საქართველო 28:14 რუსეთი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 მარტი 2017 12:02
ბორჯღალოსნებმა 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს. ბელგიის, გერმანიისა და ესპანეთის შემდეგ, მილტონ ჰეიგის შეგირდებმა დინამო არენაზე რუსეთი 28:14 დაამარცხეს. დღეს საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ოთხი ლელო დაუდო, აქედან ბოლო, რომელიც დავით კაჭარავას ანგარიშზეა, ბორჯღალოსანთვის საიუბილეო, 550-ე აღმოჩნდა. მზარდი ქომაგობა ბოლო დროს საქართველოში რაგბისადმი ინტერესი იზრდება და 2010 წლიდან დღემდე ანშლაგი 10-ჯერ დაფიქსირდა. ამ პერიოდში სამჯერ გაივსო დინამო არენა, რომელიც 55 ათასამდე მაყურებელს იტევს - 2014 და 2017 წლებში რუსეთთან და 2016 წელს - რუმინეთთან, ხოლო ამავე მეტოქეებთან ჯახმა ორ-ორჯერ შეავსო მიხეილ მესხის 24-ათასიანი ტრიბუნა. მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნები პირთამდე შეივსო 2016 წლის ნოემბრის ტესტ-სერიის ორივე საშინაო მატჩზე. 12 მარტს 55-მა ათასმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ შექმნა განსაკუთრებული ატმოსფერო. გაამართლა მატჩის საღამოს დაწყებამ: ქომაგებმა ტელეფონის სანათები აანთეს და ამით ტრიბუნებმა დამატებითი ხიბლი შეიძინა. იყო ლამაზად საყურებელი „ცოცხალი ტალღა". სულ სხვაა, როდესაც ასეთ ატმოსფეროში თამაშობ, როდესაც მრავლობით ათასობით ქომაგებით ზურგ განაგრებული ერკინები მეტოქეს. ქართული სარაგბო თემის სახელით გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ 55 127 ქომაგს, რომლებიც არცერთი წამით არ გაჩერებულა და ომახიანად ქომაგობდა ბორჯღალოსნებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნამატჩევს სტადიონზე შექმნილმა ატმოსფერომ „დათვების" კაპიტან ვასილი არტემიევს ათქმევინა: „სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში ძალიან მაგარი შეგრძნებაა. მინდა შევაქო ქართველი ქომაგი, მეტოქე და ჩემი გუნდი". ბორჯღალოსნების დომინირებით შეხვედრა ბორჯღალოსნების შეტევებით დაიწყო. ქომაგისთვის ლაღი თამაშის ჩვენების სურვილით შეპყრობილმა ქართველებმა ჯარიმების კარში დარტყმაზე უარი თქვეს და მაყურებელმა სწრაფი ლელო იხილა. ჯარიმა ჯერ აუტში გაიგზავნა, მერე შერკინებაში გაიცვალა, იქიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გაიშალა, ლაშა ხმალაძემ მერაბ კვირიკაშვილი მოძებნა, მან გრძელი პასით ბურთი გიორგი კოშაძეს გადააწოდა და მანაც მეოთხე სანაკრებო მატჩში მეოთხე ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახვა გაიტანა. ჩვენი გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, შერკინებამ ტრადიციული უპირატესობა მოიპოვა და მე-15 წუთზე რუსთა ბურჯი ვალერი მოროზოვი სინბინით დაისაჯა. ბორჯღალოსნებმა მიწოლას თამაში არჩიეს და ბურთი 5-მეტრიან ზონაში დაიკარგა. მეორე ჯერზე მოლით წინსვლაზე ვთქვით უარი და მეტოქემ თავი ამჯერადაც წითელ ზოლში დაიცვა. 27-ე წუთზე მეორე, ლამაზი ლელო გავიდა, რომელშიც კვირიკაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის. მან ფეხით გადაკიდებული ბურთი ჩვენს ნახევარზე, 22-ის წინახაზზე დაიჭირა, მეტოქის არასწორი მოძრაობა რომ შენიშნა დაიძრა, სისწრაფეაკრეფილმა ორი მცველი ხელის მსუბუქი კვრით ჩამოიშორა, რუსეთის ნაკრების 22-თან მცველი ბოლომდე აიყვანა და ლელოში ვასილ ლობჟანიძე შეუშვა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს „დათვებმა" პირველად გადმოლახეს ცენტრალური ხაზი და მესამე ცდაზე ჩვენს ლელოს 5 მეტრამდეც მივუახლოვდით, მაგრამ იქ დაჯარიმდნენ. ქართველებმა ხელდახელ სცადეს შეტევა, მაგრამ დაჯარიმდნენ, იური კუშნარიოვს ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი 14:0 დასრულდა. მეკომ 800-ს გადააბიჯა მეორე ტაიმის დასაწყისში ბორჯღალოსნებმა ჯარიმის ნაცვლად კვლავ შერკინება ირჩიეს, რამდენიმე დარტყმის შემდეგ მამუკა გორგოძემ ლობჟანიძეს ოფლოუდი ამოუგდო და ახალგაზრდა 9 ნომერმა მატჩში თავისი მეორე ლელო მიითვალა. კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში 21-0 გახადა და საკუთარი საერთო მონაგარი 799-მდე გაზარდა. მალე მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, რამაც ჩვენებზე უარყოფითად იმოქმედა. დერეფნის შემდეგ „დათვები" მოკლე დარტყმებით ვერაფერს გახდნენ, მაგრამ მერე ბურთი ხაზზე გაიტანეს, ბოჭვა გაცუდდა და კუშნარიოვმა ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. პასუხად კვირიკაშვილს სანაკრებო მონაგარის 3 ქულით გაზრდის და 800-იანი ზღვარის გადაბიჯების შანსი ქონდა, მაგრამ ჯარიმა გაუცუდდა. 68-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა, მოლის ჩაქცევის შემდეგ რაქიდან ბურთი ლობჟანიძემ გაიტანა, მას სიჩქარეში დავით კაჭარავა შეეგება, რომელმაც თავის 21-ე სანაკრებო, ხოლო ბორჯღალოსნების ისტორიაში 550-ე ლელო გაიტანა, ხოლო კვირიკაშვილმა გარდასახვიდან ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და 800-იანი ზღვარი გადალახა. სამწუხაროდ, მატჩის მიწურულს ბოჭვა ერთხელაც გაგვიცუდდა, რუსეთმა მეორე ლელო გაგვიტანა და ბონუს ქულა ხელიდან გამოგვაცალა, ხოლო კუშნარიოვმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:14 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ. მომდევნო მატჩი 19 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან გვიწევს და ის არაოფიციალური ფინალი იქნება. ამ მომენტისთვის რუმინელებს სატურნირო ცხრილში 3 ქულით ვუსწრებთ და შეხვედრა თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება. მატჩის საუკეთესო მატჩი ეძღვნებოდა კაცთა სოლიდარობის მოძრაობის გენდერული თანასწორობისთვის #HeForShe, რომელიც საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებითა და ბორჯღალოსნებისა და ქართული სარაგბო თემის მხარდაჭერით იმართება. მხარდაჭერის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, მორაგბეებს მინდორზე ეროვნული ჰიმნებისას პატარა ბიჭები და გოგონები ახლდათ, რომლებიც მოძრაობის სიმბოლიკიანი მასიურებით იყვნენ შემოსილნი. ტრადიციულად ასეთ თამაშებზე მატჩის საუკეთესო მორაგბე ვლინდება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია აჯილდოვებს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ უდადო მერაბ კვირიკაშვილი დასახელდა. პრესკონფერენცია ნამატჩევს დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში ჯერ სტუმრები გამოცხადდნენ. „დათვების" მთავარ მწვრთნელ ალექსანდრ პერვუხინს მარცხის გამო წყენა არ ეტყობოდა: „ჩემი გუნდის თამაშით მთლიანობაში კმაყოფილი ვარ. მით უფრო საქართველოს ნაკრების ძალის და შემადგენლობის გათვალისწინებით. ჩვენს შემადგენლობაში იყო რამდენიმე ახალგაზრდა. ამ თამაშის შედეგი მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე არ აისახება და მათ თავის გამოჩენის შანსი მივეცი. მათ დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართვეს თავი. შეიძლებოდა 60-70 ქულის სხვაობით დავმარცხებულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა და ჩვენც გავხდით დიდი სარაგბო ზეიმის ღირსეული მონაწილეები". „თავიდანვე დავთმეთ ინიციატივა და წელს ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა. მეორე ტაიმში სიტუაციის შეცვლა მოვახერხეთ და ვფიქრობ, ამ სეზონში დღეს საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ", - ასეთი იყო რუსეთის კაპიტნის, ვასილი არტემიევის შეფასება. „მეტ ჯარიმას ველოდებოდით. თუ არ ვცდები, ბევრი ჯარიმა გახდა საჭირო, რომ მეტოქის სინბინი გვენახა. ჩვენ ვთამაშობთ იმდენად კარგად, რამდენადაც მეტოქე გვაძლევს ამის საშუალებას. დღეს კი, რუსეთის ნაკრებმა დაცვაში კარგად ითამაშა. სწორედ ამიტომ, დიდი უპირატესობის მიუხედავად საწყის ნახევარ საათში მხოლოდ 2 ლელო დავდეთ", - მოკლე კომენტარით შემოიფარგლა მილტონ ჰეიგი. კითხვების უმეტესი წილი ბორჯღალოსნების კაპიტანზე, მამუკა გორგოძეზე მოვიდა: „არ ვიყავით ისეთი ეფექტურები და ეს, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური ზეგავლენის ბრალი იყო. მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ნაკრებმაც ძალიან მოინდომა და მაგრად დაგვიდგა. მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ ჩვენზე სუსტ მეტოქეებთან მობილიზება გვიჭირს. კრიტიკა კარგია და ის აუცილებლად წინ წაგვწევს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოედანზე ბევრი ახალწვეული იყო". დაისვა კითხვა იმის შესახებ თუ ნაკრები მოლით რატომ არ ეცადა ლელოს დადებას, რაზეც გორგოძემ განაცხადა: „მეც გამიკვირიდა მოლით დღეს ლელო რომ ვერ დავდეთ. დავაყენეთ 2-3 მოლი, მაგრამ ჯარიმით ჩაგვიქციეს. გარდა ამისა, ჰეიგმაც გვითხრა და პირადად ჩემი გადაწყვეტილებაც იყო, რომ უფრო სანახაობრივად, ხელით გვეთამაშა. გვინდოდა ამდენი ხალხისთვის ლამაზი თამაში გვეჩვენებინა. დღეს ეს მთლად კარგად არ გამოვიდა, მაგრამ აუცილებლად გამოვა". 12 მარტი, 2017. ევროპის ერთა თასი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 5500 28:14 (14:0) რუსეთი საქართველო: 15.მერაბ კვირიკაშვილი, 14.ირაკლი სვანიძე, 13.გიორგი კოშაძე, 12.დავით კაჭარავა, 11.სანდრო თოდუა, 10.ლაშა ხმალაძე, 9.ვასილ ლობჟანიძე (21.გელა აფრასიძე 74); 1.მიხეილ ნარიაშვილი (17.გიორგი თეთრაშვილი 69), 2.ჯაბა ბრეგვაძე (16.ზურაბ ჟვანია 69), 3.ლაშა ტაბიძე (18.სოსო ბეკოშვილი 45), 4.გიორგი ნემსაძე, 5.კოტე მიქაუტაძე (19.ლაშა ლომიძე 59), 6.გიორგი ცუცქირიძე (20.საბა შუბითიძე 71), 7.მამუკა გორგოძე (კაპ), 8.ბექა გორგაძე მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია) ლელო (4): გიორგი კოშაძე (5), ვასილ ლობჟანიძე (27), ვასილ ლობჟანიძე (51), დავით კაჭარავა (68) გარდასახვა (4): მერაბ კვირიკაშვილი (5, 27, 51, 68) რუსეთი: 15.იური კუშნარიოვი, 14.დენის სიმპლიკევიჩი (22.ალექსეი მიხალცოვი 71), 13.დმიტრი გერასიმოვი, 12.ვასილი არტემიევი (კაპ), 11.იგორ კურაშოვი, 10.რამილ გაისინი, 9.კონსტანტინ უზუნოვი (21.ანტონ რიაბოვი 78); 1.ვალერი მოროზოვი (19.დმიტრი კროტოვი 28), 2.ნაზირ ჰასანოვი (16.სერგეი ჩერნიშოვი 71), 3.აზამატ ბითიევი (17.ვლადიმირ პოდრეზოვი 61), 4.ევგენი იელგინი, 5.ინოკენტი ზიკოვი (18.ევგენი პრონენკო 71), 6.ვიკტორ გრესევი, 7.ტაგირ ჰაჯიევი (19.დმიტრი კროტოვი16-27, 20.დმიტრი გრიცენკო 61), 8.პაველ ბუტენკო მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი ლელო (2): იური კუშნარიოვი (56), დმიტრი კროტოვი (77) გარდასახვა (2): იური კუშნარიოვი (56, 77) სინბინი: ვალერი მოროზოვი (15) მსაჯი: იენ ტემპესტი (ინგლისი) ასისტენტები: სტივ ლი და ნაიჯელ ქერიქი (ორივე ინგლისი)

„აზერბაიჯანის ავიახაზები“ საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 10 მარტი 2017 17:25
აზერბაიჯანული ავიაკომპანია „Azerbaijan Airlines“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენის სიხშრეს ზრდის. 2017 წლის 28 მარტიდან ავიაკომპანია, ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით  კვირაში  8 სიხშირით იფრენს, ხოლო 2 მაისიდან 2 სიხშირე დაამატება და ფრენები კვირაში 10-ჯერ შესრულდება. ამ დრომდე აზერბაიჯანული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში 7 სიხშირით ასრულებდა. დამატებითი სიხშირეებით ოპერირებას „Azerbaijan Airlines“ ყოველკვირეულად - კვირას (28 მარტიდან), სამშაბათსა და ხუთშაბათს (2 მაისიდან) განახორციელებს. ფრენები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 9 მარტს მიენიჭა.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ტოვებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 07 მარტი 2017 16:58
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.75 პროცენტს შეადგენს. არსებული პროგნოზის მიხედვით, როგორც გაცხადებული იყო, მოსალოდნელია, რომ 2017 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ინდექსის (სფი) ინფლაცია ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენით დროებით გაიზრდება და მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე გავლენას ძირითადად მიწოდების მხარეს მოქმედი ფაქტორები ახდენს, როგორებიცაა საერთაშორისო ბაზრებზე გარკვეულ სასაქონლო ჯგუფებზე ფასების მატება, აქციზის გადასახადი და წინა პერიოდში აშშ დოლარის გამყარება. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება როგორც საბაზო, ასევე ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ინფლაცია. სფი ინფლაციის მაჩვენებელი მასზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვის შედეგად შემცირდება და მოსალოდნელია 2018 წელს იგი მიზნობრივ დონეს ჩამოსცდეს. ბოლო ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა ინფლაციის პროგნოზზე ორივე მიმართულებით მოქმედი ფაქტორები. ერთი მხრივ, ინფლაციის ფაქტობრივი მონაცემი უფრო მაღალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული, რაც, შესაძლოა, დამატებით ზეწოლას ქმნიდეს ინფლაციის მოლოდინებზე. თუმცა, მეორე მხრივ, საგარეო სექტორის მაჩვენებლების გაუმჯობესების შედეგად შემცირებულია ზეწოლა ლარის კურსზე, რამაც, შესაძლოა, ინფლაციის მოლოდინები შეამციროს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი კვლავ მიზანშეწონილად მიიჩნევს წლის პირველ ნახევარში პოლიტიკის განაკვეთის 7%-მდე ზრდას, ამ ეტაპზე, ტენდენციების უკეთ გამოკვეთამდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა თავი შეიკავა პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან. წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა მაღალი იყო, თუმცა, ეკონომიკის პოტენციური დონიდან გადახრა ჯერ კიდევ უარყოფითია. ამდენად, შიდა მოთხოვნა კვლავ სუსტი რჩება. ამასთან, ამ უკანასკნელის ზრდას ხელს უწყობს ეკონომიკის დაკრედიტების არსებული ტემპი. პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა საგარეო სექტორშიც. საგარეო მოთხოვნის გაუმჯობესების შედეგად 2017 წლის დასაწყისში საქონლის ექსპორტს ზრდის ტენდენცია აქვს. ზრდას განაგრძობს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც. ასევე, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ, თუმცა, ეს მაჩვენებელი კვლავ ჩამორჩება 2014 წლის დონეს. ამასთანავე, აღსანიშნავია იმპორტის ზრდაც. საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2017 წლის 2 მაისს გაიმართება.

დღეს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 06 მარტი 2017 12:26
6 მარტს, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე მოლდოვას ქალთა ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს და 16:00 საათზე დაიწყება. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ მოახლოვებული ამხანაგური მატჩისთვის 21 ფეხბურთელს უხმო. საქართველოს ნაკრები შეკრებას 28 თებერვლიდან სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გადის. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ჰერეთი“, ლაგოდეხი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“) მცველები: თამარ ტატუაშვილი („სამსუნსპორი“, თურქეთი), ნათია სხირტლაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ანა ზაქაიძე („35-ე სკოლა“, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), დარინა ანთაძე („აჭარა“), თინათინ თევდორაძე („35-ე სკოლა“, თბილისი) ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ჰერეთი“, ლაგოდეხი), მარიამ დანელია („35-ე სკოლა“, თბილისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („35-ე სკოლა“, თბილისი), ირინა ხაბურზანია („მართვე“, ქუთაისი), მარიამ ბასილაძე („35-ე სკოლა“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი) თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

„ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს ეფექტური და მდგრადი შეიარაღებული ძალების შექმნაში“

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 03 მარტი 2017 11:13
ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა ოფიციალურად გაიხსნასაქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას. ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარადჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას. თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ტრანსფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყებაში მიმდინარე რეფორმა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, თანამედროვე, მდგრად და ნატოსთან თავსებადი ძალების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას თქმით, რეფორმის შედეგად შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა ექნება დაიცვას საკუთარი ტერიტორია და მოსახლეობა გარე აგრესიისგან, ამავე დროს კი, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მინისტრმა თავდაცვის ახალი სტრატეგიული ხედვისა და 2017-2020 წლების ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა და მათ შემუშავებაში საერთაშორისო მხარდაჭერას გაუსვა ხაზი: „ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ინსტიტუტის რესტრუქტურიზაციასა და ოპტიმიზაციას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქნილობისა და სამანევრო შესაძლებლობების გაზრდას ითვალისწინებს“. ლევან იზორიამ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში არსებულ საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებზე ისაუბრა და ამ პროცესში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული მიმართულებების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. როგორც მან განაცხადა, თავდაცვის რეფორმირების პროცესში, ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაზრდისა და საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე - ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი გახდა. ნატოს უმაღლეს სამხედრო პირებთან სიტყვით გამოსვლის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა ნატოს, ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მზაობა წვლილი შეიტანოს მსოფლიო სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. ლევან იზორიას შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან. „მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს“. გენერალმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში შეტანილი წვლილისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს საიმედო პარტნიორია, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საერთო ბრძოლაში. მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა: „თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა“. სიტყვით გამოსვლების შემდეგ სესია დახურულ ფორმაატში გაგრძელდა, სადაც ნატოს უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენლებმა საქართველოსთან ერთად რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს და განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას დაუთმეს.

საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ძირითად პრიორიტეტად ეკონომიკური მიმართულება განისაზღვრა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 02 მარტი 2017 18:07
საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ დაინტერესებულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით. აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე. შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე. საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზოს. თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში. მხარეებმა დადებითათ შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები. ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.

საქართველო EBRD - ის შეხვედრაზე საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციას წარადგენს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 თებერვალი 2017 14:53

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიურ შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის მაისში კვიპროსზე ჩატარდება, საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ექნება, წლიური შეხვედრის მონაწილე ბიზნეს წრეების წარმომადგენლების წინაშე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე პრეზენტაცია გამართოს. 
აღნიშნული სიახლის შესახებ დღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და  EBRD - ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, ბრუნო ბალვანერამ ისაუბრეს. შეხვედრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ჩატარდა და მას ასევე დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციის გამართვის შესაძლებლობას. 

თავის მხრივ, EBRD - ის  რეგიონული დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მსგავსად, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მიეცა საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლობითი აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციის ჩატარების შესაძლებლობა. მისი განცხადებით, საქართველო ერთერთი მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა, სადაც ინვესტიციების განხორციელების კარგი შესაძლებლობაა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და EBRD-ის ურთიერთობის მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილეს. აქცენტი გაკეთდა 4-წლიანი თანამშრომლობის სტრატეგიაზე, რომელიც EBRD-მა შარშან დეკემბერში დაამტკიცა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული სტრატეგია სრულ შესაბამისობაში მოდის საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მიზნებთან და ამოცანებთან. 

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სამომავლოდაც სტრატეგიული და ძალიან ნაყოფიერი იქნება.

EBRD არის საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორი როგორც ფინანსური თანამშრომლობის კუთხით, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების და ევროპული ინვესტიციების მოზიდვის კონტექსტში. საქართველოსა და ბანკის თანამშრომლობა წარმატებულად გრძელდება სახელმწიფო და კერძო სექტორის დაფინანსების თვალსაზრისით. ამ კუთხით აღსანიშნავია EBRD-ის მიერ გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა ორივე მიმართულებით. ბანკის მიერ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტები ფინანსდება ქვეყნისთვის პრიორიტეტულ სექტორებში (ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა).

ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 17:44

საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, საფრანგეთის საელჩო და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აცხადებენ ერთობლივ კონკურსს ლოგოს შექმნისათვის, სათაურით: „საფრანგეთი-საქართველო, დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“.

 მთელი საიუბილეო წლის მანძილზე, გამარჯვებული ლოგო გამოყენებულ იქნება საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის ოფიციალურ კომუნიკაციებში, ფრანგულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების მხარდასაჭერად.

 კონკურსში მონაწილეობა სრულიად უფასოა და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. კონკურსის გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცემა საფრანგეთში წასასვლელი თვითმფრინავის ბილეთი (ორივე გზა).

 კონკურსის პირობები

-         ინდივიდუალური მონაწილეობა. შეიძლება გამოაგზავნოთ რამდენიმე ლოგო.

-         ლოგო უნდა გამოგზავნოთ ციფრულ ფორმატში (jpeg, jpg, bmp, png ან psd). არჩეული ტექნიკის მხრივ გაქვთ სრული თავისუფლება (გრაფიკული პროგრამები, ნახატი, კოლაჟი, ფოტოგრაფია...)

-         გრაფიკული ელემენტები:

  • სიტყვები „France“, „Géorgie“ და რიცხვი „25“ აუცილებლად უნდა ჩანდეს ლოგოზე
  • აუცილებელია ლურჯი, თეთრი და წითელი ფერების გამოყენება (ორივე ქვეყნის დროშების ფერები)

-         ფაილის მაქსიმალური წონა: 500 კბ-დან 5მბ-მდე

-         ზომები: 5x5სმ-დან 15x15სმ-მდე

-         საავტორო უფლებები: მონაწილე თანხმდება, რომ მისი საავტორო უფლებები მთლიანად, ექსკლუზიურად და სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა საფრანგეთის საელჩოს და ფრანგულ ინსტიტუტს საქართველოში.

 მიეცით ფართო გასაქანი თქვენს წარმოსახვას და შექმენით ლოგო ფრანგულ-ქართული ურთიერთობების შესახებ. გამარჯვებულ ლოგოს შეარჩევს ჟიური, მისი ორიგინალურობის, ფრანგულ-ქართული ურთიერთობების კარგად გადმოცემისა და ხარისხის მიხედვით. გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება 2017 წლის 20 მარტს, 3 საათზე.

 

მიიღეთ მონაწილეობა და მოიგეთ საფრანგეთში წასასვლელი თვითმფრინავის ბილეთი!

 

გამოგვიგზავნეთ თქვენი ნამუშევრები შემდეგ მისამართზე:

JLIB_HTML_CLOAKING

 

გთხოვთ, ნამუშევრებს თან დაურთოთ თქვენი მონაცემები, ისევე როგორც ინფორმაცია თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ (სტუდენტი, დასაქმებული, თვით-დასაქმებული, და სხვ.).

 ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა: 2017 წლის 14 მარტი, საღამოს 6 საათი.

 მეტი ინფორმაციისთვის, გამოგზავნეთ თქვენი შეკითხვები შემდეგ მისამართზე: JLIB_HTML_CLOAKING

შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის ერთ-ერთ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 21 თებერვალი 2017 10:40

არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს - ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ., -  განაცხდა მთავრობის სხდომაცე პრემიერ-მინისტრმა. 

მთავრობის მეთაური  შეეხო ხანმოკლე ვიზიტს შვეიცარიაში, რომლის დროსაც უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან.

„საუბარი გვქონდა, ზამთრის რომელიმე სახეობაში, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე. ამას სჭირდება მომზადება და უკვე გამოკვეთილია ქვეყნები რამდენიმე წლის განმავლობაში. დაახლოებით ხუთწლიან პერსპექტივაში, არ არის გამორიცხული, შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის საქართველოში ჩატარების უფლება, რომელიმე სახეობაში, შეიძლება ეს იყოს - ფრისტაილი, სნოუბორდი და ა.შ. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენების კუთხით", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, - მამალაძის ადვოკატი

გამოქვეყნებულია სამართალი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 16:47

"ყველა დეტალზე ვისაუბრეთ.  შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა, საქართველოში არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. ძალიან ბევრი ნიუანსია და თუ მამა გიორგი თავს იკავებს სრულყოფილად ჩვენების მიცემაზე, ითვალისწინებს გარკვეულ პირობებს, მიანიშნებს იმაზე, რომ ყველამ რაც კი შეცდომა დაუშვა, თვითონ უნდა გამოასწოროს.... საქართველოს გადასარჩენი არაფერი სჭირდა,” - აღნიშნული განცხადება ჩაფიძის კლინიკაში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრის შემდეგ მისმა ახალმა ადვოატმა, მიხეილ რამიშვილმა გააკეთა.

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური