საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი 2019 10:41

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. ამის შესახებ „ნიუსდეი საქართველოს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაში, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ჩატარდა, მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ, დიპლომატიური კორპუსისა და ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა.

როგორც ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჯემალ ფუტკარაძემ აღნიშნა, საქართველო აქტიურ მონაწილეობას იღებს აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტში და ამ მიმართულებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლად დაარსებული ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიზანი საქართველო-ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობების ხელშეწყობა და აკადემიური კავშირების გაძლიერებაა.

„ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში. უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსება ჩვენი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ერთობლივი ინიციატივაცაა. ჩვენთვის დიდი პატივია ჩინეთთან თანამშრომლობა. ინსტიტუტი აქტიურად იმუშავებს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის შემუშავებაზე, ასევე, ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე ჩინეთის სოციალურ მეცნიერებებათა აკადემიასა და აკადემიის შემადგენლობაში არსებულ ასზე მეტ ინსტიტუტში. ვფიქრობთ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება, როგორც სამეცნიერო ისე ეკონომიკური კუთხით“, - განაცხადა ჯემალ ფუტკარაძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ლი იანმა, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო წრეებს კიდევ ერთი კვლევითი ინსტიტუტის დაარსება მიულოცა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან. მოხარული ვართ, რომ შეიქმნა კვლევაზე ორიენტირებული აკადემიური ცენტრი, რომლის ანალოგიც საქართველოში აქამდე არ ყოფილა. მისი შექმნა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს. ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემია სოციალურ მეცნიერებებში კვლევების ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტია ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კი საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. შეიძლება ითქვას, რომ მხარეებს შორის შედგება დიდი მნიშვნელობის და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობა.

მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გააგრძელებს განვითარებას, ახალ სტანდარტს დააწესებს და გახდება აკადემიური კვლევების, ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთვიზიტების განხორციელების პლატფორმა, ქართველი ხალხისთვის კი - ჩინეთის გაცნობის საუკეთესო საშუალება და ჩვენი ხალხების დამაკავშირებელი მეგობრობის ხიდი“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა ვანგ ლეიმ აღნიშნა, ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დაარსებას შორს მიმავალი მიზნები და ორმხრივი სოლიდური სარგებელი ექნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სიკეთეს მოუტანს მომავალ თაობებს. საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებობს პოზიტიური დამოკიდებულება. ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება კიდევ ერთი ახალი არხია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. ვინაიდან ინსტიტუტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა, ეს ორივე მხარის სტუდენტებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტი კონტაქტი ჰქონდეთ ერთმანეთთან. ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ სამომავლო გეგმები და განვსაზღვრეთ მთელი რიგი პერსპექტიული საკითხები, რომლებზეც ერთობლივად ვიმუშავებთ. მომავალი წლის დასაწყისში კი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივ კონფერენციას ჩავატარებთ. ვაპირებთ თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ანტიკორუფციული პოლიტიკა. ვფიქრობთ, მომავალში ამ პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, მეტიც, ეს გასცდება საქართველოს ფარგლებს და მოიცავს მეზობელ ქვეყნებსაც. ვფიქრობთ, ჩვენ დავაფინანსებთ ერთობლივ სამეცნიერო კონფერენციებსა და პროექტებს, მივცემთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მეცნიერებს საშუალებას, ეწვიონ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უნივერსიტეტებს“, - განაცხადა პროფესორმა ვანგ ლეიმ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ჩინეთის კვლევების ინსტიტუტის გახსნის ღონისძიების დასრულების შემდეგ, ტექნიკურ უნივერსიტეტში მუშაობას შეუდგა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები - აკადემიური დიალოგი ნათელი მომავლისათვის“.

იაპონიასთან თანამშრომლობა მეცნიერების განვითარებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 12:15

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და იაპონიის სოკენდაის ეროვნული უნივერსიტეტი (SOKENDAI) სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის. შესაბამის მემორანდუმებს დღეს მოეწერა ხელი.

„დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და იაპონურ მხარეს შორის გაფორმდა უმნიშვნელოვანესი შეთანხმება, რომელიც გულისხმობს ჩვენი დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას, ასევე აკადემიური პერსონალის იაპონიის იმ წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებში მიმდინარე საერთაშორისო კვლევებში ჩართვას, რომელიც მოწინავეა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მსოფლიოში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი დოქტორანტების აღიარება, რომლებიც მიიღებენ, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე იაპონური მხარის დიპლომებს. ქართველი მეცნიერების მონაწილეობა ასეთ საერთაშორისო პროექტებში ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების რეფორმის განხორციელებას“- განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეთანხმება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის ელემენტარული ნაწილაკების, მაღალი ენერგიების ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების დარგში კოლაბორაციასა და ქართველი დოქტორანტების ერთობლივ მომზადებას გულისხმობს. იაპონიის მხარე სრულ მზაობას გამოთქვამს, რომ ქართველმა დოქტორანტებმა სწავლებისა და კვლევების ნაწილი იაპონიაში გაიარონ და, ამ მიზნით, აქტიურად გამოიყენონ KEK-ის და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) უნიკალური სამეცნიერო და ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა. ასევე, იაპონიის მხარე ქართველ დოქტორანტებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იაპონიაში სწავლისა და სამეცნიერო კვლევების პროცესში.

შეთანხმების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტებს ორმაგი ხარისხი მიენიჭებათ და ქართული და იაპონური დიპლომები გადაეცემათ. ამასთან, იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრო აღიარებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევებისა და განათლების ხარისხს, ასევე მოხდება საქართველოს ტექნიკურ და სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა.

აღნიშნულ თემებზე მემორანდუმების გაფორმება უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის და ემსახურება ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას, როგორც ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერებებში, ასევე, დიდ წილად წაადგება საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწასაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ქართველი მეცნიერების მონაწილეობას მსხვილმასშტაბიან საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.

ჩინეთის ელჩის ვიზიტი სტუ-ში

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 22 ნოემბერი 2018 17:31

21 ნოემბერს, პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ძი იენჩი, რომელიც უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილს, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ელჩმა საქართველოს-ჩინეთის თანამედროვე ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა და შეეხო როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სამეცნიერო-კვლევით კოლაბორაციას, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ურთიერთობას პეკინის, შანხაის და გუანჯოუს ეკონომიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფილის ორგანიზაციებთან.

როგორც რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, ჩინეთის მხარეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ინტენსიური სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ერთობლივი პროექტების შექმნის მიზნით ხორციელდება. მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა, უპირველეს ყოვლისა, ბევრი მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი და საინტერესო.

„ჩინეთი მსოფლიო ბაზარზე, დღეს, მეცნიერებადტევადი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. ეს სწორედ ის მოდელია, რამაც შეიძლება საქართველო ეკონომიკურად გააძლიეროს, იმ შემთხვევაში, თუ  სწორ მიმართულებას ავირჩევთ და გავითვალისწინებთ იმ მოცემულობასაც, რაც ჩვენი ქვეყნისთვისაა მისაღები, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

ტექნიკური უნივერსიტეტი აუცილებლად უნდა იყოს აქტიური მონაწილე იმ უმნიშვნელოვანეს პროექტისა, რომელსაც ჰქვია „ერთი სარტყელი - ერთი გზა“. ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც ჩინეთმა მსოფლიოს შესთავაზა. ტექნიკური უნივერსიტეტის როლი ნამდვილად საინტერესოდ იკვეთება ამ სისტემაში. ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს მხრიდან პირველები, ვინც  ჩინეთის საინჟინრო აკადემიასთან თანამშრომლობა დაიწყეს, რითაც ამ დიდი პროექტის ინიცირება მოხდა, ჩვენი ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს საინჟინრო აკადემია იყო. ჩვენ დავადგინეთ ის 7 მთავარი მიმართულება, რომლითაც საქართველო აქტიურად ჩაერთო ამ პროექტში და ამ მიმართულებით უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული. დღეს უკვე ბევრი დელეგაცია ჩამოდის ჩინეთიდან, ბევრი შეთავაზებაა, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სამრეწველო კუთხით და ვიმედოვნებთ, რომ დავძლევთ პრობლემებს და ვიქნებით დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა, ისეთი, როგორიც ჩინეთია“, განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ძი იენჩიმ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის საშუალება მიეცა.

„ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოსთვის ბევრი კარგი სპეციალისტი აღზარდა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკაში. როგორც ვიცი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი იმყოფებოდა და საფუძველი ჩაეყარა ამ ორი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლობას. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ ასე წარმატებით თანამშრომლობთ ჩინურ უნივერსიტეტთან და მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა უფრო მეტად გაღრმავდეს. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ის ფაქტი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ თანამშრომლობის კვლევით საქმიანობაში და ეს ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტად იქცა“, - განაცხადა ძი იენჩიმ.

ბატონმა ძი იენჩიმ ჩინეთის განათლების სისტემის შესახებაც ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ პერსპექტივებზე, რაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში ექნებათ.

შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარების თავისებურებების შესწავლის მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე ტექნიკური კვლევითი ინსტიტუტი ფუნქციონირებს და ჩინურ მხარესთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობს. ამას გარდა, ჰონგ-კონგისა და მაკაოს კვლევით ინსტიტუტებთან ერთად, დაწყებულია თანამშრომლობა კონფლიქტების დარეგულირების გზების ძიების მიზნით.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი კვლავ შიმშილობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 10:07

ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან პროფესორთა და სტუდენტთა ნაწილი პროტესტის უკიდურეს ფორმას განაგრძობს. სამდღიანი გამაფრთხილებელი შიმშილობა 6 თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა.მოთხოვნები უცვლელია - გადადგეს სასწავლებლის რექტორი და სასწავლებელში რეფორმები ჩატარდეს.ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები რეაგირბისთვის რექტორს 3 დღიან ვადას აძლევენ, წიააღმდეგ შემთხვევაში ისინი უვადო შიმშილობით იმუქრებიან.„მოთხოვნები უცვლელია, რაც აპრილის შიმშილობის დროს გვქონდა, იგივე მოთხოვნები დარჩა. ეს არის არალეგიტიმური რექტორის გადარჩევა და არალეგიტიმური აკადემიური საბჭოს გადადგომა. დაუშვებელია სამჯერ ზედიზედ ადამიანი არჩეული იყოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორად,“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

ვითარება ტექნიკურ უნივერსიტეტში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 აპრილი 2016 10:30

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორების შიმშილობა გრძელდება. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური საბჭოსა და კანცლერის გადადგომას მოითხოვენ. ]მოშიმშილე პროფესორები მიიჩნევენ, რომ არჩილ ფრანგიშვილის მიერ რექტორის პოზიციაზე მესამე ვადით არჩევა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, პროფესორები აკადემიურ საბჭოში ერთი და იგივე პირების დანიშვნას აპროტესტებენ და განათლების სამინისტროს უკანონობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილის აზრით, უნივერსიტეტი ვერ პასუხობს საერთაშორისო ნორმებს

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური