მშობელთა ჩართულობა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში

გამოქვეყნებულია განათლება
ხუთშაბათი, 07 მარტი 2019 18:12

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოების ყველაზე დაინტერესებული სეგმენტის - მშობლების ჩართულობას.

მშობელი სასკოლო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია, შესაბამისად, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, წინასწარ გაეცნოს და მონაწილეობა მიიღოს იმ სახელმძღვანელოების განხილვასა და ანალიზში, რომლითაც მისი შვილი ისწავლის.

სწორედ ამ მიზნით, სამინისტრომ განახორციელა ცვლილება გრიფირების წესში, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში პრაქტიკოსი პედაგოგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, ფსიქოლოგების, ფილოლოგების და სამართლის სპეციალისტების გარდა, ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ყველაზე დაინტერესებულ წარმომადგენელს - მშობელს შეეძლება მიიღოს მონაწილეობა.

როგორ განხორციელდება თავად პროცედურა

სამინისტრო აცნობებს სკოლებს მშობელთა ჩართულობის შესაძლებლობებზე. სკოლამ, თავის მხრივ, უნდა აცნობოს მშობლებს ამ შესაძლებლობის შესახებ. მშობლების მხრიდან სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, სკოლები იმსჯელებენ და შეჯერდებიან მშობლის კანდიდატურაზე. გადაწყვეტილების მიღებისას სკოლამ უნდა იხელმძღვანელოს პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის პრინციპების დაცვით. ამ მიზნით, შერჩევის პროცესში მან შესაძლებელია ჩართოს სამეურვეო საბჭოც (იმ სკოლებში, სადაც არის) და შეჯერებული კანდიდატურა წარმოუდგინოს სამინისტროს.

სამინისტრო, კერძოდ კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, უზრუნველყოფს შესაბამის იუზერისა და პაროლს მშობლისთვის, რომლის მეშვეობითაც მშობელს დაშვება ექნება სპეციალურ ელექტრონულ სისტემაზე და წვდომა - ნებისმიერ სახელმძღვანელოზე.

რეცენზირების პარალელურად,  2 კვირის ვადაში მშობელს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ნებისმიერი საგნის და კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტი (ანონიმური ეგზემპლარები) და შეუდგეს მათ განხილვას.

მშობელს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე მიმართულებით დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნა/რეკომენდაციები. ეს მიმართულებებია:

  1. შინაარსობრივი შენიშვნა/რეკომენდაცია;
  2. ენობრივი გაუმართაობა;
  3. სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შეუსაბამობა;
  4. ტექნიკური ხასიათის ხარვეზი.

მას შემდეგ, რაც მშობელი დაასრულებს არჩეული კომპლექტის განხილვას, შეუძლია გადავიდეს სხვა საგნის ან კლასის სახელმძღვანელოს კომპლექტზე.

მშობელთა მიერ გამოთქმული შენიშვნა/რეკომენდაციები ავტომატურად ეგზავნება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის რეცენზენტებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ მიმართულებების მიხედვით გაეცნონ გამოთქმულ მოსაზრებებს.

რეცენზენტები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით. ნაწილობრივ გაზიარების ან გაუზიარებლობის შემთხვევაში, რეცენზენტთან საგნობრივი ჯგუფის მიღებულ გადაწყვეტილებას ასაბუთებს. გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მშობელს.

სამინისტროს მხრიდან ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე ეცნობა ამ შესაძლებლობის შესახებ, გაგეგზავნა ინსტრუქცია და სკოლამ მშობლის კანდიდატურა უნდა წარმოადგინოს 11 მარტიდან - 17 მარტის ჩათვლით;

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 17 ნოემბერი 2018 16:33

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის შექმნილი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელო, რომელიც  მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ისაუბრა ქართულ დიასპორაზე, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ  პრიორიტეტზე. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის საკვირაო სკოლების საქმიანობის მნიშვნელობაზე.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან ჩვენს ბავშვეს ექნებათ შესაძლებლობა, რომ საკვირაო სკოლებში იხელმძღვანელონ უცხო ქვეყნისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოთი, რომელიც ბავშვებს მისცემს შესაძლებლობას იყვნენ ჩართული ყველა იმ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც  საქართველოში ხორციელდება. მსგავსი სახის პროექტები და ახალი ინიციატივები ჩვენ მომავალშიც გვექნება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი დიასპორა იყოს უფრო აქტიურად ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე  და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი რატი ბრეგაძე. ღონისძიების დასასრულს განხორციელდა  ტელე-ხიდი ქ.ბარსელონაში არსებულ საკვირაო სკოლასთან.
 
სახელმძღვანელოები აგებულია თანამედროვე სწავლების  პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში. საზღვარგარეთ ფუნქციონირებს 84 ქართული საკვირაო სკოლა და 11 ქართული ენის შემსწავლელი კურსი , რომელშიც 3000 მდე 6-14 წლის ბავშვი სწავლობს.
 
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ   დაიწყო „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის მოამზადა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში  სწორედ საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხების სწავლებასაც გაერთიანებული სწავლების პრინციპით.  საკვირაო სკოლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო სწორედ ამ ინტეგრირებულ პროგრამაზე დაყრდნობით შეიქმნა.
 
2017 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორის წარმომადგენელთა მაღალი ჩართულობით შეიმუშავა სტრატეგიული დოკუმენტი  „ერთიანი ძლიერი და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის მქონე დიასპორა“, რომლის მიზანია დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური