სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მაისი 2020 15:19

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

„შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გადაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სტენდი რუსთაველის გამზირზე წარმოადგინა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 მაისი 2017 14:12

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი 26 მაისის ღონისძიებები წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღნიშვნის იდეის ქვეშ ერთიანდება. „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილ ყველა სტენდასა და დეკორაციაში იკითხება.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სოფლის მეურნეობის სამინისტროც ყოველწლიურად ჩართულია საზეიმო ღონისძიებებში და განსხვავებული კონცეფციის სტენდებზე მრავალფეროვან პროდუქციას წარუდგენს მოსახლეობას.

,,ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ, ქვეყნიდან, რომელსაც კულტურისა და ტრადიციების, მათ შორის მეღვინეობის მრავალსაუკონოვანი ისტორია აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე დამთვალიერებელი ყოველწლიურად აგრარული პროდუქციის მწარმოებელ ახალ კომპანიებს ეცნობა და საქართველოში წარმოებული, მაღალხარისხიანი პროდუქციის დაგემოვნების შესაძლებლობა ეძლევა. საქართველოში სოფლის მეურნეობას დიდი პოტენციალი გააჩნია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის წინსვლასა და ეკონომიკის გაძლიერებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს და სასიხარულოა, რომ პოზიტიური შედეგები უკვე სახეზე გვაქვს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამინისტროს სტენდზე საქართველოს მთავრობის წევრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ნატოს საპარლამენტო ასსამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის და ასამბლეის დელეგატებს უმასპინძლა.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტენდზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო პროექტების ფარგლებში დაფინანსებული აგრარული მიმართულების საწარმოების (შპს გეოპლანტი, შპს ვინივერია, შპს გემუანი, შპს მარანული, შპს ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია, შპს თელეთის ყველის სახლი, შპს ახალი მესხეთი, შპს ნატურა თი კომპანი, შპს ჯეოკონცენტრატი, შპს NUTS.GE) და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების (რკ.ზირა, რკ. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი თაფლი საჩინო, რკ. აგრო-ჯი, რკ. ნაგომარი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რკ ბარალეთი 2008, ინაბოძი, ალვანი, რკ. თერჯოლის ღვინო, რკ. დარჩელის თხილი, ბაიას ღვინო) მიერ წარმოებული პროდუქცია - სხვადასხვა სახის თაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინისა და  ყველის ნაირსახეობა, ჩაი, ჩურჩხელა, ბადაგი, თხილი, დეკას ჩაი, სუბლიმირებული ხილი, ხილის ჩირი, მოცვი, სხვადასხვა სახის კომპოტი და წვენი, ჯემებისა და მურაბების ნაირსახეობა.

სამინისტროს სტენდის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დააგემოვნებინათ და შეეძინათ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები ორიგინალურ დეკორაციებთან, რომლებიც ქართული ხილითა და ბოსტნეულით იყო გაფორმებული. 26 მაისის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილი სხვადასხვა ორგანიზაციების სტენდები სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა დაათვალიერეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 18:30

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების რიგით მეათე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ENPARD I-ის პროექტი შეაჯამეს და ENPARD II–ის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ENPARD-ის პირველი ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა, განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამას ევროპელი კოლეგები ქვეყნის სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD III-ის პროექტი, რომლის ბიუჯეტი 78 მლნ ევროს შეადგენს, მომზადების პროცესშია და ENPARD II-ის პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება.

შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:23

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქ. ასტანაში გამართულ აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას KazAgro/KazFarm-2016 დაესწრნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სერიკ ეგიზბაევთან ერთად გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და KazAgro/KazFarm-2016- ის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

გოჩა ცოფურაშვილმა ბოლო წლებბში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გააქტიურების, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 მოწყობილ ქართულ სტენდზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: ,,კულა“, ,,შატო თელავი“, ,,ქიმერიონი“, ,,ლივო“, ,,ზედაზენი“, ,,შპს ქინძმარაული“, ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“, წინანდლის ძველი მარანი“ და ,,არეანი“.

გამოფენის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, დელეგაციის წევრებთან და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სერიკ ეგიზბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის  სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება განიხილეს.

გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 ქართული სტენდი საუკეთესოდ აღიარეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სპეციალური დიპლომი და ოქროს მედალი გადასცეს.

 

 

 

 

 

შეხვედრა კანადის საგარეო უწყების სავაჭრო კომისართან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 ოქტომბერი 2016 13:27

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს, დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემდანიელ ზაჰარჩუკს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიისძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების საკითხის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საქართველოში კანადური ნედლეულის გადამუშავების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ქართული თაფლისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხომესაქონლეობის დარგის განვითარების საკითხებს,  ხელოვნური განაყოფიერებისა და გენეტიკური მასალის გაცვლის საფუძველზესაქონლის ჯიშთა გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების  გზით.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ გიორგი ჩხეიძე დაინიშნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 13 ოქტომბერი 2016 17:12

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ჩხეიძე დაინიშნა.გიორგი ჩხეიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წარუდგინა.
სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ჩხეიძე ეკონომისტის პროფესიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაეუფლა. გარდა ამისა, გიორგი ჩხეიძეს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები გავლილი აქვს სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა მენეჯერთათვის, სამუშაო პრაქტიკა ამერიკულ კორპორაციებში), აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (სასწავლო პროგრამა სოფლის მეურნეობის ფინანსებსა და კრედიტში), თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში (ინგლისური ენის ინტენსიური სწავლების კურსი), თბილისის მენეჯერთა სკოლაში (სტრატეგიული მენეჯმენტი, გაყიდვები და მარკეტინგი, ფინანსების მართვა, ხელმძღვანელობა), ბიზნესის ადმინისტრირების ონლაინ კურსები (MBA პროგრამა მენეჯერთათვის).
გიორგი ჩხეიძეს, 2012-2014 წლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა; გარდა ამისა, სხვადასხვა დროს იგი იყო ლილოს წისქვილკომბინატის (შპს „ბეგი კომპანი“) გენერალური დირექტორი, შპს „ქართული პროდუქტების“ (რძისა და რძის პროდუქტების წარმოება ბრენდით „სოფლის ნობათი“) გენერალური მენეჯერი, შპს „დავით სარაჯიშვილი და ენისელის“ (ქართული კონიაკისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების წარმოება) გენერალური დირექტორი, „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის“ (მსოფლიო ბანკი) საკრედიტო და საფინანსო კომპონენტის მენეჯერი, „საკრედიტო კავშირების განვითარების ცენტრის“ (მსოფლიო ბანკი) სასოფლო ფინანსური განვითარების კომპონენტის მენეჯერი, ქსნის მინის ქარხნის (სს „მინა“) გენერალური დირექტორი.

ოთარ დანელიამ სენაკში თხილის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 19 აგვისტო 2016 14:21
აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის მკვიდრმა, ზაზა ხარჩილავამ 1.03 ჰა ფართობზე ადგილობრივი ჯიშის თხილის სანერგე მეურნეობა გააშენა. მეურნეობა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და პროეტქების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს. ფერმერი ზაზა ხარჩილავა პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. თხილის სანერგე მეურნეობის შექმნისთვის ბენეფიციარმა განახორციელა 23 000 ლარზე მეტი ინვესტიცია, საიდანაც ნახევარი - 11,500 ლარი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან მიიღო. 1.03 ჰა ფართობზე გაშენებულ მეურნეობაში 25 600 ადგილობრივი ჯიშის (ანაკლიური) თხილის ნერგია გამოყვანილი. ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში აგროპროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2 სანერგე მეურნეობაა დაფინანსებული. ქვეყნის მასშტაბით, პროექტის ფარგლებში ხეხილის ახალი ბაღები 1,478 ჰა-ზე გაშენდა, რომლის დაფინანსების მოცულობა 7,5 მილიონ ლარს აღემატება.

შეხვედრა გერმანიის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 04 ივლისი 2016 17:44

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო ვაჭრობის, ინვესტიციების მხარდაჭერის და ტექნოლოგიების პოლიტიკის დირექტორი ტილო კლინერი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებზე, რომლებიც ქვეყანაში დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ადგილობრივი წარმოების ზრდას და აგრობიზნესის განვითარების სტიმულირებას ისახავს მიზნად.

დელეგაციის წევრმა, ღვინის კომპანია ,,შუხმან ვაინსის“ დამფუძნებელმა, ბურხართ შუხმანმა ქართულ მხარესთან მეღვინეობის მიმართულებით თანამშრომლობის დადებით შედეგებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ბურხართ შუხმანი ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით“ დაინტერესდა და ახლო მომავალში ქართულ მხარესთან აღნიშნული მიმართულებით კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებების განიხილვის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრაზე ,,პროკრედიტ ჰოლდინგის“ მმართველი საბჭოს წევრმა, ბორისლავ კოსტადინოვმა სახელმწიფო პროექტების, შეღავათიანი აგროკრედიტი და აგროდაზღვევა, ფარგლებში, თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული მხარე მზად არის სოფლის მეურეობის სექტორის მხარდაჭერა და საქართველოსთან თანამშრომლობა აქტიურად გააგრძელოს.

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გერმანელ სტუმრებთან საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ქართული კომპანიები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო აგროგამოფენებში, მათ შორის ბერლინში გამართულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche). როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, დღეს, როცა საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, საქართველოსთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

კახეთში კალიების წინააღმდეგ წამლობა მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 22 ივნისი 2016 13:58

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სურსათის ეროვნული სააგენტოს  კახეთის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამსახურის მუშაობის პროცესს გაეცნო. ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტიურდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მუშაობა.  სპეციალისტების მიერ ინტენსიურად ხორციელდება კვების ობიექტების, სავაჭრო ქსელების, სკოლებისა და საბავშვო ბარების კვების ბლოკების კონტროლი, ასევე  ცხოველთა სასაკლაოების მონიტორინგი, ცხოველთა პროფილაქტიკური ვაცინაცია, სარეალიზაციო ობიექტებში  პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოწმება, კალიების და ტრანსმისიული დაავადებების გადამტანი მწერების საწინააღმდეგო ღონისძიებები. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია,  კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველიდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ საშიში მავნებლის - კალიის წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას დაესწრნენ.ფართობის დამუშავება  სამანქანო აგრეგატებით, ე. წ. თერმული ნისლით ხორციელდება. დღეისათვის, კახეთის რეგიონში - სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ახმეტის მუნიციპალიტეტებშიუკვე დამუშავებულია 3600 ჰა ფართობი,   ქვეყნის მასშტაბით კი -  4300 ჰა ფართობი. 

,,კალია საშიში მავნებელია, რომელიც მნიშვნელოვნად ანადგურებს მწვანე საფარს, ნათეს ფართობებს და მოსავალს. შესაბამისად,  წამლობის ღონისძიებების დროული ჩატარება აუცილებელია მავნებლის გავრცელების არეალს შემცირებისა და  ნათესი ფართობების დაცვის კუთხით“ , - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, კალიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები უკვე მესამე წელია ინტენსიურად უახლესი ტექნოლოგიებით  და ეფექტიანი პრეპარატებით ხორციელდება. შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული  მავნებლის გავრცელების არეალი.

დედოფლისწყაროში კალიების წინააღმდეგ წამლობის ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აგროდაზღვევის განახლებული პროექტი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 15:28

შიდა-ქართლის, კახეთის და ქვემო-ქართლის რეგიონების შემდეგ, საემგრელოს რეგიონში მცხოვრები ფერმერები აგროდაზღვევის განახლებულ პროექტს გაეცნენ.

ზუგდიდში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს “აგროდაზღვევის“ პროექტის ხელმძღვანელი ლევან მაღრაძე სამეგრელოს რეგიონის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ფერმერებს შეხვდა. პროექტის მენეჯერმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებები წარუდგინა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და უკვე 2 წელი მიმდინარეობს. 2016 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცმეულია 9884 პოლისი, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს 6,237,200 ლარს.

2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა.-მდე მიწის ნაკვეთი, თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

 

აგროდაზღვევის პროგრამის მიზანია აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებს საშუალება ეძლევათ დააზღვიონ მოსავალი სეტყვაზე, ჭარბ ნალექზე, ქარიშხალზე, საშემოდგომო ყინვაზე.

2014- 2015 წლებში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში:

• გაცემულია 28,690 პოლისი

• დაზღვეული ფართობის შეადგენს 23,667 ჰა

• ჯამში დაიზღვა 193,343,000 ლარის მოსავალი

• ფერმერების მიერ დაზღვევის მომსახურებაში გადასახდელი თანხიდან სახელმწიფომ მოახდინა 13,809,000 ლარის სუბსიდირება

 

• 2 წლის განმავლობაში ფერმერებმა 12,434,000 ლარის ოდენობის ზარალის ანაზღაურება მიიღეს.

აგროდაზღვევის პროექტის ბიუჯეტი ისევე როგორც შარშან წელსაც 10 მილიონ ლარს შეადგენს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური