საქართველოს პრეზიდენტი - საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.
სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას.
ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის, არამედ ჩვენზე ძლიერი დემოკრატიული ქვეყნებისთვის გამანადგურებელი პრეცედენტის შექმნას უდრის. არჩევნების შედეგის პატივისცემა და წაგების აღიარება ხომ დემოკრატიის ქვაკუთხედია! ამ დემოკრატიული პრინციპების უარყოფა კი, აწყობს მხოლოდ იმ ძალებს, ქვეყნის შიგნით და გარეთ, ვინც საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებს და ვინც რეგიონში საქართველოს სტაბილურობასა და დემოკრატიულობას საფრთხედ აღიქვამს.
დღეს შეხვედრა გავმართე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და დეტალურად განვიხილეთ შექმნილი ვითარება. მიმაჩნია, რომ საჭიროა სიტუაციის დაუყოვნებლივ დეესკალაცია და დაძაბულობის განმუხტვა, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ნამდვილი კონსტრუქციული დიალოგი, რათა ამ პროცესებმა არ დააზიანოს ქვეყნის სტაბილურობა და საერთაშორისო იმიჯი.
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მზად ვარ ყველა ფორმის დიალოგს მხარი დავუჭირო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ დათმობის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ ამართლებს, თუ ორივე მხარე კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადაა და არა, როცა დათმობა აღქმულია სისუსტედ, ან უფრო მეტიც, როდესაც ეს შეიძლება ვინმემ საკუთარ გამარჯვებად წარმოაჩინოს. ასევე, კონსტრუქციულ დიალოგს ეწინააღმდეგება წინაპირობების წაყენება და პროცესების რადიკალიზაცია.
მე, როგორც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ევროპულობის, დემოკრატიული განვითარებისა და მაშასადამე სტაბილურობის გარანტი, გამოვდივარ ქვეყნისა და მისი ყველა მოქალაქის ინტერესებიდან და მჯერა, რომ ქვეყნის დაწყნარებით და განვითარებით ყველა გამარჯვებული დარჩება.
ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს ამ მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია", - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სერგეი ლავროვს საქართველოსადმი რუსეთის აგრესიაზეც ესაუბრა
ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს, მათ შორის, საქართველოს საკითხზეც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის ნედ პრაისის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ე. ბლინკენმა მინისტრ ს. ლავროვთან, „სხვათა საკითხთა შორის, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში [რუსეთის] სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და SolarWinds-ის ინციდენტზე“ ისაუბრა.
ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა, ამ უკანასკნელში საქართველოზე საუბრის შესახებ ცნობა არ გვხვდება.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა ჩინური ენის ტრანსლიტერაციის წესები გამოსცა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება
მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-ს და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-რელიზი
პრემიერ-მინისტრის განცხადება 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკულად გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ 15 წლის ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უმკაცრესად დაისჯება ყველა ის პირი, მიუხედავად რანგისა თუ სტატუსისა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტს დაადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომლის შექმნასაც ჩვენ დავუჭირეთ მხარი.
პირველ რიგში, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებთ არავის დარჩეს კითხვის ნიშნები. დამოუკიდებელი უწყების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ პასუხის გარეშე არ უნდა დატოვოს არც ერთი კითხვა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ამიტომ, ვავალებ როგორც შინაგან საქმეთა, ისე, განათლების სამინისტროებს, სრულად ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც აუცილებლად იქნება ღია და გამჭვირვალე.
რაც შეეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, განათლების თუ ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს:
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ამ მიმართულებით კანონმდებლობის თუ პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, ჯერ კიდევ გვაქვს წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები. პრაქტიკაში ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაბამისი სერვისების თუ ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში პროცესის მონაწილეთა კვალიფიკაციის ნაკლებობით არის განპირობებული.
ჩვენ ყველა, მთელი საზოგადოება ერთად ვართ პასუხისმგებელი ლუკა სირაძის, მისი ოჯახის წინაშე, რომ წლების განმავლობაში არსებული სისტემური ხარვეზები მინიმუმამდე შევამციროთ.
შესაბამისად, ვავალებ:
• შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი ზომები უწყებაში არასრულწლოვანზე მორგებული საგამოძიებო გარემოს შესაქმნელად, უზრუნველყოს არასრულწლოვნებთან მომუშავე გამომძიებლების და მენეჯერების სპეციალიზაცია და შესაბამისი კრიტერიუმებით ფრთხილად შერჩევა, განახორციელოს მათი მუდმივი გადამზადება და მონიტორინგი.
• ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს დაუყოვნებლივ დასახონ სისტემური ხარვეზების აღმოფხვრის კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმა და წარმოადგინონ ერთი კვირის ვადაში.
• იუსტიციის სამინისტროს - წარმოადგინოს საკანონმდებლო ხედვა სახელმწიფოსთან შემხებლობაში მყოფი ბავშვის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის შესაძლებლობაზე.
საქართველოს მთავრობა იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ დააჩქარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადაში წარმართავს ამ მიმართულებით დაწყებულ რეფორმას; პროცესის კოორდინაციას, არასრულწლოვანთა სფეროში მომუშავე პროფესიონალების და ყველა შესაბამისი აქტორის ჩართულობით, განახორციელებს ღიად და გამჭვირვალედ. ამაში გვაქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.
მიუღებელია მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების ყოველგვარი მცდელობა. ყველამ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერაქტთან დაკავშირებით
უცხოურ მედიაში გამოქვეყნდა ახალ ზელანდიაში მომხდარი ტერორისტული აქტის დროს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდების ფოტოსურათები. მათზე დატანილი იყო სიმბოლოები და წარწერები სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულ ენაზეც. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა მოხდეს დეტალური ინფორმაციის მიღება მომხდარი ტერორისტული აქტის დროს დაკავებული პირებისა და ამოღებული იარაღის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს ახალი ზელანდიის მოსახლეობას მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში კრაისტჩერჩში ორ მეჩეთზე თავდასხმა გუშინ მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 50-მდე ადამიანი. ათეულობით კი, დაიჭრა. ორივე თავდასხმასთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ერთ-ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. ამასთან, ინტერნეტში გავრცელდა, ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდამსხმელის შაშხანის მჭიდის ფოტო, რომელზეც დავით აღმაშენებლისა და დავით სოსლანის სახელები ქართულად წერია.
https://ssg.gov.ge/news/452/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba
PSP ჯგუფმა 2018 წლის შედეგები შეაჯამა
2018 წელი PSP ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის წარმატებული იყო. ჯგუფში შემავალმა ყველა კომპანიამ ზრდას განაგრძო. განსაკუთრებული ზრდა ექსპორტის მიმართულებით აღინიშნა. მხოლოდ გასულ წელს PSP ჯგუფმა სახელმწიფო ბიუჯეტში 41 500 000 ლარი გადაიხადა. ძირითადად, ეს გადასახადები საშემოსავლო გადასახადის სახით დაფიქსირდა. აღნიშნული თანხა ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია.
PSP ფარმაში 2018 წლის ბოლოს მმართველობითი ცვლილებები განხორციელდა. 2019 წლის დასაწყისიდან კომპანიის გენერალურ დირექტორად ვაჟა ოქრიაშვილი, ხოლო კომერციულ დირექტორად დავით მდივანი დაინიშნა. PSP ჯგუფის პრეზიდენტის პოსტი კი გოჩა გოგილაშვილმა დაიკავა.
PSP ჯგუფი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი 27 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე სახელმწიფო ვიზიტით ესპანეთს, არგენტინას, პანამას და პორტუგალიას ეწვევა. ასევე, 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ბუენოს-აირესში G20-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ამის შესახებ, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით, სააგენტო სინხუა ავრცელებს.
ესპანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში 27-29 ნოემბერს სი ძინფინგი შეხვდება ესპანეთის მეფეს ფილიპე VI-ს, გამართავს მოლაპარაკებას ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ერთობლივ შეხვედრას ესპანეთს პარლამენტის სენატის სპიკერთან პიო გარსია ესკუდეროსთან და ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესის სპიკერთან ანა პასტორ ხულიანთან. ჩინეთის ლიდერი პარლამენტის ორივე პალატის წინაშე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვან ჩაომ განაცხადა. ჩინეთი და ესპანეთი გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მესამე ბაზრები, მომსახურებით ვაჭრობა, გადასახადები, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგიები და ფინანსები.
ვან ჩაომ აღნიშნა, რომ 4-5 დეკემბერს სი ძინფინგი სახელმწიფო ვიზიტით პორტუგალიას ეწვევა. ჩინეთის ლიდერი გამართავს მოლაპარაკებას პორტუგალიის პრეზიდენტთან მარსელუ რიბერუ დი სოზასთან და შეხვდება პორტუგალიის პარლამენტის სპიკერს ედუარდუ ფერრუ როდრიგეშს და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრს ანტონიუ კოშტას. მხარეები გამოაქვეყნებენ ერთობლივ განცხადებას და ხელს მოაწერენ დოკუმენტებს თანამშრომლობის შესახებ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები, წყლის რესურსების გამოყენება, ხარისხის კონტროლი, ენერგეტიკა და ფინანსები.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტები არგენტინაში და პანამაში 2-3 დეკემბერს შედგება.
ცინ განმა განაცხადა, რომ სი ძინფინგი გამართავს მოლაპარაკებას პანამის პრეზიდენტთან ხუან კარლოს ვარენასთან, რათა გაცვალოს აზრები ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხებზე და დასახოს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. მხარეები მოაწერენ ხელს დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, მომსახურებით ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა, სავაჭრო-ეკონომიკური გამოფენები, საზღვაო გადაზიდვები, ფინანსები, ხარისხის კონტროლი, კულტურა და განათლება.
სი ძინფინგის მონაწილეობა G20-ის მეცამეტე სამიტში რიგით მეექვსე იქნება. ეს მოწმობს იმას, რომ G20-ის მექანიზმს ჩინეთი დიდ ყურადღებას უთმობს და აპირებს საკუთარი წვლილის შეტანას გლობალური მართვის განვითარებაში, დასძინა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ ჯან ძიუნმა.
სამიტი მოიცავს სამ სესიას და დახურულ შეხვედრას, რომელზეც მოხდება ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა გლობალური ეკონომიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები, ელექტრონული ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, ინფრასტრუქტურა და კლიმატური ცვლილებები, აღნიშნა ჩინოვნიკმა. სი ძინფინგი გააცნობს შეხვედრის მონაწილეებს ჩინეთის პოზიციას აღნიშნულ თემებზე. ის ასევე მონაწილეობას მიიღებს BRICS-ის ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრაში.
G20-ის სამიტის მზადების კომენტირებისას, ჩინეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ძოუ ძიაიმ აღნიშნა, რომ ფინანსების და ეკონომიკის საკითხებზე G20-ის მაღალი თანამდებობის პირებს შორის წელს გამართულმა შეხვედრების სერიამ ხელი შეუწყო კონსენსუსის და სასიკეთო შედეგების მიღწევას. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მნიშვნელოვანი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები განიხილებოდა. ჩინეთმა, როგორც G20-ის მნიშვნელოვანმა წევრმა, მხარეებისთვის საინტერესო საკითხებში კონსენსუსის მიღწევაში კონსტრუქციული როლი ითამაშა.
როგორც ჩინეთის სახალხო ბანკის დირექტორის მოადგილემ ჩენ იუილუმ დასძინა, ჩინეთს აქვს იმის მოლოდინი, რომ G20 ხელს შეუწყობს კოორდინაციის განვითარებას მაკროეკონომიკურ პოლიტიკაში, ასევე საერთაშორისო ფინანსების სისტემის და ეკონომიკური ზრდის განვითარებას. როგორც მოსალოდნელია, სამიტზე პრაქტიკული ფინანსურ-ეკონომიკური შედეგები იქნება მიღწეული.
ხელისუფლების კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი თეიმურაზ შაშიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ამ წერილის ავრცელებს იმ გაუგონარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ასე ღიად და დაუფარავად, თითქმის საკუთარი მოქალაქეების ჯიბრზე ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება ნაცმოძრაობის რამდენიმე ნაწილად დაქსაქსულ, მისგანვე ხელდასმულ ოპოზიციასთან უნისონში. დიახ, ასეთი სახე აქვს მთავრობის ნარკოკამპანიას, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. კამპანია - ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასე დავარქმევდი.
მე არ მაინტერესებს ხელისუფლების შტოები და შიდადინებები, მე მაინტერესებს, რომ ხელისუფლებას ჰქონდეს ერთი სახე, ერთი პოლიტიკა და ერთი პირი. შიდა დაპირისპირებებით მანიპულირება და ბუტიაობის თამაში, განთავისუფლებულ, მაგრა არა კანონის ძალით გასამართლებულ ყოფილ მთავრობის წევრებთან, ვერ ჩამორეცხავს იმ შეცდომებს და დანაშაულობებს, რასაც მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ.
ჩვენ, ხალხმა, მათ შორის მათ, ვის კისერზეც გადავიდა მოძალადე ნაციონალური ხელისუფლების გაშვება, ვერ მიიღო ვერაფერი ამ პროცესიდან. ვიღაცეებმა, კი ბატონო, მიიღეს გავლენები, ჩაენაცვლნენ თუ კოჰაბიტირდნენ ნაციონალურ მოძრაობის სხვადასხვა ჯგუფებთან და იმავე მეთოდოლოგიითა და რიტორიკით, უცვლელად ამართლებენ ყოვლად მიუღებელ უპატიებელ პოლიტიკურ შეცდომებს თუ აშკარა დანაშაულობებს.
ჩვენ ბევრი რამ ვაპატიეთ ხელისუფლებას - ბოლომდე ვერ მივყევით ვერც ქართული მიწის,
- მართლმადიდებლობის და ჩვენი დედა ეკლესიის საკითხებს.
ხალხის ღირსეული საქციელისა და მოთმინების ხარჯზე ასე თვალსა და ხელს შუა შეგვიბღალეს ღირებულებები და შეურაცხყოფას აყენებენ ყველაფერს, რაც წმინდაა ქართველი კაცისთვის.
იმდენი პრობლემა დაგვახვიეს თავს, რომ ყოველდღიური რუტინით დაღლილი ადამიანების ყურადღება გაიფანტა და დაიქსაქსა.
ფაქტიურად გვართმევენ ქვეყანას და თან ურცხვად გვიმტკიცებენ, რომ ამას ჩვენთვის სჩადიან და რომ ეს სწორია.
ჩვენ არ გვაქვს მეტი დრო. მეტს ეს ქვეყანა და ყოველდღიური პრობლემებით დაღლილი ხალხი, ვეღარ გაუძლებს. დღეს და მხოლოდ დღეს უნდა დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავიბრუნოთ ყველაფერი. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, ან ვიბრუნებთ ყველაფერს, რაც ღირებულ;ია და აუცილებელი ჩვენი ქვეყნის განვიტარებისთვის, ან ვკარგავთ და ხელს ვუწყობთ ხელისუფლებაში მოკლათებულ ავანტიურისტებს ქვეყნის და ჩვენი მომავლის დაღუპვის საშუალებას.
მე მოვუწოდებ ყველა მოძრაობას, ყველა პარტიას, მზად ვარ თანამშრომლობისთვის, პირველ რიგში ჩვენ ერის და ქვეყნის სულიერ მამას უნდა მოვუსმონოთ.
ჩემის მხრივ ვპირდები ყველას, ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მოხმარება არ იქნება დაჭერის საფუძველი, მაგრამ დაწესდება ჯარიმები და ნარკოტიკებს და მოსაწევს ვეტყვით უარს
ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ - ნარკოტიკებზე !
გავიმარჯვოთ - უზნეობაზე ; გაუნათლებლობაზე !
გავიმარჯვოთ - ჩვენი ქართული მიწისთვის !
დავიმარჯვოთ - ჩვენი დამსახურებული მოხუცების პატივსაცემად !
გავიმარჯვოთ - ჩვენი ჯანსაღი მომავალი თაობებისთვის !
ერთად გავიმარჯვოთ საქართველოსთვის !
პატივისცემით : თეიმურაზ შაშიაშვილი
პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის 25-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას და მრავალწლიან თანამშრომლობას კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებში.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბულგარეთს ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალი აქვთ. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის პერსპექტივა.
ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთობების გაღრმავებასა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობაზე.
მამუკა ბახტაძემ ბულგარეთის სახელმწიფოს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების კუთხით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.