თურქეთში საქართველოს ელჩი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 11:58

თურქეთის შავიზღვისპირეთში მივლინების ფარგლებში, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა უნიესა და ფაცას ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას. საქართველოს ელჩმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და წევრებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ურთიერთობების წარმატებაში ქართული დიასპორის დიდ როლს და აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკა არის საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს ელჩს მიაწოდეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

შეხვედრის დასასრულს, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.

"2022 წლისთვის საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 24 ივლისი 2019 09:40

რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა, აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო ამბიციური ამოცანები უნდა დავსახოთ ამ მიმართულებაში და დარწმუნებული ვარ, წლის მეორე ნახევარი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2019 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20 პროცენტით გაიზარდა, რაც 2019 ყველაზე დიდი მაჩვენებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.

„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს და შესაბამისად, რეგიონული განვითარება არის ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. 6 თვის წინ, ჩვენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, წარმოგიდგინეთ ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც გვაქვს 2019 წლისთვის.  კარგად გვესმოდა, რომ ამ მიზნის მიღწევა დაკავშირებული იქნებოდა ბევრ გამოწვევასთან. გასული წლის ზაფხულში, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარმადგინეს, რამდენიმე მიმართულებას გავუსვით ხაზი, სადაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ვგეგმავდით. პირველი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურა, რომელშიც გვქონდა ხარვეზები. იყო პრობლემები, რომელიც აისახებოდა განხორციელებული და გამოყოფილი ინვესტიციების აუთვისებლობაში. ჩვენ ძალიან ბევრი რამ შევცვალეთ. შევცვალეთ რეგიონული მართვის სტრუქტურა, ბევრი პროცედურა და დღეს უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ქვეყნის ინფრასტრუქტურაში 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია განახორციელა.

„რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 20 პროცენტით მეტი ბიუჯეტი მივეცით და 6 თვის მონაცემებით, ის 100 პროცენტით ასრულებს ამ დავალებას. რეგიონული განვითარება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართულებაა. ჩვენთვის აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს და მის გუნდს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა რეგიონებში ჯერ კიდევ განსახორციელებელია ისეთი ტიპის პროექტები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეს არის ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომელიც უკავშირდება წყლის მიწოდების სისტემებს, სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. 2022 წლის ჩათვლით, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზენტაციაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების, განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვის ანგარიშის წარადგინა მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2022 წელს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „ევროპალია“ საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება

გამოქვეყნებულია კულტურა
ორშაბათი, 24 ივნისი 2019 13:46

შეთანხმებას ბრიუსელში, ეგმონტის სასახლეში ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და "ევროპალიას" თავმჯდომარემ ქაუნთ ჟორჟ ჟაკობ დე ჰახენმა.

"ევროპალია საქართველოს" ფესტივალის ფარგლებში, ბელგიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება გამოფენები, კონცერტები, წარმოდგენები, ლიტერატურული ღონისძიებები, კონფერენციები და კინოჩვენებები, სადაც სხვადასხვა ტიპის შემოქმედებითი აქტივობის სახით, საქართველოს ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნება სრული მრავალფეროვნებით იქნება წარმოდგენილი.

„ევროპალია“ 1969 წლიდან ბელგიის სამეფოში ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მაღალი დონის შემოქმედებითი და კულტურული ღონისძიებებით გამოირჩევა. ფესტივალების ციკლი 1,5 მილიონამდე დამთვალიერებელს იზიდავს.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ოთხშაბათი, 12 ივნისი 2019 13:49

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ქალაქ გაბალაში მიმდინარე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის გაიმართა. 

შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.  ლევან იზორიამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტიური დინამიკაა. 

ლევან იზორიამ და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2019 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. 

ჰეიდარ ალიევის კონგრესის ცენტრში გამგზავრებამდე საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ჰეიდარ ალიევის პარკში ჰეიდარ ალიევის მონუმენტი გვირგვინით შეამკეს.

მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 06 მაისი 2019 13:59

დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

"ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ,  საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

„ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთად ერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს.  ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში (ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

CCTV7“ საქართველოზე ფილმების სერიას გადაიღებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 03 მაისი 2019 18:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორის მოადგილეს ვენ ჩენგუის, და ტელეკომპანია „CCTV7“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია „CCTV7“ საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაშვებას უზრუნველყოფს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი ესწრებოდა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 03 მაისი 2019 10:19

“ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა და გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად, არსებული პრაქტიკის გთვალისწინებით” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე კომენტირებისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან.
მინისტრის განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება სადელიმიტაციო კომისიის განახლებული შემადგენლობის დაკომპლექტება და განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა.
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პრემიერის დავალებით ვიყავი და ვარ მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჩვენ, რა თქმა უნდა ვხელმძღვანელობთ ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო და აზერბაიჯანი გახლავთ სტრატეგიული პარტნიორები, ბუნებრივია საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე განსაკუთრებული სიფრთხილით ვუდგებით ამ თემას, ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ უახლოს პერიოდში განახლდება ერთობლივი სადელიმიტაციო კომისიის სხდომა, კომისიის შემადგენლობაში იყო განახლება საჭირო, რის შემდეგეგაც და უახლოეს პერიოდში კომისია განაახლებს საქმიანობას იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ რომ გადაადგილება სამონასტრო კომპლექსის ცალკეულ ნაწილებზე განხორციელდება შეუფერხებლად და დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად.
„გადაადგილება დავით-გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება არსებული პრაქტიკის შესაბამისად და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გაითვალისწინონ საკითხის სენსიტიურობა და დელიკატურობა, განსაკუთრებული გულისყურით მოვეკიდოთ ამ თემას. დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი პოზიტიურად გადაწყდება, ბუნებრივია ჩვენ ვთანმხდებით აზრებაიჯანულ მხარესთან, რომ ჩვენი ურთიერთობიდან, სტრატეგიული პარტნიორობიდან და მეგობრული ურთიერთობებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხზე მსჯელობა და შესაბამისი პოზიტიური გადაწყვეტილება იყოს მიღებული.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის აღნიშნულ თემაზე კომუნიკაციამიმდინარეობდა კონსტრუქციულ, პარტნიორულ რეჟიმში და როგორც ამ საკითხზე, ასევე სხვა თემებზე მიიღება ისეთი გადაწყვტილებები, რომელიც შეეფერება ორი ერის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას.

მონპელიეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ღამეებს ღია ცის ქვეშ ათევენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019 18:04

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სამშობლოდან საფრანგეთის მონპელიეში უკიდურესი გაჭირვების გამო გაიქცნენ, ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. ქუჩას "ქართველების კარვების" ქუჩა შეარქვეს.

ქართველი ემიგრანტები იბრძვიან გადარჩენისთვის და ცდილობენ, ევროკავშირის წევრი ქვეყანა დაარწმუნონ, რომ თავშესაფარი მისცეს. მათი თქმით, საქართველოს დატოვება უმძიმესი ეკონომიკური პრობლემების გამო მოუწიათ.

„იმის გამო წამოვედით, რომ ჩემი ძმა სამკურნალოა, საავადმყოფოში წევს. ოპერაცია გაუკეთეს. არ გვაქვს საცხოვრებელი, არ გვეხმარება არავინ. ვართ გარეთ,“- განაცხადა საქართველოს მოქალაქემ.

ქართველი ემიგრანტების თქმით, მონპელიეში მათ აღარ იღებენ, ამის მიზეზად კი ისინი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ასახელებენ. მათ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რისი საფუძველიც არ აქვთ.

„საცხოვრებელი სახლი საქართველოში არ გვაქვს, არც სამუშაო. ჩვენ ვითხოვთ მკურნალობას და დროებით გაჩერების უფლებას. აღარ იღებენ არავის იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩვენ პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ და საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ძალიან უჭირს ხალხს საქართველოში ცხოვრება.

წყარო: რუსთავი 2

“ევროპული საქართველოს” წევრი გ. კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერის გამოსვლას უარყოფითად აფასებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 12 აპრილი 2019 13:36

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის წევრი “ევროპული საქართველოდან” გიორგი კანდელაკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ მთავრობის ლიდერმა მთავარი მოთხოვნა არ გააჟღერა.

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პრემიერმა კი ისაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ არ უთხოვია მთავარი, რომ ჩვენი ოკუპაციის და დევნილთა საკითხი მოხვდეს ევროკავშირის და აშშ-ის სანქციების მოთხოვნებში და რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის დადგეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებზე. ანუ გამოდის რომ ამას საქართველო არ ითხოვს და თუ არ ითხოვს რატომ მიიღებს? რაც შეეხება კითხვა-პასუხს, უბრალოდ ნახეთ ჩანაწერი (იმედია, პრემიერის პრეს-სამსახური თავად დადებს და არ დამალავს) და თავად შეაფასეთ. პრემიერ-მინისტრის პასუხების შემხედვარე ხმების მოსყიდვაზე, სასამართლოზე და სხვა მწვავე კითხვებზე მთელ დარბაზში უხერხული მომენტები ხშირად იყო”, – აცხადებს გიორგი კანდელაკი.

როგორც ცნობილია, 10 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოვიდა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სტრასბურგში მუშაობა დაიწყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მონაწილეობდა. 

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პოლიტიკურ ჯგუფებთან. დელეგაციის წევრები ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო მუშაობაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო გოგუაძე, ირინე ფრუიძე, გიორგი კანდელაკი და გელა მიქაძე.

ავთანდილ ოთინაშვილი, სტრასბურგი

 

 

საქართველოში, რეგიონში უნიკალური, აუტიზმის კომპლექსური ცენტრი აშენდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 02 აპრილი 2019 13:17

საქართველო იქნება რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც აუტიზმის კომპლექსურ ცენტრს ააშენებს,- აუტიზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დაესწრო. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სიმბოლურია, რომ აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დღეს საქართველოში  ეროვნული ცენტრის მშენებლობა იწყება. მამუკა ბახტაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აუტიზმის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარებისთვის საჭირო სერვისების დანერგვაში მონაწილეობდა.

„მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ამ ეროვნულ საქმეში. მინდა მოვუწოდო სხვა კომპანიებსაც და ქართველ მეწარმეებსაც, მეტად იაქტიურონ ამ მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, აუტიზმის ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ცხოვრებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ასევე  თბილისის მერიას წლების განმავლობაში პროგრამის მხარდაჭერისთვის.

პროექტის პრეზენტაციას მამუკა ბახტაძე მთავრობის წევრებსა და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად დაესწრო.  

აუტიზმის ეროვნული ცენტრს „აუტიზმის კვლევისა და ხელის შეწყობის ფონდი" ააშენებს. რეგიონული მნიშვნელობის ცენტრი ცენტრი მოემსახურება 16 წლის ასაკის ზემოთ აუტიზმის მქონე ადამიანებს. ცენტრში არსებული სერვისები მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და მათი უნიკალური უნარების განვითარებაში დაეხმარება. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური