პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 10 აპრილი 2019 13:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ლილიენ მორი პასკიესთან შეხვედრით დაიწყო.

მამუკა ბახტაძემ და ლილიენ მორი პასკიემ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტში საქართველოს მომავალი პრეზიდენტობა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები.

ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

"მოგეხსენებათ, რომ 2019 საიუბილეო წელია, რადგან ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის, ხოლო ამ მნიშვნელოვან ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე აღინიშნება. ამდენად, განსაკუთრებით მადლობელი ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიესი, რომლის მოწვევით ვიმყოფები სტრასბურგში და მეძლევა შესაძლებლობა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პატივსაცემ დელეგატებსა და სტუმრებს მივმართო. ორმხრივი შეხვედრის დროს განვიხილეთ საქართველოსა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და ხაზი გაესვა დემოკრატიული კონსოლიდაციისა და რეფორმების პროცესს, რაც კიდევ უფრო მყარ ფუნდამენტს შეუქმნის  ჩვენს სამომავლო მიღწევებს. საუბარი ასევე შეეხო ევროსაბჭოს წინაშე ამჟამად არსებულ გამოწვევებს  და მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ პრეზიდენტობას. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და მასთან ერთად განვიხილე ბოლოდროინდელი მოვლენები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები. ჩემის მხრივ ხაზი გავუსვი, რომ საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზად არის. მადლიერება გამოვხატე საქართველოს რეფორმირების პროცესში ევროსაბჭოს ჩართულობისთვის, განსაკუთრებით საპარლამენტო ასამბლეის აქტიურობისთვის და აღვნიშნე, რომ ეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანია ევროპულ სტანდარტებთან ეროვნული პრაქტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესში. შევთანხმდით მაღალი დონის თანამშრომლობის მომავალში გაგრძელებაზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მისი ვიზიტი თბილისში, რომელიც 29-30 აპრილს შედგება. ლილიენ მორი პასკიე საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 08 აპრილი 2019 14:00

8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობს.

სესია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკემ გახსნა. თავის გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ მიუხედევად პრობლემებისა, დღეისათვის ევროპა ისევ ასრულებს მნიშვნელოვან როლს პოლიტიკურ ცხოვრებაში. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ევროპული სახლის დემოკრატიული მიღწევები და ერთად ბევრი უნდა უნდა ვიმუშაოთ, რათა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ეს მიღწევები“, - აღნიშნა მან.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც 12 აპრილამდე გაგრძელდება, სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

მამუკა ბახტაძის გამოსვლა 10 აპრილს არის დაგეგმილი, ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლა კი 11 აპრილს გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საუბრის მთავარი თემა ყველა ის აქტუალური საკითხები იქნება, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. „როგორც ცნობილია, წელს ევროპის საბჭო აღნიშნავს დაარსების 70 წლის, ხოლო საქართველო - ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს. ამ ორგანიზაციამ ფასდაუდებელი დახმარება გაუწია ჩვენს ქვეყანას განვითარების ყველა ეტაპზე, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

 ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018 13:18
2018 წლის 11-12 დეკემებერს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამუშაო ვიზიტით, ქ. სტრასბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, გაბრიელა ბატტაინი დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან, ვოიჩეკ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივანთან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.
 
სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების - „სისტემური განახლების“ კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.
 
მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვა აქტუალური საკითხები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, წლების მანძილზე, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სათანადო ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.

 

 

ეკა ბესელიამ სტრასბურგში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 09 ოქტომბერი 2018 15:55

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში იმყოფება. ქართველმა პარლამენტარმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში. 

სხდომაზე განხილული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე მომზადებული მე-10 ანგარიში.

როგორც ეკა ბესელიამ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, ევროპულ სასამართლოში საქართველოს მიმართ წარდგენილ საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია დაფიქსირდა და ასევე, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა.

„ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად და გასაძლიერებლად.

„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მიერ დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომაც, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ამ საკითხს“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ეკა ბესელიამ, ასევე, მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, რომლის პროექტის ფარგლებში, ბატონ მანჩინის ხელმძღვანელობით, 2014-16 წლებში ახალ ცვლილებებზე იმუშავა და ის საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას ეხებოდა.

„2016 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ჩემი ინიციატივა და დღეს რეგლამენტში გვაქვს ახალი თავი, რომელიც ეხება საპარლამენტო კონტროლს თუ როგორ სრულდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები. ეს ძლიერი მექანიზმია და მას წარმატებით ვიყენებთ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან არჩეული ვარ მეორე ვადით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ და ამ საკითხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:02

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში, საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესზე იქნება საუბარი. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმათამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

„არის რამდენიმე საკითხი, ანგარიში, სადაც საქართველოზეა საუბარი. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საუბარია როგორც მიღწევებზე, ასევე გამოწვევებზე წევრ ქვეყნებს შორის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიესალმებიან საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას და აღნიშნულია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნისთვის“, - განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, მონიტორინგის კომიტეტზე იმსჯელებენ საქართველოს საკითხებზე მომხსენებლების, ტიტუს კორლატეანისა და კერსტინ ლუნდგრენის საქართველოში განხორციელებული ვიზიტის საინფორმაციო ანგარიშზეც.

„საინფორმაციო ანგარიშში მნიშვნელოვანი პოზიტივი არის მოცემული“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის მოწვევით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ადამანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ისაუბრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: სოფიო ქაცარავაეკა ბესელიაირინე ფრუიძეზვიად კვაჭანტირაძედიმიტრი ცქიტიშვილინინო გოგუაძედავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი იღებენ.

 

„სტრასბურგში, პირველი სიის ჩავარდნას გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ“ - თეა წულუკიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017 13:29

იუსტიციის მინისტრმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნის საკითხი შეაფასა. მინისტრი პირველი სიის ჩავარდნას იმ პროცესებს უკავშირებს ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა:

„პირველი სიის ჩავარდნას იმ გაუგონარ პროცესებს ვუკავშირებ ქვეყნის შიგნით და სტრასბურგში, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი გუშინაც კი, საპარლამენტო ასამბლეის კენჭისყრის პარალელურად მუშაობდნენ, მაგრამ საქართველოს ღირსეულმა კანდიდატებმა და ღირსეულთა შორის ღირსეულმა გუშინ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღო ევროპელი დეპუტატების,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტრასბურგში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 10:32

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს შენობაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

დამსწრეებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, თორბიორნ იაგლანდმა მიმართეს.

„ვეფხისტყაოსნის“ მოტივებზე შექმნილი ქეთი მატაბელის და გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს ევროპული კონვენციის ხელმოწერიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად გამოიფინა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისა და მაღალი რანგის შეხვედრების გამართვის პარალელურად, ქართველი დეპუტატები კულტურულ ღონისძიებებსაც მასპინძლობენ.

 

ევროპის საბჭო და ევროკავშირი საქართველოს შესახებ პროექტების შუალედურ შედეგებს წარადგენენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 26 ოქტომბერი 2016 14:54

სტრასბურგი/თბილისი, 24 ოქტომბერი 2016 – პარასკევს, 28 ოქტომბერს ევროპის საბჭო და ევროკავშირი მედიას წარუდგენს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებული პროექტების შუალედურ შედეგებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოში არსებულ რვა პროექტს, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ჯანდაცვასა და ადამიანის უფლებებს ციხეებში, მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმს, ინტერნეტ თავისუფლებას, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, ასევე არჩევნების მხარდაჭერას და ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას.

საქართველოში აღნიშნული 8 პროექტი ხორციელდება ევროკავშირის და ევროპის საბჭოს დაფინანსებით არსებული "პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩოს" (PCF) 2015-2017 ფარგლებში და მათ ახორციელებს ევროპის საბჭო. საქართველოში განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და გარდა იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც საქართველოშია დაგეგმილი, საქართველო ასევე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე მომხსენებლები იქნებიან ბ-ნი კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ბ-ნი იანოშ ჰერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ქ-ნი თეა მაისურაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქ-ნი ინგა კუბეცია - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების ეროვნული კოორდინატორი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ქ-ნი ევა კონეჩნა - პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატში. ჟურნალისტებს შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ შესვენების განმავლობაში.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 28 ოქტომბერს, სასტუმრო თბილისი მარიოტის ბოლრუმში, მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13, თბილისი 0108, საქართველო. პროექტების პრეზენტაციის ნაწილი მედიისთვის ღია იქნება 10:00-დან 10:30 საათამდე. უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

კონფერენციაზე დასასწრებად, სავალდებულოა მედიის წარმომადგენლებმა გაიარონ წინასწარი აკრედიტაცია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის თანამშრომელთან ქ-ნ ქეთევან სახელაშვილთან (JLIB_HTML_CLOAKING ან ტელ: +995 322913870/71/72/73)

ზოგადი ინფორმაცია:

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ ვებ-გვერდზე: http://eap-pcf-eu.coe.int

პარლამენტის დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 11:47

20 ივნისს ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია გაიხსნა, სადაც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს.

სესიის ფარგლებში, ასამბლეის კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების სხდომებიც გაიმართება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაში საქართველოს პარლამენტიდან, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ლევან ბერძენიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი და ჩიორა თაქთაქიშვილი მონაწილეობენ.

„საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი“ -ოთარ კახიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:20

„პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს, ვინაიდან იგი ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ გაექცევა სასამართლო. ამავე დროს, საზოგადოებამ იცის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დევნაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა დასავლეთმა - როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ანუ ეს პოლიტიკური კონტექსტი დასავლეთის შეშფოთებამაც კიდევ უფრო დაამძიმა... სასამართლო ადგენს ევროკომისიის იმ მუხლის დარღვევას (მე18), რომელიც მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მიზნების გარდა სხვა მიზნებით...პირველ ეტაპზე, როდესაც მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა, ამ ეტაპზე ეს მეტ-ნაკლებად უფრო გამართლებული იყო. იმიტომ, რომ სახელწმიფოს მერე აქვს ვალდებულება, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და შეიძლება იმ პირველი წარდგენის დროს, 48 საათში ვერ მოიპოვოს მტკიცებულებების დამაჯერებელი ერთობლიობა. მაგრამ მერე უკვე სტრასბურგის სასამართლომ, დეკემბრის ინციდენტის შემდგომ, დაასკვნა, რომ მერაბიშვილის პატიმრობას თურმე აღმოაჩნდა სხვა მიზნები. ამის გამო დაადგინა იმ მუხლის დარღვევა, რომელიც პირველადი პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს.“- განაცხადა ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ „სტარვიზიის“ ეთერში“. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ოთარ კახიძე პასუხობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური