დავით ზალკალიანი გვატემალელ კოლეგას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 06 სექტემბერი 2019 13:47

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრს, სანდრა ხოველ პოლანკოს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი და სამომავლო პრიორიტეტები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ,  კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, ისე მრავალმხრივ ფორმატებში აქტუალურ საკითხებზე ურთიერთმხარდაჭერის გზით.

აღინიშნა საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები როგორც ორმხრივ დონეზე, ისე ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) ეგიდით, სადაც საქართველოს დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. დაფიქსირდა პოზიციების სრული თანხვედრა ვენესუელის კრიზისთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში სანდრა ხოველ პოლანკომ გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.

გვატემალის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა იუსტიციის სახლი და გაეცნო სახელმწიფო სერვისების მიწოდების კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. 

დაგეგმილია მისი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან.

აღსანისნავია, რომ გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 თებერვალი 2019 12:45

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგის აქტუალური საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი ა.წ. 5 მარტს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე სამზადისზე და გაცვალეს ინფორმაცია სხდომაზე განსახილველ საკითხებზე.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წლის ივლისში ქ. ბათუმში დაგეგმილი ტრადიციული საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას. ის მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მონაწილეობას კონფერენციაში, რომელიც წელს მთლიანად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხს ეძღვნება.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის თემატიკა და მასში ევროკავშირის როლის გაძლიერების მნიშვნელობა. ევროკავშირის ელჩმა განმეორებით დაადასტურა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებშ ურყევია. მან დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა ამ პროცესში, კერძოდ კი მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მუშაობის გააქტიურების და კონკრეტული შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში დაგეგმილ რიგ მაღალი დონის ვიზიტებს ევროკავშირიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ ინტენსიურ თანამშრომლობას 2019 წლის საქართველო-ევროკავშირის საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით.       
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 25 დეკემბერი 2018 14:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე  ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სეიედ ჯავად ყავამშაჰიდისთან და ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალი ასგარ მოჰამმადი.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული, მათ შორის ბოლო პერიოდში საკონსულო და საზღვრის კვეთის დროს წარმოქმნილი საკითხები.
 
აღინიშნა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ირანის მოქალაქეების მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის წესების დარღვევებს (ხშირად სათანადო ინფორმაციის არ ქონის გამო)  და ამისთვის საჭიროა მათი ინფორმირებულობის გაზრდა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ირანელ კოლეგებს შესაბამისი სტატისტიკა წარუდგინა.
 
ირანულ მხარესთან ასევე შეთანხმდა, რომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობით და ირანელი ვიზიტორების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მომზადდება შესაბამისი საინფორმაციო მასალა საქართველოს საზღვრის კვეთის, საქართველოში ბიზნესის წარმოების, სწავლის ან მკურნალობის რეგულაციების შესახებ, რომელსაც ირანული მხარე შესაბამისი უწყებების და ორგანიზაციების მეშვეობით გაავრცელებს. 
 
შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულება და შეთანხმდა, რომ სასურველია მოხდეს ხელშეკრულების დებულებების დახვეწა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხელშეკრულების არასწორი მიზნით გამოყენების შესაძლებლობებს. 
 
შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ აღინიშნა, რომ შეხვედრისას მიღებულმა ინფორმაციამ სიცხადე შეიტანა განხილულ საკითხებში. ორივე მხარემ, გამოხატა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მომავალში.
 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 10 ოქტომბერი 2016 10:59

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ჰაქქარის პროვინციაში, შემდინლის რაიონში მომხდარი აფეთქების გამო,  ღრმა მწუხარებას გამოხატავს. აფეთქების   შედეგად დაიღუპა 18 და დაშავდა 27 ადამიანი. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის, ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს,"- ნათქვანია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის საელჩო პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 28 აპრილი 2016 13:48

 თურქეთ-საქართველოს საზღვართან დაკავშირებით პრესაში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუსათვის დასმული შეკითხვის პასუხად, გაცნობებთ შემდეგს: თურქეთ-საქართველოს საზღვრის შესახებ ბოლო დღეებში პრესაში გავრცელებულ ზოგიერთ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, ყველაზე ნათლად განმარტავს ამ საკითხთან დაკავშირებულ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, თურქეთსა და საქართველოს შორის არ მომხდარა რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა. ამ თვეში, შესაბამმა უწყებებმა ჩაატარეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრები, ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო მდინარის შეცვლილი კალაპოტის გასწორების მიზნით. თურქეთ-საქართველოს საზღვარი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, დადგინდა 1970-იან წლებში, რაც აღიარეს მხარეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1992 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისას და ჩვენს ქვეყნებს შორის არავითარი სასაზღვრო პრობლემა არ არსებობს.

დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 21 აგვისტო 2015 20:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დავით დონდუა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჩენ გუო ფინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებულ თანამშრომლობას. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. ამასთან ერთად, მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამომავლო რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და შესაბამისი პოზიციები შეაჯერეს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა დავით კერესელიძემ შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლიუ ძინსონთან. მხარეებმა „აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში საუბარი აგრეთვე შეეხო ა.წ. 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 04 მაისი 2015 18:19

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და არ ცნობს 2015 წლის 3 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონში გამართულ ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ყველა შესაძლო  ფორმატი იქნება გამოყენებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებისათვის.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური