სააპელაციო საბჭომ შოთა რუსთავლის სახ. სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020 13:13

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის რუსთავის შოთა რუსთავლის სახ. სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი გუშინ, 25 აგვისტოს განიხილა.

ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმი 2007 წლიდან ფუნქციონირებდა და რეგიონში ერთ ერთი წარმატებული სკოლად ითვლებოდა. ჩაღლარის ქსელის 2017 წლიდან  არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

როგორც სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ნანა ყანჩაველმა განაცხადა, სააპელაციო საბჭომ უსამართლო და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სკოლა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

აღსანიშნავია რომ სკოლაში ქართველ მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი საქართველოს მოქალაქე აზერბაჯანელი მოსწავლეები განათლებას იღებდნენ ქართულ ენაზე.

 

გვინდა ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგში იყო - აცხადებს ნ. ყანჩაველი

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 25 აგვისტო 2020 15:27

ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის სკოლების მიმართ ზეწოლა ჯერ კიდევ 2016-2017 წლებიდან ხორციელდება. დახურეს რამდენიმე რეიტინგული სკოლა, მათ შორის, „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“, - ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა პრესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განცხადა.

მისი თქმით, სკოლამ ავტორიზაციის საბჭოს სხდომის გადაწყვეტილებით ფუნქციონირება მიმდინარე წლის 30 ივნისს შეწყვიტა. სკოლის დირექტორის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიკერძოებული, ცალმხრივი და უსამართლოა.

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2020 წლის 26-28 თებერვალს განხორციელდა მონიტორინგი, რომლის საფუძველზეც მონიტორინგის ექსპერტებმა შეადგინეს 149-გვერდიანი დასკვნა, რომელსაც ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ის მიკერძოვებულად, ცალმხრივად, უსამართლოდ შედგენილი დასკვნაა. ძირითადად მინიმალური ხარვეზები იყო სკოლაში, რომლის გამოსწორებაც შეიძლებოდა მყისიერად და ეს ჩვენ მოვახერხეთ. ამ ხარვეზებით სკოლა ნამდვილად არ იხურება. თანაც ავტორიზაციის მონიტორინგის მოვალეობაა გასცეს რეკომენდაციები და მითითებები, რომლის მიხედვითაც შემდეგ იმოქმედებს სკოლა და გამოასწორებს ხარვეზებს, თუმცა გამოსწორების ვადა არანაირად არ მოგვცემია. ჩვენი სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 15 მაისის ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც შემდეგ დაადასტურეს 1 ივნისის ოქმით, ხოლო 30 ივნისს ოფიციალურად ფუნქციონირება შეუწყდა სკოლას“, - აღნიშნა ნ. ყანჩაველმა.

მისივე განმარტებით, ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრეს, რომლის სხდომაც ამ დღეებში გაიმართება.

„საჩივარი შევიტანეთ და სამართლებრივი დავა სააპელაციო საბჭოში დავიწყეთ, ეს არის პირველი ორგანო, რომელსაც მივმართეთ. სააპელაციო საბჭოს სხდომა გაიმართება დისტანციურ რეჟმში. თუ რა არის ავტორიზაციის შეწყვეტის მიზეზი, იმედია, რომ ამას პასუხს გასცემს სააპელაციო საბჭო, რომელსაც ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ დავას და მივმართავთ სხვა სამართლებრივ სტრუქტურებსა და ჩვენს მეგობარ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს. გვინდა, ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ, რომ ჩვენს სკოლაში ყველაფერი წესრიგში იყო და არ იმსახურებდა სკოლა დახურვას მიზერული მიზეზების გამო“, - დასძინა შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ყანჩაველმა.

 

 

ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი საქართველოს პრემიერს ღია წერილით მიმართავს

გამოქვეყნებულია განათლება
კვირა, 05 თებერვალი 2017 10:48

ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და სკოლის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობაზე რეაგირებას სთხოვს.

როგორც დავითაძე აცხადებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გუშინ გამართულ საბჭოს სხდომაზე, სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თურქულენოვანი კლასებიდან ექვსი არაქართველი მოსწავლის ქართულ კლასებში გადაყვანა დაედო საფუძვლად. დავითაძე მიიჩნევს, რომ სკოლა სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით დაიხურა.

„იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ ხორციელდება, რომელიც 23 წელია ფუნქციონირებს და დღეისთვის მასში 340 მოსწავლე სწავლობს. 2017 წლის 3 თებერვალს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე. ავტორიზაციის შეჩერებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ექვსი არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ, როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა. ცალკე უნდა აღინიშნოს წინასწარ დაუგეგმავი მონიტორინგის პროცესი, რომელიც სკოლაში ბოლო თვეების განმავლობაში, რატომღაც მესამედ განხორცილდა. ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ, რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში.

მოგმართავთ თხოვნით, თქვენს პირად კონტროლზე აიყვანოთ და დაიცვათ სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები. არავის მისცეთ უფლება, უკანონოდ დახუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია და არ შეიზღუდოს სკოლის მუშაობა, სადაც საქართველოს ღირსეული მოქალაქეები იზრდებიან“, – ნათქვამია მიმართვაში.

როგორც ელგუჯა დავითაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, 18 იანვარს თურქულ გამოცემა „საბაჰში“ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ „საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს შაჰინის სკოლას“, რაც არის სავარაუდოდ, პოლიტიკის ნაწილი და გულისხმობს შაჰინის სკოლებზე მიზანმიმართულ შეტევას.

„ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას“, დასძენს ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვის ტექსტი ასევე გადაეგზავნათ განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური