ჩინეთი სიღარიბის დამარცხებას აღნიშნავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 მარტი 2021 15:49

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს შეერთებული შტატების „მთავარ მეტოქეს“ უწოდებს და მასთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის ემზადება. ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი კი ამასობაში სიღარიბის დაძლევაში 40–წლიან ბრძოლას მოგებულად აცხადებს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს. ევროკავშირის ქვეყნებში კი, ჩინეთს ერთდროულად აღიქვამენ როგორც პარტნიორს, ასევე როგორც კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის განცხადებით, მისმა ქვეყანამ სიღარიბე დაძლია და ამ მხრივ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ბოლო 8 წლის განმავლობაში სიღარიბის ზღვარი ჩინეთში 850 მილიონამდე ადამიანმა გადალახა, ხოლო სიღარიბის აღმოფხვრის მიზნით ჩინეთმა 1,6 ტრილიონი იუანი (246 მილიარდი აშშ დოლარი) გაიღო.  

ამ განცხადებამდე დაახლოებით 1 კვირით ადრე აშშ–ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა: „ჩვენ უნდა ვემზადოთ ჩინეთთან ხანგრძლივი სტრატეგიული კონკურენციისთვის“. მანამდე კი, სახელმწიფო დეპარტამენტში სიტყვით გამოსვლისას მან ჩინეთი მოიხსენია, როგორც აშშ–ს მთავარი მეტოქე. თუმცა ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია მისთვის, ტელეფონით ესაუბრა ჩინეთის ლიდერთან. ამ დიალოგის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ბაიდენმა ჩინელებზე განაცხადა: „თუ ჩვენ არ გავინძრევით, ისინი შეჭამენ ჩვენს სადილს!“  

რაც შეეხება ევროკავშირის დამოკიდებულებას, გაერთიანების ქვეყნები ჩინეთს აღიქვამენ ერთდროულად როგორც პარტნიორს, კონკურენტს და ზოგჯერ – მოწინააღმდეგეს. ახალი წლის წინ კი, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის საინვესტიციო ხელშეკრულება გაფორმდა, რასაც აშშ–ს და ევროკავშირის ზოგიერთი წევრის თითქმის ღია უკმაყოფილება მოჰყვა. თუმცა, ხელშეკრულებას მხარი დაუჭირეს გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა.

მსოფლიო ბანკის მონაცემები ასევე ადასტურებს ჩინეთის მთავრობის წარმატებებს და მიუთითებს, რომ ბოლო 40 წლის განმავლობაში სიღარიბეს აქ 850 მლნ ადამიანმა დააღწია თავი. თავად ჩინეთის ლიდერი აცხადებს, რომ 1978 წლიდან, როცა ქვეყანაში დაიწყო რეფორმებისა და გამჭვირვალობის პოლიტიკა, სიღარიბე 770 მლნ ადამიანმა დაძლია.

ამ მიზნის მიღწევისკენ ჩინეთმა სვლა მართლაც ჯერ კიდევ 1978 წლიდან დაიწყო და უკვე იმ პერიოდში ჩინური რეფორმების „არქიტექტორმა“ დენ სიაოპინმა „საშუალო შემოსავლების მქონე საზოგადოების“ შექმნის შესახებ იდეა გააჟღერა. ამ იდეის საბოლოო მიზნად ჩინეთის მოდერნიზაცია სახელდებოდა.

2002 წელს კი, ჩინეთის კომპარტიის მე–16 ყრილობაზე მიზნად იქნა დასახული, რომ ამგვარი საზოგადოების მშენებლობის პროცესი 2020 წლისთვის დასრულებულიყო. მაშინ სი ძინპინს ჯეძიანის პროვინციის პარტკომის მდივნის პოზიცია ეკავა და მხოლოდ იმ წელს, აღნიშნულ ყრილობაზე გახდა ჩინეთის კომპარტიის წევრი. ხოლო უკვე ქვეყნის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდგომ, 2012–2013 წლებში, თავისი წინამორბედების მსგავსად, მან სიღარიბის დაძლევა ეროვნული პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა. მას შემდეგ ჩინეთის ლიდერმა ქვეყნის ყველაზე ღარიბ რეგიონებში ინსპექტირების მიზნით 50–ზე მეტი ვიზიტი განახორციელა.

„მე მჯერა საქმისადმი რეალისტური მიდგომის, რაზეც საუბრობდა ჯერ კიდევ მაო ძედუნი. ფაქტები – ესაა ჭეშმარიტების საფუძვლები. რეალური მუშაობა – ესაა წარმატების საწინდარი. ამავე აზრს ატარებს ძველებური გამონათქვამიც: „ცარიელი, ზედმეტი საუბრები ღუპავენ ქვეყანას, ხოლო მის გამოცოცხლებას და წინსვლას რეალური, ეფექტური მუშაობა განაპირობებს“, – წერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წიგნში „სახელმწიფო მმართველობის შესახებ“. 

სიღარიბის ლიკვიდაციის პროგრამა მოიცავდა ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე გზების, ელექტროგადამცემი და კავშირგაბმულობის ხაზების მშენებლობას ყველაზე შორეულ რეგიონებში, მათზე სატრანსპორტო წვდომისა და ადამიანთა ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით; ასევე რთულად მისადგომი ადგილებიდან მილიონობით ადამიანთა ადგილმონაცვლეობას (სულ 9,6 მილიონი მცხოვრები), სახელმწიფო სუბსიდირებას (25 მილიონ დაბალშემოსავლიან მცხოვრებს გაურემონტდა საცხოვრებელი), სასოფლო დასახლებებში ბიზნესის მოზიდვას მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით; ფერმერების გადამზადებისა და მათთვის სპეციალური სასწავლო პროგრამების ორგანიზებას თამნამედროვე მეურნეობის წარმართვის და სავაჭრო საქმიანობაში მათი აქტიურად ჩართვის მიზნით. გარდა ამისა, დაბალშემოსავლიან რეგიონებში აშენდა სკოლები, ტექნიკუმები, სხვა სასწავლო დაწესებულებები, სადაც ბავშვები და ახალგაზრდები უფასოდ იღებენ განათლებას.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბე შედარებითი ცნებაა, ისევე როგორც შედარებითია მისი შეფასების კრიტერიუმები. ჯერ კიდევ 2010 წელს ჩინეთის მთავრობამ სიღარიბის ზღვრად სოფლად მცხოვრებთათვის 2300 იუანის (დაახლოებით 356 აშშ დოლარის) ოდენობის წლიური შემოსავალი მიიჩნია.  ამჟამად კი, ეს მაჩვენებელი 4000 იუანს (დაახლოებით 620 დოლარს) შეადგენს. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩინეთის ხელისუფლებამ სიღარიბის ზღვარი დღეში 1,7 დოლარის ოდენობის შემოსავლით განსაზღვრა. თუმცა, მსოფლიო ბანკის რეკომენდაციით, სიღარიბის ზღვრის საერთაშორისო მაჩვენებელი დღეში 1,9 დოლარის ტოლფას შემოსავალს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის მაისში ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერმა ლი კეციანმა გააჟღერა მაჩვენებელი, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს 1,4–მილიარდიანი მოსახლეობის მქონე ჩინეთში შემოსავლების განაწილების შინაარსზე. მისი თქმით, დაახლოებით 600 მლნ მცხოვრების შემოსავალი 1090 იუანამდეა (დაახლოებით 170 დოლარია) თვეში. შესაბამისად, ქვეყანაში რეალური, ფართო საშუალო კლასის ფორმირებამდე აბსოლუტურ სიღარიბეზე გამარჯვების გამოცხადება არასაკმარისია და ჩინეთს ამ მხრივ წინ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.

2020 წელს ჩინეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის, სერიოზულ პრობლემად კოვიდ–19–ით გამოწვეული პანდემია იქცა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ შეძლო ეპიდემიის ნეიტრალიზება, მისი კონტროლზე აყვანა და ჩინეთი წარმოჩინდა, როგორც მსოფლიოში ერთადერთი მსხვილი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, რომელმაც გასული წლის შედეგად მთლიანი შიდა პროდუქტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა.

მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ჩინეთის განვითარების ახალი არქიტექტონიკა, რომელშიც პრიორიტეტი ადგილობრივ ბაზარს ენიჭება (ამასთან, საშინაო და საგარეო ბაზრები უზრუნველყოფენ ურთიერთზრდას), წარმოადგენს სტრატეგიულ არჩევანს ჩინეთის ეკონომიკის განვითარების უფრო მაღალ ეტაპზე გადასასვლელად. ჩინეთის ეკონომიკის მთლიანი მოცულობის ზრდამ 2020 წელს 100 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 14,9 ტრილიონ აშშ დოლარს) გადააჭარბა. 

ჩინეთში აბსოლუტური სიღარიბის დაძლევა არა მხოლოდ ჩინეთის კომპარტიის და მთავრობის დამსახურებად მიიჩნევა, არამედ პირადად სახელმწიფოსა და კომპარტიის ლიდერის – სი ძინპინის მიღწევად. ეს კი შესანიშნავი საჩუქარია ჩინეთის კომპარტიის 100–წლისთავისადმი, რომელიც ქვეყანაში წელს აღინიშნება.     

ვასო კაპანაძე

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პოლიტოლოგი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 სექტემბერი 2016 13:30

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა ჟურნალისტებს ხანჯოუს G20-ის სამიტის შედეგები გააცნო. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იტყობინება.
ხუა ჩუნინის თქმით, ხანჯოუს G20-ის სამიტმა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიპყრო. „ჩინეთის მხარის ძალისხმევით, სამიტის მონაწილეები აქტუალურ საკითხებზე მსჯელობდნენ. მათ განიხილეს გლობალური ეკონომიკის ზრდის საკითხები და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებასაც მიაღწიეს“, - აღნიშნა მან.
როგორც ხუა ჩუნინმა განაცხადა, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს ლიდერებმა შეიმუშავეს მსოფლიო ეკონომიკის განვითარების გეგმა, ასევე განიხილეს მსოფლიო ეკონომიკის უსაფრთხოების საკითხები. გარდა ამისა მათ აღნიშნეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მთელი მსოფლიო კმაყოფილი დარჩეს G20-ის სამიტის მუშაობის შედეგებით.
ჩინელი დიპლომატის სიტყვით, ხანჯოუს G20-ის სამიტზე მიიღეს მსოფლიოს ლიდერების კომუნიკე, რომელშიც განსაზღვრულია სამიტის წევრების მუშაობის ღონისძიებები, მიზნები და ამოცანები. სამიტის მონაწილეებმა ასევე დასახეს G20-ის განვითარების ინოვაციური გეგმა და სტრატეგია.
„ხანჯოუს G20-ის სამიტის მონაწილეებმა პირველად განიხილეს მდგრადი განვითარების გეგმა 2030 წლამდე პერიოდში, ასევე „პარიზის შეთანხმება“ კლიმატური ცვლილებების თაობაზე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ „ხანჯოუს G20-ის სამიტი გახდება ახალი ათვლის წერტილი, რომელიც საშუალებას მისცემს მსოფლიო თანამეგობრობას განავითაროს სრულიად ახალი მიმართულებები“, - დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ვლადიმერ პუტინის ექსკლუზიური ინტერვიუ „სინხუას“ გენდირექტორთან: ჩინეთ-რუსეთის თანამშრომლობა საერთაშორისო არენაზე - მსოფლიოში სტაბილურობის გარანტია

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
შაბათი, 25 ივნისი 2016 11:33

ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგში ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა სააგენტო „სინხუას“ გენერალურ დირექტორს ცაი მინჩჟაოს. ვ. პუტინი ჩინეთში სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ცზინპინის მიწვევით ჩადის. ვლადიმერ პუტინმა, კერძოდ, განაცხადა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთნდობა უპრეცედენტო დონეზეა. ამჟამად მუშაობა მიდის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე სავაჭრო, ტექნოლოგიურ სფეროში, ასევე ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ვ. პუტინის აზრით, რუსეთმა და ჩინეთმა საერთაშორისო არენაზე სტაბილურობას და პროექტის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, განხორციელებას უნდა შეუწყონ ხელი.
ვლადიმერ პუტინთან ინტერვიუ დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ქვემოთ გთავაზობთ ამ ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას.
ცაი მინჩჟაო: ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. თქვენ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდით. თქვენი და სი ცზინპინის ძალიხსხმევით რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა მუდმივად ღრმავდება. მიმდინარე წელს 15 წელი გადის ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანაშრომლობის შეთანხმების ხელმოწერიდან, ასევე 20 წელი გავიდა ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის და უერთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან. თუ შეგიძლიათ, ჩამოგვითვალეთ ნიშანდობლივი მომენტები ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში და შეაფასეთ მათი განვითარების პერსპექტივები. რას ელით ჩინეთში თქვენი მომავალი ვიზიტისგან?
ვლადიმერ პუტინი: თქვენ ფაქტობრივად უკვე დაახასიათეთ ჩვენი ურთიერთობები, როდესაც განაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზეა.
მე თქვენი მკითხველის ყურადღებას ორ თარიღზე გავამახვილებდი. 20 წლის წინ ჩვენ ახალი ურთიერთობების მშენებლობის დაწყების შესახებ განვაცხადეთ, ხოლო 15 წლის წინ მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ. ამ ხნის განმავლობაში ჩატარებულია უდიდესი სამუშაო, რომელმაც ჩვენი ურთიერთნდობები უპრეცედენტო დონეზე აიყვანა. ის ჩვენს ურთიერთობას საფუძვლად უდევს.
ვინაიდან მსგავსი დონის ურთიერთობები ჩვენ ადრე არ გვქონდა, ექსპერტებს მიმდინარე საერთო საქმეების შეფასებაც კი უჭირდათ. თურმე იმის თქმა, რომ ეს უბრალოდ სტრატეგიული ურთიერთობაა, არ ყოფილა საკმარისი. ამიტომ ჩვენ ყოვლისმომცველ პარტნიორობასა და სტრატეგიულ ურთოერთობაზე დავიწყეთ საუბარი. ყოვლისმომცველი - ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მნიშვნელოვან მიმართულებაზე ვმუშაობთ. სტრატეგიული კი იმას ნიშნავს, რომ ამას უდიდეს სახელმწიფოთაშორის მნიშვნელობას ვანიჭებთ.
თქვენ ახსენეთ ჩვენი ურთიერთქმედება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, სი ცზინპინთან. ეს მართლაც ასეა. ჩვენი საერთო მუშაობა, მუშაობა ასეთ დონეზე არის ჩვენი ურთიერთობების წინსვლა. ჩვენს უმაღლეს დონეზე ურთიერთქმედების სტრატეგიის საკითხებს განვიხილავთ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების განვითარებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. ის ძალიან კარგი მეგობარი და სანდო პარტნიორია.
მაგრამ ჩვენი ძალისხმევა არ იქნებოდა საკმარისი რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების წარმატებული განვითარებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო რუსეთის ფედერაციის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის მუშაობის მექანიზმების დალაგება. მთავრობის მეთაურების დონეზე რეგულარული შეხვედრები ხდება. შექმნილია ოცზე მეტი სამთავრობათაშორისო კომისია, ქვეკომისია, სადაც ჩვენი მეგობრები ძალიან ეფექტურად და დაძაბულად მუშაობენ. რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ხშირად არც თუ ისე მარტივია. თუმცა ყველა საკითხი, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ის, ერთ მიზანს ემსახურება - ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიზანს და ჩვენ ყოველთვის ვპოულობთ გამოსავალს.
მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი ცნობილი სირთულეების გათვალისწინებით, ეს ჩვენს ურთიერთობაზეც აისახა, ოდნავ შემცირდა ტვირთბრუნვა, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს დროებითი მოვლენაა, რაც ზოგიერთი საქონლის მიმდინარე კონიუნქტურას და ვალუტის კურსს უკავშირდება. ამასთანავე ჩვენ მთავარს მივაღწიეთ - ჩვენი სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურას უფრო კეთილშობილურს ვხდით.
ახლა შესაძლოა შევცდე, მაგრამ როგორც მახსოვს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში ექსპორტირებული ჩვენი სამანქანო-ტექნიკური პროდუქცია 44 პროცენტით გაიზარდა. ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ამ პრობლემას მრავალი წლის განმავლობაში განვიხილავდით. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს იმისთვის, რომ ჩვენ ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება ასე ავაგეთ და დასახულ მიზნებს მივაღწიეთ. ეს ჩვენი საერთო მიზნები იყო. ჩვენ ამაზე შევთანხმდით და სწორი მიმართულებით მივდივართ.
ამ მხრივ, უდავოდ უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ჩვენი ურთიერთობების დივერსიფიცირება,მისთვის უფრო მეტი კეთილშობილურობის პრინციპის მინიჭება. მე ვგულისხმობ ჩვენს ურთიერთობებში მაღალტექნოლოგიურ სფეროზე მეტი ყურადღების გამახვილება.
ჩვენ ერთად ვმუშაობთ კოსმოსურ პროგრამებზე, ავიაციის სფეროში, ამჟამად მიმდინარეობს ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავის და მძიმე ვერტმფრენის შექმნაზე მუშაობა. ერთობლივად ვმუშაობთ ეკოლოგიის საკითხებზე, ვაგრძელებთ ძალზე მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შროის ატომურ ენერგეტიკაში.
ცაი მინჩჟაო: რუსულ მხარეს ამ სფეროში კარგი კონკურენტული შესაძლებლობები და უპირატესობები გააჩნია.
ვლადიმერ პუტინი: ასეც არის. „როსატომს“ ძალზე ბევრი შეკვეთა აქვს. „ტიანვანის“ ატომურ ელექტროსადგურზე ორი ბლოკი უკვე რვა წელია მუშაობს და ის ძალზე სანდოა. ჩვენ კიდევ ორ ბლოკზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი არ არის. ჩვენი ურთიერთობა უნდა განვითარდეს არა მარტო ჩინეთში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობის გაზრდის, არამედ ამ სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხითაც.
ჩინეთი ზრდის თავის მონაწილეობას ჩვენს ენერგეტიკულ ბაზარზე. ის არის აქციათა ძირითადი პაკეტის მფლობელი პროექტში „იამალ თბგ“, ასევე შეიძინა ქიმიური ჰოლდინგ „სიბურის“ აქციათა პაკეტის 10 პროცენტი. ჩვენ მივესალმებით ამ ჩინურ ინვესტიციებს არა მარტო ფინანსური რესურესების მოზიდვის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების კუთხითაც.
არსებობს ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ცნობილი პროექტი „მოსკოვი - ყაზანი“. მუშაობა ძალზე აქტიურად მიმდინარეობს. ზოგიერთ მონაკვეთზე მატარებელი საათში 400 კილომეტრს განავითარებს. ჩვენ ამ პერსპექტივებს ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, ეს ინფრასტრუქტურის სფეროში დიდი თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ჰუმანიტარულ სფეროში. ეს არის ჩინეთის დღეეები რუსეთში და რუსეთის დღეები ჩინეთში, ახალგაზრდების გაცვლის წლები, რუსულის და, შესაბამისად, ჩინური ენის წლები, არის ტურისტული გაცვლები და ა.შ. ამ ღონისძიებების ნაწილი ჩინურის, ნაწილი კი რუსული მხარის მიერ იყო ინიცირებული. ყველა ღონისძიება წარმატებით ჩატარდა, რაც ჩვენს ხალხებს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნას ხელს შეუწყობს. ასეთი პროექტები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ენერგეტიკა და მისი უზარმაზარი პროექტი „ციმბირის ძალა“. საუბარია ჩინეთში რუსული გაზის მიწოდებაზე ახლადაშანებული აღმოსავლეთის გაზსადენით - წელიწადში 38 მლრდ კუბური მეტრი. ამას უნდა დაუმატოთ დიპლომატიური, სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.
როგორც წესი, ასეთ საკითხებს ჩვენ ერთობლივ შეხვედრებზე განვიხილავთ. როგორც ხედავთ, დღის წესრიგი უზარმაზარია, უფრო სწორად კოლოსალური. ამიტომ მე ველი, რომ ჩვენ ძალზე შინაარსობრივი მოლაპარაკება გვექნება და ის მეგობრობისა და ურთიერთნდობის ატმოსფეროში გაიმართება.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის განვითარება და მრავალი მსხვილი პროექტი ჩვენი შთაგონების წყარო ხდება. თქვენ ხშირად საუბრობთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და ჩინური ინიციატივის „ერთი სარტყელი-ერთი გზა“, ერთმანეთთან დაკავშირების აუცილებლობის შესახებ. ჩინელი ბიზნესმენები ამ თემაზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის? და როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობის გზით ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დონის ამაღლება?
ვლადიმერ პუტინი: თქვენ ძალზე საინტერესო და მასშტაბურ თემას შეეხეთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩინეთის თავმჯდომარე სი ცზინპინი „დიდი აბრეშუმის გზის“ იდეის აღდგენის ინიციატივით გამოდის. მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა ძალზე დროული, საინტერესო და პერსპექტიულია. ეს პროექტი მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან და, პირველ რიგში, მეზობლებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ არის მიმართული . ამიტომ საითაც არ უნდა წავიდეს ეს გზა, ის, პირველ რიგში, მეზობლებზე უნდა გადიოდეს.
ჩვენი მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს - ორმხრივ საფუძველზე - რუსეთი და ჩინეთი და ჩინეთისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართულებით.
სულ ცოტა ხნის წინ ასტანაში ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კოლეგებთან ერთად, რომელშიც ამჟამად ხუთი ქვეყანა შედის, ამ შესაძლებლობას განვიხილავდით. ყველამ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავებას, „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების იდეის ფარგლებში მხარი დაუჭირა. ესეც სი ცზინპინის ინიციატივა გახლავთ.
მე თქვენთან ძალზე გულახდილი ვიქნები. ეს საკითხები, ბუნებრივია, საექსპერტო შეფასებებს საჭიროებს. ჩვენ, ბუნებრივია, ადგილობრივი მწარმოებლის ინტერესებს ვიცავთ. მაგრამ საერთო აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო ეკონომიკის განვითარების, ჩინეთთან ურთიერთქმედების გენერალური გეგმა, ერთობლივი მუშაობის დაწყება და ყველა ბარიერის ეტაპობრივი მოხსნა საჭირო. საწყის ეტაპზე ამას, შესაძლოა, თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა მოჰყვეს.
ჩვენ რეალისტები ვართ და გვესმის, რომ საწყის ეტაპზე ეს გარკვეულ შეფერხებებთან იქნება დაკავშირებული. მაგრამ ამისდა მიუხედავად, ჩვენ მუშაობის სხვა მიმართულებაც უნდა ვაჩვენოთ. ამ მიზნისკენ სვლის პროცესში ჩვენ ევრაზიის ფარგლებში თანამშრომლობის წინაპირობებს შევქმნით, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობით რეგიონის სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო ინტერესდება. ჩვენ შევეცდებით, რომ არ შეიქმნას დახურული სავაჭრო-ეკონომიკური დაჯგუფებები.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. ძალზე მალე ტაშკენტში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაიის მორიგი სამიტი იმართება. ის 15 წლის წინ იყო შექმნილი. ჩინეთი და რუსეთი შანხაის ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული უსაფრთხოების და რეგიონული განვითარების სტიმულირების საკითხში. რას ელით თქვენ მომავალი სამიტისგან? ამ მექანიზმს როგორ აფასებთ?
ვლადიმერ პუტინი: როდესაც ეს ორგანიზაცია იქმნებოდა, ის საკმაოდ მოკრძალებული, თუმცა მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას ემსახურებოდა. ეს სასაზღვრო თანამშრომლობის ზოგირთი საკითხის მოგვარება იყო. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ასეთი საკითხები კეთილი ნების არარსებობის შემთხვევაში შეიძლება ათწლეულობით იყოს გამოკიდული ჰაერში, ხოლო მისი არსებობის შემთხვევაში, შესაძლებალია ამ პრობლემების გადაჭრა. ეს, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა ადამიანი მონდომებული მოაგვაროს ესა თუ ის პრობლემა, ასევე იმ ფილოსოფიაზე, რომელსაც ესა თუ ის სახელმწიფო საგარეო სფეროში ემსახურება.
რუსეთმაც, ჩინეთმაც და შანხაის ორგანიზაციის სხვა წევრებმაც ამ სფეროში არსებული ყველა საკითხი კეთილი ნების არსებობის დახმარებით მოაგვარეს. გასაგები გახდა, რომ ამ მექანიზმის დაკარგვა არ შეიძლება - ძალზე ცოდო იყო იმ დამუშავებული მასალის და ჩვენს სახელმწიფოებს შორის მიღწეული ურთიერთობების ხარისხის დაკარგვა. ამიტომ ჩვენ უკვე შექმნილი მქანიზმი სხვა საკითხების გადასაჭრელად გამოვიყენეთ, პირველ რიგში, სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
ეს პოლიტიკურ თანამშრომლობასაც ეხება, ინფრასტრუქტურის განვითარებასაც, დავიწყეთ უსაფრთხოების საკითხების განხილვა, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხების გადაჭრა და ა.შ.
ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ რაღაცა ფანტასტიურ შედეგებს მივაღწიეთ და რაღაცა საჩვენებელი აქციებით თავი გამოვიჩინეთ, მაგრამ ეს ორგანიზაცია რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი გახდა, ის მიმზიდველია და მასში გაწევრიანების სურვილი ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა.
რუსეთის ქალაქ უფაში შარშან გამართულ სამიტზე ჩვენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში კიდევ ორი ქვეყნის - ინდოეთისა და პაკისტანის მიღების გადაწყვეტილება მივიღეთ. ტაშკენტის სამიტზე ჩვენ ეს გადაწვეტილება უნდა გავამყაროთ. განვიხილავთ შანხაის ორგანიზაციაში სხვა წევრების მიღების საკითხსაც.
იმ სფეროების გაფართოება, რომლითაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაა დაკავებული, ისეთი ძლიერი ქვეყნების ხარჯზე, რაც მე წეღან ვახსენე, მისი წევრების რაოდენობის გაზრდა, ამ ორგანიზაციას ძლიერ საერთაშორისო გაერთიანებად ქმნის და ის ძალზე მოთხოვნადი და ავტორიტეტული ხდება როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში.
საერთაშორისო სიტუაცია საკმაოდ რთული და მრავალმხრივია. ჩვენს ორგანიზაციაში სხვადასხვა შეხედულების მქონე ქვეყნების მიღება საერთაშორისო პრობლემებს არ ჭრის, მაგრამ მათი გადაჭრის პირობებს ქმნის. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა. დღეს მსოფლიოს წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. ეს არის გლობალური ეკონომიკის აღდგენის არასათანადო ტემპები, ზოგიერთი რეგიონის არასტაბილურობა, ტერირიზმის მზარდი საფრთხე, დედამიწის კლიმატის შეცვლა და გარემოს დაცვის სხვა პრობლემები. ასეთ რთულ საერთაშორისო სიტუაციაში ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც პასუხისმგებლობით აღსავსე და გავლენიანი სახელმწიფოებია, დედამიწაზე მშვიდობის და სტაბილურობის დაცვის საკითხში ძლიერ ძალას წარმოადგენენ. როგორ ფიქრობთ, კიდევ რა ძალისხმევა შეუძლიათ განახორციელონ ჩვენმა ქვეყნებმა მშვიდობის დამყარების და გლობალური მართვის სრულყოფის კუთხით?
ვლადიმერ პუტინი: იცით რა, ჩინეთსა და რუსეთს შორის საერთაშორისო არენაზე თავად ურთიერთობის ფაქტი არის მსოფლიოში სტაბილურობის ფაქტორი.
მოდით გავიხსენოთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის გამოსვლა გაეროს 70 წლის იუბილეზე. ეს გამოსვლა ყველა სადავო საკითხის მშვიდობიანი საშუალებებით და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით გადაჭრის აუცილებლობას ეხებოდა. სხვათა შორის თავმჯდიმარე - ერთ-ერთია, ვინც გაჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის ინიციატივით გამოვიდა და ეს საკითხი დააკონკრეტა კიდეც. სწორედ ეს მიდგომები გვაერთიანებს საერთაშორისო საქმეებში და არა მარტო ჩვენი ქვეყნების გეოგრაფიული სიახლოვე.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ერთობლივი მუშაობის გარდა, ჩვენ ერთად ვმუშაობთ BRICS-ის ფარგლებში, რომელიც ასევე ერთობლივად დავაფუძნეთ, ასევე გაეროს მოედანზე.
მინდა გავიხსენო,რომ თავის დროზე სწორედ ჩვენმა ქვეყანამ, მაშინ საბჭოთა კავშირმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი გამხდარიყო.
ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჩინეთმა ამ ორგანიზაციაში ღირსეული ადგილი დაიკავა. დღესაც ძალზე მოხარულები ვართ, რომ ეს მოხდა, ვინაიდან ჩვენი შეხედულებები საერთაშორისო საკითხებზე ან ახლოს არის ერთმანეთთთან, ან სრულ თანხვედრაშია. ეს კონკრეტული საქმიანობითაც არის გამყარებული, მუშაობით ტექნიკურ დონეზე. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვიმყოფებით ერთმანეთთან და გლობალურ პრობლემებზე და რეგიონულ საკითხებზე კონსულტაციებს ვაწარმოებთ. ვინაიდან ერთმანეთს ახლო მოკავშირეებად მივიჩნევთ, ყოველთვის ვიზიარებთ პარტნიორების აზრებს, მათ ინტერესებს ვითვალისწინებთ.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩემი ვიზიტის დროს ჩვენი ერთობლივი საქმიანობა სწორედ ასეთ ჭრილში იქნება ორგანიზებული.
ცაი მინჩჟაო: დიდი მადლობა, ბატონო პრეზიდენტო!. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს ჩინეთში. მინდა გისურვოთ წარმატება მომავალი ვიზიტის ფარგლებში. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ ჩინეთში თქვენი ვიზიტის დროს ჩინეთის სააგენტო „სინხუა“ და რუსეთის სააგენტო „ტასი“ თანამშრომლობის შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს.
ვლადიმერ პუტინი: დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით ამ საკითხში. თანამედროვე მსოფლიოში საინფორმაციო უზრუნველყოფა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დიპლომატების სუბსტანტიური მუშაობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ჩინეთის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვედა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 13:24

პეკინში დღეს გაიმართა ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევთან, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამის შესახებ ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

როგორც სი ცზინპინმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ყველა სფეროში ვითარდება და მას დიდი მომავალი გააჩნია. „ჩინეთი აფასებს აზერბაიჯანის მხარდაჭერას ახალი პროექტის „დიდი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ განვითარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები არიან. „უკანასკნელ ხანს ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ყველა სფეროში, როგორიც არის პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და განათლება“, - დასძინა ი. ალიევმა.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, სი ცზინპინმა და ილხამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ჩინეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავების თაობაზე.

დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მომავალი სამიტი ჩინეთში ჩატარდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 12:19

ჩინეთის პრეზიდენტმა და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა  სი ცზინპინმა დღეს განაცხადა, რომ  დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მომავალ სამიტს, 2016 წლის 4-5 სექტემბერს ჩინეთის ქალაქი ხანჯოუ (პროვინცია ჩჟეცზიანის ადმინისტრაციული ცენტრი, აღმოსავლეთ ჩინეთი) უმასპინძლებს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში მუშაობა დაასრულა დიდი ოცეულის ლიდერთა წლევანდელმა სამიტმა, რომელიც  თურქეთის ტურიზმის დედაქალაქ ანტალიაში 15-16 ნოემბერს ჩატარდა.

ჩინეთის პრეზიდენტი სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 09 ნოემბერი 2015 15:48

ჩინეთის პრეზიდენტი და კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი  სი ცზინპინი დღეს სინგაპურში ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მა ინცზიუს შეხვდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ტაივანის სრუტის ორივე ნაპირზე კავშირების გამყარების საკითხები.

უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ შეხვედრას და აღნიშნეს, რომ მას ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია. გარდა ამისა, მათ გამოთქვეს იმედი, რომ ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს სრუტის მშვიდობიანი გზით განვითარებას, რაც თავის მხრივ დაეხმარება რეგიონში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

დიდი აბრეშუმის გზის ახალი პროექტი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ქვეყნებს განვითარების ახალ შანსს აძლევს-სი ძზინპინი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 13:46

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ცზინპინმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრათან დევიდ კემერონთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩინეთ-ბრიტანულ საქმიან სამიტში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

თავის გამოსვლაში სი ცზინპინმა აღნიშნა, რომ მის მიერ წამოყენებულ ინიციატივას „დიდი აბრეშუმის ეკონომკური გზის და 21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის (ერთი სარტყელი, ერთი გზა)“ განვითარების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობა პოზიტიურად შეხვდა.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ეს არის გახსნილობა, მრავალმხრივი თანამშრომლობა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ძველი აბრეშუმის გზის საზღვრით. ყველა ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია მონაწილეობა მიიღოს ამ ახალ პროექტში, აქვს შესაძლებლობა შეუერთდეს მას“, - დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.

 

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში ჩავიდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 სექტემბერი 2015 15:00

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური სი ცზინპინი სპეცრეისით დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში ჩაფრინდა, სადაც გაგრძელდა მისი ოფიციალური ვიზიტი ამერიკაში.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

მათი ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ვაშინგტონში, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების აეროდრომზე დაეშვა. სი ცზინპინსა და მის მეუღლეს პენ ლიუანს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი დახვდა.

ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური ვაშინგტონში სიეტლიდან ჩავიდა, საიდანაც იგი ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გამოაცილეს.

ვაშინგტონი ჩინეთის პრეზიდენტისთვის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მეორე გაჩერებაა. მოგვიანებით ჩინეთის ლიდერი გაეროს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტის მიწვევით, ჩინეთის სახელმწიფოს მეთაური 22-25 სექტემბრის ჩათვლით ოფიციალური ვიზიტით ამერიკას ესტუმრა და შეხვედრები გამართა ამერიკის სახელმწიფოს პირველ პირებთან.

ჩინეთისა და ამერიკის მაღალჩინოსნები სი ცზინპინის ვიზიტს მოამზადებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 10 აგვისტო 2015 13:46

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში გააგზავნიან თავის ჩინოვნიკებს, რომლებიც შეათანხმებენ საორგანიზაციო საკითხებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის პრესზიდენტის სახელმწიფო ვიზიტთან დაკავშირებით. ამის შესახებ ორშაბათს ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლუ კანმა განაცხადა.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, აგვისტოსა და სექტემბერში ჩინეთში ჩამოვლენ ამერიკის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც შეათანხმებენ ამერიკაში ჩინეთის პრეზიდენტის სი ცზინპინის სახელმწიფო ვიზიტის საკითხებს.

შესაბამისად, ჩინეთის ხელისუფლების პასუხისმგებელი და კომპეტენტური პირებიც გაემგზავრებიან ამერიკაში, რათა ადგილზე მოამზადონ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში.

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ოფციალურად მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაში.

ბიზნეს ნიუსი

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასა...

პოპულარული

« აგვისტო 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური