საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 იანვარი 2019 10:28

2019 წლის 10 იანვარს ვენესუელაში დაგეგმილ „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული მხარე ისევე, როგორც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს, ახალი მანდატის ლეგიტიმურობას. ქართული მხარე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წვერი, არ აღიარებს 2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელიც ცალსახად არასამართლიან, არათანაბარ და არადემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ამ კონტექსტში, საქართველო უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას ვენესუელის მთავრობის მიმართ, დაიცვას კანონის უზენაესობა და აღიაროს ლეგიტიმურად არჩეული ეროვნული ასამბლეის მანდატი.
საგარეო საქმეთა სამინისტროს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მწვავე პოზიცია ვენესუელელი ხალხის უფლებებისა და არჩევანის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებთან დაკავშირებით. საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრ შეფასებებს ვენესუელაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გმობს იმ ქმედებებს, რომლებიც ძალადობისა და ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავებისკენ არის მიმართული.
ამ ფონზე სოხუმსა და ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერების მონაწილეობა „ინაუგურაციის“ ცერემონიაში ემსახურება ერთადერთ ამოცანას, მოხდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის გზით. აღნიშნული უკანონო მცდელობა არის უშედეგო, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაში. ის სახელმწიფოები, რომლებიც რაიმე ტიპის კონტაქტს ამყარებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უკანონო რეჟიმებთან, უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, რაც იწვევს მათ გარიყვას და მწვავე კრიტიკის ქვეშ მოქცევას მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018 11:52

გაცნობებთ, რომ დაკავებულია უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სპეცოპერაცია მიმდინარე წლის 2 დეკემბერს თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში - „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩაატარა.

დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ. სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტები, ხელნაკეთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებსა და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს, არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 16 ნოემბერი 2018 15:54

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულმა მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ძი იენჩისთან (Ji Yanchi).
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ა.წ. 3-5 დეკემბერს ქ. პეკინში დაგეგმილ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების რიგით მე-7 რაუნდის მნიშვნელობას.  საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის პერსპექტივებს. 
აღინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონ მამუკა ბახტაძის ა.წ. 4-6 ნოემბრის ქ. შანხაიში ვიზიტის მნიშვნელობა, რომლის დროსაც მან გამართა ხანმოკლე შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან ბატონ სი ძინპინთან და მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში (China International Import Expo). ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მომავალში მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის შემდეგომ განვითარებას.  
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი (one-China Principle).
ძი იენჩიმ ალექსანდრე ხვთისიაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 19:07

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები ყველა რეგიონში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. დაფიქსირდა პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული, შესაძლო სამართალდარღვევის 29 ფაქტი, რომლებზეც მოხდა მყისიერი რეაგირება.

გადამოწმების შედეგად, 15 ფაქტი არ დადასტურდა ან არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს. 7 საქმეზე, სადაც განმცხადებლები მიუთითებდნენ ფიზიკური შეურაცხყოფის, მუქარისა და ნივთის დაზიანების შესაძლო ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით. მათ შორის, გამოძიება დაიწყო ბათუმში, მარნეულში, სიღნაღში, კასპში, სამტრედიასა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებზე.

ამასთან, მარნეულში მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების დროს, კონფლიქტის მონაწილეებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდარღვევის აღსაკვეთად ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, რის გამოც სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთი წევრი და "ქართული ოცნების" ერთი წევრი. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

29 ფაქტიდან, დარჩენილ 7 ფაქტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება. ვინაიდან შეტყობინების ინიციატორთა ნაწილი სხვადასხვა საარჩევნო უბანზე ახორციელებს სამსახურებრივ მოვალეობას, არჩევნების მიმდინარე პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, მათი გამოკითხვა და გარემოებების დაზუსტება მოხდება არჩევნების დასრულებისთანავე.

გვსურს, ასევე, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმების საარჩევნო უბნების ტერიტორიაზე მოძრაობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი საპოლიციო ძალების მთელი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილების შესახებ. პოლიციის თანამშრომლები უფლებამოსილებას ახორციელებენ კანონით დასაშვებ ფარგლებში და საარჩევნო უბნებისგან კანონით დასაშვებ რადიუსში, რათა მაქსიმალურად შეეწყოს ხელი არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. ამგვარი გადაადგილებები დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ამასთან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და აღკვეთს სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტს. იძულების ღონისძიება გამოყენებული იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ყველა პირის მიმართ, განურჩევლად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისადმი მათი კუთვნილებისა.

რაც შეეხება, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს, პოლიციის მიერ მოხდება თითოეული ინფორმაციის გადამოწმება, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობება საქართველოს პროკურატურას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო ჯავახაძის ბრიფინგი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 10:10

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. ჩვენი ამოცანაა საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მშვიდი გარემოს შენარჩუნება, რათა ყველა მოქალაქეს მიეცეს საშუალება უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

10:00 საათის მდგომარეობით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ქონია.

როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ამასთან, საჭიროებისამებრ ვახდენთ საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო.

ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ.

სიტუაციის ეფექტური მართვის მიზნით, ცენტრალიზებულ დონეზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ადგილზე შექმნილ პოლიციის მობილურ ჯგუფებთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში დამატებით მოახდენს საზოგადოებს ინფორმირებას.

 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 28 ოქტომბერი 2018 09:55

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით:

  • ყველა რეგიონში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დასაცავად, შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და დაიცავენ მართლწესრიგს;
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროებს მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.
  • პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა;
  • საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი;
  • საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს;
  • არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

საქართველოს ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018 16:14

2018 წლის 21-24 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლ რიჩარდ გალაჰერი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. შეხვედრის დასრულებისას, მინისტრები ერთობლივ პრესკონფერეციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში, პოლ რიჩარდ გალაჰერი ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრსა მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს. იგი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრას გამართავს, რომელსაც პროფესორ მასწავლებლები, სტუდენტები, მთავრობის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.

პოლ რიჩარდ გალაჰერი, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს მოინახულებს.

შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 29 აგვისტო 2018 19:59

საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელისაქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა.

შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო, რამდენადაც კიმ სე ვუნგი საქართველოში ახალი დანიშნული წარმომადგენელია. მხარეებმა ისაუბრეს სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე, ასევე ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმზე, ტურიზმზე და საქართველოს წარმატებებზე ეკონომიკის სფეროში. ითქვა, რომ მაღალი დონის შეხვედრები უნდა გაგრძელდეს და ამას უფრო ფართო მასშტაბი უნდა მიეცეს.

შოთა ხაბარელმა და საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობაზე, რამდენადაც კორეა საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე და წარმატებული ინვესტორია. საუბარი, ასევე შეეხო მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილ ვიზიტს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება კონგოს ტერიტორიულ წყლებში შვიდი დღის წინ გაუჩინარებულ გემთან, PANTELENA-სთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 24 აგვისტო 2018 16:28

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს, კონგოს ტერიტორიულ წყლებში დაფიქსირდა 7 დღის წინ გაუჩინარებული გემი PANTELENA, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. ამ დროისათვის გემი მიემართება ლომეს პორტში (ტოგოს რესპუბლიკა). მიღებული ინფორმაციით, მეზღვაურების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩაატარეს კოორდინირებული სამუშაო სხვადასხვა მიმართულებით და უზრუნველჰყვეს ყველა მხარის  ჩართულობა მოძიების პროცესში. ამოქმედებული იქნა ყველა დარგობრივი და დიპლომატიური ბერკეტი, როგორც დასავლეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნები, ასევე საზღვაო და რეგიონული ორგანიზაციები.
ინტენსიურ კონტაქტზე ვიმყოფებით გემთმფლობელ კომპანიასთან, რათა ეკიპაჟი  უზრუნველყოფილი იქნას  პირველადი  საჭიროებებით (სასმელი წყალი, საკვები და სხვა).
შექმნილი სიტუაციის პირველი წუთებიდანვე სააგენტო აქტიურ კავშირზეა გემის დროშის სახელმწიფოსთან - პანამა, ასევე ნიგერიაში მოქმედ საზღვაო უშიშროების ჯგუფებთან, რომლებთან უშუალო კოორდინაციითაც ხორციელდება ღონისძიებები მეზღვაურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას და მედიას მიეწოდება მისიის სრულ ამოწურვამდე, როდესაც გემი შევა უსაფრთხო წყლებში.

საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აგვისტო 2018 13:53

საგარეო  საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეფასებით, 10 წლის შემდეგ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ გახლავთ იმის  დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში.  

„ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის - გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლოს იგი საქართველოში 10 წლის წინ იყო, ასევე იმ  რეალობიდან და  იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას დღეს აქვს. ეს არის კიდევ ერთხელ მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების, ასევე, იმ საგარეო პოლიტიკური კურსის, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, არის  მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის,“-განაცხადა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებისას საუბარი იქნება როგორც ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ განზომილებას.
„აუცილებელია, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის დონე იყოს შესაბამისობაში  საგარეო და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროცესებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის რეგიონალური ხასიათის, რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და ამ თვალსაზრისითაც, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს  მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი გერმანიის პოლიტიკურ დღის წესრიგში“-აღნიშნა მინისტრმა.

გვერდი 1/ 3-დან

პოპულარული

« იანვარი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური