ფეთულაჰ გიულენი: სახელმწიფო გადატრიალება შესაძლებელია ერდოღანის მიერ იყოს ინსცენირებული

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 ივლისი 2016 14:58

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ.
შაბათს, ჟურნალისტთა მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.
“მე არ მგონია, რომ მსოფლიო საზოგადოებას სჯეროდეს იმ ბრალდებების სინამდვილის, რასაც ერდოღანი და მისი რეჟიმი მე მიყენებენ“ - განაცხადა გიულენმა. “შესაძლებელია სახელმწიფო გადატრიალება ინსცენირებული იყოს, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).“
გიულენი, რომელიც ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“) და რომელიც განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ, ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს გაუმასპინძლდნენ თურქული ჩაითა და ტკბილეულით მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.
გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგია სამხერო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.
“სამხედრო გადატრიალებების შემდგომ პერიოდებში ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც კი ვყოფილვარ. ყოველივე ამის შედეგად მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხადრვარ“ - განაცხადა გიულენმა თავის ინტერვიუში.
მან ასევე ისიც დაამატა, რომ: “ახლა, როდესაც თურქეთი უკვე მყარად დგას დემოკრატიულ რელსებზე, მისი შებრუნება სხვა მიმართულებით შეუძლებელია“.
Guardian-ის ჟურნალისტის შეკითხვას, დაბრუნდებოდა თუ არა იგი თურქეთში იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო გადატრიალება წარმატებით დასრულდებოდა, გიულენმა უპასუხა: “რათქმაუნდა, მე ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო. მაგრამ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორიც, ეს არის თავისუფლება. მე ვიმყოფები აქ, შორს პოლიტიკური პრობლემებისგან თურქეთში და ვაპირებ თავისუფლად ცხოვრებას მომავალშიც“.
შაბათს, სტამბულში ხალხისადმი მიმართვისას ერდოღანმა მიმართა ბარაკ ობამას და მოთხოვა მას გიულენის დაკავება და მისი გადაცემა თურქეთის მხარისათვის. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს არასდროს უარუყვია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ამა თუ იმ “ტერორისტის“ ექსტრადირების მოთხოვნა და დაამატა: “თუკი ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ასეთ შემთხვევაში თქვენ უნდა შეასრულოთ ჩვენი მოთხოვნაც“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის, ჯონ ქერის განცხადების მიხედვით, რომელიც მან ლუქსემბურგში ვიზიტისას გააჟღერა, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების თაობაზე ოფიციალური მოთხოვნა ამერიკულ მხარეს არ მიუღია. “ჩვენ სრულიად ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ იქნება გარკვეული სახის კითხვები გიულენთან დაკავშირებით“ - აღნიშნა ჯონ ქერიმ.
“რასაკვირველია, ჩვენ მოვიწვევთ თურქეთის მთავრობას ისე, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე იმ მიზნით, რომ მოვისმინოთ მათი არგუმენტები ლეგიტიმური მტკიცებულებების წარდგენის მხრივ, რათა დეტალურად შევისწავლოთ საკითხი და ნათელი მოვფინოთ არსებულ მდგომარეობას. ამის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით“.

საერთაშორისო პრესის წარმომადგენლებს ფეთულაჰ გიულენმა ბოლო ინტერვიუ 2014 წელს მისცა. იგი იშვიათად ტოვებს თავის ამჟამინდელ საცხოვრებელს სადაც იგი იძლევა რელიგიური შინაარსის დარიგებებს თავისი მიმდევრებისათვის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ არასახარბიელოა. შაბათის ინტერვიუმდე მასთან იმყოფებოდა ექიმი, რომელმაც მას წნევა გაუზომა.
მისი საცხოვრებელი, რომელიც მდებარეობს პენსილვანიის პოკონოს რეგიონში, არაფრით არ ჰგავს კონსპირატორის ადგილსამყოფელს. გიულენი ცხოვრობს მცირე ზომის ოთახში, რომელიც მდებარეობს ორსართულიან სალოცავში, რომელსაც მნახველები სტუმრობენ რელიგიური რიტუალის აღსასრულებლად და დარიგებების მისაღებად. დიდი სურათი სტამბულის ხედით ფარავს მთელს კედელს.
დერეფნის ბოლოს მდებარეობს მცირე ზომის საძინებელი, რომელიც აჩვენეს ორ რეპორტიორს. საძინებლის მოწყობა მიუთითებს მასში მაცხოვრებლის ცხოვრების სპარტანულ წესზე: მცირე საწოლი, აგრეთვე მცირე თაროები არაბული კალიგრაფიის ნიმუშებით, მაღვიძარა საათი და კრიალოსანი ლოცვისთვის. ხის თაროზე ჩანს წიგნები სათაურებით: “სულიერი სამყაროს შესწავლა“ და “ისლამის განახლება მსახურების მეშვეობით“, მათთან ახლოს კი ნელსაცხებელთა ბოთლებია განთავსებული.
საძინებლის პირისპირ მცირე “ფიტნეს“ ოთახია სარბენი ბილიკითა და ორთოპედიული საწოლით.
შენობის გარეთ დაცვის პუნქტი მდებარეობს. ფართო ასფალტის გზა კი მიუყვება დიდი საცხოვრებელი სახლების ქუჩას. ინგლისურ და თურქულენოვანი წარწერები მიანიშნებენ, თუ სად შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების პარკირება.
ალფ ასლანდოღანის, ფეთულაჰ გიულენის მედია მრჩეველისა და საერთო ღირებულებათა ალიანსის (Alliance for Shared Values) აღმასრულებელი დირექტორის, მოძრაობა “Hizmet“ (“მსახურება“)-ის ამერიკის განყოფილების უფროსის თქმით დაცვის პერსონალი მობილიზების რეჟიმში იქნა გადაყვანილი სოციალურ მედიაში გიულენის მისამართით გაჟღერებული მუქარების გამო.
საცხოვრებლის ახლოს შეიკრიბა დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი, რომლებიც თურქეთისა და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ.
“თქვენ მისი მომხრეები ხართ; ჩვენ არ გვსურს თქვენთან საუბარი“ - განაცხადა ერთერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც არ ისურვა საკუთარი ვინაობის გაჟღერება და დაამატა: “ის არის მეორე პოტენციური ბინ ლადენი და ამერიკა მას მფარველობს“.
ერთერთი ქალბატონი დროშას აქნევდა, რომელზეც ერდოღანის სურათი იყო დატანილი. მან შემდეგი რამ თქვა: “სენატორები მისგან (გიულენისგან) თანხებს იღებენ“.
შაბათს, გიულენის საცხოვრებელში შესვლამდე რეპორტიორები გააფრთხილეს არ გადაეღოთ იქ მაცხოვრებელთა სახეები.
“ისინი ან მათი ოჯახების წევრები შეიძლება გახდნენ დევნის ობიექტები, თუკი მათ ამოიცნობენ თურქეთში“ - განაცხადა ასლანდოღანმა.
ერდოღანის მიერ გიულენის ექსტრადირების მოთხოვნასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აგრეთვე აღნიშნა ისიც, რომ: “ამერიკის მთავრობის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ თუკი არსებობს ბატონი გიულენის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, საქმე შესაბამისად განიხილებოდა. აქამდე კი თურქეთის მთავრობას არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება ამ მხრივ. მადლობა ღმერთს, ამერიკაში კანონის უზენაესობის პრინციპი მოქმედებს და ჩვენც სწორედ ამის იმედი გვაქვს“.
ერდოღანის მიერ სახელმწიფო გადატრიალების ინსცენირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ასლანდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს განვითარებული მოვლენები არ ავლენენ მსგავსებას წინა გადატრიალებებთან, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ თურქეთში.
“სახელმწიფო გადატრიალება საკმაოდ არაორგანიზებულად ჩატარებული ოპერაციის შთაბეჭდილებას ტოვებს“ - აღნიშნა ასლანდოღანმა და დაამატა შემდეგი: “როგორც დეტალები მიგვითითებს, ყველაფერი ერდოღანის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩნდება ბევრი კითხვა იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა ჩატარებული სახელმწიფო გადატრიალების ხსენებული ოპერაცია“.
ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები გაოცებით შეხვდნენ მათი ლიდერის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს.
“ეს არის ჩვეულებრივი შეთქმულება გიულენის წინააღმდეგ“ - განაცხადა ჰარუნ გულთექინმა რომელიც მოხალისედ მსახურობს გიულენის ცენტრში და ცხოვრობს მახლობელ დასახლებაში.

https://www.theguardian.com/world/2016/jul/16/fethullah-gulen-turkey-coup-erdogan

 

EMC-ი განცხადებას ავრცელებს ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 13:25

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ხელისუფლების დამხობის ბრალდებით დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შსს-ს რეფორმის შედეგად შექმნილი ახალი უწყება) დაიწყო გამოძიება სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა და შესაბამისად დაუკავშირდა გამოძიების დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ინტერნეტში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც, როგორც მედიასაშუალებები ამტკიცებენ, შესაძლოა აღწერდეს მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის დეტალებს.

უსაფრთხოების სამსახურს არ გაუკეთებია დამატებითი განმარტება გამოძიების დაწყების კონკრეტული საფუძვლის ან შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ. ამდენად, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, ეყრდნობა თუ არა დაწყებული გამოძიება მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებულ მასალას ან არსებობს თუ არა გამოძიების დაწყების სხვა სამართლებრივი საფუძველი. საზოგადოებისთვის ასევე უცნობია გამოძიების მიმდინარეობის, ამჟამინდელი მდგომარეობისა და გამოძიების შედეგად გამოკვეთილი გარემოებების შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობით, საგამოძიებო ორგანო ვალდებულია, დაიწყოს გამოძიება, თუკი აქვს ინფორმაცია დანაშაულის შესახებ. ამასთან, გამოძიების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია. ნათელია, რომ კანონმდებლობა საუბრობს ინფორმაციაზე, რომელიც გარკვეული ხარისხის სანდოობითა და რეალურობით ხასიათდება და რომელიც ამაში დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს. ასევე ნათელია, რომ გამოძიების დაწყების ეტაპისთვის ინფორმაციის წყაროს სანდოობა ასპროცენტიანი სიზუსტით ვერ იქნება შემოწმებული და თავისთავად, ინფორმაციის გადამოწმებაც საგამოძიებო მოქმედებების ნაწილია.

იმ პირობებში, როდესაც საუბარია ქვეყნის კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ შესაძლო ქმედებებზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას დროულად და სათანადო მიეწოდოს ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არ დაზუსტებულა ინტერნეტში გამოქვეყნებული სტატიის სანდოობისა და ავთენტურობის შესახებ ინფორმაცია. დღემდე არ გამხდარა ხელმისაწვდომი სტატიაში აღწერილი შესაძლო საუბრის დეტალების ამსახველი ვიდეო, აუდიო ან სხვა დამადასტურებელი მონაცემი. ამ ვითარებაში და სტატიის გამავრცელებელი ინტერნეტ-პორტალის მიმართ არსებული შეკითხვების არსებობის პირობებში, ძლიერდება ეჭვები იმ ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც გამოძიებაა დაწყებული. გასათვალისწინებელია ის შედეგებიც, რაც გამოძიების დაწყებას მოჰყვა და რაც საპოლიციო ძალების მიერ კონტროლის გაძლიერებასა და რუსთავი 2-ის ტერიტორიის გაძლიერებულ მეთვალყურეობაში გამოიხატა. აღნიშნული გარემოებები აძლიერებს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ მოლოდინს და მოთხოვნას, რომ სამსახურმა დამატებითი განმარტებები გააკეთოს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახლადშექმნილი უწყებაა, რომლის საქმიანობის შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ცნობილია, რომ ეს სამსახური განსაკუთრებულად ფართო უფლებამოსილებებით ხასიათდება და გამორჩეულია დახურულობის მაღალი ხარისხით, რაც ართულებს მისი საქმიანობის კანონიერების გარე კონტროლს. ვითარებას ართულებს ისიც, რომ არ არსებობს უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის განმახორციელებელი მწყობრი და გამართული სისტემა, რომელიც აღნიშნული ორგანოს სათანადო ზედამხედველობას უზრუნველყოფდა.

არსებულ სამართლებრივ სისტემაში, საპარლამენტო კონტროლი წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემაზე ზედამხედველობის ერთადერთ შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო მექანიზმებიც არასაკმარისი და არაეფექტურია, კერძოდ, შეზღუდულია პარლამენტის ნდობის ჯგუფის მანდატი. თუმცა, კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშვალდებულებას პარლამენტის მიმართ და ადგენს სამსახურის უფროსის ვალდებულებას, მოთხოვნის შემთხვევაში, დაესწროს პარლამენტის სხდომებს და პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს.

უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მიმართ არსებული შეკითხვების, ზოგადი პოლიტიკური ვითარების, მედიის და პოლიტიკური აქტორების საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოებების არსებობის გათვალისწინებით:

  • მოვუწოდებთ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურს, გააკეთოს განმარტება გამოძიების დაწყების რეალური საფუძვლის შესახებ და მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ;
  • მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, განმარტოს, რა მიზანს უკავშირდება კერძო ტელეკომპანიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მეთვალყურეობა და რა კავშირი არსებობს დაწყებულ გამოძიებასა და რუსთავი 2-ს შორის;
  • მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, განახორციელოს მასზე დაკისრებული ვალდებულება და აამოქმედოს საპარლამენტო კონტროლის მექანზმი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. კერძოდ, სათანადო ფორმატში, დაიბაროს და მოუსმინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს კონსტიტუციური წყობილების დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ.“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური