ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმს ავტორიზაცია შეუჩერა

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 24 აგვისტო 2020 17:16

2017 წელს ბათუმში შაჰინის სახ. მეგობრობის ლიცეუმის დახურვის და ამავე წელს სკოლების მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის დაკავების შემდეგ დაიხურა თბილისში დემირელის სახ. სკოლა. ახლა კი ეს პროცესი ისევ გრძელდება. ამ სკოლების ქსელში შემავალი რუსთავის, შ. რუსთაველის სახ. სკოლა ლიცეუმიც დახურეს. ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისს შედგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცუმში’’ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროინდელი ექსპერტთა არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება შეიმჩნეოდა საბჭოს წევრების უმრავლესობაშიც, რამაც გამოიღო თავისი შედეგი და არ მოხდა არათუ სკოლის მიერ არგუმენტირებული პოზიციების გათვალისწინება, არამედ მოსმენაც კი, რის შედეგადაც საბჭომ მიმართა უკიდურეს ზომას, როგორიცაა სკოლის ავტორიზაციის გაუქმება. სკოლის  ავტორიზაცია მოქმედი იყო 2023 წლამდე. შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების გასაჩივრება დაგეგმილია საქართველოს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის  სააპელაციო საბჭოში, ხოლო შემდეგ სასამართლოში.

მოგახსენებთ, რომ შპს ,,შოთა რუსთველის სკოლა-ლიცეუმი’’ არის დაფუძნებული შპს ,,დემირელის სახელობის კოლეჯის’’ მიერ. განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლა-ლიცეუმების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა. აღნიშნული ზეწოლა ნათელია ამ სკოლების მიმართ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგიაშიც:

1.      შპს ,,ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლის‘’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2016 წელი;

2.      შპს ,,შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2017 წელი;

3.      თურქეთის მოთხოვნით შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ გენერალური დირექტორის დაკავება ექსტრადირების მიზნით, 2017 წელი;

4.      შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის’’ რეავტორიზაციაზე უარის თქმა, 2017 წელი;

5.      შპს ,,შოთა რუსთაველის სახ. სკოლა-ლიცეუმის’’ ავტორიზაციის გაუქმება, 2020 წელი;

გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ სკოლებში განხორციელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის კამერალური შემოწმება და სკოლების წინააღმდეგ დარიცხულ იქნა დამატებითი გადასახადები და ჯარიმები, რომელიც აღემატება 3 მლნ ლარის ოდენობას. დღეისათვის შპს ,,დემირელის სახელობის კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებულ სკოლა-ლიცეუმებს გააჩნია დამატებითი არაღიარებული გადასახადების ვალდებულება და დაყადაღებული მთელი ქონება, რომლებიც ავტორიზაციის გაუქმების შედეგად უფუნქციოდ არის დარჩენილი.  ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 10 მლნ. ლარს.

აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით მივმართეთ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს, მიუხედავად გაჭიანურებული პროცესებისა, მოთმინებით ველოდებით სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა ამავდროულად განიხილება შესაბამისი ევროპული სასამართლოებისთვის მიმართვის ალტერნატივა.

ბოლო წლებში შპს ,,დემირელის სახ. კერძო კოლეჯსა’’ და მის მიერ დაფუძნებული სკოლების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ზეწოლის შემცველი ქმედებებიდან გამომდინარე, გვაღელვებს მოქმედი სკოლების მომავალიც:

ქ. თბილისის „ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი სხივი“;

ქ. ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

ქ. მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“;

შპს ,,შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი’’ დაარსდა 2007 წელს. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის კანონის ამოქმედებისთანავე 2011 წელს სკოლამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, შემდეგ 2013 წელს მონიტორინგი და ბოლოს 2017 წელს რეავტორიზაცია.

სკოლა-ლიცეუმში დასაქმებულია 70-მდე კვალიფიციური მასწავლებელ-პერსონალი და 227 მოსწავლე. სკოლა-ლიცეუმში ქართველებთან ერთად განათლებას ეუფლებიან საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები. სკოლა-ლიცეუმი დაარსებიდან ხელს უწყობს ინტეგრირებას და სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, იგი არის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ძლიერი და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მქონე სკოლა, რომელსაც გააჩნია სპორტული დარბაზი, ინფორმატიკის, ჭადრაკის, ხატვისა და მუსიკის კაბინეტები; საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, სათანადოდ აღჭურვილი საკლასო ოთახები. სკოლა-ლიცეუმში მიმდინარეობს სასწავლო თუ შემოქმედებითი ცხოვრების აქტიური და  ნაყოფიერი პროცესი. სკოლა-ლიცეუმს ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული. მოსწავლეები გამოირჩევიან ეროვნულ, რესპუბლიკურ თუ სხვადასხვა სახის გამოცდებსა და ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებებით მათ შორისაა FLEX-ის საერთაშორისო პროგრამა.

შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში 2017 წელს ავტორიზაციის განახლების შემდეგ 2020 წლის 26-28 თებერვალს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა ავტორიზაციის ექსპერტთა ვიზიტი მონიტორინგის მიზნით. როგორც მოგეხსენებათ, ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელებული მონიტორინგი მიზნად ისახავს სკოლის ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებას. მიუხედავად მიღებული პრაქტიკისა, რომ ექსპერტები იძლევიან რჩევებსა და რეკომენდაციებს, ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებით, რაც დასტურდება მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების პროცესებით.  

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაცია

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური