ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 10 მაისი 2019 13:02

„ჩვენს პედაგოგებს, ჩვენი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიზნის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევაში. ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში და მთავრობის პროგრამაშია ასახული, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციაა და მთელი საზოგადოება ამ მიზნის გარშემოა კონსოლიდირებული.“ - მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სემინარის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეებს.
 
„სიმბოლურია, რომ ეს სემინარი ემთხვევა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს: წელს სრულდება ხუთი წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან და ათი წელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ეს ის შეფასებაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და რაც ასახულია ევროკავშირისა და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა დეკლარაციაში და გადაწყვეტილებაში. საგანგებოდ საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან ინიცირებულია უპრეცედენტო ფორმატები, მათ შორის, უმაღლესი დონის დიალოგი. აღსანიშნავია ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პროექტში, „საგზაო რუკა ევროპისკენ“, რომეილც ითვალისწი­­­­ნებს ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის რეალიზაცია უკვე ხდება, რისი დასტურიცაა საქართველოს განათლების ხარისხის ევროპულ ცენტრში გაერთიანება, საქართველოს დიპლომების აღიარება. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ყველა პროგრამასა და სააგენტოში, რაც თანდათანობით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

სემინარის გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც „ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში გაიმართა, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ჰეტმა, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და    სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა და  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს   150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.
 
პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და„აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“  ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.
 
„ევროპის დღეები 2019“  5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეშვიდედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

სასტარტო სემინარის ფარგლებში ჟურნალისტებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 30 დეკემბერი 2018 14:24

გასულ კვირას თბილისში ჩატარდა ქართველი ჟურნალისტებისა და საინფორმაციო საშუალებების ხელმძღვანელი პირების ერთობლივი ოთხდღიანი სასტარტო სემინარი. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო იურიდიული თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) - ტერეზა ტალჰამერი სამხრეთ კავკასიის პროექტების ხელმძღვანელი და მედიის განვითარების ფონდი (MDF) - თამარ კინწურაშვილი, აღმასრულებელი დირექტორი. შეხვედრის მხარდამჭერი - სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის საგნობრივი ხელმძღვანელები იყვნენ: ტომას ვიერნი, მრჩეველი საკონსტიტუციო და მედიასამართლის დარგში, ტობიას ბრინგს–ვიზენი, კიოლნის უნივერსიტეტის კომუნიკაციისა და მედიასამართლის ინსტიტუტი, მანფრედ პროტცე, გერმანული პრესის საბჭო, დოქტორი ფრედერიკ ფერეაუ, კიოლნის უნივერსიტეტი პროფესორი, დოქტორი და ბერნდ ჰოლცნაგელი, მიუნსტერის უნივერსიტეტი.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ფარგლებში მისმა მონაწილეებმა განიხილეს „თავისუფალი მედიის რეგულირების საწყისი მიზნები და პრინციპები“. კერძოდ:

• მედიის ამოცანები დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში

• სახელმწიფოსა და გაერთიანების ზედამხედველობისგან

თავისუფალი მედია 

• ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვა, ინფორმაციის

სანდოობა

• ინფორმაციისა და მისი გავრცელების თავისუფლება

• მრავალფეროვნება, როგორც დემოკრატიული აზრის

ჩამოყალიბების წინაპირობა

• ახალგაზრდობისა და მომხმარებლების დაცვა

• მიმწოდებლის სამეწარმეო თავისუფლება

• პიროვნული უფლებებისა და ღირსების დაცვა

• გამჭვირალეობა როგორც რეგულირების მიზანი

ყველა თემის მოკლე მიმოხილვის და დისკუსიის შემდეგ, მონაწილეების მხრიდან მიმდინარეობდა განსაკუთრებული პრობლემების გამოვლენის პროცესი.

სემინარის მუშაობის მომდევნო დღეები დაეთმო ცალკეული და კონკრეტული თემების განხილვას, ანუ როგორიც იყო პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, სოციალური ქსელის რეგულირება, შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით, ქართული სამართლებრივი მდგომარეობის და ბაზრის წარდგენა და სხვა.

თემების განხილვის შემდეგ მიმდინარეობდა აქტუალური დისკუსია პრობლემების გადაჭრის მოძებნის გზებზე, რის შემდეგაც სემინარის მონაწილეებმა მაშაობა დაიწყეს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაზე. ამის შემდეგ მოხდა დასკვნითი დოკუმეტის ერთობლოვი შემუშავება სამუშაო ჯგუფის შედეგებით და რჩევების გათვალისწინებით. 

ერთობლივი სასტარტო სემინარის ბოლო დღეს გაიმართა დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: პრესისა და ტელერადიო მაუწყებლობის თვითრეგულირება, დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: სოციალური ქსელის რეგულირება და დასკვნითი დოკუმენტის წარმოდგენა სემინარის თემაზე: შესწორებული დირექტივა აუდიო ვიზუალურ სამსახურებთან დაკავშირებით. ამას კი მოყვა შემუშავებული შედეგების საბოლოო განხილვა, სემინარების შედეგების შეჯამება, სემინარის შეფასება, შემდეგი ნაბიჯების და სამომავლო გეგმების განხილვა.

ერთობლივი სასტარტო სემინარის ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ ჩატარდა და გამოითქვა მზადყოფნა, რათა ანალოგიური სემინარი, საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისათვის უკვე სხვა საინტერესო თემებზე, მომავალ წელსაც ჩატარდეს.

 ავთანდილ ოთინაშვილი

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების სტუმრობა ვანის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 10 დეკემბერი 2018 10:34

8 დეკემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ეწვივნენ ვანის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ გიმნაზიას და ახალგაზრდულ ევროატლანტიკურ კლუბს „სურიონი“. ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდების უზრუნველყოფა მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარების შესაძლებლობით ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის საკითხებზე, ასევე საინფორმაციო და სამოქალაქო საქმიანობაში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა. შეხვედრის მხარდამჭერები იყვნენ განვითარების და დემოკრატიის ცენტრი და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია.

ვიზიტის დროს ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა ჩაატარეს სემინარი მოსწავლეებისთვის, რომელზეც მათ ინტერაქტიული მეცადინეობების საშუალებით გააცნეს ევროკავშირი, მისი წარმოშობა, ფასეულობები, სტრუქტურა და ურთიერთობა საქართველოსთან. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს ასევე გააცნეს ის შესაძლებლობები განათლების სფეროში, სამოქალაქო საქმიანობასა და მეწარმეობაში, რომლებსაც ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს სთავაზობს. ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა მოსწავლეებს გაუზიარეს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის და  ევროატლანტიკური კლუბის „სურიონი“ ახალგაზრდებთან პარტნიორული ურთიერთობის შესახებ, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების კავშირების და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერება.

"მივესალმები ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ვიზიტს ჩვენს ეპარქიაში. მნიშვნელოვანია თანატოლებს შორის ჯანსაღი დიალოგი და კომუნიკაცია. ზუსტი ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროებს აქტიურ თანამშრომლობასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას, რაც ვფიქრობ, სასიკეთო იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე." - აღნიშნავს მეუფე ანტონი, ბაღდათისა და ვანის მიტროპოლიტი.

განვითარების დ ადემოკრატიის ცენტრი (CDD) არის დემოკრატიული, მიუკერძოებელი, წარმომადგენლობითი არასამთავრობო ორგანიზაცია დინამიური და ენთუზიასტებისგან შემდგარი გუნდით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. განვითარების და დემოკრატიის ცენტრის ინიციატივით არის შექმნილი ევროატლანტიკური კლუბი „სურიონი“, რომელიც აწარმოებს ინფორმაციის მიწოდებას ევროკავშირის შესახებ სხვადასხვა ღონისძიებების და საქმიანობის გზით. ამჟამად კლუბს ჰყავს 25 მუდმივი წევრი და ის გეგმავს მსგავსი კლუბების ქსელის შექმნას მთელ ქვეყანაში.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიზანია თანამშრომლობის და სტაბილური კავშირის ხელშეწყობა ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ევროკავშირიდან და მისი აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ქსელი, უპირველეს ყოვლისა, არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსაზრებების და ინფორმაციის ურთიერთგაზიარებას ევროკავშირის შესახებ, ასევე ახალგაზრდების მონაწილეობას საინფორამციო საქმიანობაში. ქსელი ორიენტირებულია ხალხთა შორის კონტაქტებზე და დიალოგით მართულ საქმიანობაზე, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენის გაუმჯობესებას, ისევე, როგორც აღმოსავლეთ სამეზობლოსთან მისი ურთიერთობის უკეთ შეფასებას.

დამატებითი ინფორმაცია:

Young European Ambassadors Initiative

‘Young European Neighbours’ Network group on Facebook

Young European Ambassadors in photos and videos

Official Facebook Page of the European Union Delegation to Georgia

თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს სემინარს მასპინძლობს

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 02 ოქტომბერი 2017 13:54

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატოს ენის საერთაშორისო საკოორდინაციო ბიუროს (BILC) პროფესიულ სემინარს მასპინძლობს.

სემინარს ორგანიზებასა და კოორდინაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უწევს. კურსი თემაზე „ენობრივი მომზადებისა და ტესტირების სტანდარტიზაციის პროგრესის წინაპირობები: მიღებული გამოცდილება“ დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ და BILC-ის ხელმძღვანელმა, თადარიგის პოლკოვნიკმა, ტრეიკო სტოიკოვმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინგლისური ენის სათანადოდ ფლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სემინარში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 54 დელეგატი მონაწილეობს. კურსი 5 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველო პირველი ქვეყანა იყო, „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის “ (PFP) ქვეყნებს შორის, რომელმაც 2013 წელს აღნიშნულ ფორუმს უმასპინძლა. წელს კი, მას მეორედ პროფესიული სემინარის ფორმატში მასპინძლობს.

ენის სერთაშორისო საკოორდინაციო ბიურო (BILC) ენობრივი მომზადებისა და ტესტირების საკითხებში ნატოს მრჩეველი ორგანიზაციაა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პროფესიული თანამშრომლობის განმტკიცებასა და ნატოს მხარდაჭერის გაფართოებას ენობრივი კომპეტენციის, ენობრივი მომზადებისა და განათლების, ასევე, ენის ტესტირების სფეროში. BILC-ის ექსპერტები ქართულ მხარესთან 2005 წლიდან მჭიდროდ თანამშრომლობენ. მათი რეკომენდაციით დამოუკიდებელი ტესტირების ჯგუფი და ენობრივი მომზადების სკოლა ჩამოყალიბდა.

სემინარი ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 27 მარტი 2017 13:56

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ადამიანური რესურსების მართვის თემაზე სემინარი დაიწყო. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესმრულებელმა, დავით გუნაშვილმა გახსნა. მან ადამიანური რესურსების სწორი მართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. სემინარში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სემინარის მიზანს თავდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების მართვის კუთხით, ცნობიერების ამაღლება, საჭირო უნარ-ჩვევების გაღრმავება და პრაქტიკულ საქმიანობაში მათი ეფექტიანი განხორციელება წარმოადგენს.
ოთხი დღის განმავლობაში, აშშ-ის უმაღლესი საზღვაო სკოლის ლექტორი, უილიამ ჰათჩი მსმენელებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, ამერიკულ მოდელს გააცნობს და ყურადღებას იმ საკითხებზე გაამახვილებს, რაც ადამიანური რესურსების სისტემის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია. სემინარი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებასა და დისკუსიების გამართვასაც ითვალისწინებს.

სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარება ნატო-საქართველოს ერთობლივი არსებითი პაკეტის ფარგლებში აღებული ვალდებულებაა. სკოლის ამოცანაა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერება, თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.

საინფორმაციო სემინარი დარგობრივი საბჭოების წევრებისთვის

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 23 სექტემბერი 2016 13:01

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დარგობრივი საბჭოების საინფორმაციო სემინარი გაიმართა თემაზე: „დარგობრივი საბჭოების წევრთა შესაძლებლობების გაძლიერება მათი როლისა და ფუნქციების, პროფესიული სტანდარტების განხილვა-შეფასების საკითხებსა და პროფესიული კვალიფიკაციების განვითარება/განახლების მეთოდოლოგიაში“. სემინარი ორგანიზებულია პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

სემინარი მიზნად ისახავდა საბჭოს წევრებისათვის პროფესიული სტანდარტისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის სტრუქტურის გაცნობას,  მეთოდოლოგიის შექმნას. სემინარის მონაწილეები დამატებით გაეცნენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, პროფესიული განათლების მიმართულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებს ვალდებულებების შესასრულებლად.

გარდა დარგობრივი საბჭოების წევრებისა, სემინარში მონაწილეობდნენ პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა გაერთიანების, დასაქმებულთა გაერთიანებების, დარგობრივი სამინისტროებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს პროფესიული განათლების სფეროში დარგობრივი საბჭოების გაფართოებულ როლსა და ფუნქციებზე, საბჭოების განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე, დარგობრივ საბჭოებსა და სოციალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

სემინარზე მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგობრივი საბჭოების წარმატებულ ფუნქციონირებას.

ჰოლანდიელმა ექსპერტების სემინარი მეხილეობის საკითხებზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 01 ივლისი 2016 17:32

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ექსპერტებმა მეხილეობის საკითხებზე ოთხდღიანი სემინარი ჩაატარეს. სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა.

„მსგავსი ტიპის სემინარები ექსტენციონისტებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნა გაიღრმავონ ხეხილის ბაღების მოწყობის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ხილის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

სემინარზე ვაგენინგენის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ხეხილოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ქლიავი) წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ხეხილის ბაღის გაშენების სპეციფიკის, მოწყობისა და დიზაინის, სხვლა-ფორმირების, ირიგაციისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე ისაუბრეს; სასწავლო კურსის ფორმატში განიხილეს ხეხილოვანი კულტურების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვისა და ჰოლანდიაში მეხილეობის დარგში არსებული ინოვაციების საკითხებიც.

სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა წილკანსა და ჯიღაურაში მდებარე ხეხილის და ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, აგრეთვე ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

მეხილეობის დარგის საკითხებზე გამართულ სემინარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, ფერმერები, ექსტენციონისტები და აგროკონსულტანტები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

წყალდიდობის მართვა საქართველოში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 14 მარტი 2016 13:42

10-11 მარტს წყალტუბოში გაიმართა საინფორმაციო სემინარი, რომელსაც საქართველოს ბეჭდური და სამაუწყებლო მედიის ოცზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
სემინარის მონაწილეები გაეცნენ წყალდიდობის რისკებსა და მართვის პრაქტიკას დასავლეთ საქართველოში. ჟურნალისტებმა მოინახულეს რიონის აუზში განლაგებული სოფლები - საჯავახო, იანეთი და ზარათი, სადაც საცხოვრებელი სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვის მიზნით მიმდინარეობს ნაპირდაცვითი და აგრომეტყევეობის სამუშაოები.  
სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და  ადაპტაციის ფონდის ხელშეწყობით.
სემინარის მონაწილეებს შეხვდნენ ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში, და გიგლა აგულაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ისინი ჟურნალისტებთან ერთად ეწვივნენ რიონის აუზის სოფლებს, დაათვალიერეს ნაპირდაცვითი სამუშაოები და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.  
“რიონის აუზის 200 ათასი მაცხოვრებელი წყალდიდობის მუდმივი საფრთხის წინაშე იმყოფება. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან მიზნად ისახავს წყალდიდობის მართვის ისეთი პრაქტიკის დანერგვას, რომელიც დაიცავს ადამინებს წყალდიდობის მაღალი რისკის მქონე  რეგიონებში და ეკონომიკურ განვითარებასაც შუწყობს ხელს“, - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ნილს სკოტმა.   
2012 წლიდან, ნაპირდაცვითი სამუშაოები დაიგეგმა და ნაწილობრივ განხორციელდა რიონის აუზის 10 მაღალი რისკის ზონაში. აგრომეტყევეობა, ანუ მცენარეული საფარის შექმნა მდინარის ნაპირების ეროზიისაგან დაცვის მიზნით, მიმდინარეობს 11 სოფელში, რამაც დასაქმების შესაძლებლობა შეუქმნა 160 ადგილობრივ მაცხოვრებელს. დამონტაჟდა 35 ახალი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და საგუშაგო. გარდა ამისა საფუძველი ჩაეყარა დატბორვის ტერიტორიების ზონირების პოლიტიკის დანერგვას, ამინდის ინდექსზე დაფუძნებული წყალდიდობის დაზღვევის შემოღებასა და  ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას, შემუშავდა რეკომენდაციები სამშენებლო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების შესახებ.
„რიონის აუზი წყალდიდობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ტერიტორიაა დასავლეთ საქართველოში. აქ შემუშავებული და გამოცდილი მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოს სხვა რეგიონებშიც, სადაც მაღალია წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკი და საფრთხე ექმნება ადგილობრივ მოსახლეობას“, - თქვა გიგლა აგულაშვილმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა.
წლადიდობებისა და წყალმოვარდნების მართვის ინიციატივა ხორციელდება მდინარე რიონის აუზის ექვსს მუნიციპალიტეტში (სამტრედია, წყალტუბო, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ამბროლაური). 5 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროექტი დაიწყო 2012 წელს და დასრულდება 2016 წლის ბოლოს.

"მართვა და სამხედრო განათლება“ - სემინარი თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 15:32

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანელი ექსპერტების ხელმძღვანელობით სამდღიანი სემინარი - „მართვა და სამხედრო განათლება“ მიმდინარეობს. ღონისძიება სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო ბაქრაძემ გახსნა. ყოველწლიური სემინარი საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა.

სემინარის ფარგლებში გერმანელი ექსპერტები თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის გამოცდილებას უზიარებენ და ისეთ თემებზე მსჯელობენ, როგორიცაა: ჯარისკაცების უფლებები და მოვალეობები, სამხედრო კანონი და დისციპლინა, სამხედროების ინტეგრაცია საზოგადოებაში, სამხედრო ომბუდსმენის როლი გერმანიის ბუნდესტაგში და სამხედრო კაპელანის ინსტიტუტი. ასევე განიხილება გენდერისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხები.

სემინარი 16 თებერვალს გაიხსნა და 18 თებერვალს დასრულდება. კურსს საქართველოს თავდაცვის უწყების 35 წარმომადგენელი ესწრება.

ანა დოლიძე „პროგრესული ფორუმის“ მონაწილეებს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
კვირა, 20 სექტემბერი 2015 11:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ფარგლებში გამართული სემინარის მონაწილე სტუდენტებს სოციალური სამართლიანობის თემაზე ესაუბრა. ფორუმში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ორგანიზატორი კი „საქართველოს პროგრესული სკოლა“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდია.

ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებთან დისკუსიაც გამართა. „სოციალური სამართლიანობის იდეა ძალიან მნიშვნeლოვანია სამინისტროს საქმიანობაში. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ვალდებულებებისა და სიკეთეების სამართლიანი გადანაწილება. ამ იდეაზე ვისაუბრე დღეს პროგრესული ფორუმის ფარგლებში. საინტერესო დისკუსია გაიმართა. სასიამოვნო იყო სამინისტროს იდეების პროგრესული ახალგაზრდებისთვის გაზიარება. იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები კიდევ გვექნება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. საქართველოს პროგრესული ფორუმი ნატახტარში, სასტუმრო „ვანილა სქაი“-ში 18 სექტემბრიდან იმართება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური