2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 19 იანვარი 2020 13:34

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი. დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდნენ 11 ნომინაციაში, ასევე დაწესებული გახლდათ 10 სპეციალური პრიზი.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული 6 მსოფლიოს ჩემპიონს გადაეცა: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სპორტსმენები საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები, როგორც საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში და წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი, ნონა გაფრინდაშვილი დააჯილდოვა.

2019 წელი განსაკუთრებული იყო ქართულ სპორტში. ქართველმა სპორტსმენებმა სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვეს 1 200-ზე მეტი მედალი. პირველად ისტორიაში, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავს 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გამართული ღონისძიების წამყვანები იყვნენ: ელენე კალანდაძე და გიორგი ჭანიშვილი. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხის“ ეთერში გადაიცა.

სამინისტრო მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს ღონისძიებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერისთვის.

ნომინაციებში გამარჯვებულები:

1. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები

2. 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი - ლაშა ბექაური (ძიუდო)

3. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში - ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)

4. 2019 წლის საუკეთესო მსაჯი - რუსუდან ხოფერია (ბატუტზე ხტომა)

5. 2019 წლის საუკეთესო ფედერაცია მოპოვებული შედეგების მიხედვით - ჭიდაობის ფედერაცია

6. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო)

7. 2019 წლის საუკეთესო მენეჯერი - კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი)

8. 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე (თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი)
9. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი კაცი - რევაზ ჩიკოიძე
10. 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი - ირმა ხეცურიანი
11. 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო), ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ბექა ლომთაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)

სპეციალური პრიზების მფლობელები:

1. 2019 წლის აღმოჩენა - ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე - ბატუტზე მხტომელთა წყვილი; მარია კაზაკოვა და გიორგი რევია - ფიგურული ციგურაობის წყვილი
2. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ქველმოქმედებისთვის - „არქი ჯგუფი“
3. 2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი ინდივიდუალურ სახეობებში - საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
4. საქართველოში მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მასპინძლობის უფლების მოპოვებისთვის - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია; საქართველოს სათხილამურო ფედერაცია
5. სპორტში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციისთვის  - „კაჭრეთი ამბასადორი“; „თბილისი ჰილსი“
6. საუკუნის მოვლენა საქართველოს ოლიმპიზმის ისტორიაში - ნინო სალუქვაძე
7. 2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი - ნონა გაფრინდაშვილი
8. 2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე - თათია დარსაველიძე
9. 2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი  - გიორგი შერმადინი 
10. 2019 წლის საუკეთესო სპორტული რეგიონი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

მუხიანში რაგბის ახალი კომპლექსის მშენებლობა სრულდება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 05 მაისი 2017 14:33

თბილისის მერი დავით ნარმანია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი  და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნენ. 

"სასიხარულოა, რომ თბილისს კიდევ ერთი სპორტული ობიექტი და რაგბის ახალი კომპლექსი შეემატა. გარდა იმისა, რომ ეს კომპლექსი რაგბიში 20-წლამდელთა მსოფლიო თასს მოემსახურება და გუნდები საწვრთნელ ვარჯიშებს გამართავენ, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ თბილისის ამ რაიონის მაცხოვრებლებს და ზოგადად ჩვენს ახალგაზრდობას საშუალება მიეცემა სპორტით დაკავდნენ. 

ამ ბაზაზე ვარჯიში არა მხოლოდ რაგბიში, არამედ რამდენიმე სხვა სახეობაშიც იქნება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ჩვენი მომავალი თაობისთვის. სპორტში ინფრასტრუქტურლი აღმშენებლობა გრძელდება, როგორც ქალაქის პირობებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიხარია, რომ ამ ახალ არენაზე საშუალება მოგვეცემა ვუმაპსინძლოთ როგორც ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს, ასევე საერთაშორისო ტურნირებს." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.  

დედაქალაქს  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, 4 ჰა ტერიტორიაზე განთავსებული რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი ექნება.

სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. დასრულდა ძირითადი სამშენებლო სამუშაოები - ადმინისტრაციული შენობის, ტრიბუნებისა და სავარჯიშო დარბაზის მშენებლობა, მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე. პროექტის ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონების საფარის მოწყობა, კოსმეტიკური სამუშაოები, ასევე შიდა ტერიტორიაზე კეთილმოწყობითი სამუშაოები.

სავარჯიშო კომპლექსში ოთხი მოედანი განლაგდება: ერთი ბუნებრივსაფარიანი, ორი ხელოვნური და ერთიც ქვიშის. კომპლექსი სავარჯიშო დარბაზის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რომელიც  სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის მიხედვით აშენდება 1 000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა. სავარჯიშო კომპლექსს ექნება საკუთარი პარკინგის ზონა.

რაგბის სავარჯიშო კომპლექსს შპს „საბა კონსტრაქშენი" აშენებს, სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. მშენებლობისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 499 000 ლარი დაიხარჯება.

2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით  საქართველოში 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც მონაწილე ნაკრებების ნაწილი საწვრთნელ ვარჯიშებს სწორედ მუხიანის რაგბის ახალ სტადიონზე  გამართავს.

სპორტის სამინისტრომ სპორტსმენებთან ერთად ანტინიკოტინური კამპანია დაიწყო

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 25 აპრილი 2017 11:48

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად „ანტინიკოტიკური კამპანიის" სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სადაც აქტიურად მონაწილეობენ სპორტის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. 

კამპანიას მხარს უჭერენ მოქმედი გამოჩენილი ქართველი სპორტსმენები, ეროვნული ნაკრების წევრები, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები, რომელთა მოწოდებებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კამპანიის მიზნების განხორციელებაში.

კამპანიის მთავარ მიზანია მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების შემცირება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. ასევე, მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც დადასტურებულია სხვადასხვა დროს ჩატარებული კვალიფიციური კვლევებით.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება შესაბამისი ბანერების, ვიდეორგოლების, ფლაერების და სხვადასხვა საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება. 

სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მთელი წლის განმავლობაში ასევე მოეწყობა რამდენიმე „ანტინიკოტიკური" ღონისძიება, რომელშიც სპორტსმენებთან ერთად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები. 

კოლუმბიელი მორაგბეები მომზადებას საქართველოში გაივლიან

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 28 მარტი 2017 15:47

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და კოლუმბიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტი, რომელსაც ხელი  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და კოლუმბიის რესპუბლიკის  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრამ მოაწერეს, ითვალისწინებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას სპორტის მიმართულებით. კერძოდ, პირველ ეტაპზე საქართველოში მომზადებას კოლუმბიის მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები გაივლის. თანამშრომლობის მომდევნო ეტაპი კი სპორტის სხვა სახეობებში, როგორებიცაა ფეხბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ავტოსპორტი - სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების  და შესაბამისი გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 2017 წლის 22 თებერვალს უმასპინძლა კოლუმბიის ოფიციალურ დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში იყვნენ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პატი ლონდონიო ხარამილიო და კოლუმბიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ხუან ალფრედო პინტო საავედრა. სამინისტროში გამართული შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში კოლუმბიის მორაგბეთა ასაკობრივი ნაკრების მომზადების გავლას, სპორტის სხვადასხვა სახეობებში სპორტსმენთა და მწვრთნელთა მომზადების საკითხებს, ასევე დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერასთან დაკავშირებულ პროცედურები.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:
„უცხოელების ასეთი დაინტერესება და სურვილი, სპორტსმენებმა საქართველოში გაიარონ მომზადება, იმის აღიარებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება სპორტის განვითარების მიმართულებით სწორ რეფორმებს ატარებს. უშუალოდ ეს მემორანდუმი საშუალებას მისცემს ჩვენს სპორტულ ფედერაციებს მოიწვიონ კოლუმბიელი სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც მათ საქმიანობას წაადგება. უახლოეს მომავალში საქართველოს ესტუმრება კოლუმბიელ მორაგბეთა ორი ასაკობრივი ნაკრები, ისინი ჩვენ სარაგბო ბაზებზე გაივლიან მომზადებას. თუმცა, ჩვენი და კოლუმბიის მხარის თანამშრომლობა მხოლოდ სპორტის ერთი სახეობით არ შემოიფარგლება და ერთობლივად ბევრ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. მისასალმებელია სტუმრების ინტერესი საქართველოს მიმართ, ქვეყნისადმი, სადაც თავისუფლად შეიძლება დიდი საერთაშორისო სპორტული ღონისძიების გამართვა და შეკრებების მოწყობა.  ძალიან სასიხარულოა, რომ ქართული სპორტის ბოლოდროინდელი წარმატებები საერთაშორისო ასპარეზზე შეუმჩნეველი არ რჩება."

სპორტული დიპლომატიის სფეროში მსგავსი სახის თანამშრომლობა საქართველოსთვის ახალი გამოცდილებაა. კოლუმბიურ მხარესთან  ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებაზე სპორტის მეშვეობით.

დღესვე,  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში კოლუმბიის კულტურის კვირეული გაიხსნება, რომელიც 31 მარტამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კოლუმბიის პირველი კინოფესტივალის ჩატარებაც. გარდა ამისა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ფოიეში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ძველი ესპანური კოლუმბიის ეპოქაში ოქროთი ვაჭრობის დაწყება".

ახალგაზრდა მორაგბეები სამხრეთ აფრიკელ თანატოლებთან სპარინგ-მატჩებს გამართავენ

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 12:16
საქართველო და სამხრეთ აფრიკა სპორტის სფეროში თანამშრომლობას რაგბით დაიწყებენ. სამხრეთ აფრიკული კომპანია Global Sports Management & Events Group (GSMEG) საქართველოში რაგბის აკადემიის გახსნას გეგმავს. საქართველო და სამხრეთ აფრიკა სპორტის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ. ამ მხრივ პირველი ნაბიჯები რაგბის მიმართულებით გადაიდგმება. ქართულ გუნდებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა დასავლეთ კეიპის პროვინციის კლუბმა "WP Rugby Academy" (Villagers Rugby Club). აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში, აღნიშნული კლუბის ეგიდით, საქართველოს ესტუმრება სამხრეთ აფრიკელ ახალგაზრდა მორაგბეთა გუნდი და ჩაატარებს რამდენიმე სპარინგ-მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან, რომელიც საქართველოში გასამართი მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება. რაგბის შემდეგ იგეგმება თანამშრომლობა სპროტის სხვა სახეობებში. ამ საკითხებზე სასაუბროდ და დეტალების დასაზუსტებლად სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძემ და სამხრეთ აფრიკული კომპანიის Global Sports Management & Events Group (GSMEG) ხელმძღვანელმა საიმონ კლარკმა, ასევე სამხრეთ აფრიკა- საქართველოს სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა მარიუს ჰაინსმა. შეხვედრას ესწრებოდა რაგბის კავშირის ოპერაციული მიმართულების დირექტორი ლაშა ხურციძე.

სასკოლო ოლიმპიადა გაიხსნა

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 17:57

საქართველოს მთავრობის ინიციატივას, რომელიც საჯარო სკოლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას უკავშირდება თბილისის 51-ე საჯარო სკოლა შეუერთდა და სპორტის 12 სახებაში სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება დაიწყო. სასკოლო ოლიმპიადის ორგანიზებაში ჩართული არიან სპორტული ორგანიზაციები, რომლებსაც მხარს უჭერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.

24 თებერვალს 51-ე სკოლას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრნენ და სასკოლო ოლიმპიადა, რომელშიც 50 ბავშვი ჩაერთო ოფიციალურად გახსნეს. სკოლის მოსწავლეებს ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმაც მიმართა და მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვა.

ტარიელ ხეჩიკაშვილი:" სასიხარულოა, რომ მთავრობის ინიციატივას სპორტი შევიდეს სკოლაში, ასეთი საქმიანი გამოხმაურება აქვს საჯარო სკოლებში, ვხედავთ უამრავ ბავშვს ბედნიერი სახეებით, სურვილით იმის, რომ სპორტით დაკავდნენ. ცხადია, მთავრობაც და მთლიანად სპორტული საზოგადოება ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ბავშვს შეეძლოს მისთვის სასურველი სპორტის სახეობაში ვარჯიში.

დარწმუნებული ვარ, აქ გაიზრდებიან მომავალი ჩემპიონები, ჩვენი ჯანსაღი თაობა. ჩვენი მიზანია, რომ სპორტულ აქტივობებში ყველა ჩაერთოს, როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრული ადამიანები. მასობრიობა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულებაა. მადლობა  ყველას, ვინც ამ ინიციატივას გამოეხმაურა და შეუერთდა".

ალექსანდრე ჯეჯელავა:" ეს ოლიმპიადა ლოკალურია, მარამ მსგავსი ოლიმპიადები მთელ საქართველოში ჩატარდება. ჩვენი პროგრამა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. ეს ნიშნავს, რომ სოფლის სკოლებში, ქალაქებში, მცირე თუ დიდ სკლებში ყველგან რეგულარულად ჩატარდება მსგავსი შეჯიბრები. სასიხარულოა, რომ ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული სპორტული ფედერაციები, ისინი სკოლებს დაეხმარებიან სპორტის მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაში. ჩვენ ამ პროსესს ყველანაირად ხელს შევუწყობთ".

სპორტის სამინისტრო ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის საპილოტე პროგრამაში მონაწილეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 11:58

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) წარმომადგენელს და უცხოელ ექსპერტს მაიკლ ლექის უმასპინძლა.

მათ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების  საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების - ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების მიმდინარეობა განიხილეს. აღნიშნულ რეფორმაში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2016 წელს ჩაერთო.

რეფორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინაციით ხორციელდება.

აკაკი ლოდიამ და მაიკლ ლექიმ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის ეტაპების მიმდინარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სამინისტროში ფინანსური მართვისა და კონტროლის მიზნებისთვის მენეჯერული ანგარიშვალდებულების გაზრდაზე, გადანაწილებულ უფლებამოსილებებზე  და დელეგირებაზე,  რაც გამოიწვევს საბიუჯეტო ხარჯების კიდევ უფრო ეკონომიურად, ეფექტურად და პროდუქტიულად ხარჯვას, აამაღლებს მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების ხარისხს.

მხარეებმა განიხილეს რეფორმის მიმდინარე მიღწევები. აკაკი ლოდიამ, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.

აკაკი ლოდია (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე): „ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა უცხოელი ექსპერტი ბატონი მაიკლ ლექი. შეხვედრაზე განვიხილეთ ფინანსური მართვისა და კონტროლის დანეგვის მიმდინარეობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.  აღნიშნული რეფორმა გულისხმობს ფინანსური მართვისა და კონტროლის თანამედროვე პრინციპებისა და სტანდარტების პრაქტიკაში დანერგვას,  რაც უზრუნველყოფს საბიუჯეტო ასიგნებებისა და შემოსულობების კიდევ უფრო პროდუქტიულ და ეფექტურ ხარჯვას. უნდა აღინიშნოს, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთია იმ ოთხი სამინისტროდან, რომელშიც უკვე წელს დაიწყება რეფორმის მეორე ეტაპი - მენეჯერული კონტროლი".

რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასისთვის სავარჯიშო მოედნები შერჩეულია

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 18:35

14 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდული გაფორმდა 2017 წელს ახალგაზრდებს შორის საქართველოში გასამართი რაგბის მსოფლიო თასის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფის შესახებ.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის" გენერალურმა დირექტორმა კორნელი კოკაიამ, „ოლიმპიკის" დირექტორმა კარლო მჭედლიძემ და თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია"-ს ვიცე-პრეზიდენტმა თენგიზ სულაქველიძემ.

„აღნიშნული ბაზები უკვე მოინახულეს მსოფლიო რაგბის საერთაშორისო ექპერტებმა. მათ დაადასტურეს, რომ არსებული მოედნები ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს,  რაც აუცილებელია მსგავსი ჩემპიონატის მასპინძლობისთვის." - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე. 

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ ნებას, ხელი შეუწყონ 2017 წლის 30 მაისიდან 2017 წლის 19 ივნისის ჩათვლით, საქართველოში გასამართ, რაგბში მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და ჩატარებისათვის შესაბამისი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას. 

კერძოდ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, შპს „საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი", შპს „ოლიმპიკი" და შპს „თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემია" უზრუნველყოფენ მათ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული სათამაშო მოედნების კავშირისთვის იჯარით გადაცემას. ამ მოედნებს  ჩემპიონატის მონაწილე გუნდები საწრთვნელ/საშეჯიბრო პროცესის დროს გამოიყენებენ.

თავის მხრივ, სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს ორგანიზაციების თანამშრომლობას რაგბის კავშირთან. ორგანიზაციების მიერ კავშირისთვის უძრავის ქონებების გადაცემასთან დაკავშირებული კონკრეტული პირობები განისაზღვრება ამ ორგანიზაციებსა და კავშირს შორს ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

მთამსვლელთა წარმატებული ასვლები ჰიმალაიზე, ტიანშანსა და კავკასიონზე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 16:23

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მთამსვლელთა გართიანებული ფედერაციის ორგანიზებით ტიანშანის, ჰიმალაისა და კავკასიონის  მწვერვალებზე ქართველმა მთამსვლელებმა მნიშვნელოვანი ასვლები განახორციელეს.

ქართველმა ალპინისტებმა კავკასიონზე მწვერვალი უშბა (უმაღლესი  კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე),  მწვერვალი ჩათინი (უმაღლესი სირთულის მარშრუტი ე.წ. რომბზე), ტიანშანში პირველი ქართული გზა კორონას სამხრეთ კედელზე, ხან-თენგრი 7 010 მ, მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6 918 მ, ხოლო ჰიმალაიში მწვერვალი მანასლუ 8 163მ მ. ნეპალი) დალაშქრეს. აღსანიშნავია, რომ 14 რვაათასიან მწვერვალს შორის მანასლუ  სიმაღლით მე-8 ადგილზეა, ხოლო მწვერვალ ჩათინზე ქართველებმა ეს მარშრუტი ბოლოს 20 წლის წინ გაიარეს.

აღსანიშნავია ასევე ორ თვიანი ექსპედიცია ტიან-შანი 2016, შუა აზიაში, რომლის ფარგლებშიც ალა-არჩას ხეობაში პირველი ქართული გზა  დაემატა.

ამის შემდეგ კი განხორციელდა ასვლა ხან-თენგრიზე, რომელიც ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე 7000 მ. სიმაღლის მთად ითვლება.მესამე ასვლა განხორციელდა მწვერვალ ვაჟა-ფშაველაზე მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში 6 918მ-ზე.შუა აზიიდან დაბრუნებულმა ჩაბმამ ჭაუხში ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველი გავლა განახორციელა.

წარმატებული ასვლებიდან დაბრუნების შემდეგ, 17 ნოემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მთამსვლელთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბიძინა გუჯაბიძე, გენერალური მდივანი გივი ქართველიშვილი და ახალგაზრდა მთამსვლელები შეხვდნენ.

პრესკონფერენციაზე საუბარი იყო ბოლო პერიოდში განხორციელებულ წარმატებულ ასვლებზე, ახალგაზრდა მთამსვლელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2016 წლის ასვლების შესახებ, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და ერთობლივად დაგეგმილ პროექტებსაც.

1) მწვერვალი მანასლუ /8163მ./ ნეპალი, ჰიმალაები
 ა.ცინცაძე

2) მწვერვალი ჩათინიუმაღლესი სირთულის /VI/ მარშრუტი .რომბზე
ა.ბადრიაშვილი /ხელმძღვანელი/
ბ.გელაშვილი
გ.ტეფნაძე

3) 
მწვერვალი უშბაუმაღლესი /VI/ კატეგორიის სირთულის მარშრუტი სამხრეთ უშბაზე
ი.ბერულავა
ბ.გუჯაბიძე /ხელმძღვანელი/
ი.გუჯაბიძე
ზ.კვესტაძე
ბ.ფაჯიშვილი

4) კორონა, ახალი გზა სამხრეთ კედელზე

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

5) ხან-თენგრი, 7010 მ.

არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე

6) მწვერვალი ვაჟა-ფშაველა 6918 მ. ქართული გზით

7) ასათიანის აღმოსავლეთ კედლის პირველ-გავლა

გიორგი ტეფნაძე, არჩილ ბადრიაშვილი

 

"სასკი ბასკონიას" საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიმართავს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 29 ივლისი 2016 10:17

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ს/ს „სასკი ბასკონიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების შესახებ ფედერაციის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და ყოფილმა გამგეობის ყოფილმა წევრმა კახა შენგელიამ პრესაში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა და  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წერილობით მიმართა. აღნიშნულ კონტრაქტთან დაკავშირებით სამინისტრომ „სასკი ბასკონიასგან“ წერილობითი პასუხი მიიღო, რომელსაც თავად „სასკი ბასკონიას“ თხოვნით ვაქვეყნებთ:

ბატონო ტარიელ,

მოგმართავთ ბატონ კახა შენგელიას წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და ს/ს სასკი ბასკონიას შორის ხელმოწერილ ხელშეკრულებას. მინდა გამოვხატო ჩვენი გაკვირვება იმ მტკიცებულებებზე და „ბრალდებებზე“, რომელიც მოცემულია წერილში ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთანდაკავშირებით.

მინდა კომენტარი გავაკეთო შემდეგ ასპექტებზე იგივე მიმდევრობით, როგორც იმ წერილში არის გადმოცემული:

ნამდვილად ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფონდ 5+11 და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის და ნამდვილად მისი ერთადერთი მიზანი არის საქართველოში კალათბურთის განვითარება.

ხელშეკრულება შედგება 2 ნაწილისაგან:

1.პროფესიონალიზმისთვის „კარის“ გაღება კალათბურთელების მომზადების საშუალებით ესპანეთში.

2.კალათბურთის განვითარების და კალათბურთელების მომზადების აქტივობების ჩატარება საქართველოში.

1. პროფესიონალიზმისთვის „კარის“ გაღება: ხელშეკრულების ეს ნაწილი ისწრაფვის ისეთი პროფესიული კლუბის კარი გაუღოს, როგორიც ჩვენი კლუბია, ყველა იმ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშეს, რომელთაც აქვთ საჭირო და ადექვატური შესაძლებლობები და დამოკიდებულება, იმისათვის რომ იყვნენ პროფესიონალი კალათბურთელები და მომავალში გააძლიერონ საქართველოს ნაკრები. ამ შესაძლებლობას მხოლოდ ვაძლევთ საერთაშორისო დონის ტალანტის მქონე მოთამაშეებს და ახლა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ექსკლუზიურად, ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებსაც.

ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ მივიღოთ საშუალოდ 3 ქართველი ახალგაზრდა წელიწადში, ჩვენი კლუბის სტიპენდიანტების სტრუქტურაში ჩასართავად, რაც ნიშნავს: მწვრთნელთა მაღალი დონე, სამუშაოს მაღალი დონე, შესანიშნავი ინფრასტრუქტურა და მოწყობილობები, შეჯიბრების მაღალი დონე, რომელშიც მონაწილეობენ და მათ გარშემო მყოფი პროფესიონალების გუნდი: ფიზიოლოგები, ექიმები, ფსიქოლოგები და ა.შ. ხუთი წლის შემდეგ, მინიმუმ 15 ახალგაზრდა 14–დან 19 წლამდე ასაკის გაიწვრთნება და ჩამოყალიბდება ჩვენს სტრუქტურებში. ეს შესაძლებლობა არასდროს იქნებოდა რეალური და აღსრულებადი ხელშეკრულების გარეშე. ამ მომსახურების გაწევა, უკვე თავის მხრივ ფარავს იმ თანხას, რომელიც გაიწერა ხელშეკრულებაში, მაგრამ გარდა ამისა, როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიზნებთან თანხვედრა, მათ ვთავაზობთ ჩვენი

ყველა ნიჭიერი ახალგაზრდის მომზადების უფლებების 30%–ს და ყველა ქართველი მოთამაშის 50%–ს. ეს თანხა დაბრუნდება მე–8 წლიდან, როდესაც მოთამაშე იწყებს მომზადებას როგორც სტიპენდიანტი ჩვენთან (დაახლოებით 15 წლის ასაკში) და როდესაც სრულყოფილად ჩამოყალიბდა (22–23 წლის ასაკში). რადგან ასე დარწმუნებული ვართ ამ თანხის დაბრუნებაში, ფედერაციას გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც გარანტიას ვაძლევთ, უკიდურეს შემთხვევაში,

ამ ნაწილში გადახდილი თანხის (იგულისხმება ესპანეთში კალათბურთელების მომზადება) დაბრუნებაზე, აქედან გამომდინარე, 15 ახალგაზრდის ესპანეთშიმომზადება საბოლოო ჯამში იქნება უფასო.

2.კალათბურთის განვითარების და კალათბურთელების მომზადების აქტივობების ჩატარება საქართველოში: ხელშეკრულების ეს ნაწილი გულისხმობს სასკი ბასკონიას საშუალებით

სხვადასხვა ინიციატივების გამოყენებით, წვლილი შევიტანოთ ადგილობრივი კალათბურთის განვითარებაში. ამ მიზნით ჩატარებული აქტივობები 1 წლის განმავლობაში იყო შემდეგი:

 - სავარჯიშო ბანაკი ესპანელი და ქართველი მწვრთნელების მონაწილეობით

160 ახალგაზრდისათვის პირველ წელს და 80–სათვის მეორე წელს.

- მწვრთნელთა ტრენინგები.

- საქართველოში კალათბურთის განვითარების სტრატეგიული გეგმა

მომავალი 5 წლისათვის. საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა.

- 16 ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელისთვის დახელოვნების კამპუსი

ვიტორიაში 15 დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ 400 ახალგაზრდასთან ერთად. ხელშეკრულების თანახმად გათვალისწინებულია 200000 ევროს გადახდა ყოველ წელს სხვადასხვა აქტივობებისათვის, მაგრამ ხარჯი არ არის აუცილებელი, არამედ დაკავშირებულია იმ პროგრამებთან, რომლებიც განხორციელდება და რომელშიც სასკი ბასკონია თავის მომსახურებას აფასებს თვითღირებულებით, მოგების გარეშე, თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაბამისად. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ხელშეკრულების პირველ ნაწილში გარანტირებულია თანხის დაბრუნება და მეორე ნაწილის გადახდა ხდება თვითღირებულებით, არ მესმის რატომ ხდება მინიშნება, რომ მხარეებს შორის არსებობს შეთანხმება კერძო ინტერესების გათვალისწინებით და რომ თანხა არ გამოიყენება ქართული კალათბურთის განვითარების მიზნებისათვის. წერილის შემდგომი ნაწილი ეხება 1.912.782 ლარის გადარიცხვას, რომელიც განხორციელდა სამი მოთამაშისთვის: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე დანიკა დარბაიძე. ისევ ტყუილია და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან გადარიცხული თანხა არ არის მხოლოდ ამ მოთამაშეებისთვის, არამედ იმ შეთანხმების შესასრულებლად, რომელშიც გაწერილია ეკონომიკური ვალდებულება ამ წერილში აღნიშნული

პირველი მიზნის შესასრულებლად.ფედერაციასთან შეხვედრებზე უკვე აღინიშნა, რომ იდეალური იყო ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის სტიპენდიის მიცემა, რაც საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ მათი ტექნიკური ფორმა და მდგომარეობა 14–15 წლის ასაკიდან. პირველი წლისათვის გადაწყდა, ფედერაციასთან ერთად: იმის გამო, რომ ბიჭები ვისაც ინტერესი ჰქონდათ იყვნენ ძალიან ახალგაზრდები, სტიპენდიების გაცემა დაგვეწყო შემდეგ წელს, წელიწადში საშუალოდ 2 მოთამაშის მომზადების პირობის დაცვით და ფაქტიურად წელს სტიპენდიას მივცემთ 3 მოთამაშეს. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გადაწყდა ნიკა დარბაიძისთვის სტიპენდიის მიცემა, რომელიც იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო საქართველოში ორგანიზებულ სავარჯიშო ბანაკში.

დიდი სირთულეების შემდეგ საცხოვრებელი ვიზის მისაღებად (დამერწმუნებიან მოთამაშის მშობლები), ჩვენი მიზანი იყო,რომ ნიკა დარბაიძე ბასკონიას სტრუქტურაში ყოფილიყო, თუმცა გამოჩნდა შესაძლებლობა მას ეთამაშა ბასკონიას პარტნიორ კლუბში.

ეს გუნდი თამაშობდა მაღალი ლიგის შეჯიბრში და მას მიეცა არჩევანის უფლება ეთამაშა ჩვენთან ან მეორე გუნდში. მოთამაშემ გადაწყვიტა მეორე გუნდში თამაში,სადაც ყველა ხარჯი აუნაზღაურდა. გარდა ამისა, ჩვენი სპორტული დირექტორი – ბორხა კომენხე იმყოფებოდა მუდმივ კონტაქტში კლუბთან მოთამაშის სპორტული მდგომარეობის და ევოლუციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. გიორგი ტურძელაძის შემთხვევაში, ბასკონია იყო შუამავალი და ყველა საშუალება იქნა გამოყენებული. ჩვენმა პარტნიორმა კლუბმა გამოხატა ინტერესი ამ მოთამაშის მიმართ. არც ბასკონიას და არც ფედერაციის ინტერესი არ იყო მისთვის სტიპენდიის მინიჭება, რადგან მისი ასაკის გამო საჭირო მახასიათებლები არ ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, კლუბისგან მიიღო ყველანაირი მხარდაჭერა და კლუბის ყველა რესურსი მის სამსახურში ჩადგა. აბსოლუტური სიცრუე არის ის, რომ ლუკა ბულაშვილმა მოიპოვა სტიპენდია. მას არ მიუღია მონაწილეობა სავარჯიშო ბანაკში, არც რამე სიაში ყოფილა შეტანილი როგორც სტიპენდიანტი. მამამისმა გვთხოვა ჩაგვეტარებინა ტესტი/შემოწმება, რომ გაგვერკვია შეიძლებოდა თუ არა მისთვის სტიპენდიის მიცემა. მას მიეცა საშუალება ჩამოსულიყო ვიტორიაში შემოწმების გასავლელად და მიიღო შეტყობინება, რომ არ ჰქონდა მონაცემები სტიპენდიის მისაღებად. მამის დაჟინებით და ინტერესის გამომჟღავნებით ჩვენს კლუბში შვილის მომზადების მიმართ, გვთხოვა, რომ თვითონ გადაიხდიდა მოთამაშის ჩვენს

კლუბში მომზადების და თამაშის ხარჯებს. ამას ჩვენ არასდროს ვაკეთებთ, თუმცა რადგან ის ქართველი მოთამაშეა და ასევე ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანამშრომლობის მიზნით, მას გაეგზავნა მოთამაშის ერთი წლის ხარჯების ხარჯთაღრიცხვა, ღირებულებაზე შეღავათიანი ფასით, რომელიც მისაღები იყო მამისთვის.ეს საკითხი არის მკაცრად მოთამაშის მამასა და კლუბს შორის, არც ფედერაციას და არც ბასკონიას მისთვის არ განუცხადებია, რომ ის იყო სტიპენდიანტი მოთამაშე (თანდართულია დოკუმენტები, რომელიც ამას ადასტურებს), არც მათ შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების ნაწილს შეადგენდა.

სხვა საკითხია, რომ ზოგიერთ ინფორმაციაში ახალგაზრდა მოთამაშეების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნებიან მოთამაშეების ელიტურ მოსამზადებელ ჯგუფს, მოხვდა ლუკაც, რადგან ის მთელი წელი ვარჯიშობდა და თამაშობდა ჩვენთან. იმ ერთი წლის მანძილზე, იმის მიუხედავად, რომ არ იყო სტიპენდიანტი, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საუკეთესო პირობებში ყოფილიყო, ევარჯიშა დანარჩენ სტიპენდიანტ მოთამაშეებთან ერთად, თვით გუნდის პირველ შემადგენლობასთანაც კი.

ჩვენ სამარცხვინოდ მიგვაჩნია იმის მხრიდან, ვინც ამას ამბობს და განსაკუთრებით მოთამაშის მამის მხრიდან, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს. აშკარაა, რომ პირველი – ფინანსური მოტივების გამო და მეორე – პირადი მოტივების გამო, ხელშეკრულების ეჭვქვეშ დაყენების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს ეს არგუმენტები, მაშინ როდესაც იციან, რომ ისინი არ არის მართალი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ასევე გატყობინებთ, ჩვენი კლუბი აღარ მიიღებს არცერთ მოთამაშეს, რომელსაც არ ექნება მიღებული სტიპენდია ჩვენი კლუბიდან და ფედერაციიდან, ასეთი ტყუილების თავიდან ასაცილებლად. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია არ აფინანსებს ბასკონიას სტიპენდიანტი მოთამაშეების ხარჯებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ ხარჯებს იხდის კლუბი და რაც მართალია, ეს კლუბს დაახლოებით მილიონ ევრომდე უჯდება.

ყველაფერი პირიქით არის, აღნიშნული ხელშეკრულების წყალობით, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამ ახალგაზრდების მომზადების გადასახადის 30%–ს იღებს. ჩვენ კლუბში დარწმუნებული ვართ, რომ ხელშეკრულება ძალიან მომგებიანია საქართველოს კალათბურთის ფედერაციისათვის და რომ ეს ხელშეკრულება შედგა ფედერაციის მმართველების პროფესიონალიზმის და მათი საქმისადმი ინტერესის გამო. ვერ მივიღებთ ცილისწამებას ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, მხარეების პირადი ინტერესების თუ ხელშეკრულების გაუმჭვირვალობის შესახებ ინსინუაციებს და მინიშნებებს.

100% შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები, ისევე როგორც ფედერაციამ და მზად ვართ ნებისმიერი განმარტების გასაკეთებლად, თუ ვინმე ამას მოითხოვს. ჩვენი სურვილია აღნიშნული საკითხი იყოს ნათელი დღეიდან მომავალში. ჩვენ მზად ვართ გავაუქმოთ ხელშეკრულება, თუ მას ჩათვლიან ზიანის მომტანად და წამგებიანად თავიანთი ინტერესებისათვის ან შეიტყობენ რომელიმე მხრიდან პირადი გამორჩენის არსებობის შესახებ.

იმედი მაქვს, ასევე გაიგებთ, რომ ჩვენი ღირსების დასაცავად, ეს იქნება ბოლო წერილი, რომლითაც პასუხს გავცემთ ამ პირების ბრალდებებს. აქედან დაწყებული მივმართავთ სასამართლოს ჩვენი ღირსების და პროფესიონალიზმის დასაცავად.

დანიშნულების ადგილზე წარსადგენად ხელს ვაწერ 2016 წლის 8 ივლისს.

ხელმოწერა: ხესუს ვასკესი 

ს/ს სასკი ბასკონიას გენერალური დირექტორი

აღნიშნული წერილის ორიგინალი (ესპანურ ენაზე) იხილეთ აქ: წერილი

gbf.ge

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური