უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 12:30

უეფას-ს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველო იქნება. უეფა-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის 24-ე ჩემპიონატი ორ ქვეყანაში გაიმართება. ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივე მასპინძელი ქვეყანა - საქართველო და რუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს. 

ევრო 2023-ის ახალგაზრდულ ნაკრებთა ფინალური მატჩი ბათუმის სტადიონზე შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს. 

ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმშიფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).

ლევან კობიაშვილი - სფფ-ის პრეზიდენტი: „ნამდვილად სასიხარულო ინფორმაცია მივიღეთ დღეს უეფასგან, 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემიონატს უმაპინძლებს. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით, ქართულ ფეხბურთის გულშემატკივარს. მსგავსი მასშტაბის ტურნირი ჩვენ ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.  ასევე, ვულოცავ ჩვენ რუმინელ კოლეგებს მასპინძლობის უფლების მოპოვებას.

სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისევე როგორც რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრები, ჩვენი გუნდი ავტომატურად მიიღებს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობას. ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება საქართველოში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩემპიონატის ფინალური მატჩი საქართველოში გაიმართება. ბათუმის არაჩვეულებრივი ახალი სტადიონი ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური ჩვენი და უეფას წარმატებული თანამშრომლობისა და მხარდაჭერის ჩვენი და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართული ფეხბურთის თითოეულ გულშემატკივარს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რადგან მსგავსი დონის ტურნირისთვის ჩვენ ქვეყანას არ უმასპინძლია.“ 

სფფ-ს პრეს-რელიზი

ოლიმპიური სასახლე სფფ-ის ზამთრის თასს უმასპინძლებს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 10 იანვარი 2017 12:03

2017 წლის 13, 14 და 15 იანვარს თბილისის ოლიმპიური სასახლე სფფ-ის ზამთრის თასს უმასპინძლებს.

15 იანვარს გულშემატკივარს ოლიმპიურ სასახლეში ესპანეთის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საფეხბურთო ვარსკვლავების თამაშის ხილვა შეეძლებათ. ზამთრის თასზე თბილისს მსოფლიო დონის გამორჩეული ფეხბურთელები ესტუმრებიან. გათამაშებაში მონაწილეობას მიიღებს უეფას გუნდიც.

გათამაშების ბილეთების გაყიდვა 15 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება და მისი ფასი 2 ლარი იქნება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დავით პეტრიაშვილის სახელობის ფონდში, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით დაარსდა. ფონდის ძირითადი საქმიანობა საგანმანათლებლო ხასიათისაა და საფეხბურთო თემატიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიულ წინსვლაში დაეხმარება.

დარბაზის ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში, 13-14 იანვარს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის 16 გუნდს შორის ჯგუფურ ეტაპზე ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან, რომლებიც 15 იანვარს გამოარკვევენ ჩემპიონის ვინაობას. ეროვნული ჩემპიონატის კლუბების გათამაშებაზე დასწრება 13, 14 იანვარს უფასოა. 

გარიგებული თამაშები - რას ითხოვენ კლუბები?(ვიდეო)

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:23

მორიგი თაღლითური ფსონები ქართულ ფეხბურთში, უეფას რაპორტში კვლავ პირველი ლიგის გუნდები მოხვდნენ.15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში განიხილა.  8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე, რომელიც ანგარიშით  (5:1) დასრულდა, მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც  რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

ხონის იმერეთი პირველად რაპორტში რამდენიმე დღის წინ მოხვდა,   რის მიხედვითაც  მხილებულ იქნა თბილისის „მარკ სტარსთან“ მატჩის შედეგზე მანიპულირებაში. მატჩის ანგარიში გაუქმდა, „იმერეთს“ პირველი ლიგის გათამაშებაში დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 10 000 ლარით, ხოლო „მარკ სტარსს“ ჩამოერთვა 3 ქულა.

როგორც ხონის „იმერეთის“ წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხდა, გუნდი ფედერაციასთან თანამშრომლობს და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვს, თუმცა  სადისციპლინო კომიტეტის გგადწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ცხინვალის „ლიახვი“ გმობს ყოველგვარ გარიგებას ქართულ ფეხბურთში და  ფედერაციას მიმართავს გამოიძიონ საეჭვო თამაშები და ყველა მონაწილე პირი სათანადოდ დაისაჯოს.

პირველი ლიგის თეთრ ჯგუფში მოასპარეზე კიდევ ერთი გუნდი ხარაგაულის „ჩხერიმელა“ თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემიდან მიღებულ ზედიზედ ორ რაპორტში მოხვედრის გამო დაჯარიმებულია 10 000 ლარით და მოიხსნა გათამაშებიდან.

თეთრ ჯგუფში მოასპარეზე 9 გუნდიდან უეფას რაპორტში 6 კლუბი მოხდა. სექტემბერში უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემაში  მარტვილის „მერანი“ და რუსთავის რუსთავი  მოხვდნენ, სადისციპლინო კომიტეტის გადწყვეტილების თანახმად,  გუნდებს 6-6 ქულის ჩამორთვეს და 10-10 ათასი ლარით დაჯარდნენ.

მატჩის შედეგზე შესაძლო მანიპულირება გამოვლინდა წითელი ჯგუფშიც,    ზუგდიდის „ოდიში 1919“ და „ვიტ ჯორჯიას“  შეხვედრაში. რის გამოც  ზუგდიდის „ოდიშს“ ჩამოაკლდა  6 ქულა და დაჯარიმდა  10 000 ლარით.

სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.

უეფას პრეზიდენტის ვიზიტი სფფ-ში

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2016 12:42

უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ფეხბურთის ფედერაციას ესტუმრა, სადაც ის სფფ-ის ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა ის პროექტები იყო, რაც ფეხბურთის ფედერაციაში უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში განხორციელდა. მხარეებმა ასევე ფეხბურთის განვითარებისათვის აუცილებელი მიმართულებები განიხილეს, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და საქართველოში ფეხბურთის მასობრიობის ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა 2017 წელს დაგეგმილი ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი იყო.
„ ჩვენ გვჯერა ლევანის და მისი გუნდის, ისინი ბევრს შრომობენ, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მხარში ვუდგავართ არჩეულ ხელმძღვანელობას, რომელიც ცდილობს ფეხბურთის სასარგებლოდ იმოქმედოს,“- განაცხადა უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა.
„უპირველესად მადლობას ვუხდი უეფას პრეზიდენტს იმისათვის, რომ სწორედ საქართველოა პირველი ქვეყანა, რომელსაც ალექსანდერ ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. ბოლო პერიოდის მანძილზე ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით მას, გავეცანით მის ხედვას, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ღიად გამოვუცხადეთ მხარდაჭერა. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ უეფას მხარდაჭერა გვაქვს,“- განაცხადა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 30 აგვისტო 2016 15:42

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალური შეხვედრა 22 ნოემბერს ჩატარდება.

30 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.თორმეტმა კლუბმა მერვედფინალის საგზური პირველი ეტაპის დაძლევით მოიპოვა. ოთხი კლუბი კი, რომლებიც საქართველოს ევროთასებზე წარმოადგენდნენ თასის გათამაშებაში ავტომატურად, მერვედფინალიდან ჩაებმებიან.

გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ლიახვი - ლოკომოტივი

სიონი - კოლხეთი1913

ბორჯომი - დინამო თბ

კოლხეთი ხობი - ჩიხურა

ოდიში 1919 - ტორპედო

სულორი - გურია

ჩხერიმელა - სამტრედია

მერანი - დილა

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 21 სექტემბერს ჩატარდება. მეოთხედფინალის შევხედრები 19 ოქტომბერს გაიმართება, ნახევარფინალი კი, 2 ნოემბერს შედგება. შეგახსენებთ,რომ დავით ყიფიანის სახელობის თასის ყოველი ეტაპი თითო მატჩისგან შედგება.

ლევან კობიაშვილი გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 აგვისტო 2016 10:32
"გლდანში, 21-ე ოლქში, ,,ქართული ოცნება“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ბატონ ლევან კობიაშვილს, ყველასათვის საამაყო კაცს. მას წარმატებული კარიერა ჰქონდა ფეხბურთში. ახლა უერთდება ჩვენს გუნდს და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკასაც საკმაოდ დიდი წარმატებით გაართმევს თავს,"- ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვეტერანი ფეხბურთელი, საქართველოს ფეხბუთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. შეგახსენებთ, ამჟამად ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტია, ფეხბურთის ფედერაცია მან 2015 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგად ჩაიბარა.

სპორტის მინისტრი სფფ-ის პრეზიდენტი ბავშვთა საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 25 ივლისი 2016 16:47

25 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, დიღომში მდებარე ბავშვთა საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკის" მოედნები დაათვალიერა. მინისტრსა და ფედერაციის პრეზიდენტს მასპინძლობა საფეხბურთო სკოლა "ოლიმპიკის" დამფუძნებელმა კარლო მჭედლიძემ გაუწია.

მთავრობის დადგენილებით, აღნიშნული საფეხბურთო კლუბის მიწის ნაკვეთი „ოლიმპიკს" კერძო საკუთრებაში ოფიციალურად დაუმტკიცდა. კლუბის ხელმძღვანელობას სამომავლოდ დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება,  2000 მაყურებელზე გათვლილი ცენტრალური სტადიონის, ასევე ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედნების  მოწყობა, ფეხბურთელებისათვის სასტუმროსა, სამედიცინო ცენტრის მშენებლობა.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო კლუბ „ოლიმპიკში", რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს, აღიზარდნენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორებიც არიან -  გოგიტა გოგუა, ლევან მჭედლიძე, გიორგი მერებაშვილი, ირაკლი მოდებაძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ბაჩანა ცხადაძე, კახა ალადაშვილი, გიორგი ხიდეშელი და სხვები. 

დღეისათვის, საფეხბურთო სკოლა „ოლიმპიკში" სხვადასხვა ასაკის 200-მდე მოზარდი ვარჯიშობს. მიწის ნაკვეთის კერძო მფლობელობაში გადაცემის შემდეგ, ფეხბურთის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კლუბი სამომავლოდ კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხროციელებას გეგმავს.

მძლეოსნობის ფედერაციას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს,- ლევან კობიაშვილი

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 18:53

მძლეოსნობის სტადიონზე ჩატარებული ტურნირებისთვის მძლეოსნობის ფედერაციას ფეხბურთის ფედერაციისთვის გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს, - ამის შესახებ სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა დღეს სპორტული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისუაბრა.

„სტადიონის შენახვა გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ფეხბურთისა და მძლეოსნობის ფედერაციები წლის განმავლობაში ჩასატარებელ ტურნირებს შეთანხმებით დაგეგმავენ.  სტადიონი სფფ-ის განკარგულებიშია,  მძელოსნობის ფედერაციას გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს, თუმცა კონკრეტულ თანხას ჯერ ვერ დავასახელებ. სატელეფონო საუბარი მქონდა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტთან, დეტალები უახლოს მომავალში გაირკვევა. ფეხბურთი, მძლეოსნობა, რაგბი არ უნდა დავყოთ, სპორტის ყველა სახეობა ჩვენია. იგივე მესხის სტადიონზე ჩატარებული მატჩების დროს რაგბის კავშირი და სხვადასხვა კლუბები გარკვეულ საფასურს იხდიან, ჩვენ ვცდილობთ მინიმალური თანხა გადავახდევინოთ," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

შეგახსენებთ,  ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ თბილისში მდებარე სტადიონი, რომელიც „თბილისი 2015-ის“ ფარგლებში მძლეოსნობისთვის აშენდა  სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა, რის შემდეგაც აქ საქართველოს ეროვნული შეჯიბრებები და სხვადასხვა საერთაშორისო მატჩები ჩატარდება.

მძლეოსნობის სტადიონი ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 ივნისი 2016 13:50

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მდებარე სტადიონი დაათვალიერეს. ახალი სტადიონი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობითა და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. დადგენილების შესაბამისად, ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს აღნიშნული სტადიონის უეფას მე-2 კატეგორიის დონეზე მოწყობა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ამ სტადიონით მძლეოსნებიც ისარგებლებენ, მათ შეეძლებათ წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გამოიყენონ ეს კომპლექსი ეროვნული და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად. სწორედ ეს კომპლექსი უახლოეს მომავალში, 2016 წლის  14-17 ივლისს უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მძლეოსნობაში.

უმაღლესი ლიგის წილისყრა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 14 ივნისი 2016 10:57

13 ივნისს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ქვეჯგუფებისა და კალენდრის წილისყრა გაიმართა. გუნდები ორ 7-7 გუნდიან ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. 

თეთრი ჯგუფი 

ლოკომოტივი
ტორპედო
ჩიხურა

გურია
ცხინვალი
დინამო თბ
შუქურა

წითელი ჯგუფი

დილა
ზუგდიდი
დინამო ბთ
სიონი
საბურთალო
სამტრედია
კოლხეთი ფ

უმაღლესი ლიგა სტარტს 7 აგვისტოს აიღებს. 15 აგვისტოს საქართველოს თასის შესარჩევი ეტაპი გაიმართება, 24 აგვისტოს კი, თასის პირველი ეტაპი დაიწყება.

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური