აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "დღეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა "გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქარათველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.
ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ თავზეხელაღებულ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.
საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველო არ სცნობს ე.წ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას და შესაბამისად, არ სცნობს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდს რომელიც გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ამ რეგიონში.
საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ამასთანავე, მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას საერთაშორისოდ აღიარებული სამართლის ნორმებისა და პრინციპების გათვალისწინებით.
წყარო: https://mfa.gov.ge/News/saqartvelo-mkhars-uchers-azerbaijanis-respublikis.aspx?CatID=5&lang=ka-GE
საქართველო გამოხატავს თავის მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ჰამი აქსოის განცხადება, სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე
საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას.
ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს თურქეთის საელჩო საქართველოში.
გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა
გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე ოსებთან და აფხაზებთან ნდობის აღდგენაზე ისაუბრა. „ჩვენთვის არამხოლოდ მნიშვნელოვანია ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება, პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ნდობის აღდგენა,"- განაცხადა პრემიერმა.პრემიერმინისტრმა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო კონსტრუქციულ მიდგომაზეა გადასული.
"ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ რუსეთთან მტრული რიტორიკა ავიცილოთ, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულები გავხდით, მაგრამ აქ არ არის არანაირი კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული, ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ ჩვენი მიდგომა მაქსიმალურად კონსტრუქციულია, რომ მშვიდობიანად ვისაუბროთ კონფლიქტის გადაწყვეტაზე,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.