სეოკ-ში ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 04 ივლისი 2019 10:48

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს მეორე ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართული დელეგაციის წევრებს - სპორტსმენებს, მათს მწვრთნელებს, სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებს. სტუმართა შორის იყვნენ ვეტრანი სპორტსმენები, პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, მსაჯები, სპორტის გულშემატკივრები.
შეხვედრას უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. მან გაიხსენა ახლახანს დამთავრებული ევროპული თამაშების პერიპეტიები, მაღალი შეფასება მისცა ქართველ სპორტსმენთა გამოსვლას ამ მნიშვნელოვან მულტისპორტულ შეჯიბრებაში, მადლობა გადაუხადა ყველა იმ ორგანიზაციას და პიროვნებას, ვინც უზრუნველყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წარმატებული გამოსვლა მინსკში.
მოგეხსენებათ, მინსკში სპორტის 10 სახეობაში საქართველოს 61-მა წარმომადგენელმა იასპარეზა. ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ წინა თამაშების შედეგი და სპორტის 7 სახეობაში 30 მედალი მოვიპოვეთ. მათ შორის - 6 ოქროს, 10 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი, საერთო ჩათვლაში კი მეშვიდე ადგილი გვერგო, მედლების რაოდენობით - მეხუთე. მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ თამაშებში მონაწილე საქართველოს ყოველმა მეორე სპორტსმენმა მედლის მოპოვება შეძლო. ჩვენ უკან ჩამოვიტოვეთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის და სხვა წამყვანი სპორტული ქვეყნების ნაკრები გუნდები.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალა შეგვწევს ღირსეული კონკურენცია გავუწიოთ კონტინენტის წამყვან სპორტულ ქვეყნებს და მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ, - აღნიშნა ლერი ხაბელოვმა, - ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სპორტული ქვეყანაა ევროპაში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენთაგანს გაწეული ნაყოფიერი შრომისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს სპორტსმენებს, რომლებმაც თავდადებით იბრძოლეს მინსკში, რათა გაეხარებინათ სპორტის გულშემატკივრები. ჩვენი ხალხი, ჩვენი ხელისუფლება ღირსეულად აფასებს თქვენს შრომას და თავდადებას. ეს გამოიხატება არა მხოლოდ მადლობის სიტყვებით, არამედ სოლიდური პრემიებით, რომელითაც თითოეული თქვენთაგანის სპორტული წარმატება აღინიშნება.
ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ ხანგრძლივი და შრომატევადი მოსამზადებელი ეტაპი. სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტეტი, სპორტული ფედერაციები ზრუნავდნენ იმისთვის, რომ მაღალ დონეზე წარმართულიყო სასწავლო-საწვრთნელი შეკრებები, ოპერატიულად მოგვეგვარებინა ყველა პრობლემური საკითხი, სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისთვის შეგვექნმა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ამ ძალისხმევამ ჩინებული შედეგი გამოიღო. ევროპული თამაშები უკვე ისტორიის კუთვნილებაა, სპორტული ცხოვრება კი გრძელდება. მოახლოვდა ოთხწლეულის უმთავრესი შეჯიბრება - ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2020 წლის ივლის-აგვისტოში ტოკიოში გაიმართება.
ბევრ თქვენთაგანს წინ ელოდება ოლიმპიური სალიცენზიო ტურნირები, შემდგომში კი - უშუალოდ ოლიმპიური სტარტები. ჩვენ ახალი ძალითა და ენერგიით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ტოკიოში ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა.“
სეოკ-ის პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას შეახსენა იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებმაც მინსკში სხვადასხვა ხარისხის მედლები მოიპოვეს:
ოქროს მედალოსნები 
1. ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო)
2. დავით ლორიაშვილი (სამბო)
3. ლევან ნახუცრიშვილი (სამბო)
4. ბექა ბერძენიშვილი (სამბო) 
5. გურამ თუშიშვილი (ძიუდო)
6. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო)

ვერცხლის მედალოსნები
1. მინდია ლილუაშვილი (სამბო)
2. ნინო ოძელაშვილი (სამბო)
3. ელენე ქებაძე (სამბო)
4. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო)
5. გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
6. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
7. ლუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა)
8. შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
9. იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) 
10. სახილ ალახვერდოვი (კრივი)

ბრინჯაოს მედალოსნები 
1. ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა)
2. ამირან პაპინაშვილი (ძიუდო)
3. ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)
4. ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო)
5. ლუკა მაისურაძე (ძიუდო)
6. ბესარიონ ბერულავა (სამბო)
7. გივი ნადარეიშვილი (სამბო)
8. პაატა ღვინიაშვილი (სამბო)
9. გენადი ჩირგაძე (სამბო)
10. ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
11. ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა)
12. დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
13. ოთარ ერანოსიანი (კრივი)
14. გოგიტა არქანია (კარატე)

მადლობის სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც მინსკში ახლდა ჩვენს ოლიმპიურ დელეგაციას და უშალოდ ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს სპორტულ შეჯიბრებებს. მან ხაზი გაუსვა ამ წარმატების მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის, ღირსეული გამოსვლა მიულოცა სპორტსმენებს და მათს მწვრთნელებს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალში ამ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებს მიესალმნენ ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონები - გურამ საღარაძე და ლუკა კურტანიძე, არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი ჯამლეტ ხუხაშვილი.
ევროპულ თამაშებში მონაწილე ქართველ სპორტსმენთა სახელით შეკრებილებს მიმართა ჩვენი დელეგაციის მედროშემ, მძიმეწონოსანმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა, რომელმაც მინსკში ოქროს მედალი დაისაკუთრა.

სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 12:26

ამ წუთებში სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი, მოქმედი პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი იღებენ. 
სეოკ-ის პრეზიდენტს ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი ირჩევს.


სეოკ საარჩევნო კამპანიაში სპორტსმენების ჩართულობას გმობს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 04 ოქტომბერი 2016 13:47

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური  საარჩევნო კამპანიაში სპორტსმენების ჩართულობას გმობს და ამასთან დაკვშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსა უცვლელად გთავზობთ:

"პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული სპორტული ფედერაციებისა და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების გამოყენების მანკიერმა პრაქტიკამ თავის დროზე სერიოზულად დააზარალა ქართული სპორტი.

ოთხი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ახალი გუნდის მოსვლის დღიდანვე ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ სპორტში დამკვიდრებულ მიუღებელ ვითარებას, როცა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა არაუფლებამოსილი პირები უხეშად ერეოდნენ სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში.

მკაცრად იქნა დაგმობილი ამ ორი წლის წინ ზოგიერთი წამყვანი ფედერაციიის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო და საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი _ მოქმედი სპორტსმენების, ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრების ჩართვის ღია მცდელობა.

ჩვენ ასევე რეკომენდაცია მივეცით სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს, მოერიდონ პოლიტიკურ პროცესებში დაუფიქრებელ და ნაჩქარევ ჩართვას, რათა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც საკუთარი თავი და არც მთელი ქართული სპორტი, არ გახდნენ პოლიტიკური სპეკულაციების უნებლიე მსხვერპლნი.
იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები მოერიდებოდნენ მერკანტიული მიზნებისთვის სპორტის გამოყენებას და გაუფრთხილდებოდნენ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონების იმიჯს. 
სამწუხაროდ, პატიოსანი თამაშის ეს წესი დაარღვია სწორედ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა და ამკვიდრებდა სპორტში უცერემონიო, ზოგიერთ შემთხვევაში კი _ ძალისმიერი ჩარევის პრაქტიკას.

როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო-კადრებით ირკვევა, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეხვდა ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს.

ასევე ირკვევა, რომ ეს არ მომხდარა თავად სპორტსმენის ინიციატივით და სურვილით.

ამგვარმა "მასპინძლობა" ქართული სპორტის გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მოქმედი წარმატებული სპორტსმენის საარჩევნო ბატალიებში ჩართვის უხეში მცდელობა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის _ ვლადიმერ ხინჩაგაშვილის მისამართით.

სეოკ-ი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს სპორტის ქომაგებს, ჩვენს საზოგადოებას თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, გაუფრთხილდნენ დიდი სპორტსმენის ღირსებას, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით უსაზღვრო სიხარული მოუტანა თითოეულ ჩვენგანს,"- აღნისნულა განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური