ნანა ძაგნიძემ სპორტის მუზეუმს მოგებული ჯილდოები და ჩემპიონთა თასი გადასცა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 15:24

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის გამარჯვებულ ნანა ძაგნიძეს ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა.

დიდოსტატი ნანა ძაგნიძე პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიგო! ჩემპიონობისთვის განკუთვნილი თასი, ასევე კარიერის მანძილზე მოგებული ჯილდოები და მედლები ნანა ძაგნიძემ ქართული სპორტის მუზეუმს დროებით გადასცა.

ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის ლატვიის დედაქალაქ რიგაში 10-22 აპრილს გაიმართა. ტურნირში, რომელიც შვეიცარიული სისტემით - 11 ტური - ჩატარდა, 33 ქვეყნის 144 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის რვა ქართველი. ნანა ძაგნიძემ ექვსი პარტია მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა, 8,5 ქულა დააგროვა და უძლიერესის ტიტული მოიპოვა.

„ჩემთვის ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველად გავხდი ევროპის ჩემპიონი და ვეცდები ტიტული მომდევნო შეჯიბრებებშიც დავიცვა. წინ უფრო დიდი გამოწვევა, მსოფლიო პირველობა მელის და ახლა მთელი ჩემი ყურადღება სწორედ ამ ტურნირისკენაა მიმართული. მადლობა ბატონ მინისტრს, ჭადრაკის ფედერაციას, ჩემს მწვრთნელს ხვიჩა სუპატაშვილს მხარდაჭერისთვის, ხოლო სამინისტროსა და ქართული სპორტის მუზეუმს დღევანდელი დღისთვის", - განაცხადა ნანა ძაგნიძემ.

„ქალბატონი ნანას მასპინძლობა დიდი პატივია. ამ რამდენიმე დღის წინ მან ყველანი ძალიან გაგვახარა - ის ხომ პირველი ქართველი მოჭადრაკე ქალი გახდა, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა! მისი ეს ტრიუმფი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა უდიდეს საჭადრაკო ფორუმს - ოლიმპიადას უმასპინძლებს, ნანას ეს გამარჯვება კიდევ უფრო დასაფასებელია. საჭადრაკო ოლიმპიადას საქართველო ევროპის ჩემპიონის ტიტულით ხვდება, რაც არა მარტო ოლიმპიადის, ზოგადად, ქვეყნის შესანიშნავი რეკლამაცაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ნანას ჩემპიონობას, მას, მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებსა და ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებს კი უფრო დიდ წარმატებას და ახალ-ახალი მწვერვალების დაპყრობას ვუსურვებ, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინის საქართველოში დაბრუნებას", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ნანამ მართლაც ყველანი ძალიან გაგვახარა, რისთვისაც მსურს საჯაროდ გადავუხადო მადლობა მას და მის მწვრთნელს, ბატონ ხვიჩა სუპატაშვილს. ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებაა. დღევანდელი ფორმიდან გამომდინარე, ნანას უმაღლესი მიზნისთვის ბრძოლა ძალუძს და დარწმუნებული ვარ, ის ამ გამოწვევას კარგად გაართმევს თავს", - განაცხადა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

ქალთა ევროპის პირველობა პირველად 2000 წელს ბათუმში გაიმართა. ქართველმა მოჭადრაკეებმა აქამდე ოქროს მედლის მოგება ვერ შეძლეს: სალომე მელია (2013 წელი) და ნინო ბაციაშვილი (2015) ვერცხლს დაეუფლნენ, მაია ჩიბურდანიძე (2000), ქეთევან არახამია-გრანტი (2001) და სალომე მელია (2014) კი ბრინჯაოს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების სხვა წევრებს: ბელა ხოტენაშვილი 7,5 ქულით მე-10 ადგილზე გავიდა, დანარჩენების შედეგი კი ასეთია: ლელა ჯავახიშვილი - მე-18 (7 ქულა), მერი არაბიძე - 29-ე (6,5), სალომე მელია - მე-40 (6,5), სოფიო გვეტაძე - 43-ე (6,5), ნინო ბაციაშვილი - 49-ე (6), ნინო ხომერიკი - 73-ე (5,5).

კალათბურთის სერბი ვარსკვლავები სპორტის მუზეუმში

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 26 ივლისი 2016 13:00

თბილისში East Point-ის ტერიტორიაზე, 3X3 კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის 12-მა საუკეთესო გუნდმა მიიღო გამარჯვებული კი "Old Eagles" გახდა.

ფინალურ ტურნირზე დასასწრებად და საჩვენებელი თამაშების გასამართად, თბილისში 3X3 კალათბურთის მსოფლიო დონის მოთამაშეები, „რედ ბულის" სპორტსმენები სერბეთიდან, კლუბ "ნოვი სადის" წევრები - დუშან დომოვიჩი, დეიან მაისტოროვიჩი, მარკო ჟდერო და მარკო სავიჩი იმყოფებოდნენ. 

სერბ კალათბურთელებს 25 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პირველ მოადგილე აკაკი ლოდიასთან, ასევე "რედ ბულის" სპორტის მენეჯერ ბექა გოლეთიანთან ერთად სპორტის მუზეუმში შეხვდა.

სერბი მოთამაშეები არაერთი სუპერტურნირის გამარჯვებული გუნდის „ნოვი სადის" წევრები არიან.

სერბები თბილისში კომპანია „რედ ბულმა" საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით ჩამოვიდნენ. „ნოვი სადის" წევრებმა საქართველოს ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მსვლელობისას საჩვენებელი მატჩი გამართეს წამყვანი ქართველი კალათბურთელებისგან დაკომპლექტებულ გუნდთან.

კარატისტებმა სპორტის მუზეუმს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ჯილდოები გადასცე

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 10 ივნისი 2016 15:15

თურქეთის ქალაქ იზმიტში გაიმართა ევროპის მე-14 ჩემპიონატი კარატეში, სადაც წარმატებულად გამოვიდნენ საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების წევრები. 

საქართველოს ნაკრებმა გუნდურ კუმიტეში მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ქართველებმა ჯერ თურქეთის მე-2 გუნდი დაამარცხეს, შემდეგ კი ესპანეთისა და სერბეთის გუნდებს სძლიეს.

ევროპირველობაზე ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ  - გოგიტა არქანია, ჰენრი ვეკუა, დავით პატარიძე, ირაკლი ტყებუჩავა და დავით ტყებუჩავა. საქართველოს დელეგაციას იზმიტში, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ხელმძღვანელობდა.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესპორტის მუზეუმში შეხვდა, წარმატება მიულოცა და კარატეს როგორც ოლიმპიური სპორტის სახეობის პერსპექტივაზე ისაუბრა. 

ბოლო პერიოდში, სულ უფრო რეალური გახდა კარატეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დაშვება. საბოლოო გადაწყვეტილებას კარატეს და ასევე სპორტის რამდენიმე სახეობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

კარატისტებმა სპორტის მუზეუმს მოპოვებული ჯილდოები გადასცეს. აღსანიშნავია რომ იზმიტში საერთაშორისო ლიცენზია მოიპოვა თათია მელუამ, რომელიც პირველი ქართველი ქალი მსაჯია კარატეში, ასევე აპრილის თვეში სპორტის სამინისტრომ სპორტის დამსახურებული მუშაკის ტიტული მიანიჭა საქართველოში კარატეს ერთ-ერთ დამფუძნებელს, თემურ რამიშვილს.

გამოფენა „ჩეხური სპორტის მარგალიტები"

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 20 მაისი 2016 11:42

საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ქართულ სპორტის მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში  გამოფენა „ჩეხური სპორტის მარგალიტები" მოეწყო. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით საზოგადოება გაეცნო ჩეხოსლოვაკი და ჩეხი სპორტსმენების მიღწევებს  სპორტის სხვადასხვა სახეობაში, დაწყებული 1918 წლიდან.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირში და სხვა მოწვეული სტუმრები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სპორტის სხვადასხვა სახეობათა ამსახველი პლაკატები, რომლებშიც ყოფილი ჩეხოსლოვაკიის და ჩეხეთის სპორტსმენებმა უმაღლეს მწვერვალს მიაღწიეს.

ქართული სპორტის მუზეუმი  სპორტული საზოგადოება „შევარდენის"  (ჩეხურად "სოკოლი") ისტორიულ მასალებს ექსპოზიციას შეჰმატებს. ფოტოებზე  ევროპული ტანვარჯიშის სხვადასხვა სახეობა და მძლეოსნობის ზოგირთი დისციპლინის ორიგინალური ვარჯიშებია ასახული. მათი ერთ-ერთი ავტორი პრაღის უნივერსიტეტის ისტორიისა და ხელოვნების პროფესორი მიროსლავ ტირშია. სოკოლის მოძრაობა დიდი პოპულარობით სარგებლობდა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

დიდი გამრჯვების 35 წლის იუბილე სპორტის მუზეუმში

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 13 მაისი 2016 12:01

თბილისის „დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა 160-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა - „13 მაისის 35 წლის იუბილე".

ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს ქართული სპორტის მუზეუმში ვეტერან დინამოელებს ოთარ გაბელიას და ვლადიმერ გუცაევს უმასპინძლა.

„ქართული სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა. დღეს, თასების თასის მოგების 35 წლის იუბილეს ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემა მიუძღვნა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ. აი, წიგნს ვათვალიერებდი და თვალწინ გამირბინა 35 წლის წინანდელმა ამბებმა, იმ საოცარმა წუთებმა, როცა ყველამ ერთად ვიზეიმეთ „დინამოს" გამარჯვება. მიხარია, რომ დღეს ბატონ ვლადიმერს და ბატონ ოთარს უპრობლემოდ გამოვართვი ავტოგრაფი, წლების წინ საამისოდ დიდი გარჯა მჭირდებოდა", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„ჩვენთვის, ვეტერანი ფეხბურთელებისთვის სასიხარულოა, რომ ახალი თაობა კვლავ აღნიშნავს იმ დიდი გამარჯვების იუბილეს, 35 წლის წინ რომ მოვიპოვეთ დიუსელდორფში. მიხარია, რომ ქართული სპორტის მუზეუმმა ასეთი ლამაზი გამოცემა მიუძღვნა „დინამოს" იმ გამარჯვებას. მსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადო 35 წლის იუბილეს ასე ლამაზად აღნიშვნისთვის", - განაცხადა 1981 წლის 13 მაისს ფინალურ მატჩში დინამოელთა პირველი გოლის ავტორმა ვლადიმერ გუცაევმა.

„1981 წლის 13 მაისის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ტრიუმფი მაინც ტკბილად მაგონდება. 35 წელი გავიდა და ახლა უფრო ვხვდები, თუ რა მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ მაშინ დიუსელდორფში! ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი გამოცემით გაგვახარა და წიგნის ავტორებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს იუბილეს აღნიშნავს: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ქართული სპორტის მუზეუმს, თბილისის მერიას და საკრებულოს, „დინამო თბილისს", - განაცხადა „დინამოს" ვეტერანმა მეკარემ ოთარ გაბელიამ.

თბილისის „დინამოს" მიერ თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა 160-გვერდიანი წიგნი მიუძღვნა - „13 მაისის 35 წლის იუბილე". წიგნის ავტორ-შემდგენელი სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძეა.

35 წლის იუბილესთან დაკავშირებით წიგნი პირობითად 35 ნაწილისგან შედგება - 34 წერილი და სტატისტიკური ბლოკი, რომელიც თან ერთვის თითოეულ მეტოქესთან მატჩების ამსახველ წერილს.

წიგნში თასების თასის მოგების შესახებ ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული საუკეთესო წერილებია თავმოყრილი, რომელთა ავტორები ცნობილი ქართველი მწერლები, პუბლიცისტები და საფეხბურთო ჟურნალისტები არიან: ილია ბაბუნაშვილი, გიო ახვლედიანი, ირაკლი ბერიაშვილი, დათო ტურაშვილი, ბიძინა მაყაშვილი, დავით კაკაბაძე, კობა ინასარიძე, პაატა კვანტალიანი, მამუკა კვანტალიანი, კონსტანტინე გოგიშვილი. გამოცემაში შესულია ნაწყვეტები კოტე მახარაძის და დემიკო ლოლაძის წიგნებიდან.

გამოცემა უხვადაა ილუსტრირებული - წიგნში თასების თასის 1980-1981 წლების გათამაშებასთან დაკავშირებული ასზე მეტი ფოტოა თავმოყრილი, ასევე ფეხბურთელთა პირად არქივებში დაცული ფოტოები და კერძო კოლექციონერების საფეხბურთო პროგრამები.

ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღინიშნა

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 19:01

დღეს, 20 ოქტომბერს, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საზეიმო მიღებით აღინიშნა.
ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.
„ვულოცავ ქართული სპორტის მუზეუმს ამ დიდ იუბილეს! ეს მუზეუმი ჩვენი სპორტის სახლია და მიხარია, რომ ასეთ ლამაზ თარიღს ამგვარად აღვნიშნავთ. მუზეუმის მესვეურებს დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი სპორტის პოპულარიზაციაში და მისასალმებელია, რომ მათ ინიციატივას ახალგაზრდა თაობა ენთუზიაზმით ხვდება. მსურს ეს იუბილე ასევე მივულოცო ჩვენს ვეტერან სპორტსმენებს, ქართული სპორტის ვარსკვლავებს და გულშემატკივრებს", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„დღეს ჩვენი მუზეუმის 50 წლის იუბილეს ვზეიმობთ, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული მუზეუმის გამორჩეულ თარიღს! მსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენთან მობრძანებისთვის! საქართველოს ისტორიაში სპორტს გამორჩეული ადგილი უჭირავს და ჩვენ, მუზეუმის მესვეურები, ვამაყობთ, რომ ქართული სპორტის წარსული სხვადასხვა ექსპონატის სახით მაქსიმალურად კარგადაა წარმოდგენილი. ჩვენი მუზეუმი ვიზიტორთა მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია საქართველოში - ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი გვსტუმრობს. მინდა მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და პირადად მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს. ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის - ჩვენი მუზეუმის კარი ქართული სპორტის ლეგენდებისთვის და გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ღიაა!" - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.
ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ნანა მიქაძემ სპეციალური დიპლომით დააჯილდოვეს ლილი ლომსაძე, მთავარი მცველი - ის მუზეუმში დაარსების დღიდან, 1965 წლიდან მოღვაწეობს. ქალბატონმა ლილიმ განაცხადა: „დღევანდელი დღე ჩემთვის დაუვიწყარია - აქ ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და მიხარია, რომ მუზეუმის დაარსების, განვითარების და დახვეწის თვითმხილველი გახლავართ. ყველას უღრმეს მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და თანადგომისთვის".

„ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის, ქართული სპორტის მუზეუმის 50 წლის იუბილეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მუზეუმში ჩემი არაერთი ჯილდოა გამოფენილი და ამით მხოლოდ ვამაყობ. მსურს მთელი სულით და გულით მივულოცო მუზეუმის მესვეურებს 50 წლის იუბილე, წარმატება, ზრდა და ულევი დამთვალიერებელი ვუსურვო", - განაცხადა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა.
იუბილეს ფარგლებში მუზეუმის მესვეურებმა სამახსოვრო პრიზებით დააჯილდოვეს სხვადასხვა საშუალო სკოლის მასწავლებლები, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის აღსაზრდელებმა კი სტუმრებს მუზეუმის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.
50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მუზეუმს ავტოგრაფებით დამშვენებული ეროვნული გუნდის მაისური უსახსოვრა, ჭიდაობის ფედერაციისგან კი მუზეუმმა ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების აივენგო რიკაძისა და ნიკოლოზ კახელაშვილის ოქროს მედლები და ქამრები მიიღო. ასევე მუზეუმში გამოიფინება თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ოქროს მედალი და ქამარი. ამას გარდა, მუზეუმმა სხვადასხვა თასები და მედლები მიიღო შაიბიანი ჰოკეის ფედერაციისგან და მოჭადრაკეებისგან.
ტარიელ ხეჩიკაშვილის გადაწყვეტილებით, მუზეუმს გადაეცა სპორტის რაინდის წოდების დამადასტურებელი მედალი და დიპლომი, რომელიც მსოფლიო ველომოგზაურს ჯუმბერ ლეჟავას გარდაცვალების შემდეგ მიენიჭა.
დღევანდელი იუბილეს ფარგლებში შედგა ქართული სპორტის მუზეუმის შესახებ გამოცემული ჟურნალის პრეზენტაცია - „ქართული სპორტის მუზეუმი - 50", რომელიც სტუმრებს სამახსოვროდ დაურიგდათ.
ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.
მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა...
ქართული სპორტის მუზეუმში არაერთი საინტერესო და ძვირფასი ექსპონატია დაცული. მაგალითად, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა"; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები.

ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2015 17:55

ქართული სპორტის მუზეუმი წლეულს 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას 20 ოქტომბერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის III კორპუსი უმასპინძლებს.

საზეიმო ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და მესვეურები, პარლამენტარები, ქართული სპორტის ვეტერანები და ვარსკვლავები დაესწრებიან.

ქართული სპორტის მუზეუმი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაშია განთავსებული, 1965 წლის 14 აგვისტოს თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე, ფიზკულტურის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან დაფუძნდა. განვლილი წლების განმავლობაში მუზეუმმა არაერთი მისამართი შეიცვალა, 2007 წლიდან კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობაში მდებარეობს.

მუზეუმის დაფუძნებასა და ექსპონატების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მ.გიორგაძემ, გ.მღებრიშვილმა, ვ.სამსონაძემ, გ.მერკვილაძემ, ლ.გოლოვნიამ, ი.კიზირიამ, ვ.ვერულეიშვილმა, რ.ნიკოლაძემ, ა.ციბაძემ, ნ.შიშნიაშვილმა, ნ.დუმბაძემ, ნ.პაშიკოვმა, გ.სიხარულიძემ ა.მოგელაძემ, ნ.კეცხოველმა, გ.ფანჯიკიძემ, შ.ქველიაშვილმა, გ.შიოშვილმა, ვ.შუბლაძემ, რ.გოგლიძემ, ი.მეძმარიაშვილმა, ნ.რურუამ, ტ.ხეჩიკაშვილმა, ლ.ყიფიანმა...

ქართული სპორტის მუზეუმში არაერთი საინტერესო და ძვირფასი ექსპონატია დაცული. მაგალითად, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დავით ციმაკურიძის ოქროს მედალი; ქართული ფეხბურთის პირველი საერთაშორისო ტრიუმფის დამადასტურებელი, თბილისის დინამოელების მიერ 1973 წელს ესპანეთში მოგებული „კოლუმბის კარაველა"; 1677 წელს გამოცემული ფასდაუდებელი ნაშრომი ფარიკაობაზე; ლეგენდარული ქართველი მძლეოსნის ნინო დუმბაძის ბადრო; ქართული სპორტის გამორჩეული ნოვატორისა და მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის პირადი ნივთები; სპორტსმენთა არქივები, სპორტის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური