ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო-რუსეთის დავასთან დაკავშირებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2021 11:22

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე ასამბლეის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხზე იმსჯელეს.

აღნიშნულ თემაზე დელეგატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ კუჭავამ და დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ქართველმა პარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-რუსეთის დავასა და სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე.

„საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების რაოდენობა.

მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მმართველი პარტია მოვიდა, საჩივრების რაოდენობა რვაჯერ არის შემცირებული.

„სტატისტიკური მონაცემები ნათლად ცხადყოფს, რომ მოქალაქეთა უფლებების დაცვის ხარისხი და ადგილობრივი ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების მიმართ ნდობა გაიზარდა ეროვნულ დონეზე, რამაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დაახლოვა.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ღირებულებებზე დაყრდნობილი, ევროპული ინტეგრაციის არჩევანთან დაკავშირებული პროგრესისთვის მუშაობას. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მკაფიოდ განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის განაცხადს გააკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, მიმდინარე თვის დასაწყისში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, რომელიც ახალარჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებული პირველი რეზოლუციაა.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში წარმოდგენილია ახალი პუნქტი რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დავებთან დაკავშირებით ძალისხმევის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების შესახებ, რაც, დეპუტატის განცხადებით, არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ორი სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო: დეპორტაციის საქმე და საქმე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და რომელიც, მისი შეფასებით, ჭეშმარიტად ისტორიული გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნისთვის.

„ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა.

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველო ეყრდნობა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერას სახელმწიფოთაშორისი დავების შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების საქმეში“, - მიმართა ასამბლეის წევრებს მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია.

„საქართველოს მიერ შეტანილი საჩივრების წარმატებული გადაწყვეტა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ემსახურება ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არის ისტორიული გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა და რომ საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

„ცოტა ხნის წინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალა, რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევაში დაადანაშაულა.

საქართველომ სასამართლოს წარუდგინა, დაახლოებით, 700 უტყუარი მტკიცებულება და განაცხადა, რომ რუსეთმა კონვენცია უხეშად დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა „ეფექტურ კონტროლს“ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთსა და „ბუფერულ ზონაში“. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის წარმომადგენლობა და რუსეთზე დამოკიდებულება ადასტურებს, რომ რუსეთი ინარჩუნებს „ეფექტურ კონტროლს“ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოვლენები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოჰყვა, რუსეთის იურისდიქციაში შედის.

აღნიშნული გადაწყვეტილება არის ისტორიული, რომლის თანახმადაც, რუსეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მთელი რიგი მუხლები დაარღვია. ეს დარღვევები ადასტურებს, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთმა ქართველთა ეთნიკური წმენდა განახორციელა. საქართველო და ქართველი ხალხი 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი გახდა“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა ისიც, რომ სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების გამოტანა დაემთხვა ევროპარლამენტის ანგარიშს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, რომელშიც ევროპარლამენტარებმა გამოხატეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ ახორციელებენ უკრაინისა და საქართველოს დიდი ნაწილის ოკუპაციას და რომ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას.

„ხვალ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების საკითხს დააყენებს. რუსეთის დელეგაციის წევრები განაცხადებენ, რომ ისინი იმსახურებენ ამ ასამბლეის წევრები იყონ, მაგრამ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ისინი პატივს სცემენ ამ ან ნებისმიერ სხვა ევროპულ ინსტიტუტს?!

განცხადებები, რომელიც გუშინ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მათი ქვეყნის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა, არის ნათელი დემონსტრირება იმ უპატივცემულო დამოკიდებულებისა, რომელსაც ისინი კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ იჩენენ“, - მიმართა ასამბლეის წევრებს კახაბერ კუჭავამ.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021 15:04
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
 
· სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
· სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
· სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.
ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მათი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

საქართველოს მთავრობა ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 15 მაისი 2018 12:22

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელს ამზადებს.

"ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარზე გვიწევდა და მის გადმოცემაზე მუშაობა ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადის საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემის პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა, ოჯახს და საქართველოს მისცემოდა გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არამხოლოდ ორგანოების გადმოცემის მოთხოვნის ჭრილში, არამედ სხვა მრავალ ჭრილში, მათ შორის სამართლებრივ ჭრილში იმისთვის, რომ როდესაც იუსტიციის სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში იქ ყველა პროცედურული წესი იყოს მაქსიმალურად დაცული და ჩვენს მხარეზე" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის საქმეზე საქართველოს მთავრობის საჩივარი დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 19:13

2016 წლის 17 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა. შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შედის ძალაში და არ მიექცევა აღსასრულებლად. დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყება თავიდან.


მართალია, 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს განიხილა წარმოდგენილი არგუმენტები და იუსტიციის სამინისტროს მიერ შეტანილი საჩივარი დასაშვებად ცნო. იუსტიციის სამინისტროს საჩივარი ეყრდნობოდა იმას, რომ მერაბიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება იყო სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა, რომელიც კონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებულ ამავე სასამართლოს პრეცედენტებს ეწინააღმდეგებოდა. კერძოდ, პირველად დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მე-5.1. მუხლთან ერთობლიობაში ისე, რომ თავად წინასწარი პატიმრობა სრულიად კანონიერად და საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. მანამდე მიღებულ ყველა პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში, სტრასბურგის სასამართლო, როდესაც არ დაადგენდა კონვენციის მე-5.1. მუხლის დარღვევას (ანუ, როდესაც წინასწარი პატიმრობა კანონიერად ჩაითვლებოდა), ავტომატურად მე-18 მუხლის დარღვევასაც დაუდგენლად მიიჩნევდა, ან საერთოდ აღარ განიხილავდა ხოლმე საქმეს მე-18 მუხლის ჭრილში. უფრო მეტიც, სასამართლოს პრაქტიკაში არის არაერთი გადაწყვეტილება, როდესაც არ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი პატიმრობა უკანონოდ იქნა მიჩნეული. იუსტიციის სამინისტრო აპელირებდა ასევე იმ გარემოებაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრეცედენტის თანახმად,მე-18 მუხლის დარღვევის მტკიცების სტანდარტი იმდენად მაღალია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო მოტივის არსებობა უნდა იყოს აბსოლუტურად ცხადი და ყოველგვარ ეჭვს მიღმა, რაც მერაბიშვილის საქმეზე მხოლოდ მისივე სათუო და ზედაპირული განცხადებებით იყო გამყარებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, და იმის გათვალისწინებით, რომ თავად სტრასბურგის სასამართლომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა კანონიერად მიიჩნია, ხოლო სახეზე არ იყო 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ცალსახად დამადასტურებელი მტკიცებულება ან უდავო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა, როგორც ამას სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ითვალისწინებს,იუსტიციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისმა პალატამ 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით გადაუხვია მე-18 მუხლთან მიმართებით მანამდე დადგენილ სტანდარტებს.

ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ამიერიდან სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მიიღებს, რომელიც საქმის გარემოებების განხილვას თავიდან შეუდგება. როგორც სასამართლოს წერილშია აღნიშნული, დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მეორე მხარესაც და დიდი პალატა მომდევნო პროცედურის შესახებ მხარეთა ინფორმირებას მოკლე ვადებში მოახდენს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს“ - დავით ჯანდიერი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:24

„რეალურად, გადაწყვეტილება, რომელიც არის გამოტანილი, არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება უკავშირდება წინასწარი პატიმრობის საკითხს მანამ, სანამ იქნებოდა გამოტანილი განაჩენი მის მიმართ. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობის 8 თვიანი პერიოდი, რომელიც მას ჰქონდა შეფარდებული, იყო შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან და დადგენილ სტანდარტებთან. სტრასბურგის სასამართლომ ასევე იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს 22-25 მაისის განჩინებები, რითაც მას შეეფარდა პატიმრობა, მანამ სანამ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ასევე შესაბამისობაშია კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან, მე-5 მუხლთან, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა არის სხვა ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება ბატონი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, რომელთა მიმართებაშიც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა კონვენციასთან შეუსაბამობა. კერძოდ, ეს ეხება სექტემბრის შუამდგომლობას, როდესაც ის ითხოვდა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას. ამ შუამდგომლობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით და არ დაასაბუთა, რის გამო ეუბნებოდა უარს. ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა მერაბიშვილთან მიმართებაში ამ ეპიზოდში. ანუ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი კონვენციასთან შესაბამისად იქნა მიჩნეული, ხოლო მე-3 ნაწილი იყო კონვენციასთან შეუსაბამო.“ - განაცხადა  პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით ჯანდიერი პასუხობს.

„მერაბიშვილისთვის ეს არის შირმა, რათა გადაფაროს სხვა თემები“ - გედევან ფოფხაძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:22

„მე მესმის, რომ ჩვენ აღფრთოვანებული არ უნდა ვიყოთ რომ სტრასბურგის სასამართლოსგან ასეთი საყვედური მივიღეთ. განჩინების დასაბუთებულობის უფრო მაღალი სტანდარტი არ იქნება ზოგადად ცუდი არც კონკრეტულად წინასწარ პატიმრობაში მიმართებით არ იქნება ცუდი. რაც შეეხება იმას, რომ ეს უნდა განხილულიყო პოლიტიკურ ჭრილში, ესეც იყო გარკვეული მინიშნება. ზოგადად, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა მერაბიშვილთან დაკავშირებით იყო კანონიერი, მაგრამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მაინც იყო შენიშვნები. ალბათ, ჩვენ მოგვიწევს ფიქრი იმაზე, რომ სრულფასოვანი გამოძიება ჩატარდეს ვანო მერაბიშვილის განცხადების თაობაზე. მე კი მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური ინსიუანციები, რომელსაც ვანო მერაბიშვილი საკუთარი თავის დასაცავად იყენებს. დღესაც მისთვის ეს არის გარკვეული შირმა იმისთვის, რომ გადაფაროს სხვა თემები. კერძოდ კი ის თემები, რომ არსებობს მრავალი ათასი ადამიანი, რომელთა უფლებებიც დაირღვა სწორედ ვანო მერაბიშვილის უკანონო ქმედებებით.“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს გედევან ფოფხაძე პასუხობს.

„საქმის გამოძიებას ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და სასჯელაღსრულების მინისტრი“ -ოთარ კახიძე (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:20

„პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს, ვინაიდან იგი ეხება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პატიმრობას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ გაექცევა სასამართლო. ამავე დროს, საზოგადოებამ იცის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების დევნაზე საკმაოდ მკაცრი რეაგირება მოახდინა დასავლეთმა - როგორც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებმა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ანუ ეს პოლიტიკური კონტექსტი დასავლეთის შეშფოთებამაც კიდევ უფრო დაამძიმა... სასამართლო ადგენს ევროკომისიის იმ მუხლის დარღვევას (მე18), რომელიც მიუთითებს, რომ არ შეიძლება კონვენციით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა სამართლებრივი მიზნების გარდა სხვა მიზნებით...პირველ ეტაპზე, როდესაც მერაბიშვილს პატიმრობა შეეფარდა, ამ ეტაპზე ეს მეტ-ნაკლებად უფრო გამართლებული იყო. იმიტომ, რომ სახელწმიფოს მერე აქვს ვალდებულება, რომ მტკიცებულებები შეაგროვოს და შეიძლება იმ პირველი წარდგენის დროს, 48 საათში ვერ მოიპოვოს მტკიცებულებების დამაჯერებელი ერთობლიობა. მაგრამ მერე უკვე სტრასბურგის სასამართლომ, დეკემბრის ინციდენტის შემდგომ, დაასკვნა, რომ მერაბიშვილის პატიმრობას თურმე აღმოაჩნდა სხვა მიზნები. ამის გამო დაადგინა იმ მუხლის დარღვევა, რომელიც პირველადი პატიმრობის შეფარდებას ითვალისწინებს.“- განაცხადა ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ოთარ კახიძემ „სტარვიზიის“ ეთერში“. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს ოთარ კახიძე პასუხობს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეთა ხუთეული

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 29 თებერვალი 2016 10:25

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად ქულათა ჯამით ხუთი კანდიდატი შეარჩია:  ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე.  სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის კანდიდატურებთან გასაუბრებას მთელი დღის განმავლობაში  სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია ატარებდა.

კომისიის 11-მა წევრმა 11 კანდიდატი შეაფასა. მეთორმეტე კანდიდატმა ნინო პეპანაშვილმა საკუთარი კანდიდატურა გასაუბრების დღეს მოხსნა. დღის ბოლოს კომისიის წევრთა შეფასებები მათივე თანდასწრებით დაჯამდა და ყველაზე მაღალი ქულების მქონე კანდიდატთა ხუთეული შედგა, რომელიც მთავრობას წარედგინება.

სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრები არიან: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე  მზია თოდუა; საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი;  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანიირაკლი ბურდული; კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი. 

 აღსანიშნავია, რომ კომისია იმ 11 კანდიდატს გაესაუბრა, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შედეგად შერჩეული ხუთი კანდიდატიდან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად.

 გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა. 

 მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
 

კონკურსი სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 15:51

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევად დღეიდან კონკურსი ცხადდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 30 წლიდან 65 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ საქართველოს სახელმწიფო ენას; ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენას (ინგლისური ან ფრანგული); ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, შესაბამის პრეცედენტულ სამართალს და აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება; საერთაშორისო საჯარო სამართლის პრინციპებსა და საქართველოს  კანონმდებლობას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე; უნდა ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია. საბუთებისა და განაცხადების მიღება 2016 წლის 6 თებერვლამდე გაგრძელდება.

შემოსული განაცხადებიდან სამ კანდიდატურას სპეციალური სამთავრობო კომისია შეარჩევს, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში იქნებიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

კონკურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. მოსამართლეობის მსურველები ჩააბარებენ გამოცდას უცხო ენაში, რის შემდეგაც გასაუბრება გაიმართება. კომისია კონკურსის მონაწილეთაგან სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთაგან ერთი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. სამკაციანი სია საქართველოს მთავრობას 2016 წლის 15 აპრილამდე წარედგინება; მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ კი კანდიდატურები ევროპის საბჭოს მრჩეველთა საკონსულტაციო კოლეგიას 2016 წლის 26 მაისამდე წარედგინება.

ასამბლეა ახალ მოსამართლეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს. საქართველოდან არჩეულ მოსამართლეს უფლებამოსილების 9-წლიანი ვადა 2017 წლის 1-ლ იანვარს გასდის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საკონკურსო განაცხადის შევსება და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მოიძიონ ვებგვერდებზე:www.hr.gov.ge და www.jobs.ge
 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური