სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შეთანხმებას ხელი მოეწერა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 29 აპრილი 2019 10:20

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრ ლი სიაოპენგს შეხვდა. 

შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა ისაუბრეს "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ფორუმის და ამ ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერების მიერ დაყენებული საკითხების მნიშვნელობაზე, ასევე - გაზრდილ სარკინიგზო გადაზიდვებზე, რაც ადასტურებს ამ მიმართულების განვითარების აუცილებლობას და ჩინეთის რესპუბლიკის ახალი ქალაქებს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განვითარების საჭიროებას.

დიალოგის თემები იყო რეგულარული ავია-ფრენების მიმართულებით ურთიერთობის განვითარების აუცილებლობა, ორივე ქვეყნის ტურისტული და ბიზნეს პოტენციალის გააქტიურება.

მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ჩინეთისა და „აბრეშუმის გზის“ სხვა პარტნიორი ქვეყნებისათვის აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი მარშრუტის განვითარების სარგებელს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია ე. წ. შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო სარკინიგზო გადაზიდვების განვითარებით. ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი ევროპასთან სავაჭრო მარშრუტში „შუა დერეფანს“ პრიორიტეტს მიანიჭებს. 

შეხვედრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში, მაია ცქიტიშვილმა და ლი სიაოპენგმა ხელი მოაწერეს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“. 

„ამ ხელშეკრულების მომზადებისთვის დიდი სამუშაო გასწია ბევრმა ადამიანმა და მადლობა მათ. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის მგზავრების და ტვირთების ტრანსპორტირების საკითხებში თანამშრომლობას, რაც წინგადადგმული დიდი ნაბიჯია "ერთი სარტყელი, ერთი გზის" ინიციატივის განხორციელების თვალსაზრისით. ე. წ. შუა დერეფნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია თანამშრომლობის ყველა ფორმატი ჩინეთთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ასეთი ტიპის ხელშეკრულებები კი ხელს უწყობს ფასების კონკურენტუნარიანობას და დამატებითი შეღავათების დაწესებას გადამზიდავებისთვის,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 

მაია ცქიტიშვილმა ლი სიაოპენი 2019 წლის ოქტომბერში თბილისის აბრეშუმის ფორუმზე დაპატიჟა და მადლობა გადაუხადა 2015 და 2017 წლებში გამართულ ფორუმებში აქტიური მონაწილეობისათვის. 

თავის მხრივ, ლი სიოპენმა მაია ცქიტიშვილი დაპატიჟა მომავალ წელს ტრანსპორტის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად.

„საქართველოს რკინიგზამ წელს, პირველ კვარტალში, 18 ათასი კონტეინერი გადაზიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 31 პროცენტით მეტია. ეს შედეგი პირველ რიგში ჩინეთიდან ახალი ტვირთების მოზიდვამ განაპირობა. სასიხარულოა, რომ ტრანსპორტის  მინისტრმა გამოყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის სხვადასხვა პროვინციებიდან დამატებითი სუბსიდების განხილვაზე იმუშავებს, რაც გვაიმედებს რომ ტვირთბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება,“ - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ. 

 

ველოტრანსპორტის განვითარება - ევროკავშირის მხარდაჭერილი ინიციატივა თბილისში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 10:29

თბილისში, ავტომობილების ბუმის ფონზე, ველოტრანსპორტის განვითარება პირველ ნაბიჯებს დგამს. ველოაქტივისტი ლიკა მერაბიშვილი ევროკავშირის დახმარებით ცდილობს, ველოსიპედით სიარულს პოპულარიზაცია გაუწიოს.

როგორც ცნობილია, ველოსიპედით სიარული სახსრებისთვის, ძვლების სიმაგრისთვის, გულის, ტვინისა და სისხლძარღვების მუშაობისთვის სასარგებლოა; ის ასევე ავითარებს კუნთებს და ჯანმრთელობისა და განწყობის გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს. ამასთან, ლიკა მერაბიშვილის თანახმად, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორია, ეს ჯანსაღი, “მწვანე”, ნაკლებხარჯიანი ტრანსპორტია.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ირჩევს ტრანსპორტად ველოსიპედს. ამის ნაცვლად, სხვადასხვა ფაქტორის გამო, ისინი ამჯობინებენ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ავტომობილებით იარონ. ასე ხდება თბილისშიც, სადაც სატრანსპორტო მოძრაობა ძლიერ გადატვირთულია;

ლიკა მერაბიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია Safe Drive-ის (“პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის”) პროექტის კოორდინატორი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ამ რეალობის შესაცვლელად მნიშვნელოვანია, ქალაქში მოეწყოს ინფრასტრუქტურა ველოსიპედისტებისათვის, რათა ველოსიპედით სიარული უსაფრთხო გახდეს.

“იმისთვის, რომ ქალაქი ავტომობილებისგან განიტვირთოს, საჭიროა საზოგადოებრივი და ველოტრანსპორტის განვითარება”, გვეუნება იგი. სწორედ ამის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად ლიკა მერაბიშვილის პროექტი, რომელიც მან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის” ფარგლებში განახორციელა.

ათობით ველოსიპედისტი თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ერთად  გადაადგილდება და მანქანების გაკვირვებულ მძღოლებს გზის დათმობას აიძულებს — თბილისში ასეთ სცენას არცთუ ხშირად გადააწყდებით. ლიკას პროექტის ფარგლებში, ორი ასეთი ველომარში მოეწყო, რომელიც ველოტრანსპორტის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. დემონსტრაციაში მონაწილეობა მიიღეს “ველოკლუბის” წევრებმა, მერიის წარმომადგენლებმა და სხვებმა. 

პროექტის განხორციელების პერიოდში, როგორც მერაბიშვილი იხსენებს, დაახლოებით იმ დროს დაემთხვა, როდესაც თბილისის მერიამ საბურთალოზე ველობილიკები მოაწყო, რასაც იგი წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ასეთი უფრო მეტი ბილიკი უნდა გაკეთდეს. მისი პროექტი პოპულარიზაციასთან ერთად, ამ საკითხის ადვოკატირებასაც ითვალისწინებდა, მათ შორის, თბილისის მერიასთან.

“არის კიდევ ერთი, ძველი ბილიკი მტკვრის სანაპიროზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეესაბამება ევროსტანდარტებს… ასევე, მერიის თანამშრომლებთან შეხვედრისას წარმოვადგინეთ გეგმა, თუ როგორ შეიძლება მოეწყოს ველობილი უნივერსიტეტის ქუჩაზე "მაღლივ” კორპუსთან”, ამბობს მერაბიშვილი.

ლიკა ამბობს, რომ ეს პროცესი კომპლექსური პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას დაისახავს მიზნად.

ავტორი: ლუკა პერტაია

Article published by Netgazeti.ge in Georgian.

 

კახა კალაძე - არასწორი ინფორმაციაა, რომ დედაქალაქში ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 11:24

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა. 

„მინდა შევეხო „რუსთავი 2“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფების გაძვირებას, რაც არის სრული სიცრუე. მინდა მივმართო მოსახლეობას, არ დაუჯეროს ამ ტელეკომპანიას, რომელიც ძირითადად სიცრუეზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას. გასაგებია, რომ ეს არხი არის პარტიული ტელევიზია, რომ მათი ლიდერების ტრიბუნაა, ღმერთმა სიკეთეში მოახმაროთ ერთმანეთი, მაგრამ რას გეგმავს თბილისის მერია, რა რეფორმა იქნება, რა სიახლე იქნება კარგი, ამას მოსახლეობას მიაწვდის მერიის სამსახურები, დედაქალაქის მთავრობა, პრესსამსახური და დედაქალაქის მერი. ასე რომ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაცია“, - განაცხადა კალაძემ.

თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს პრესრელიზი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 03 აპრილი 2018 12:57

თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, საზღვაო და კომუნიკაციების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის გუშინ, 2 აპრილს, თბილისში, ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ტრანსპორტის სფეროში ორ ქვეყანას შორის R&D-ის (კვლევა და განვითარება) ფორმატში კოორდინაციის მექანიზმის შემუშავებას.

აღნიშნულის ფარგლებში, გამოვლინდება მზარდი R&D-ის პოტენციალის მქონე პროექტები, რომელიც ითვალისწინებს: ტექნოლოგიების ურთიერთგაცვლას, ერთობლივი საწარმოო პოტენციალისა და თანამედროვე ფინანსური მოდელების განვითარებას ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. ასევე, R&D-ისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, გარკვეულ სფეროებში მოხდება სახელმწიფოს-საგანმანათლებლო-სამრეწველო სექტორებს შორის თანამშრომლობის განვითარება და განათლების პროგრამების დაგეგმვა.

სოფელ სხვილისის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 26 დეკემბერი 2016 15:18

აშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ80-კმ97 მონაკვეთზე (სოფელი სხვილისი-თურქეთის საზღვარი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მუშაობის შედეგები შეაჯამა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 14:39

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობა შეაჯამა. მედიასთან შეხვედრისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა ახალაძემ სააგენტოს მთავარ მიღწევად ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება დაასახელა, რასაც საზღვაო საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების დახვეწა და აუდიტორული შემოწმების წარმატებით გავლა მოჰყვა.

მედიასთან შეხვედრაზე ახალაძემ აღნიშნა, რომ მეზღვაურთა დიპლომების საერთაშორისო დონეზე აღიარებამ ქართველ მეზღვაურებს დასაქმების ახალი შანსი მისცა. გემებისთვის შემცირებული სარეგისტრაციო ტარიფები, წარმატებული საერთაშორისო აუდიტები (EMSA, IMSAS), მეზღვაურთა ელექტრონული სახელმწიფო რეესტრი, ზღვაზე ძებნა/გადარჩენის რეაგირების მზადყოფნა და საზღვაო სახელწიფოსთან გაფორმებული მემორანდუმები საზღვაო სააგენტოს წარმატებულ პროექტებში აღინუსხა.

აქვე აღინიშნა რომ საზღვაო სააგენტოსთვის  პრიორიტეტად რჩება  მეზღვაურთა განათლების ხარისხის და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

სააგენტოს სამომავლო გეგმებში ქართული დროშით მცურავი გემების რაოდენობის გაზრდა და საერთაშორისო ნაოსნობაში მყოფი იახტების საქართველოში მოზიდვა დასახელდა.

შეხვედრის დასასრულს სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტები საერთაშორისო საზღვაო გამოფენზე დაპატიჟა, რომელიც სექტემბერში, პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ბათუმში გაიმართება.

 

 

 

 

თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 12:30

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისის შემოსავლელ გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. შესაბამისად, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამ დროისათვის, გურიის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში თოვის პირობებში განხორციელებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებულია გურიის ცენტრალურ გზებზე. მოძრაობა, ცალმხრივ რეჟიმში უკვე აღდგენილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი–ლესა და შუხუთი–ძიმითის საავტომობილო გზებზე, სადაც გრძელდება გზის გაგანიერების სამუშაოები. 
რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს: 

ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: ჩოლოქის ხიდი–სარფისა და ნაქერალას უღელტეხილზე.

მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე. 

ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს. 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:24

თბილისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საკვალიფიკაციო ცენტრი გაიხსნა, რომელსაც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.  მინისტრმა  ახალი საკვალიფიკაციო ცენტრი დაათვალიერა და გაეცნო იმ უახლეს სერვისებს, რომლებსაც სააგენტო მომხმარებელს სთავაზობს.

ახალი საკვალიფიკაციო ცენტრი  საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული კომპანიების მენეჯერებსა და მძღოლებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად გადაამზადებს. ცენტრი  აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, სიმულატორებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. პროექტი განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების  პირობების თანახმად, რაც იმას გულისხმობს, რომ სატრანსპორტო საქმიანობის განხორციელება უნდა დაევალოთ პროფესიული კვალიფიკაციის (GPG) მქონე სპეციალისტებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ეს საშუალებას მისცემს გადამზიდავ კომპანიებს, გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე და მათი საქმიანობა იყოს მომგებიანი და ეფექტური. 

"ეს არის კიდევ ერთი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების მომზადებისა და გადამზადების იმისთვის, რომ მათ მოახერხონ საერთაშორისო არენაზე დასაქმება. კონკრეტულად, ჩვენ უკვე გვყავს სერტიფიცირებული ტრენერები, რომელთა კვალიფიკაციაც აღიარებულია საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ მომზადებული ტრანსპორტის კომპანიის მენეჯერები შემდგომში უკვე მოხვდებიან საერთაშორისო რეესტრში და მათ ექნებათ შესაძლებლობა დასაქმდნენ სულ მცირე, იმ 65 ქვეყანაში, რომლებიც არიან საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წევრები და, რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ ქვეყნებშიც. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  იმ სატრანზიტო პოტენციალის კვალდაკვალ, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, გვყავდეს ტრანსპორტის მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც განახორციელებენ კვალიფიციური მოთხოვნის არსებობისას შესაბამისი სერვისების მიწოდებას.  თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ სფეროს  და ძალიან დიდი ინვესტიციები იდება სახმელეთო-საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, შესაბამისად, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სერვისების ქონა, რომლებსაც მაღალკვალიფიციური კადრები ესაჭიროება~ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის (IRU) მიერ გაცემული საერთაშორისო სერტიფიკატები გადასცა  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინსტრუქტორებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 6 თვიანი აკრედიტაციის პროცედურა იმ პროფესიული კომპეტენტურობის (GPG manager) სპეციალობის განხრით, რასაც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის წესდება ითვალისწინებს.

ცნობისთვის: IRU წარმოადგენს მსოფლიოში საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ახორციელებს უცხო ქვეყნის სასწავლო ცენტრების აკრედიტაციას და მისი დიპლომი აღიარებულია ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მიერ.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვექნება უკვე შესაძლებლობა მოვამზადოთ შესაბამისი კვალიფიკაციის სატრანსპორტო მენეჯერები, რაც ავტომატურად უზრუნველყობს უფრო მეტი ქართული კომპანიის წვდომას ევროკავშირის ბაზართან, ისინი ასევე კონკურენტუნარიანები იქნებიან სხვა ქვეყნების მენეჯერებთან შედარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ცენტრში აღებული დიპლომი მოქმედებს არამარტო საქართველოში, არამედ მის მფლობელს შეეძლება ის გამოიყენოს ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში“ - აღნიშნა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება, რომ სააგენტოს ახლადგახსნილ საკვალიფიკაციო ცენტრს მიენიჭოს რეგიონალური ცენტრის სტატუსი. მათივე განცხადებით, 2016 წლიდან დაიწყება ახალი, ფართომასშტაბიანი ცენტრის მშენებლობა, სადაც სრულად დაინერგება პროგრამები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით.

2016 წელს ასევე დაგეგმილია საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში აკრედიტირებული ცენტრების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტის კავშირის დაფინანსებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში გაიმართება. კონფერენციას 50 ქვეყნის 100-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. 

ეკონომიკის მინისტრი ბათუმში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 17:15

ბათუმში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ახალი შენობა აშენდება. ადმინისტრაცია ამ დრომდე დროებით ოფისში მუშაობდა. საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალს ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრნენ. 

დღესვე დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის გახსნას დაესწრო. 

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. ეკონომიკის მინისტრმა დღესვე საზღვაო აკადემიის კურსანტებს საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ ლექცია წაუკითხა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური