დავით ზალკალიანი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა
აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანისა და ისრაელის ელჩის შაბთაი ცურის შეხვედრა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურებულ პარტნიორულ ურთიერთობებს ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო როგორც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას და მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების აუცილებლობას მიმდინარე წლის განმავლობაში, ასევე მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებას.
შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკანასკნელ პერიოდში ისრაელის სახელმწიფოს საზღვარზე საქართველოს მოქალაქეთა დაკავებისა და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ცალკეულ შემთხვევებზე. აღინიშნა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი შემთხვევის გამოკვლევა და შემდგომი პრევენცია.
ისრაელურ მხარეს ასევე ეცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ გვერდზე არსებული განახლებული საკონსულო ინფორმაციისა და ქართული მხარის მიერ განხორციელებული ყველა იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც მომავალში მოემსახურება სიტუაციის შემსუბუქებას. მხარეებმა დააფიქსირეს ორ ქვეყანას შორის აღნიშნული მიმართულებით უკვე არსებული კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელებისა და უახლოეს მომავალში საკონსულო კონსულტაციების მორიგი რაუნდის ჩატარებისათვის მზაობა.
შაბთაი ცურმა გამოხატა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობა მომავალში ეფექტიანი შედეგის მიღწევის მიზნით. იქვე აღინიშნა, რომ 2017 წლის თებერვლის ბოლოს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი იქნება კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხის განხილვისა და მომავალში სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით რიგ საკითხებთან დაკავშირებით.
შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება, - ქრისტიან დანიელსონი
„მოხარული ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში. საქართველო გამორჩეულად დინამიური პარტნიორია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში. სამაგალითო და შთამბეჭდავია საქართველოს მისწრაფება დაუახლოვდეს ევროპის შიდა ბაზარს“- განაცხადა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკასა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები. დანიელსონის თანახმად, ევროკავშირი განსაკუთრებულ მნიშვნელობას დასაქმების, კერძო სექტორის ხელშეწყობის და განათლების სფეროებს ანიჭებს, რადგან ეს მიმართულებები ევროკავშირთან თანამშრომლობის დადებით შედეგებს ქართული მოსახლეობისათვის თვალსაჩინოს გახდის. საქართველოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის მხრიდან ამ საკითხებზე ფოკუსირებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეკონომიკური მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა და პროფესიული განათლების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებია.
ევროკავშირის წარმომადგენლის თანახმად ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობა 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტის ფარგლებში, სადაც ის დარწმუნებულია, რომ „საქართველო კვლავ წამყვანი როლის შესრულებას შეძლებს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორის ქრისტიან დანიელსონის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორის თომას მაირ-ჰარტინგის საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის პროცესი დასრულებულია
სლოვაკეთისა და საქართველოსთან თანამშრომლობას განათლების სფეროში გრძელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ რუდოლფ მიხალკასთან გამართა.
14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი! - ვუგულშემატკივროთ ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს
14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველებმა პირველ შეხვედრაში ისრაელი 3:0 დამარცხეს. ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი იხილა, განსაკუთრებული კი მესამე გოლი გამოდგა, რომელიც საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.
ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში შოტლანდიის ნაკრებს 11:0 მოუგეს. თამაში ჯვაროსნების სრული უპირატესობით წარიმართა. გამორჩეული თამაში ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემტევმა, არჩილ სებისკვერაძემ, მან მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა. მის გარდა შოტლანდიელთა კარი გიორგი ტიკურიშვილმა, გიორგი ნიშნიანიძემ, შოთა თოფურიამ და დავით ბობოხიძემ გაიტანეს. ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, დღეს ყველამ ერთდა ვუგულშემატკიბროთ საქართველოს.
საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის კვლევა იწყება
საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ინვესტორი, 18 თვის განმავლობაში, 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.
„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოში 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება
საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.
„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
2017 წელი ფრით დაიწყო - საქართველო 2:2 უზბეკეთი
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების წლის პირველი მატჩი დასრულდა. ჯვაროსნები ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი დუბაიში გაიმართა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში უზბეკებმა გახსნეს, 69-ე წუთზე შონიამ წონასწორობა აღადგინა, 77-ე წუთზე კი დებიუტანტმა საბა ლობჟანიძემ საქართველო დააწინაურა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთით, უზბეკებმა საპასუხო გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს.
საქართველოს ნაკრები დუბაიში რჩება, სადაც 25 იანვარს ამხანაგურ შეხვედრას იორდანიასთან გამართავს.
ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.
წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა
წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. 3.2 მაგნიტუდის ბიძგები ბაღდათიდან დაახლოებით 8 კილომეტრში იგრძნობოდა. მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
თავდაცვის მინისტრი საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.
ლევან იზორიამ ევროკავშირის ელჩს მხარდაჭრისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებისათვის გაღებულ წვლილს, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ჩართულობის საკითხსაც შეეხო.
„თავდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი, რომელსაც ემყარება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ 250-მდე შეხვედრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვახორციელებთ მონიტორინგს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში და ასეთი ფორმით წარმოვადგენთ ევროკავშირს“, - განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და EUMM-ის წარმომადგენელი დაესწრნენ.