორციელებაში“,- განაცხადა ნათია ზაალიშვილმა.

ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებენ.

25 სექტემბერს ტრენინგი თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობა 20-მა ჟურნალისტმა მიიღო. 27 და 28 სექტემბერს კი ტრენინგები ქუთაისსა და ბათუმში განხორციელდება, სადაც საარჩევნო საკითხებზე ინფორმაციას 43 ჟურნალისტი გაეცნობა.

ტრენინგი „ფინანსური განათლება“ ჯარში დაიწყო

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 10:30

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ტრენერების ტრენინგი „ფინანსური განათლება ჯარში“ დაიწყო. ტრენინგის მიზანს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფინანსური განათლების კუთხით ცნობიერების ამაღლება და ფინანსურ ვალდებულებებთან, ფინანსების გონივრულად მართვასთან დაკავშირებით, საჭირო უნარების განვითარება წარმოადგენს. ტრენინგის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეები ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სწორ ფორმებს შეისწავლიან.

ტრენინგის პირველი ეტაპი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმართება. კურსი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ გახსნა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს თავდაცვის სამინისტროს სახელით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ტრენინგის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, მურთაზ კიკორიამ და საქართველოში გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის რეგიონულმა დირექტორმა, ანია დაინცერმა მიმართეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნულ პროექტში მათი ორგანიზაციების ჩართულობასა და როლზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი დაესწრო, რომელმაც ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო კავშირზე ისაუბრა. გამომსვლელებმა პროექტის განხორციელების პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროსა და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნეს.

ღონისძიებაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოსებ ნოლტე იმყოფებოდნენ.

ტრენინგში მონაწილეობას 85 სამხედრო და სამოქალაქო პირი იღებს. მსმენელები ოთხ ჯგუფად განაწილდებიან და სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან ინფორმაციებს პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ. მონაწილეებს შორის შეიარაღებული ძალების ის წარმომადგენლები არიან შერჩეულები, რომლებსაც მოგვიანებით, კოლეგებისთვის ტრენინგების ჩატარებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ შორის არსებული სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, „გერმანული შემნახველი ბანკების ფონდ საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ დაფინანსებით განხორციელდა. ტრენინგს ეროვნული ბანკისა და გერმანული მხარის მიერ შერჩეული კვალიფიციური ტრენერები უძღვებიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია, ჰყავდეს განათლებული, ინტელექტუალურად განვითარებული, მოაზროვნე ჯარისკაცი. უწყების ხელმძღვანელობა სამხედრო მოსამსახურეების პროფესიული დონის ამაღლებასა და სხვადასხვა მიმართულებით ცნობიერების გაზრდაზე რეგულარულად ზრუნავს.

კურსი „კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში“ გაიხსნა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 07 ივნისი 2017 10:34

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის  სკოლაში (DIB) საორიენტაციო კურსი დაიწყო. ტრენინგი - კეთილსინდისიერების ამაღლება სამშვიდობო ოპერაციებში - საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც  საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. კურსი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენელმა, ბენედიქტ ბორელმა გახსნეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მონაწილეებს სიტყვით DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რეურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, დავით გუნაშვილმა მიმართეს და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. კურსის მიზანს  სამხედრო მოსამსახურეებში ცნობიერების ამაღლება, კორუფციის რისკების, მათი პრევენციის ზომებისა და იმ სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენს, რაც საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩართული სამხედრო მოსამსახურისთვის მნიშვნელოვანია.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში ბოსნია და ჰერცეგოვინას შეიარაღებული ძალების მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციათა ცენტრის (PSOTC) წარმომადგენლები ჯარისკაცებს საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტების,  შეიარაღებულ ძალებში ქცევის  კოდექსისა და გარკვეული სტანდარტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენებით წარიმართება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2013 წლიდან აქტიურად არის ჩართული ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამაში (Building Integrity Program), რომლის ფარგლებშიც თავდაცვის სისტემაში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და ანტიკორუფციული ცნობიერების გაძლიერების მიზნით, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისათვის სპეციალური სასწავლო პროგრამები  ხორციელდება.

ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 06 დეკემბერი 2016 13:16

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 22 თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: „პენიტენციური დაწესებულებების ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვა“. ტრენინგს დაესწრნენ პენიტენციური დაწესებულებების დირექტორები და მოადგილეები, ასევე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო, პენიტენციური და იურიდიული დეპარტამენტისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები.

სატრენინგო პროგრამა მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართვის გზებზე. მონაწილეები გაეცნენ პატიმრობის რეჟიმებს, არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიებს, საჩივრების მექანიზმს, რისკების შეფასებას, დინამიურ უსაფრთხოებას, დისციპლინურ სამართალწარმოებას, და ისეთ საკითხებს როგორიცაა: პატიმართა ჯანმრთელობა; ფსიქიატრიული პაციენტები ციხეში; თანამშრომლების დეონტოლოგია; წამების აკრძალვისა და პრევენციის საერთაშორისო ვალდებულებას, გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმს და პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, სასჯელაღსრულების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მიმოხილვას, პოლიტიკის დოკუმენტების მიმოხილვას და სხვა ძირითად საკითხებს.

ტრენინგს გაუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტი, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ყოფილი წევრი ვინსენტ ტაისი, რომელსაც 39 წლიანი გამოცდილება აქვს ლუქსემბურგში პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია და ციხის საერთაშორისო რეფორმის რეგიონული დირექტორი ცირა ჭანტურია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“  ფარგლებში. ეს ბოლო ტრენინგი გახლდათ.  2016 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 10 ტრენინგი ჩატარდა, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისკენ იყო მიმართული.  

ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 2016 09:53

ტელეკომპანიების, პრესისა და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ორდღიანი სწავლება, რომელიც გუდაურში გაიმართა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ქეთი მაისურაძემ გახსნეს.
მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ამ კუთხით არსებული საერთაშორისო გამოცდილება - ეს ის თემებია, რომლებზეც მედიის წარმომადგენლებს ინფორმაცია სწავლების ცენტრის ტრენერმა მაია გუდაძემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ექსპერტმა რუსუდან რუხაძემ მიაწოდეს. ჟურნალისტებმა ინფორმაცია საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და იმ აქტივობების შესახებაც მიიღეს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო პროცესში შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობისა და მათთვის სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით ახორციელებს. გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტების კითხვებს პირადად ცესკოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე პასუხობდნენ.
„საარჩევნო ადმინისტრაციამ არაერთი ტრენინგი ჩაატარა მედიის წარმომადგენლებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში. დავფარეთ როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედია. ვთვლი რომ ეს ურთიერთობაგადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმისთვის რომ სწორად გაშუქდეს არჩევნები, გაკეთდეს სწორი აქცენტებიდა განისაზღვროს ის პრიორიტეტები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანი და საინტერესოაროგორც ამომრჩევლისთვის, ისე ჩართული მხარისთვის. რა თქმა უნდა ეს უნდა გაკეთდეს პროფესიულადმაღალ დონეზე.
რაც შეეხება ბოლო ტრენინგს რომელსაც მე პირადად ვესწრებოდი, იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის ისე მედიის წარმომადგენლებისთვისაც. პროცესი იყო ინტერაქტიული.დაისვა ძალიან ბევრი კითხვა და ჟურნალისტებმა ბევრ კითხვაზე მიიღეს პასუხი. ვთვლი, რომ ეს არისძალიან კარგი რადგან ეს ჟურნალისტები შეძლებენ არჩევნების პროფესიონალურად გაშუქებას“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ტრენინგის შეფასებისას.
ტრენინგი გუდაურში 24-25 სექტემბერს ჩატარდა და ის საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განახორციელა. ტრენინგი ჩაატარეს ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და IFES-ის ექსპერტმა.

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 16:57

რეგიონული მედიის ჟურნალისტებმა საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. სწავლების ძირითადითემები იყო საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა.რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნენ შემდეგ საკითხებს: მედიისწარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლებისჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისოგამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსისგამოყენება.

ტრენინგი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისოფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთაასოციაციასთან თანამშრომლობით განახორციელეს. ტრენინგებს უძღვებოდნენ IFES-ის ექსპერტი, ცესკოს სწავლების ცენტრის, იურიდიული დეპარტამენტის და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

სამდღიანი სწავლება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა. ტრენინგში კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, სვანეთის, გურიის, სამეგრელოს და აჭარის 75-მა რეგინული მედიის (სატელევიზიო, ბეჭდური, ინტერნეტ და რადიო) წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

 

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 23:06

რეგიონული მედიის ჟურნალისტები საარჩევნო საკითხებზე ტრენინგებს გადიან. სწავლების ძირითადი თემებია საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვა. რეგიონული მედიის წარმომადგენლები ასევე დეტალურად გაეცნობიან შემდეგ საკითხებს: მედიის წარმომადგენელთა უფლებრივი მდგომარეობა, კენჭისყრის დღის პროცედურები, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ტრენინგს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES), საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს.

სწავლება თბილისში დაიწყო, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ და IFES-ის პროექტის ხელმძღვანელმა ნერმინ ნისიჩმა გახსნეს. აღნიშნულ ტრენინგში 25 მონაწილეა ჩართული.

17 სექტემბერს საარჩევნო საკითხებზე რეგიონული მედიის ჟურნალისტები უკვე ქუთაისში გაივლიან ტრენინგებს, ხოლო 18 სექტემბერს - ბათუმში.

სამდღიან სწავლებაში სულ 75 რეგიონული მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური