ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართულმა მხარემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 დეკემბერი 2019 15:58

2019 წლის 12 დეკემბერს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ ადამიანის უფლებათა დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დღე მსოფლიოს მასშტაბით 10 დეკემბერს აღინიშნება. სწორედ ამ დღეს, 1948 წელს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. 

დავით დონდუამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები. მან ასევე დეტალურად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარეობს.

ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ადგილი აქვს ადამიანთა გატაცებას, წამებას, უკანონო დაკავებას, ქონების ხელყოფასა და ეთნიკური ნიშნით დევნას. ამასთან, ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვით, იზღუდება თავისუფალი მიმოსვლის უფლება. ხოლო ათიათასობით იძულებით ადგილნაცვალ პირს, კვლავაც არ ეძლევა თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების საშუალება - აღნიშნა მან.

საქართველოს წარმომადგენელმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს წევრებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს გატაცებულ იქნა საოკუპაციო ძალების მიერ და იგი ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში.

სხდომის ფარგლებში, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც ორმხრივ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის.

ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 29 მარტი 2019 13:46

პარლამენტის წევრი ეკა ბესელია პარიზში იმყოფება, სადაც  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს.

კომიტეტის წევრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თურქეთიდან და მალტიდან წარდგენილ კანდიდატებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია და ჩატარდება ხმის მიცემის პროცედურა.

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა პარლამენტში მოდელირებული საკომიტეტო მოსმენა გამართეს

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 13 ოქტომბერი 2018 15:24

ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციური განათლების ცენტრის ინიციატივით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მონაწილეობით, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოდელირებული სხდომა გაიმართა.

ახალგაზრდებს ფრაქციის თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე მიესალმა, რომელმაც კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას და ზოგადად, აღნიშნული ფორმატის შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, შეხვედრა საერთაშორისო პროექტის „მსოფლიოს სტუდენტური დებატური მოძრაობის“ ანალოგიურ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც თავის მხრივ, დებატების გამართვის რეგიონულ, ევროპულ და მსოფლიო ჩემპიონატებს ატარებენ.

დღეავანდელი შეხვედრით გვინდა, ხელი შევუწყოთ არა მხოლოდ კანონშემოქმედებით პროცესებში სტუდენტების ჩართულობას, არამედ გვსურს კიდევ ორი ამოცანა დავისახოთ მიზნად. ერთი ის, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის დავიწყოთ გუნდის შექმნაზე მუშაობა და მეორე, გვინდა, რომ თქვენ, ახალგაზრდებმა გემო გაუგოთ პოლიტიკურ საქმიანობას და იგრძნოთ, რომ რამდენიმე წელში თქვენ შეგეძლებათ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს და ეს მომავალი თქვენ გიკავშირდებათ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს რეგინული ჩემპიონატის გამართვის ინიციატივითაც მიმართა, რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქართველ სტუდენტებთან ერთად სომეხ, აზერბაიჯანელ, თურქ და რუს ახალგაზრდებსაც მიეცემათ.

მოდელირებული კომიტეტის სხდომა კონკრეტული საკითხების განხილვით გაგრძელდა. ახალგაზრდებმა მათ მიერ მომზადებულ მედიაციის, გარემოს დაცვის საკითხებზე და სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მოხსენებები წარმოადგინეს და პოლიტიკური დებატები გამართეს.

სტუდენტურ ღონისძიებას სტუდენტური პარლამენტის, მთავარი პროკურატურის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:19

2018 წლის 5 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან გამოიხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ცესკოს თავმჯდომარემ თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 14 ნოემბერი 2017 14:51

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გახსნა. თამარ ჟვანიამ მეექვსე მოწვევის საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა და 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნები შეაჯამა.

„მოგესალმებით და პირველ რიგში გილოცავთ 2017 წლის 21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევნებში გამარჯვებას და თბილისის საკრებულოში არჩევას. თქვენ წინ მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე სამუშაო წლები გელით. ყველა თქვენგანს წარმატებებს გისურვებთ თქვენი საქმიანობის განხორციელებაში!

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად საქართველოს დედაქალაქის - თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა მოიწვია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მე, როგორც ცესკოს თავმჯდომარეს, მაქვს პატივი გავხსნა დედაქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა.

დღევანდელი დღე შედეგია იმ თავდაუზოგავი შრომის, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ გაწია ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე. ადმინისტრაციამ შეძლო ყველა პირობის შექმნა იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეძლებოდა მშვიდობიან გარემოში საკუთარი არჩევანის თავისუფლად განხორციელება. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი არჩევნები, რომელიც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი საარჩევნო პროგრესი და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით.

21 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შედეგად როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით არჩეულია 64 საკრებულოს 2058 წევრი და პირდაპირი წესით პირველ ტურში 64-დან არჩეულია 58 მერი. უახლოეს დღეებში ასევე, ოფიციალურად გამოვაცხადებთ არჩევნების მეორე ტურში გამოვლენილ 1 თვითმმართველი ქალაქისა და 5 თვითმმართველი თემის მერის არჩევნების შედეგებს და არჩეულ მერებს.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს შემადგენლობას, დედაქალაქის საკრებულოს 50 წევრიდან 25 წევრი არჩეულია მაჟორიტარული სისტემით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან, ხოლო პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების 25 მანდატი შემდეგი პროპორციით გადანაწილდა 4 საარჩევნო სუბიექტზე: 15 მანდატი - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 5 მანდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 3 მანდატი - „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ და 2 მანდატი - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია დედაქალაქის განვითარების თვალსაზრისით და ამასთან, გააჩნია უდიდესი პასუხისმგებლობა მოსახლეობის წინაშე. შესაბამისად, პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც აქტიურად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი ხმის დელეგირებით ანდო არჩეულ პირებს მართვა და თვითმმართველობის ორგანოების მნიშვნელოვანი ფუნქციების განხორციელება. მინდა ასევე, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინაიდან სწორედ მათი მაღალი პასუხისმგებლობისა და შრომის შედეგად შედგა 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები.

აქვე მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო არჩევნებში ჩართული ყველა მხარის მიმართ, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს საარჩევნო პროცესში. აღსანიშნავია, რომ დამკვირვებლების, მედიის და სხვა მხარეების ჩართულობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველსაყოფად.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ თბილისის საკრებულოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გადაეცა საკრებულოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ხოლო რეგისტრირებულ თბილისის საკრებულოს არჩეულ პირებს შესაბამისი მოწმობები.

ამდენად, დღევანდელი დღე, 2017 წლის 14 ნოემბრის საკრებულოს პირველი სხდომა, ისტორიაში დარჩება როგორც ახლადარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების განხორციელების დაწყების დღე და ახალი მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, საკრებულოს მთელ შემადგენლობას გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას!“ - განაცხადა საკრებულოს პირველ სხდომაზე თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ შესაბამისი დოკუმენტაცია საკრებულოს უხუცეს წევრს, ფრიდონ ინჯიას გადასცა.

 

 

პეკინში გაიმართა ჩინეთის კომპარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეორე სხდომა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017 19:14

20 ნოემბერს პეკინში, სახალხო სხდომათა დარბაზში გაიმართა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის პრეზიდიუმის მეორე სხდომა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ ავრცელებს.

სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დელეგატებისთვის დაერიგებინათ გასაცნობად ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მოხსენების პროექტი მე-18 მოწვევის სესიასთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის წესდებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.

დელეგატებს ასევე გადაეცათ განსახილველად ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის და ცენტრალური კომისიის მე-19 მოწვევის შემადგენლობაში შესაყვანი კანდიდატების სია.

დღევანდელი სამუშაო დღის დასასრულს ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობის დელეგატებმა დაამტკიცეს ყრილობაზე ასარჩევი დეპუტატების წესი.

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 23 ივნისი 2017 09:38

თბილისში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მესამე სხდომა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების ამოქმედების შედეგად ჩამოყალიბებული გაღრმავებული პოლიტიკური დიალოგის ინსტიტუციური ჩარჩოს ნაწილს და, როგორც წესი, იკრიბება მინისტრის მოადგილეების დონეზე.
22 ივნისის სხდომაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდნენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უფროსი რანგის წარმომადგენლები. დადგენილი წესის მიხედვით, მიმდინარე წლის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა საქართველოს მხარე, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი. ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი. სხდომას ევროკავშირის მხრიდან ესწრებოდნენ ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკომისიის და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
შეხვედრა წარიმართა მხარეთა შორის შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც მოიცავდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და „ასოცირების დღის წესრიგით“ გათვალისწინებულ პრიორიტეტებს.
სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც მიმართულია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომი გაძლიერებისაკენ. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ ამ მიმართულებებით გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებს და ხაზი გაუსვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის რეფორმების უწყვეტობის მნიშვნელობა.
მხარეებმა მიმოიხილეს ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოში წარმოების ხელშეწყობასა და მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით.
განსაკუთრებით ხაზი გაესვა ევროკავშირის დახმარებას ENPARD-ის ფარგლებში, რომელიც ფერმების მხარდაჭერისა და სოფლად განვითარებისათვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალური პოლიტიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე.  
ასოცირების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ცალსახად დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოითქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. ქართული მხარე მიესალმა ევროკავშირის აქტიურ ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მნიშვნელობაზე. ევროკაშირი მიესალმა საქართველოს ჩართულობას ევროკავშირის მისიებში მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:04

გიორგი მარგველაშვილმა არ გაითვალისწინა პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით და მოუწოდა პარლამენტს არ მიიღოს შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით. 
„ჩემს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ  შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია.
შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსენსუსზე და რომელიც იქნება დაფუძნებული ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას.
იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში, პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული, რაღაც უაღრესად დასწრაფებულ რეჟიმში და გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების  ირგვლივ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გუშინ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცისაკენ მიმართული ცვლილება.
„უარი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ- ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის კონსტიტუციის რეფორმის შემოთავაზებულ პროექტს, რომელიც განიხილა ქართულმა საზოგადოებამ და ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში, ის, რაც დარჩა სახელიდან - კონსტიტუციის ფუნდამენტური ცვლილებები- და  მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს მიიღებდა კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით: ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეს ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს, ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. იმ სულისკვეთებაზე, რომელიც მიმართულია რეალურად, პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ, საბოლოოდ მივედით სწორედ, ამ ვერსიამდე”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

უსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 08 მაისი 2017 12:08

ამ წუთებში უსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. ადვოკატთა ასოციაცია და პარტია თავისუფალი საქართველოს წევრები ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენ. 

 

განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 14:52

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა სსიპ ქ. თბილისის N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. 

როგორც კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა განაცხადა,  N113 საჯარო სკოლისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების ინიციატივა აღნიშნული სკოლის მოსწავლეებსა და თვითმმართველობას ეკუთვნის.

კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად  დაუჭირეს და მოსწავლეებსა და პედაგოგებს წარმატებები უსურვეს.

განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას კომისიის წევრებთან ერთად აღნიშნული სკოლის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

გვერდი 1/ 6-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური