საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება - რუსეთის საგარეო უწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ივლისი 2018 12:48

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას თავისი შედეგი მოჰყვება.


„ჩვენ ვამბობდით, რომ ალიანსში იმ ქვეყნების შესვლამ, რომლებიც მისი წევრები არ არიან, შეუძლებელია მთელ სურათზე არ აისახოს, ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება.

როდესაც ცვლილებები ხორციელდება ერთი მხრიდან, ამას მოჰყვება შედეგები სხვა მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

 

რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლენბერგის განცხადეას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს სამიტზე დადასტურდა და ორგანიზაცია ამ პროცესისთვის მომზადებას განაგრძობს.

ლევან იზორია: „საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 ივლისი 2018 11:18

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება. „უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელიც უპრეცედენტოა სამიტის ფარგლებში, ხაზს გაუსვამს იმ მიღწევებსა და იმ მოდერნიზების უპრეცედენტო დინამიკას, რომელიც განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში გვაქვს. განსხვავებით ნატოს წევრი ბევრი ქვეყნისგან, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს მივმართავთ თავდაცვის ბიუჯეტში, ხოლო აქედან 20%-ს შეიარაღებაში. ეს პროგრესი და ეს დინამიკა ძალიან პოზიტიურად იქნება აღიარებული“, - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მისი განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში რეგიონულ უსაფრთხოებაზე გაკეთდება და ახალი კონკრეტული ფორმატები განისაზღვრება.

მან ყურადღება ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია, რასაც როგორც ცალკეული ქვეყნების, ისე ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს. „განსაკუთრებით გამოვყოფდი ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება და ფართოვდება. ამის დასტურია გერმანიის ინიციატივა, რომ იყოს ლიდერი ქვეყანა კონტრმობილურობის მიმართულებით. ამის დასტურია ასევე, გაერთიანებულ ძალთა წვრთნების სარდლობასთან ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების კოორდინაცია და მჭიდრო თანამშომლობა. 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს მორიგი ერთობლივი წვრთნების ჩატარება იგეგმება. ასე რომ, ყველაფერი ეს იძლევა ყველანაირ პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, საქართველომ წლების განმავლობაში გლობალური თუ რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი კონტრიბუციით დაადასტურა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული წევრი და პარტნიორია. ლევან იზორიას აზრით, დღეს საქართველო მზად არის, იყოს ნატოს წევრი ქვეყანა. „ამას ვამბობ არა მხოლოდ როგორც საქართველოს მოქალაქე, ვისაც სხვა ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად გულითა და მთელი მისწრაფებით სურს, რომ ეს პროცესი მივიდეს თავის კონდიციამდე, არამედ იმ შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც არაერთხელ მომისმენია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ახლახან ვიმყოფებოდი ავღანეთში და იგივე მოვისმინე მტკიცე მხარდაჭერის მისიის მეთაურისგან ჯონ ნიკოლსონისგან.

მან გასაოცარი უწოდა იმ წარმატებებს, რომელიც აქვს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მზადყოფნის დონით. ნდობის მაღალი ხარისხი, რაც ყველაზე ცხელ წერტილში მყოფმა ქართველმა ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა მოიპოვეს არის მათი პროფესიონალიზმის, საქმისადმი თავდადებისა და ერთგულების აღიარება, აღიარება იმის, რომ იდგნენ ყველაზე საპასუხიმგებლო პოზიციებზე. მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებისა და გლობალურ კონტექსტში თავისუფლების, ღირსეული არსებობის დაცვას, საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებული წესრიგის დაცვას უკავშირდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილი - სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 09:55

საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სომხეთის სტაბილურობასა და განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვისაც, როგორც ორმხრივ, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. 

პრემიერ-მინისტრმა ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობები არსებობს, რასაც ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც ადასტურებს.

“სომხეთის სტაბილურობა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობის კუთხით. გვაქვს პატივი ვუმასპინძლოთ ახლად არჩეულ პრემიერ მინისტრს, რაც ვფიქრობ, ჩვენს შორის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ურთიერთობის დასტურია. საქართველოს მთავრობა და პირადად მე მზად ვართ სომხეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის საკრებულოში სომხეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ახალქალაქში გაემგზავრება. ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი დღეს საღამოს დასრულდება.

პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

"პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს" - როგორ იხსენებს ლიზა ქისტაური საქართველოში ცხოვრების პერიოდს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 მაისი 2018 09:50

ლიზა ქისტაური თავისი ორიენტაციის შესახებ საჯაროდ დიდი ხნის წინ ალაპარაკდა.

ქისტური ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ყოველდღიური ცხოვრების შესახებ საუბრობს, ის ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს. მისი თქმით, ახალ ქვეყნაში თავს კარგად გრძნობს. 

ინტერვიუში ქისტაური საქართველოში ყოფნის პერიოდსაც იხსენებს და სწორედ ამიტომ, სანამ ყველა სასურველ პლასტიკურ ოპერაციას არ გაიკეთებს აქ ჩამოსვლას არ აპირებს. 

"საქართველოში ერთ-ერთ სკოლაში ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ამპარტავნული განცხდა მქონდა - ჩემს ამბავს ქართველი ფსიქოლოგი ვერ მიხვდება - მეთქი. ბელგიაში მივალ ფსიქოლოგთან იმის გასარკვევად, ვახდენ თუ არა ჩემი გენდერის იდენტიფიკაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, დადებითი პასუხი იქნება. იმდენად ადრეული ასაკიდან მოდის ეს ყველაფერი... პირველად მშობლებმა ბიჭთან წამასწრეს" - აღნიშნა ლიზა ქისტაურმა.

საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მაისი 2018 16:24

საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დონდუას განცხადებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“, - განაცხადა დონდუამ. 

1 იანვრიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამოქმედდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:21
2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. 

შედეგად, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა საბაჟო გადასახადისგან; ამასთან, ქართულ სერვისსა და პროდუქციას გაეხსნა 1,4 მილიარდიანი ბაზარი. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულში შედის. მკვეთრად იზრდება ღვინის ექსპორტის მონაცემები (2017 წლის იანვარ-აპრილში ზრდა წინა წელთან შედარებით - 270%). 

2017 წლის იანვარ-აპრილში ჩინეთიდან შემოვიდა 4 541 ვიზიტორი, რაც 32%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

გიორგი მარგველაშვილი - თავისუფალი საქართველოს შესაქმნელად კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 01 იანვარი 2018 11:48
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას ახალი,  2018 წელი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან მიულოცა, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა და ქვეყნის უზენაეს მიზნად აფხაზებთან და ოსებთან ერთად, მთლიანი საქართველოს შექმნა დაასახელა.
 
"ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ 2018 წელს! გილოცავთ იმ დარბაზიდან,  სადაც ასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა პირველი ქართული რესპუბლიკა გამოაცხადეს. ამ ასმა წელმა დრამატულად განვლო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დღესაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და ვიღწვით უზენაესი მიზნისთვის- თავისუფალი საქართველოს შექმნისათვის. იმისთვის,  რომ ამ მიზანს მივაღწიოთ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ყველა გამოწვევა და გავერთიანდეთ მთავარი მიზნის მისაღწევად.
 
უზენაესი მიზანია ერთიანი, მთლიანი საქართველოს შექმნა აფხაზებთან და ოსებთან ერთად.
მიზნების მიღწევის მთავარი საშუალება,  რა თქმა უნდა,  უფრო ძლიერი და უფრო ეფექტიანი განათლების სისტემაა. 
 
განათლების სისტემა, რომელიც უფრო ძლიერ ახალ თაობას გაზრდის.
 
უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად კიდევ უფრო წავახალისოთ მეწარმეები, ის ხალხი, ვინც ქმნის ჩვენი ქვეყნის დოვლათს.
 
მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საუკუნეების ტრადიციას აგრძელებენ და ჩვენს ქვეყანას იცავენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის  გარეთ, კიდევ უფრო მეტად დავეხმაროთ და გვერდში ამოვუდგეთ.
 
მთავარი და მნიშვნელოვანია,  მივიღოთ ერთმანეთის განსხვავებულობა და ვაღიაროთ ის, რომ ჩვენი ინდივიდუალიზმი ჩვენი სიმდიდრეა.
ამ სულისკვეთებით,  მე, ახალი 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე.
 
გილოცავთ ამ წელს და მიგულეთ თქვენ თანამოაზრედ ყველა იმ ახალ გამარჯვებაში, რომელიც თავისუფლების სულისკვეთებით იქნება გაერთიანებული," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მიმართვაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელი საზეიმოდ აღინიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 12:00

საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთამინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოსა და აზერბაიჯანსშორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.

მინისტრმა ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძემ საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, ასევე ისაუბრა ხალთაშორის მეგობრულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ პოტენციალზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები სამომავლო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ძლიერ ფუნდამენტს წარმოადგენს.

„ჩვენ ნამდვილად ძალიან დიდ მწვერვალებს მივაღწიეთ ორმხრივ ურთიერთობებში. ეს არის სამაგალითო მეზობლობა და თანამშრომლობა რომელიც დღეს გაგვაჩნია. ეს თანამშრომლობა არის მნიშვნელოვანი და კონკრეტული შედეგების მომტანი არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის. ჩვენ შევძელით ერთად უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტების განვითარება, პროექტების რომელიც აკავშირებს ევროპას და აზიას „ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით ახერხებენ ქვეყნებისა და ზოგადად რეგიონის პოპულარიზაციას, როგორც ევროპის ასევე აზიის მასშტაბით.

„ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნაბიჯს გადავდგამთ მომავალში იმისათვის რომ ეს პარტნიორობა, ეს მეგობრობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყოს ყველა ჩვენი მეგობრისთვის, ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ხელშესახები შედეგის მომტანი იყოს როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის ასევე ყველა იმ ქვეყნისთვის რომელიც დაინტერესდება ითანამშრომლებს და გამოიყენებს ამ შესაძლებლობებს.“ - აღნიშნა მინისტრმა.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებულ სამაგალითო ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ გაიმართა ფიკრეტ ამიროვის სახელობის განჯას სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრის კონცერტი .
საზეიმო ღონისძიება რუსთაველის თეატრში ჩატარდა.

შემოქმედებითი საქართველო: 5 წარმატებული პროექტი, 7 ძირითადი რეკომენდაცია

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 15 დეკემბერი 2017 14:43

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „კულტურის სტრატეგია-2025“ პირველი წლის შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე შეაჯამეს. მისმა მონაწილეებმა ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა ინიციატივის ფარგლებში. პროგრამის რეალიზაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობდა.  

 

5 წარმატებული პროექტი s

 

  • მუზეუმების ღამე

„მუზეუმების ღამე“ — ეს ცნობილი საერთაშორისო აქციაა, რომლის დროსაც მუზეუმების ექსპოზიციების დათვალიერება ღამით უფასოდაა შესაძლებელი. ამ პროექტს რამდენიმე წლის წინ, როდესაც ის პირველად ჩაუშვეს საქართველოში, წარმატება არ მოჰყოლია. 2017 წელს ის ჩართეს პროგრამაში „კულტურის სტრატეგია 2025“ და ევროკავშირის პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ რეკომენდაციების შესაბამისად ჩაატარეს.

„მე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რომ წელს „მუზეუმების ღამით“ ყველა ჩვენს მუზეუმში ხალხის ტევა არ იყო. ციფრები თავად მეტყველებს ყველაფერზე: აქციაში 53 883 ადამიანი მონაწილეობდა!“ — თქვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

  • თბილისის კონსერვატორიის იუბილე

თბილისის კონსერვატორიის იუბილის ფარგლებში დედაქალაქში მუსიკალური ფესტივალი, ოთხი მასშტაბური კონფერენ ცია და 300-ზე მეტი კონცერტი ჩატარდა.

 

  • ქართული კინოს განვითარება

პროექტში „გადაიღე საქართველოში“ ერთი წლის განმავლობაში ცხრა ფილმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა გადაღებებშიც 1 800 ადამიანი იყო ჩართული.

 

„ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ კულტურა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სულიერი განვითარებისთვის. ეს ეკონომიკის კონკრეტული სფეროა, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის“, — აღნიშნა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

 

  • რეგიონებთან მუშაობა

 

2017 წელს ქვეყნის სამ რეგიონში, 16 ქალაქში საინფორმაციო ტურები და ტრენინგები ჩატარდა, რომლის მონაწილეთა რაოდენობამ 600 კაცს გადააჭარბა.

 

  • არაფრომალური განათლება

კულტურული მემკვიდრეობის საგანმანათლებლო პროგრამებში 87 934 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც მოისმინეს ლექციები და ეწვივნენ კულტურის ობიექტებს. მსურველებს კარი გაუღეს: „კინოს სკოლამ“ — სადაც 3 500-ზე მეტი კინოჩვენება გაიმართა, და „ცოცხალმა წიგნებმა“ — განაკუთრებული მნიშვნელობის პროექტმა, რა დროსაც 65 ქართველი მწერალი სკოლების მოსწავლეებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა მათ. 

 

„არაფორმალური განათლება გვეხმარება ერთმანეთს დავუახლოვოთ ტრადიციული სფეროები და შევქმნათ კრეატიული პროექტები“, — ამბობს მიხეილ გიორგაძე.

 

7 ძირითადი რეკომენდაცია

 

შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და კულტურის განვითარების საკითხების ექსპერტი რაგნარ სიილი პროგრამა „კულტურა და შემოქმედებისგან“ შვიდ მთავარ რეკომენდაციას იძლევა საქართველოში  ამ ინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის.  

 

  1. კულტურისა და შემოქმედების სფეროში პროფესიონალების გუნდის ჩამოყალიბება. ისინი შეიმუშავებენ საქმიანობის გეგმას და თვალყურს მიადევნებენ მის ეტაპობრივ შესრულებას.
  2.  პროგრამის ჩაშვება, რომელიც კულტურისა და შემოქმედების სფეროს ტურიზმით დაუჭერს მხარს. იმგვარი პროექტებისთვის ხელშეწყობა, რომლებიც განავითარებს კულტურისა და შემოქმედების სფეროს, და იმ ტურისტების მიზიდვა, რომლებიც პოტენციურად დაინტერესებულები არიან საქართველოს კულტურით.
  3. კრეატიული ჰაბებისა და ტექნოლაბების გახსნა. ეს კულტურისა და შემოქმედების განვითარების ცენტრები და მოედნებია, სადაც ჩატარდება ლექციები, სემინარები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.
  4. კულტურისა და შემოქმედების რეგიონული განვითარების კუთხით საბჭოების მოწვევა და აუცილებელი კვლევების ჩატარება. ეს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგინებშიც, რაც მთლიანად ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.
  5. შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების ეროვნული პოლიტიკის დადგენა. ეს აუცილებელია სახელმწიფოს შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში სრულად ჩასართავად.
  6. იმ ორგანიზაციების სპეციალური ქსელის შექმნა, რომლებიც კულტურასა და შემოქმედებასთან დაკავშირებულ პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებენ. ისინი უზრუნველყოფენ კულტურული ინდუსტრიების მრავალფეროვნებას.
  7. IT-ტექნოლოგიებსა და კრეატიულ მიმართულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ცენტრების განვითარება. ეს ახალგაზრდებს დაეხმარება, იპოვონ საკუთარი თავი შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროებში. 

 

მთავარი დასკვნა

 

კონფერენცია შეაჯამა პროგრამა „კულტურა და შემოქმედების“ ხელმძღვანელმა ტიმ უილიამსმა:

„საქართველო, ალბათ, ყველაზე წარმატებულია ექვს ქვეყანას შორის. ის ეტაპობრივად ითვისებდა გამოცდილებას, რომელსაც ჩვენ ვუზიარებდით. „სტრატეგია 2025-მა“ ასახა ეს და ძალიან კარგი შედეგებიც აჩვენა. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანა მომავალშიც განავითარებს შემოქმედებით ინდუსტრიებს“. 

საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, MSC სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017 17:50

საქართველომ, 2018-2019 წლებში, შესაძლოა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილემ ბენედიქტ ფრანკემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

განიხილება შესაძლებლობა, ამ მიზნით გამოყენებული იყოს „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია", ან „საქართველოს ევროპული გზა", რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ღონისძიებები კიდევ უფრო გაამდიდრებს.  

აღნიშნული შესაძლებლობა პირველად საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის ვოლფგანგ იშინგერის შეხვედრაზე განიხილეს, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას გაიმართა.  საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ყოველწლიურად მონაწილეობს. გლობალურ ფორუმზე, რომელიც მიუნხენში  2018 წლის თებერვალში გაიმართება, გიორგი კვირიკაშვილი უკვე მიწვეულია.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რამდენიმე ათწლეულია, უსაფრთხოების პოლიტიკაზე მსჯელობისთვის უმთავრეს გლობალურ ფორუმს წარმოადგენს. ყოველი წლის თებერვალში, კონფერენცია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე მსჯელობისთვის,  თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ პირს - მსოფლიო ლიდერებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად იმართება არაერთი მაღალი დონის ღონისძიება სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოადგილისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრისას, საუბარი ასევე შეეხო საქართველო-გერმანიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში კიდევ უფრო გააქტიურდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური