ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 ივნისი 2016 11:30

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ამერიკელი პროფესორი ჯიმ რიდლი სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი კერძო საკუთრებისა და უძრავი ქონების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაციის შეფასება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებული საინვესტიციო გარემოს ანალიზი იყო. 

ჯიმ რიდლი მიწის რეგისტრაცისი სისტემის, კადასტრის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის საკითხებითაც დაინტერესდა. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა მას გეოინფორმაციული სისტემის, საკადასტრო მონაცემებისა და ელექტრონული რუკების დამუშავების ქართული მოდელიც გააცნეს. 

ამერიკელი პროფესორი საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მოწვევით იმყოფება. იგი მრავალი წლის განმავლობაში ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობდა, არის ამავე უნივერსიტეტის მიწის პოლიტიკის კვლევისა და სასწავლო საერთაშორისო ცენტრის წევრი. ჯიმ რიდლი  მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, აქვს სხვადასხვა ქვეყანასა(კამბოჯა, ახალი ზელანდია, ფილიპინები, ჩინეთი) და საერთაშორისო პროექტში(UN, GIZ, WB) მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის ექსპერტად მუშაობის დიდი გამოცდილება.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 25 აპრილი 2016 16:46

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია ნ.მ.-ს დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.

ნ.მ.-მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობის საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება მის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. საჯარო რეესტრმა ნ.მ.-ს უფლების რეგისტრაციისთვის სახელმწიფოსგან თანხმობის წარმოდგენა მოსთხოვა, იმ მოტივით, რომ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. მოგვიანებით, აღნიშნული თანხმობის წარუდგენლობის გამო ნ.მ.-ს განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.

2015 წლის 16 დეკემბერს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე ნ.მ.-ს უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. რეკომენდაციაში აღინიშნა, რომ კომისიის მიერ გაცემული მოწმობა წარმოადგენს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებული იყო დაერეგისტრირებინა ნ.მ.-ს საკუთრების უფლება. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან დელეგირებული აქვს უფლება, აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების გზით განკარგოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია არ კრძალავს ზემოხსენებული კანონის საფუძველზე მასზე საკუთრების უფლების აღიარებას. შესაბამისად, კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურები ვალდებულნი არიან, სახელმწიფოსგან დამატებითი თანხმობის მოთხოვნის გარეშე მოახდინონ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს უძრავ ქონებაზე ნ.მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია დაავალა.

 

ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირდა

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 07 მარტი 2016 09:59

როგორც hnewsday.ge-ს საჯარო რეესტრიდან აცნობეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინებით, რომელიც  არ ექვემდებარება გასაჩივრებას და შესულია კანონიერ ძალაში, ლევან გაჩეჩილაძე სტუდია „მაესტროს“ დირექტორად დარეგისტრირდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და  საბოლოოა.შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული  სააგენტოს 7 მარტის გადაწყვეტილებით ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და დაკმაყოფილდა ლევან გაჩეჩილაძის 2016 წლის 9 თებერვალს წარმოდგენილი, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში არსებული მოთხოვნა, მისი შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად რეგისტრაციის შესახებ.

 2016 წლის 9 თებერვალს,  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა შპს ,,სტუდია მაესტროს" დირექტორად ეთერ გადაბაძის ნაცვლად მისი - ლევან გაჩეჩილაძის  რეგისტრაცია. განცხადებას თან ერთვოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის  2016 წლის 4 თებერვლის შპს ,,სტუდია მაესტროს" პარტნიორთა კრების ოქმი.

 იმავე დღეს, 2016 წლის 9 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ჩაბარდა ეთერ გადაბაძის შემხვედრი განცხადება, რომლითაც მან მოითხოვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია - ლ. გაჩეჩილაძის დირექტორად რეგისტრაციის აკრძალვა. კერძოდ, ეთერ გადაბაძემ მოითხოვა, მის მიერ 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განხორციელებულიყო  შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორის ცვლილება და ასეთი ცვლილების შესახებ განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეჩერებულიყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ეთერ გადაბაძის განცხადება შეფასდა საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ" ინსტრუქციის მე-14 მუხლის მე-19-4 პუნქტის მოთხოვნების მიხედვით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება 30 კალენდარული დღის ვადით წარმოების შეჩერების შესახებ, ეთერ გადაბაძის მიერ 2016 წლის 5 თებერვალს სასამართლოში შეტანილი სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

5 თებერვლის მოთხოვნაზე ეთერ გადაბაძეს უარი ეთქვა ჯერ 2016 წლის 9 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო 2016 წლის 1 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ.

უცხოელი მოქალაქეებისთვის ბიზნესის რეგისტრაციის ახალი სერვისი ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 მარტი 2016 11:44

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასაქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელ მოქალაქეებს ახალ სერვისს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge , ბიზნესის რეესტრის დოკუმენტების ჩამონათვალს  ქართულ-ინგლისურენოვანი წესდების ნიმუში დაემატა, რაც ამიერიდან ბიზნესის რეგისტრაციის მსურველ უცხოელს საშუალებას აძლევს ქართულ-ინგლისურენოვანი წესდება მარტივად  მიიღოს, შესაბამისი ველები  შეავსოს და  სარეგისტრაციოდ საჯარო რეესტრში წარადგინოს.

უცხოელი მოქალაქეები საჯარო რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნით ხშირად მიმართავდნენ, თუმცა ქართული ენის არცოდნის გამო, ამ დრომდე მათ წესდების თარგმნა უწევდათ, რაც დამატებით დროსთან ერთად მატერიალურ ხარჯებთანაც იყო დაკავშირებული. სერვისის დანერგვის შემდეგ უცხოელ მოქალაქეებს ამ თანხის გადახდა აღარ მოუწევთ. ამას გარდა, ქართული ენის არცოდნა ან არასწორი თარგმანი ხშირად წესდების ხარვეზით შედგენას და პროცესის გაჭიანურებას იწვევდა. ახალი სერვისი ამგვარ შემთხვევებსაც მინიმუმამდე დაიყვანს, სარეგისტრაციო პროცედურას კი უცხოელი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მარტივს, სწრაფსა და კომფორტულს გახდის.

ამჟამად ვებგვერდზე ქართულ-ინგლისურენოვანი  წესდება მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) სამართლებრივი ფორმის სუბიექტებისთვისაა განთავსებული.  ბიზნესის რეგისტრაციისას ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ფორმაა, ამიტომ არჩევანიც, პირველ რიგში, მასზე გაკეთდა. უახლოეს მომავალში საჯარო რეესტრის ვებგვერდზე სხვა სამართლებრივი ფორმებისთვის განკუთვნილი წესდებების ინგლისურენოვანი ვერსიებიც განთავსდება.

საჯარო რეესტრის ელექტრონულ რუკებს ნებისმიერი მსურველი გაეცნობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 16:07
რეესტრის ვებგვერდზე  napr.gov.ge განთავსებული სხვადასხვა ციფრული რუკა მომხმარებლებს - მოქალაქეებსა თუ დარგის სპეციალისტებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული რუკები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია. ელექტრონული საკადასტრო რუკაზე დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, სრულიად უფასოდ, ინტერნეტით დაათვალიერონ მათთვის სასურველი ტერიტორია, გაეცნონ მის ადგილმდებარეობასა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციას. რუკა აღჭურვილია ძიების სხვადასხვა პარამეტრით, შესაბამისად, მისი მიწის ნაკვეთის ძებნა შესაძლებელია რეგიონის, ადგილმდებარეობისა და საკადასტრო კოდის მიხედვით. ძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საკადასტრო რუკაზე შეარჩიონ მათთვის საინტერესო მონაკვეთი, გადაიხადონ შესაბამისი საფასური და ჩამოტვირთონ სასურველი ამონარიდი.ამას გარდა, სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულია სხვადასხვა მასშტაბის ძველი ტოპოგრაფიული რუკები და, ასევე, ქალაქ სიღნაღისა და ფოთის ინტერაქტიული რუკები. ინტერაქტიული რუკების შექმნის პროცესში საჯარო რეესტრის სპეციალისტებმა ქალაქებში სხვადასხვა ობიექტის აღწერა და ფოტოების გადაღება განახორციელეს. ყველა მათგანი რუკაზეა დატანილი. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მარტივად და სწრაფად მოიძიონ მოსანახულებელი ადგილები, ქუჩები, სასტუმროები, საკვები, დასასვენებელი და კულტურული ობიექტები, ბანკები და ბანკომატები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, საგანმანათლებლო და სამედიცინო მომსახურების დაწესებულებები, მიწის ნაკვეთები. თითოეულ ობიექტს თან ერთვის ფოტოგალერეა და სრულყოფილი სასარგებლო ინფორმაცია, მისამართები, გეოგრაფიული კოორდინატები და ა.შ.ინტერაქტიული რუკის ინსტრუმენტებით ასევე შესაძლებელია სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტულ ადგილთან მიახლოება ან დაშორება(ზუმირება), რუკის საინტერესო ფრანგმენტების დაბეჭდვა. ინტერაქტიული რუკები ორენოვანია .

ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 16:51

ყირგიზეთის დელეგაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ რეფორმებსა და ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის ქართულ მოდელს გაეცნო. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებმა სტუმრებს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მომსახურება და სერვისების ხელმისაწვდომობა, შესაბამისი ტექნიკური და სამართლებრივი ბაზა და შიდა კომუნიკაციის მექანიზმები წარუდგინეს.

ამას გარდა, დელეგაციის წევრები ყველაზე გავრცელებული მომსახურებების - ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის, სერვისების მიწოდების ცენტრების მოწყობით, მართვითა და ინფრსტრუქტურითაც დაინტერესდნენ. ყირგიზი სტუმრები საქართველოში სამინისტროებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობის ადგილობრივ მოდელს, მის ეფექტიანობასა და რეგულაციებსაც გაეცნენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) მხარდაჭერით, ყირგიზეთის დელეგაცია,  სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამუშაო პრაქტიკას ეცნობა.  ვიზიტის მიზანი საქართველოში ბოლო წლებში საჯარო და მუნიციპალური სერვისების კუთხით განხორციელებული რეფორმების გაცნობა და გაზიარებაა.

დელეგაციის შემადგენლობაში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის საჯარო ადმინისრტრირებისა და კადრების დეპარტამენტის უფროსი, ექსპერტები, ადგილობრივი თვითმმართველობის და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ჯალალ-აბადის მერი და ბალიკჩის ვიცე-მერი, ინფოკომის, ელექტრონული მმართველობის სახელმწიფო ცენტრის, ეუთოსა  და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლები შედიოდნენ.

დასახლებული პუნქტების გეოგრაფიულ მონაცემებზე მუშაობა გრძელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 11:30

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნაზე მუშაობას აგრძელებს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს დასახლებული პუნქტების 85% უკვე ერთიან მონაცემთა ბაზაშია თავმოყრილი.

პროექტის დასრულების შემდეგ დაინტერესებულ პირებს მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცულ ინფორმაციასთან ერთად ნებისმიერი დასახლებული პუნქტის მდებარეობის მოძიება ინტერნეტით, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge მარტივად შეეძლებათ. გეომონაცემთა ბაზა სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებების შესაბამისად მუდმივად განახლდება.

 როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ მუნიციპალიტეტებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ. მუნიციპალიტეტების რეესტრში თითოეული მუნიციპალიტეტი დეტალურად რეგისტრირდება: რეესტრში აისახება ისეთი მონაცემები, როგორიცაა მუნიციპალიტეტის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სტატუსი, ადმინისტრაციული ცენტრი, მასში შემავალი დასახლებული პუნქტები და ა.შ. ეს ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge, თუმცა ჯერჯერობით მას თან არ ახლავს დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). დასახლებული პუნქტების გეოგრაფიული მონაცემების შექმნა სწორედ ამ შესაძლებლობის დამატებას ისახავს მიზნად.

 პროექტის განხორციელების შემდეგ  გამარტივდება დასახლებების გეოგრაფიული მდებარეობის მოძიება, მათი იდენტიფიცირება რუკაზე ან ინტერაქტიული რუკის ვებაპლიკაციაზე, რაც განსაკუთრებით მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც ერთი ადმინისტრაციული ერთეული იდენტური სახელწოდების მქონე ორ დასახლებულ პუნქტს შეიცავს.

 პროექტის რეალიზების შემდეგ ქვეყანაში პირველად შეიქმნება დასახლებული პუნქტების ერთიანი, ვალიდური მონაცემები, რომელთა გამოყენება ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებას შეეძლება.

 

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ შეუძლიათ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 19 თებერვალი 2016 12:16

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მისამართების ცვლილებასთან დაკავშირებით უფასო სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ალოგიკური, არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, ბინისთვის, შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.

მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. „იტალიური ეზოები“ და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

აღსანიშნავია, რომ არარსებული, გამოტოვებული ან განმეორებული მისამართები გაუგებრობისა და დავის საგანი ხშირად გამხდარა. უფასო სერვისებიც სწორედ სამისამართო რეესტრის მოწესრიგებასა და ზუსტი მონაცემთა ბაზის შექმნას უწყობს ხელს. დამისამართების პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურები მნიშვნელოვნად გაუმარტივდებათ, დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები აღარ იარსებებს, ხოლო კონკრეტული მისამართები მარტივად მისაგნები იქნება.

სერვისებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი და სერვისების განვითარების სააგენტო სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს.

დამისამართების სისტემის სრულყოფა ისეთი მომსახურებების ეფექტურად მიწოდებას აუმჯობესებს, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, სასწრაფო დახმარება, ფოსტა, სახანძრო თუ სამართალდაცვითი ღონისძიებები და სხვა.  პარალელურად, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები ელექტრონულ რუკაზე დაიტანება, რაც ქვეყანაში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 16 თებერვალი 2016 11:39

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო.

სასწავლო ვიზიტი მიზნად უძრავი ქონების რეესტრის, საკანონმდებლო ბაზის, კადასტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქივის,   „ერთი ფანჯრის პრინციპის“, ელექტრონული მმართველობისა და სხვა საკითხების გაცნობას ისახავდა.

დელეგაცია, რომელსაც ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე   აბდირაიმ ბაკიტჟან ჟარილკასინული ხელმძღვანელობდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო და სტუმრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული რეფორმები წარუდგინა.

„უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და  პრაქტიკის გასაზიარებლად ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის. მივესალმებით ქართული გამოცდილების მიხედვით რეფორმების სხვა სახელმწიფოებში გატარებას და მზად ვართ, სასწავლო ვიზიტების კუთხით მხარდაჭერა კვლავაც გავაგრძელოთ“,-განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამინისტროს, მიწის კადასტრის უწყებისა და უძრავი ქონების ცენტრის წევრებიც  შედიოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის სტუმრებს საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და არქივირების პროცესები, გეოინფორმაციული სისტემები, GEOCORS და საჯარო რეესტრში დანერგილი IT ინფრასტრუქტურაც გააცნეს.

მაკა ასათიანი საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2016 15:22
მაკა ასათიანი ლევან გაჩეჩილაძის მაესტროს დირექტორად დარეგისტრირების საკითხის შეჩერებას გამოეხმაურა. ასათიანი საჯარო რეესტრის ამ გადაწყვეტილებად სამართლიანად აფასებს და აცხადებს, რომ ახალ დავა სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება. “ეს გადაწყვეტილება არის სამართლიანი. ზუსტად ის არის მთავარი, რომ მოგვეცემა საშუალება, სამართლებრივ ჩარჩოში გადავიდეს ეს ყველაფერი და არ იყოს ეს მდგომარეობა, რაც აქამდე იყო,“ - განაცხადა მაკა ასათიანმა.
გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური