ირლანდია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის საკუთარი წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018 15:14

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ლუქსემბურგში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრა გამართა  ირლანდიის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან  საიმონ კოვენისთან. 

შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და ირლანდიას შორის ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულ ორმხრივ ურთიერთობებს და გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ხაზი გაესვა ირლანდიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის  მტკიცე მხარდაჭერას, ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოხატა ირლანდიის მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველოს ამ პროცესში და გაუზიაროს მას ირლანდიის წარმატებული გამოცდილება ევროინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და მიღწეულ წარმატებას.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას. დავით ზალკალიანმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია  კონფლიქტის დარეგულირების პროცესის, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ საკითხი მუდმივად იდგეს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.  ირლანდიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა, რაც აისახება თანამშრომლობის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

მინისტრები მიესალმნენ ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის გააქტიურებულ ურთიერთობებს და ორმხრივი ვიზიტების გაცვლას. განსაკუთრებით  აღინიშნა ირლანდიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის მიერ 2017 დ 2018 წწ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ  ორი ქვეყნის  აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს  შორის  მაღალი დონის ვიზიტების განხორციელებას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სხვადასხვა სფეროებში  თანამშრომლობის  შემდგომ განვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ირლანდიას საქართველოს უსაფრთხო ქვეყანათა კატეგორიაში დასახელების გამო, რითიც კიდევ ერთხელ დადასტურდა ირლანდიის მხრიდან საქართველოში არსებული პოლიტიკური და დემოკრატიული გარემოს, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თავალსაზრისით არსებული პროგრესის აღიარება.

მინისტრმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგზე, „ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის“ ინიციატივაზე, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანზიტო და ენერგეტიკულ ჰაბს და ირლანდიის ბიზნეს წრეების შესაძლო დაინტერესებას საქართველოს საინვესტიციო გარემოთი.

მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე. დავით ზალკალიანმა ყურადღება გამახვილა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე და კოლეგას გააცნო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 04 ოქტომბერი 2018 14:33

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც წევრი სახელმწიფოები ალიანსის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებებს განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორის არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობა.

მინისტერიალის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ალიანსის წევრებმა საქართველოსთან თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

ნატოს გენერალური მდივნის - იანს სტოლტენბერგის განცხადებით, კომისიის სხდომის განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, რადგან აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია როგორც ნატოსთვის, ასევე, საქართველოსთვის. სტოლტენბერგის თქმით, ნატო და საქართველო საზღვაო უსაფრთხოების კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. ნატოს სპეციალური დანაყოფები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვასთან ერთად, სხვადასხვა წვრთნას ატარებენ. ნატოს საზღვაო ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ საქართველოს საზღვაო ძალებთან. კერძოდ, სუფსის საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აქტიურად თანამშრომლობს და ოპერატიულად ცვლის ინფორმაციას ნატოს საზღვაო სარდლობასთან (MARCOM).

აშშ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 03 ოქტომბერი 2018 13:28

ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს.

როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას, ქვეყნის არამეგობარი ძალების მხრიდან. მამუკა ბახტაძის თქმით, სწორედ აღნიშნული გამოწვევების გასამკლავებლად გამოყო დაფინანსება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

„ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამკლავებლად გამოგვეყოფა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა გადაეცემა „საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ", რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომლებიც მოაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.

ქუვეითში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018 13:25

ქუვეითი- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  სასტუმრო Crowne Plaza-ში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.
 
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით  მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა როლანდ ბერიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიულ საწყისებს. ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ღირებულებების და იდეების ერთგულ ქვეყანას წარმოადგენს.
 
როლანდ ბერიძემ მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი  მხარდამჭერი პოზიციის გამო.
 
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტო-გამოფენა - ,,100 Years of Georgia’s First Democratic Republic’’ და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ,,პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა’’ ჩვენება. ასევე, მიღებაზე წარმოდგენილი იყო  საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალის ამსახველი ბროშურები.
 
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუვეითის მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს წრეების და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018 17:19

2018 წლის 5 სექტემბერს ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემატიკა. სხდომას თავმჯდომარეობდა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკა. ქართულმა დელეგაციამ ალიანსს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის აგრესიიდან 10 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების, ადამიანის უფლებათა დარღვევების, რუსეთის გამალებული შეიარაღების, სამხედრო წვრთნებისა და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების თაობაზე. კომისიის სხდომაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე ერთგულება. წევრი ქვეყნების ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს კონფლიქტის რეგიონებში შექმნილი რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გამო და დაგმეს რუსეთის აგრესიული ქმედებები. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მხრიდან გამოიხატა ერთსულოვანი მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ.

მხარეებმა შეხვედრაზე, აგრეთვე მიმოიხილეს საქართველოსთან მიმართებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

"2020 წელს საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 28 ივლისი 2018 14:32

2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჰეპატიტი 21-ე საუკუნეში მსოფლიოს საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.

„სამწუხაროდ, საქართველოშიც ეს გახლდათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ვირუსული ჰეპატიტი, ზოგადად, არის ისეთი ტიპის დაავადება, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაც რესურსების მაქსიმალურ მობილიზაციას მოითხოვს. B ჰეპატიტთან ბრძოლაში ბევრმა სახელმწიფომ მიაღწია წარმატებას, მედიკამენტებიც არსებობდა, რომლებიც ამ დაავადებას ეფექტურად ებრძოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, C ჰეპატიტი აღმოჩნდა ის დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა, ბევრი საზოგადოება დაუცველი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, საქართველოც მათ რიცხვში მოხვდა. 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, განვაცხადეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე და მასზე ზრუნვა იქნებოდა. პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო ჯანდაცვის ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა. ამ ზრდაში, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი დაიკავა C ჰეპატიტთან ბრძოლამ. C ჰეპატიტით, სამწუხაროდ, მსოფლიოში ჯერ კიდევ მილიონობით ადამიანი იღუპება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც კაცობრიობას აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევებით. ჩვენი ნაბიჯები მიმართული იყო, რომ სწორედ ამ ყველაზე მძიმე გამოწვევას გავმკლავებოდით და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში, ისევე, როგორც რეგიონში საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, რომელმაც ამ გამოწვევას წარმატებით გაართვა თავი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერმა მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ამერიკელ მეგობრებს და კომპანია „გილეადს", რომელთა დახმარების გარეშე ამ ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატების ძალიან მაღალ კომერციულ ღირებულებას და აღნიშნა, რომ მოქალაქეს მკურნალობა 80-90 ათასი დოლარი დაუჯდებოდა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მხოლოდ რამდენიმე ათეული მოქალაქე მისცემდა თავს იმის უფლებას, ემკურნალა ამ ძალიან ძვირიანი პრეპარატებით. ჩვენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ეს პრეპარატები ყველასთვის ხელმისაწვდომია. 2016 წელს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგია, რომლის მთავარი ამოცანაა, მოხდეს ამ დაავადების სრული ელიმინაცია საქართველოში. ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე გაიარა სკრინინგი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ C ჰეპატიტთან ბრძოლაში. დაახლოებით 50 000 ადამიანია ჩართული დღეს სამკურნალო პროცესში. სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომ ჩვენ ვიყოთ წარმატებული ამ დაავადებასთან ბრძოლაში. ერთმანეთის მიმართ გულწრფელები რომ ვიყოთ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, ამ დაავადებამ გარკვეული სტიგმა გამოიწვია. რა თქმა უნდა, C ჰეპატიტი არ არის სტიგმა. ჩვენ, მთელი საზოგადოება მაქსიმალურად მობილიზებული უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და იდეალური იქნება, ასივე პროცენტმა გაიაროს ეს სკრინინგის პროცესი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ამ უმძიმეს დაავადებას.

2020 წელს, როდესაც ჩვენ ამ სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. ეს იქნება უნიკალური წარმატება და იმედის მიმცემი სხვა ერებისთვის, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დაავადება, თუ არსებობს სწორი სტრატეგია, საზოგადოების სრული მობილიზაცია, მისი დამარცხება აუცილებლად შესაძლებელი იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პროგრამაში ჩართულ მოქალაქეებს, სერვისებით მოსარგებლე პაციენტებს, რომლებიც სახელმწიფოს ეხმარებიან, საზოგადოებამ უკეთ გაიგოს დაავადებასთან ბრძოლის აუცილებლობა და პრიორიტეტულობა, ასევე - განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ქართველ ექიმებსა და სამედიცინო საზოგადოებას.

„დარწმუნებული ვარ, მთავრობისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ეფექტური მუშაობით, საზოგადოების სრული მობილიზაციით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს და 2020 წელს საქართველოში C ჰეპატიტი სრულიად ელიმინირებული იქნება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის 3-წლიანი შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია შედგა. დღევანდელი მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია 50 000-მდე პაციენტი, ხოლო განკურნების მაჩვენებელი 98,2%-ია.

ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროექტის საერთაშორისო პარტნიორები დაესწრნენ.

მამუკა ბახტაძემ და კრისტიან ურსემ საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 27 ივლისი 2018 14:55

2018-07-27

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა. 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მთავრობა სრულად უჭერს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას. 

მამუკა ბახტაძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის მნიშვნელობას, რომლითაც ევროპის საბჭო ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
კრისტიან ურსემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო მიესალმება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და მზად არის, მომავალშიც შეუწყოს ხელი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული პროექტების განხორციელებას. 

შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რომლის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრა შემოდგომაზე თბილისში იგეგმება. 
მხარეებმა ასევე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვების მიზნით სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც უზრუნველყოფს არჩევნების თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას.

 

ვულოცავ საქართველოს იმ წარმატებას - აშშ სენატის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 ივლისი 2018 13:21

„ჰელსინკის კომისია ატარებს დღევანდელმოსმენას, რათაამერიკელმა ხალხმა და საერთაშორისო საზოგადოებამ არდაივიწყოს საქართველოს ოკუპაცია, ისევე როგორცაღნიშნული ოკუპაციის შედეგები და გართულებები. ჩვენასევე სურვილი გვაქვს ვუზრუნველყოთ ჩვენს საერთოუსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციის აღიარება დაგანვაგრძოთ საქართველოს მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურგზაზე, ასევე ნატო-ს სრულუფლებიანი წევრობის მიღწევაში“ - ამის შესახებ აშშ-ის სენატის ევროპაში უსაფრთხოებისა დათანამშრომლობის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ,სენატორმა როჯერ ვიკერმა (რესპუბლიკელი-მისისიპისშტატი) განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკასა და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის დაბლოკვის მცდელობაზე, რაც, სენატორის თქმით, ეწინააღმდეგება პრინციპს, რომლის მიხედვითაც სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს თავად აირჩიოს ის ორგანიზაცია, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პროგრესი მიულოცა. „ბატონო ელჩო, მინდა მივულოცო საქართველოს ის წარმატებები, რომლებიც დასავლეთის ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმავალ ქვეყანას ესაჭიროება. ჩვენ თქვენ არ გვავიწყდებით და კიდევ უფრო ხმამაღლა ვისაუბრებთ თქვენს შესახებ“, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ივლისი 2018 21:06

საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები, სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის მთავარი თემები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს „ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება - რუსეთის საგარეო უწყება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ივლისი 2018 12:48

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას თავისი შედეგი მოჰყვება.


„ჩვენ ვამბობდით, რომ ალიანსში იმ ქვეყნების შესვლამ, რომლებიც მისი წევრები არ არიან, შეუძლებელია მთელ სურათზე არ აისახოს, ევროპულ კონტინენტზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება. ეს არა მხოლოდ საქართველოს ეხება.

როდესაც ცვლილებები ხორციელდება ერთი მხრიდან, ამას მოჰყვება შედეგები სხვა მხრიდან. ჩემი აზრით, ეს ბუნებრივი პროცესია, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“ - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

 

რუსეთის საგარეო უწყების აღნიშნული განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლენბერგის განცხადეას მოჰყვა. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ალიანსის სამიტზე განაცხადა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ეს სამიტზე დადასტურდა და ორგანიზაცია ამ პროცესისთვის მომზადებას განაგრძობს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური