საქართველოს პრემიერმა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ევროსაბჭოში საზეიმო მიღება გამართა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 11 აპრილი 2019 13:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, მაღალი რანგის სტუმრებსა და საქართველოს მეგობრებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.

თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა ევროპელ მეგობრებთან ერთად, ევროპული დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სიმბოლოს - ევროსაბჭოს - გარემოში საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„20 წლის წინ, როდესაც საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ვიცოდით რამდენად რთული და გრძელი გზა გველოდა წინ. მაგრამ დღეს ნათელი ხდება, რომ ჩვენს ევროპულ ოჯახთან ურთიერთობის, საერთო ღირებულებების და კულტურის საშუალებით, საქართველო გარდაიქმნა თანამედროვე, დემოკრატიულ და დინამიკურ სახელმწიფოდ. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ. დიდად ვაფასებთ ჩვენს ერთობას და გულწრფელად გვწამს, რომ ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მადლობას გიხდით საქართველოს მეგობრობისთვის”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

საქართველოს მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიენ მორი პასკიემ და პრემიერ-მინისტრს საიუბილეო თარიღი მიულოცა.

„დღეს ყველანი შევიკრიბეთ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ამ 20 წლის განმავლობაში ვიხილეთ, როგორ უმკლავდებოდა ქვეყანა ბევრ გამოწვევას და ვითარდებოდა ჩვენთან ერთად ბევრი მიმართულებით მუშაობის კვალობაზე. საქართველო ჩვენი ოჯახის 41-ე წევრი ქვეყანა გახდა 1999 წელს – ახალი ათასწლეულის გარიჟრაჟზე. მას შემდეგ ბევრჯერ გვინახავს, როგორ იღწვის ქვეყანა დემოკრატიის გაძლიერების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. გავაგრძელებთ თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას მომავალში ერთად დაწინაურების მიზნით. გვიხარია და ვამაყობთ, რომ ჩვენი ევროპული ოჯახის წევრი ხართ“, – განაცხადა ლილიენ მორი პასკიემ.

სამაგალითოდ შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა.

„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს. გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ძალიან სასიხარულოა, რომ გვქონდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებაში თანამშრომლობის შესაძლებლობა. შედეგად, დღეს საქართველო არის სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მქონე ქვეყანა. ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გზა მდგომარეობს ძლიერი ინსტიტუტების და ბალანსისა და კონტროლის მექანიზმების უზრუნველყოფაში, რომელთაც მოსახლეობა ენდობა. თქვენ ამ გზაზე წარმატებას მიაღწიეთ. ჩვენ მომავალშიც დაგიჭერთ მხარს ამ მხრივ”, – აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა.

საზეიმო მიღებაზე გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერმა სტუმრებს ასევე წარუდგინა ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილესა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოში წელს გამოვა. სტუმრებისთვის ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა ანსამბლმა „რუსთავმა”.

"ჩემთვის დიდი პატივია სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა" - ტორბიორნ იაგლანდი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 14:30

ჩემთვის დიდი პატივია ევროპის საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მასპინძლობა. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ურთიერთობების მაღალ ხარისხი სუფევს, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ ევროსაბჭოში პრესასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც გენერალურმა მდივანმა დაამატა, შეხვედრაზე საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმაც განიხილეს. „მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველო ჩაიბარებს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას. როგორც ჩვენი შეხვედრის დროს მაცნობეს, საქართველო აქტიურად ემზადება ამ მოვლენისთვის. ასევე განვიხილეთ საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმა. ამჟამინდელი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო. მაგალითად, ამ სამუშაოს შედეგია ახალი კონსტიტუცია, რომლის ძალითაც საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო დემოკრატიის სისტემაზე. იყო გარკვეული სირთულეები საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგრამ ამ მხრივ პოლიტიკის გაუმჯობესება ჩვენს პრეროგატივაში არ შედის“, – აღნიშნა ტ. იაგლანდმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპის საბჭო წელიწადში ორჯერ აქვეყნებს კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ. „ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ამ თანამდებობაზე ჩემი ყოფნის 10 წლის განმავლობაში ჩვენ წელიწადში ორჯერ ვაქვეყნებთ კონსოლიდირებულ ანგარიშს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების შესახებ.  ამ ანგარიშების გამოქვეყნების გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ დღეს განვიხილეთ ამ რეგიონების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ნდობის აღდგენისკენ გამიზნულ მისიებზე, რასაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობა დიდად აფასებს“, – განაცხადა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ, საქართველო ნაყოფიერი თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების კარგი მაგალითია. „ჩვენთვის საქართველო წარმოადგენს ნაყოფიერი თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების ძალიან კარგ მაგალითს. აქედან გამომდინარე იმედის თვალით შევყურებთ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, – დასძინა ტორბიორნ იაგლანდმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს  სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 12 აპრილს დაასრულებს მუშაობას.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 აპრილი 2019 13:52

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.  საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. მთავრობის მეთაურის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში 9-10 აპრილს შედგება.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება. ასევე, დაგეგმილია სხვა ორმხრივი შეხვედრებიც.

საქართველოს მთავრობის მეთაური ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასაც ესტუმრება, სადაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გაესაუბრება.

ვიზიტის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე უმასპინძლებს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ტორბიორნ იაგლანდი: ჩვენ განვაგრძობთ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განსახორციელებლად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 მაისი 2016 15:29

ევროპის საბჭო განაგრძობს ანგარიშების მომზადებას საქართველოში არსებული კონფლიქტის შესახებ და ასევე მცდელობას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესასვლელად. აღნიშნულის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა ქ. სოფიაში ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით მინისტრთა კომიტეტის მოადგილეების გადაწყვეტილება, ისევე როგორც მისი ანგარიში მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ევროპის საბჭოს დღის წესრიგშია და იგი მომავალშიც განაგრძობს ამ საკითხზე მუშაობას.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.
გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს ეხება და მასში გამახვილებულია ყურადღება რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე გადაწყვეტილება "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" 2016 წლის 4 მაისს მიიღეს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნი საქართველოს მაისში ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:48

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მაისში საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას მოეწერება ხელი. სამოქმედო გეგმისა და თანამშრომლობის საკითხების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოემსახურება.
გიორგი კვირიკაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მთავრობის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნდება.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:15

საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება, - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტორბიორნ იაგლანდისა და მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დანიელ მიტოვის ვიზიტი თბილისში, 2016 წლის მაისში, საქართველოს ახალი, 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების დაწყებას ისახავს მიზნად, რაც თანამშრომლობას ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
„განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები და ხაზგასმით აღვნიშნეთ იმ ამბიციური და კომპლექსური რეფორმების მნიშვნელობა, რომლებიც 2012 წლის შემდეგ განახორციელა საქართველოს მთავრობამ, როგორც ჩვენს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ჩვენ დავაყენეთ მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების საკითხი, ასევე ცხინვალის რეგიონში შესაძლო რეფერენდუმი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, განაგრძოს რეფორმები, ადამიანის უფლებების, სასამართლო სისტემისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რომელმაც გამოხატა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას არსებული ჩარჩოს ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროპარლამენტის კომიტეტი დადებითად შეაფასებს.
„ჩვენ განვაგრძობთ ორმხრივ რეჟიმში თანამშრომლობას ევროპელ პარტნიორებთან, წევრ ქვეყნებთან, რათა მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია სავიზო საკითხებზე მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც მაისის დასაწყისში გაიმართება. ჩვენ ამ პროცესისადმი ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და განვაგრძობთ სვლას ამ მიზნისკენ“, - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო პოზიტიურად შეაფასა. ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ტორბიორნ იაგლანდმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო ინფორმაცია დაგეგმილი არჩევნების შესახებ. მისი თქმით, საქართველომ უკვე მიიწვია საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდებიან.
პრესკონფერენციაზე ასევე დაისვა კითხვა მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გიორგი კვირიკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა.
პრემიერის თქმით, საქართველო გულწრფელად არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობით და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საკუთარი ტერიტორია შესთავაზოს.
„მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში შეინიშნება დეესკალაცია და ველოდებით კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე უპასუხა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის მიერდასმულ კითხვას, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით.
გიორგი კვირიკაშვილი გამოსვლაში, ქვეყანაში მიღწეულ პროგრესსა და დაგეგმილ რეფორმებზე გაამახვილებს ყურადღებას.
„გამოქვეყნდა ახალი რეიტინგი „ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე“, რომლის თანახმად, საქართველომ, 2012 წლის შემდეგ, 36 საფეხურით გაიუმჯობესა გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო რეიტინგი და ამ თვალსაზრისით უსწრებს არაერთ ევროპულ ქვეყანას. საქართველო, 180 ქვეყანას შორის, 64-ე ადგილზეა, მაგრამ ეს არ არის ის, რითაც უნდა ვიყოთ კმაყოფილები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ რეფორმები ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ და ვიხილავთ საქართველოს სამოქმედო გეგმას, რათა საქართველო ვაქციოთ ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად, ევროპული ინსტიტუციებით, სადაც იქნება ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების უმაღლესი ხარისხი. ხვალ ვისაუბრებ გატარებულ და მომავალ რეფორმებზე, რათა განვამტკიცოთ განცდა ჩვენს ევროპელ პარტნიორებში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა და ჩვენთვის ამ რეფორმების გატარება უმაღლესი პრიორიტეტია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური