თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში - 2016 წლის ანგარიში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 21 აპრილი 2017 16:11

დღეს  სასტუმრო „რუმსში“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „თანასწორობის პოლიტიკა და ძირითადი გამოწვევები საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია „კოალიცია თანასწორობისათვის“ თანამშრომლობით ჩატარდა.

კონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნა. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა და მათმა ბენეფიციარებმა ისაუბრეს, როგორ ხორციელდება დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება ცალკეული ჯგუფებისთვის საქართველოში და ამასთან, შეაჯამეს თანასწორობის კუთხით 2016 წელს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში ასევე შევიდა კონკრეტული რეკომენდაციები შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის.

კოალიციის წევრები თვლიან, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეუმუშავებია თანასწორობის მხარდამჭერი სისტემური პოზიტიური პოლიტიკა; თანასწორობის მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება და პრევენცია; დისკრიმინაციული დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების პრობლემა კი საზოგადოებაში დაუსჯელობასა და მტრობაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის არადომინანტი ჯგუფებისთვის.

ანგარიში სხვადასხვა დისკრიმინირებული, მარგინალიზებული და მოწყვლადი სოციალური ჯგუფის (მათ შორის, ქალების, ლგბტ თემის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ბავშვების, შშმ პირების, უსახლკარო პირების, პოლიტიკური ოპოზიციის) უფლებრივ მდგომარეობას აღწერს ცალ-ცალკე.

კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი იყო „კოალიცია თანასწორობისთვის“ საქმიანობის 2015-2016 წლების ანგარიში, სადაც თავმოყრილია კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი დისკრიმინაციის შემცველი ფაქტები. ანგარიშში შევიდა  36 საქმის დეტალური მიმოხილვა. საანგარიშო პერიოდში კოალიციის წევრებმა აწარმოეს შეზღუდული შესაძლებლობის (7 საქმე), მოქალაქეობის (3 საქმე), რასის (1 საქმე), საცხოვრებელი ადგილის (4 საქმე), პოლიტიკური ან სხვა შეხედულების (10 საქმე), ჯანმრთელობის მდგომარეობის (1 საქმე), ქონებრივი მდგომარეობის (1 საქმე), გენდერის (4 საქმე), სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის (4 საქმე), რელიგიის ნიშნით   (1 საქმე) დისკრიმინაციის საქმე.

 

მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლმა მოქალაქეებმა.

„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის წევრები არიან: „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“,  „იდენტობა“, “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)“ და “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”.

 

 

 

 

 

 

 

 

დღევანდელი ბიზნესფორუმი უნგრეთთან ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას ხელს შეუწყობს, - გიორგი კვირიკაშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 14:38

"იმედს გამოვთქვამ, რომ ეკონომიკური კავშირებისა და ბიზნესკონტაქტების გააქტიურებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დღევანდელი ბიზნესფორუმიც. აღსანიშნავია, რომ დღეს ხელი მოეწერა რამდენიმე შეთანხმებას, მათ შორის, ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებს, რაც ასევე სასარგებლო წინაპირობაა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის; აღსანიშნავია საქართველოში უნგრელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი, რასაც ქუთაისსა და ბუდაპეშტს შორის არსებული პირდაპირი რეისებიც უწყობს ხელს; მისასალმებელია, რომ 2016 წლის სექტემბრიდან, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება, - დიმიტრი ქუმსიშვილი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 13:11

„სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ პოზიტიურად შეფასდა ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან ხორციელდება,“ - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ტონი სტრინგერსა (Tony Stringer) და რიჩარდ ფრენსისთან (Rochard Francis) შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. 

დიმიტრი ქუმსიშვილმა სარეიტინგო კომპანიის მმართველ დირექტორს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო, რომლებმაც ქვეყანაში უნდა უზრუნველყოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა.

„სარეიტინგო კომპანიების რეიტინგი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ  ქვეყანაში მოვიზიდოთ ინვესტიციები, შესაბამისად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სარეიტინგო კომპანია „Fitch-ის“ წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა ლარიზაციის 10-პუნქტიანი გეგმა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა უნდა მოახდინოს ეკონომიკაზე. ასევე, დეტალურად განვიხილეთ ის ფისკალური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში 2016 წლის ნოემბრიდან განხორციელდა, რაც ასევე, პოზიტიურად იქნა აღქმული სარეიტინგო კომპანიის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ტრადიციული სექტორების მიხედვით არსებული პროგრესი, ესაა პროგრესი ექსპორტში, ტურიზმში, ფულად გზავნილებში და რა თქმა უნდა, წარმოების განვითარებაში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული განხილვა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. მივიღეთ ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე. გავეცანით იმ ინიციატივებს, რომელიც საქართველოში ხორციელდება საექსპორტო ბაზრების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც მოიცავს ინიციატივებს საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და ახალი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმების კუთხით ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. აღნიშნულს გავითვალისწინებთ ჩვენს კვლევაში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ საქართველოსთან დაკავშირებით,“ - განაცხადა "Fitch Ratings - ის“ მმართველმა დირექტორმა, ტონი სტრინგერმა. 

შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნიკოლოზ გაგუა.

აგროსატყეო მიმართულებით თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ღრმავდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 12:45

საქართველო-თურქეთის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის სწრაფად მზარდი სახეობების საქართველოში შესწავლის, მოვლისა და გაშენების საკითხებს მოიცავს, თურქეთის მხარემ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზას ვერხვის (Populus spp) 20 სხვადასხვა სახეობის ახალი პერსპექტიული ფორმა და კლონი გადასცა.

პროექტის ხანგრძლივობა 1 წელი და 6 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ქართულ მხარეს 50- ზე მეტი ვერხვის კლონი გადაეცემა, რომლებსაც ქართველი სპეციალისტები დააკვირდებიან. საქართველოს კლიმატურ პირობებთან მორგებული ვარიანტების გავრცელება კი ფერმერულ მეურნეობებში მოხდება.

ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის ვერხვისა და ტყის სწრაფად მზარდი სახეობების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ერჯან ველიოღლუ და ინსტიტუტის დოქტორი სელდა აკგული სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორს, ლევან უჯმაჯურიძეს და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის სპეციალისტებს შეხვდნენ და პროექტის დეტალებზე იმსჯელეს.

თურქმა მკვლევარებმა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების წილკნის და მრავალწლოვანი კულტურების ჯიღაურას ბაზები, ასევე სართიჭალის ეროვნული საშენი მეურნეობა დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთი აგროსატყეო მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანაა, სადაც ათზე მეტი სატყეო ინსტიტუტი ფუნქციონირებს.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 21 აპრილი 2017 10:03

„ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი შეგნებულად სტუმრობს ოკუპირებულ ტერიტორიებს და აქ მილიტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს. თუმცა, საქართველო გადატანილი მღელვარებების მიუხედავად, ინარჩუნებს შედარებითი სტაბილურობის კუნძულის სტატუსს ამ ტურბულენტურ ხანაში - მან გაუძლო ბევრ დარტყმას - ეს არის მიღწევა, რომლითაც ბევრი სხვა ქვეყანა ვერ დაიკვეხნის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩემი ხედვაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატოს ჩართულობით, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით. ეს გვმატებს მოტივაციას, განვაგრძოთ საქართველოს ინტერესებზე დაფუძნებული რაციონალური, გონივრული და ერთგვაროვანი პოლიტიკა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ - გასული ოცდახუთი წლის მანძილზე ჩვენ სამოქალაქო ომით გახლეჩილი სახელმწიფოდან დინამიკურ, დემოკრატიულ ქვეყნად გარდავიქმენით. ქართველმა ხალხმა მიზნად დაისახა ევროკავშირთან და ნატოსთან მიერთება - ეს არა უბრალო პრიორიტეტი, არამედ გარდაუვალი შედეგია, რაც ქვეყნისა და რეგიონისათვის დემოკრატიის, უსაფრთხოების, მშვიდობისა და განვითარების უფრო მაღალი ხარისხის საწინდარია. დადგა დრო, დავადასტუროთ და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩვენს დასავლეთ პარტნიორებს შორის, რაც საფუძვლად უნდა დაედოს რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას," - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საჭიროა შავი ზღვის რეგიონი ეკონომიკური თანამშრომლობის ზონად გარდაიქმნას. მანვე ყურადღება გაამახვილა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის პროექტს, რომელსაც საქართველო დასავლელი პარტნიორების დახმარებით აშენებს.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკაში ინვესტირების ნათელი მაგალითი. ეს აბრეშუმის გზის უმნიშვნელოვანესი ელემენტიცაა, რადგან აბრეშუმის გზა რეგიონის პოლიტიკურ გეოგრაფიას სრულად შეცვლის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ შესაძლებლობით, მონაწილეობა მივიღოთ რეგიონალურ და გლობალურ პროგრამებში, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის სასიკეთოა. ახალი აბრეშუმის გზა არა მარტო მატარებლებს ან გემებს ან კილომეტრებს და მილებს ეხება. ეს თანამშრომლობის ღერძია, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება, რადგან აქვს ყველა მონაცემი, მიაღწიოს მდგრად წესრიგს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, პრაქტიკულად, ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა, რაც მას მეზობელი და პარტნიორი ქვეყნების სანდო პარტნიორად აქცევს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ დიალოგისა და კოორდინაციის გზით მიიღწევა სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა, რომელიც რეგიონის ყველა ქვეყნის საერთო ინტერესს წარმოადგენს.
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმი საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის (STRATPOL) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას, - გიორგი გახარია

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 18 აპრილი 2017 14:11

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და მუჰამედ ჯავად ზარიფმა საქართველო-ირანის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც ირანული და ქართული კომპანიების 100-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ირანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანაა. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ ირანიდან დამატებითი ინვესტიციების მიღებას. განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და ისეთი დარგები, როგორიც არის წარმოება, ტრანზიტი, ფარმაცეფტიკა, სოფლის მეურნეობა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გამოყენება ერთობლივი საწარმოების შექმნის საშუალებით და ა.შ. ეს ის მიმართულებებია, სადაც ყველაზე მეტ აქტივობებს უნდა ველოდოთ“ - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი გახარიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება. „კონკრეტული კომპანიების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უკვე რაღაც კონკრეტული შედეგები გვექნება. სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ირანიდან საკმაოდ მცირეა, თუმცა სავაჭრო ბალანსში ჩვენი ექსპორტი იზრდება, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

უკრაინული ავიაკომპანია საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 14 აპრილი 2017 16:09

უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways,” რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს. კიევი-ბათუმი- კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას “Bravo Airways” 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით

განხორციელდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.

„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 13 აპრილი 2017 11:50

„დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა, - აღნიშნული ინიციატივით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიმართა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს არის უნიკალური და ძალიან საინტერესო მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა ნახოს.

„ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს და მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე და მინდა, მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა, რაც დღეს საქართველოში განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 110-მეგავატიანი „დარიალი ჰესი" აბსოლუტურად უნიკალური ჰესია, რომელმაც უკვე მოიპოვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ახალი პროექტების ჩემპიონის ტიტული.

„ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური", - აღნიშნა პრემიერმა.

შსს-ს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები ეწვივნენ

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 07 აპრილი 2017 17:53

შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ - ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური კომისრის მოადგილე რიმანტას ბობინასი და კრიმინალური პოლიციის ბიუროს დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ბესიკ ამირანაშვილს და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვენების პოლიციის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოსა და ლიტვის საპოლიციო უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.

ლიტველმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობები განიხილეს და მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, ლიტვის დელეგაციის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს და ერთობლივი ოპერაციების ცენტრს ეწვივნენ და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.

SES-ის 5 წლის იუბილე საქართველოში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 03 აპრილი 2017 13:54

მსოფლიოს წამყვანმა სატელიტურმა ოპერატორმა, SES-მა, მოაწყო ღონისძიება პარტნიორებისა და მედიასაშუალებებისთვის „მე-5 გაზაფხული საქართველოში“  - რომელიც მიეძღვნა კომპანიის ხუთწლიან წარმატებულ საქმიანობას ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.   

ღონისძიება 2017 წლის 28 მარტს, თბილისში, „კაფე მუზეუმში“ გაიმართა და მას წამყვანი მედიასაშუალებების, საკომუნიკაციო კომპანიებისა და სხვა ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. ღონისძიება დაიწყო ოფიციალური გამოსვლებით, რასაც მოჰყვა საინტერესო გასართობი პროგრამა და პარტნიორებს შორის საქმიანი კონტაქტების გაცვლა.

ღონისძიება გაიხსნა SES-ისა და მაგთიკომის მაღალი თანამდებობის პირების ოფიციალური გამოსვლებით:  

  • ჰაკან სიოდინი, SES-ის რეგიონალური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი სკანდინავიაში, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
  • ნიკოლოზ დავითაშვილი, მაგთიკომის კომერციული დირექტორი

ბნ.-მა სიოდინმა დამსწრე საზოგადოებას შესთავაზა კომპანიის მოკლე მიმოხილვა, მისი ძირითადი მამოძრავებელი სტიმულების, მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

კომპანია SES-ის წარმომადგენლის, ბნ. სიოდინის გამოსვლაში ძირითადი აქცენტები შემდეგ საკითხებზე გაკეთდა:

  • SES ფლობს 65 თანამგზავრს, რომლებიც დედამიწისა და მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს ფარავს
  • SES ემსახურება 700-ზე მეტი სატელეკომუნიკაციო კომპანიას, მაუწყებელს, საწარმოს, მთავრობასა და დაწესებულებას 130-ზე მეტ ქვეყანაში
  • SES-ს გააჩნია 7.317 სატელევიზიო არხი, რომელთაგანაც 2,434 HD[1] ფორმატისაა, ხოლო 34 – UHD[2] ფორმატის
  • SES წარმოადგენს DTH[3] პლატფორმის ნომერ პირველ მიმწოდებელს, რომელსაც აქვს წვდომა156 მლნ ტელემაყურებელ ოჯახზე
  • SES აგრძელებს HDR-ის (გაფართოებული დინამიური დიაპაზონი) განვითარებას Ultra HD ფაზა 2-ის ფარგლებში
  • UHD სატელევიზიო ბაზარი სწრაფად იცვლება და პროგნოზის თანახმად, 2018 წლისთვის UHD-ის მსოფლიო სატელევიზიო გაყიდვები 42%-ს შეადგენს
  • მსოფლიო მასშტაბით თანამგზავრით გადაცემული UHD არხების საერთო რაოდენობა 2025 წლისთვის 1000-ს გადააჭარბებს, რადგან მთავარი სპორტული ღონისძიებების სატელევიზიო ჩვენება გახდება ერთგვარი სტიმული მძაფრი შეგრძნებებისა და სამაყურებლო გამოცდილების გაუმჯობესებისათვის და გამოყენებულ იქნება ოპერატორების მიერ ამ გამოცდილების კიდევ უფრო მეტად განვითარებისათვის.  
  • UHD-ს საკითხში გათვითცნობიერება საქართველოში: UHD განვითარების გლობალური ტენდენცია ასევე თვალსაჩინოა საქართველოშიც.
  • თუკი 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის 18%-მა იცოდა, თუ რა იყო UHD, მაგრამ არ გააჩნდა UHD ეკრანი, ხოლო 8%-მა იცოდა მის შესახებ და ფლობდა კიდეც ამგვარ ეკრანს, 2016 წელს ადგილი ჰქონდა მოსახლეობის ორივე კატეგორიის მკაფიო ზრდას. დღეისათვის მოსახლეობის 22%-მა იცის UHD ეკრანის შესახებ, ხოლო 15% კი უკვე ფლობს ამ ტიპის ეკრანებს. (წყარო: Satellite monitor YE’16, GfK)

 

SES-ის შესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 12 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ოთხი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის (ვიდეო, საწარმოები, მობილურობა და მთავრობა). ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და დაწესებულებებს, ისევე როგორც სხვადასხვა ბიზნესს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, რომელსაც გააჩნია უდიდესი „პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობა“ (DTH) სატელევიზიო წვდომა ევროპაში და O3b ქსელები, გლობალური მართვადი მონაცემების საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური