ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 02 ივნისი 2020 15:26

ლიბერთი ბანკმა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ტრენინგების ციკლიდან პირველი ტრენინგი ჩაატარა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების განხორციელების მიზნით, ლიბერთი ბანკის სასწავლო ცენტრის, შერჩეული ექსპერტებისა და ტრენერების ბაზაზე 27 მაისს ჩატარდა სპეციალური ტრენინგი მეწარმე ქალებისთვის საქართველოს რეგიონებიდან თემაზე - „მეწარმე ქალი - კარგი მენეჯერი“. აღნიშნული ტრენინგით დაიწყო ტრენინგების ციკლი, რომელიც ითვალისწინებს დამწყები, მცირე მეწარმე და ფერმერი ქალების ინფორმირებას, გარკვეული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას და ასევე, მათ მხარდაჭერას პროფესიული განათლების მისაღებად. ლიბერთი ბანკი ტრენინგებს ჩაატარებს ყოველკვარტალურად გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტებში ჩართული ქალებისათვის. პირველ ეტაპზე ტრენინგები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. ‘მოხარული ვართ, რომ წარმატებით დავიწყეთ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. დღეს, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში, საშუალება მოგვეცა მხარი დავუჭიროთ ქალ მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და გავუზიაროთ მათ ის სასარგებლო ცოდნა და უნარჩვევები, რაც მათ საქმიანობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ლიბერთი ბანკისთვის, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება და უახლოეს მომავალში, ჩვენ კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ქალების განათლების და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით’ - განაცხადა მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. ‘კერძო სექტორს ძალიან ბევრის გაკეთება შეუძლია ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ლიბერთი ბანკის მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ მიზნებისთვის ქალთა გაძლიერების პრინციპები ქმედითი ინსტრუმენტია.’ - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში, თამარ საბედაშვილმა. აღნიშნული თანამშრომლობა პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. ლიბერთი ბანკმა 2019 წლის დეკემბერში ხელი მოაწერა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების“, რათა საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიღწევაში.

(R)

ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 12 დეკემბერი 2016 16:50

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ხელშეწყობით, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსური მიმართულების თანამშრომლებისთვის ტრენინგების კურსი დაიწყო.

ტრენინგი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, კახაბერ გულედანმა გახსნეს.

სწავლების მიზანია, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საფინანსო სამსახურების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

პროექტი საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის ინიციატივით და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ტრენინგები კომპლექსური ხასიათისაა და ითვალისწინებს რამდენიმე თემის შესწავლას. ძირითადი საკითხებია:
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საბიუჯეტო ორგანიზაციებში
ბიუჯეტის შემოსულობების მართვა
საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია
გადახდების პროცედურები

ტრენინგებს გაუძღვებიან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, 2016-2017 წლებში დაგეგმილია 300-მდე სპეციალისტის გადამზადება.

ტრენინგები „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური კომპონენტის ფინალისტებისთვის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 აგვისტო 2016 17:46
„ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ იდეისა და დაფინანსების კონკრეტულ საქმეებად გადაქცევისთვის ასევე საჭიროა სწორი მიწოდება და სწორი პროცესი“- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტექნოპარკში სტუმრობისას განაცხადა, სადაც „სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალისტებისთვის ერთკვირიანი ტრენინგები დაიწყო. მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეების ფინალში გადასულ 51 მონაწილეს ფიჩინგისა და პრეზენტაციების უნარების დახვეწას, ვენჩერულ ინვესტორებთან თანამშრომლობას, „სილიკონ ველის“ პრინციპების გაცნობას, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბაზარს, სტარტაპის განვითარების პერსპექტივებს და დამწყები ბიზნესების მოდულებს „სილიკონის ველის“ ექსპერტები შეასწავლიან, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის თბილისში იმყოფებიან. ტრენინგების გავლის შემდეგ ფინალისტები საკუთარი ბიზნესპროექტების პრეზენტაციებით უკვე ვენჩერული ინვესტორების წინაშე წარსდგებიან. „2 თვის წინ დავიწყეთ საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ,,სტარტაპ საქართველო,“ სადაც განაცხადებს ვიღებდით როგორც ინოვაციური, ასევე მაღალტექნოლოგიური ინოვაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, 700-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, 140-ზე მეტი იყო მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური განაცხადი. აქედან მეორე ეტაპი გადალახა 51-მა პროექტმა. იმისთვის, რომ ყველა მონაწილისთვის თანაბარი პირობების შექმნა მომხდარიყო, ამერიკიდან მოვიწვიეთ ტრენერთა ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ფინალისტებს, სწორად მოემზადონ ინვესტორებთან წარდგენისთვის“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტების განაცხადებს აფასებს ჟიური, რომელიც შედგება „სილიკონ ველის“ წარმომადგენელი ექსპერტებისგან. „მათი ძირითადი ამოცანაა, რომ პროექტებში ნახონ ის გლობალური განვითარების პოტენციალი, რომელიც ინოვაციურ პროექტებს ახასიათებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროექტებს თავისი შინაარსით შეუძლიათ, მსოფლიო ბაზარზე კომერციალიზაცია და რამდენიმე ათეული მილიონის საინვესტიციო პოტენციალის ან გაყიდვების შექმნა”, - აღნიშნა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ფინალური ეტაპი, როდესაც ჟიურის წევრები ინვესტორებთან ერთად საბოლოო პრეზენტაციებს მოისმენენ და შესაბამისად, გამარჯვებულებს გამოავლენენ. „დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვნერგავთ ახალ კულტურას და ვამბობთ, რომ მხოლოდ იდეა და ფული არ არის საკმარისი, ამას სჭირდება ასევე სწორი მიწოდება და პროცესი იმისთვის, რომ იდეა და დაფინანსება კონკრეტულ საქმეში გადაიზარდოს“ განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე შეირჩა მხოლოდ მაღალტექნოლოგიური ინოვაციური პროექტები, რომლებიც ორიენტირებულები  იყვნენ გლობალურ ბაზარზე. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც ვერ გადავიდნენ ფინალში და ასევე ქართულ ბაზარზე ორიენტირებულ სხვა პროექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც ხელს შეუწყობს და დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში. ტექნოპარკში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე იმყოფებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური