გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს გაუსვეს ხაზი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 15:39

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს მიესალმებიან. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეს, კონგრესმენ ადამ კინზინგერს და დასავლეთ ვირჯინიის კონგრესმენ ალექს მუნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა კონგრესმენ კინზინგერს საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების პროცესში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორპარტიული მხარდაჭერა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების უმაღლეს დონეს ადასტურებს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს.

ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ბოლო წლებში, არაერთი მიმართულებით მიაღწია.

საუბრისას ასევე განხილული იყო საქართველოში ეკონომიკური და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 დეკემბერი 2018 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

პრემიერ-მინისტრმა სომხეთის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით არსებული პოტენციალი და საკითხები, რომლებზე მსჯელობაც ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში იგეგმება.

საუბრისას ყურადღება დაეთმო განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. 

შეხვედრა კორპორაცია „ჰუალინგის“ პრეზიდენტთან

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 09 მაისი 2016 16:42

მსხვილი ჩინური კორპორაცია „ჰუალინგი" საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, - ახალი საინვესტიციო პროექტების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კორპორაციის პრეზიდენტმა მი ენჰუამ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ბუნებრივი გაზსაცავი, სასწავლო დაწესებულებები, საავადმყოფო, ავიაკომპანიის გახსნა და ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარება, - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებით ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.
"ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ. კორპორაციის დამფუძნებელს ძალიან უყვარს საქართველო და ჩვენ ვგეგმავთ, განვაგრძოთ ინვესტირება ახალ პროექტებში, ენერგეტიკისა და განათლების სფეროებში. საუბარია როგორც ბუნებრივი გაზსაცავის მშენებლობაში მონაწილეობაზე, ასევე ჩაის მრეწველობისა და ტურიზმის განვითარებაზე. გარდა ამისა, „ჰუალინგმა" ჩინეთში შეისყიდა ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე შემოდის", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ჰუალინგის" რეგიონული დირექტორის მოადგილე ვანგ ჰინფუმ.
საქართველოს მთავრობა ინვესტორებს პროექტების განხორციელებაში მხარს მაქსიმალურად დაუჭერს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ჰუალინგ ჯგუფს" შემოჰყავს ახალი ავიაკომპანია, რომელიც უკვე დარეგისტრირდა საქართველოში. „ბოინგ 737" ტიპის ორი ბორტი, რომელსაც მოგვიანებით „ბოინგ 777" ტიპის ბორტი დაემატება, საქართველოდან შეასრულებს რეისებს ევროპისა და აზიის მიმართულებით, ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათ აქვთ ძალიან კონკრეტული გეგმები, ჩაის პლანტაციების აღორძინების, ასევე, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით, რათა ორ ქვეყანას შორის ტურისტული მიმოსვლა გაიზარდოს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს ხვდება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 12:45

საქართველოს პრემიერმინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, პედრო აგრამუნტს ხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. თბილისის დროით კი 2 საათზე გიორგი კვირიკაშვილი დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ საინტერესოა დააფიქსირებს თუ არა გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსეთთან მიმართებაში. დეპუტატის თქმით, შეკითხვები რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებითაც დაისმება.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე ზეწოლის შედეგად გარკვეულწილად რუსთავი 2-ზე შეტევა შეჩერდა, თუმცა არაფერი გარანტირებული არ არის. ჩვენ ველოდებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება მდგომარეობა გამწვავდეს, მნიშვნელოვანი იქნება პრემიერის მხრიდან დარბაზში დადებული პირობა, რომ მთავრობა არ უნდა ჩაერიოს,“- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.  

მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ძირითადად საუბარი იქნება იმ წარმატებულ რეფორმებზე, რაც, მათი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ასევე საუბარი იქნება ადამიანის უფლებებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.ეკა ბესელიას თქმით, კითხვები შესაძლოა რუსთავი 2-თან დაკავშირებითაც დაისვას.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნი საქართველოს მაისში ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 20:48

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი მაისში საქართველოს ეწვევა, - ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოსა და საქართველოს შორის 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმას მოეწერება ხელი. სამოქმედო გეგმისა და თანამშრომლობის საკითხების შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, საქართველო გამორჩეული სახელმწიფოა იმ მხრივ, რომ სწორედ ქართული მხარის ინიციატივით შემუშავდა ამბიციური სამწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას მოემსახურება.
გიორგი კვირიკაშვილმა ტორბიორნ იაგლანდს საქართველო-ევროსაბჭოს თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მთავრობის ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი გააცნო. მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ტორბიორნ იაგლანდმა განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება ევროსაბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნდება.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადება ვიზალიბერალიზაციაზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 10 მარტი 2016 10:47

მადლობა ყველას ვინც საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარს უჭერს-ამ განცხადებას საქართველოს პრემიერ მინისტრი აკეთებს. მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი ასახელებს ევროკომისარს მიგრაციასა და მოქალაქეობის საკითხებში.

ამის შესახებ ქვეყნის პრემიერი Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგზე წერს.

"საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხი არის იმ რთული სამუშაოს აღიარება, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქემ შეასრულა. ჩვენ ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მივუალოვდით," - წერს კვირიკაშვილი.

დიმიტრის ავრამოპულოსმა კი Twitter-ის საშუალებით განაცხადა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთავაზება, მნიშვნელოვანი მიღწევა და პროგრესია.

ასევე Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებაში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების გაღრმავების საშუალებას და იმედი გამოთქვა, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო სწრაფად იმოქმედებს. 

აქვე კიდევ ერთ განცხადებაში საქართველოს პრემიერმა დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციის შემდეგ დაწერა, რომ ის ევროკომისიის გადაწყვეტილებით კმაყოფილებას გამოთქვამს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა საქართველოს მოსახლეობას

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 იანვარი 2016 00:53

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი 2016 წელი მიულოცა საქართველოს მოსახლეობას. აღნიშნულ მიმართვას "ნიუსდეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
მეგობრებო გილოცავთ ახალ წელს!
გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენთვის ძვირფას ყველა ადამიანს.
ახალ წელს გილოცავთ ყველას, ვინც ყოველდღიურად და, შესაძლოა, ამ წუთებშიც ასრულებთ სამსახურეობრივ მოვალობას! განსაკუთრებით ვულოცავ საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც სამშობლოდან შორს საქართველოს ინტერესებს იცავენ, ასევე უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს.
ახალ წელს ვულოცავ  ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც საქართველოს გვერდით უდგას და გულშემატკივრობს.
მივმართავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და დებს! მინდა იცოდეთ, რომ საქართველოს ყველა მიღწევა, ყველა წარმატება თქვენიც არის, თუმცა, მხოლოდ ჩვენი ერთიანობით იქნება ეს წარმატება სრულყოფილი.
2016 წელს ვხვდებით ახალი რეალობით - საქართველომ გადადგა ისტორიული ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების გზაზე. სწორედ ამიტომ, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას, სადაც ჩვენს ოჯახებს, ჩვენს  შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე ექნებათ!
დამდეგი ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო ახალგაზრდებს!
2016 წელი იქნება თქვენი წარმატებების წელი! თქვენშია ყველაზე დიდი პოტენციალი და ჩვენ, ყველა თქვენს წამოწყებას და იდეას გვერდით დავუდგებით! მჯერა, რომ საქართველოს სიძლიერე სწორედ თითოეული თქვენთაგანის წარმატებაზეა დამოკიდებული.
მეგობრებო!
მიუხედავად სიძნელეებისა, ჩვენი სამშობლო აუცილებლად გახდება წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი.
საქართველო იქნება შესაძლებლობების ქვეყანა, თავისუფალი მოქალაქეების ქვეყანა, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი თავის, საკუთარი იდეების რეალიზებას, სადაც ქვეყნის წარმატება დამოკიდებული იქნება თითოეული ჩვენგანის შრომაზე.
ამისთვის საჭიროა ერთადერთი რამ, რომ თითოეულ ჩვენთაგანში არსებული უზარმაზარი დადებითი მუხტი მივმართოთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ - ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის აღმსენებლობისკენ.
ყველას გისურვებთ სიმშვიდეს, მიმტევებლობას, ერთმანეთის სიყვარულს, და უკეთესი მომავლის რწმენას, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება.
მე მჯერა,  რომ ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!
გილოცავთ 2016 წელს! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და მთელი საქართველოს მფარველი!

გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 17:08

გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაეროს როლი საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერაში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს.
„გაერო არის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიო სიმბოლო და გლობალური მშვიდობის მედროშე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გასულ კვირას პარიზში, ბეირუთსა და ეგვიპტეში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა და ბარბაროსულმა ძალადობამ, რომელიც, სამწუხაროდ, ასე გახშირდა, მთელი მსოფლიო შეძრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა გაეროს ქარტიის პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო 1992 წელს, გაეროში გაწევრიანებისთანავე შეუერთდა.
„გაეროს მიზნებია, დაიცვას შთამომავლობა ომისგან, რომელმაც ჩვენს თაობას უკვე ორჯერ გამოაცდევინა კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიმწარე; ხელი შეუწყოს რწმენის გაღვივებას, რომ დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები, ყველა ადამიანის ღირსება - მამაკაცებისა და ქალების, ასევე დიდი და მცირე ერების თანასწორი უფლებები; უზრუნველყოს პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის დაცვასა და ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მომდინარეობს სხვადასხვა შეთანხმებიდან და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან; ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესს და თავისუფალი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ჯგუფის თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მადლობას უხდის გაეროს იმ როლისთვის, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში ასრულებს.
გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობის მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა. ნილს სკოტმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის მნიშვნელოვანი წვლილი გაეროსთან თანამშრომლობაში.
„გაერო თავისი ფონდების მეშვეობით საქართველოს მთავრობის თანადგომას აგრძელებს, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებები, ხელი შეეწყოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერდეს სოციალური სამართალი", - განაცხადა ნილს სკოტმა.
სოციალური სამართლიანობის კონტექსტში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდზე, რომელთანაც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ხელი მოაწერეს გაეროს პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმას საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი გაზრდის საქართველოს როლს გაეროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის ადმინისტრაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

გაერო და საქართველოს მთავრობა ხელს აწერენ თანამშრომლობის დოკუმენტს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 23:38

პარასკევს, 20 ნოემბერს, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ბატონი ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი  საქართველოში ხელს მოაწერენ 2016-2020 წწ. გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმას მდგრადი განვითარებისთვის (ჩარჩო დოკუმენტი).  

თანამშრომლობის გეგმაში გაწერილია 2016-2020 წლებში საქართველოს მთავრობასთან გაეროს თანამშრომლობის ხუთი პრიორიტეტული მიმართულება: დემოკრატიულ მმართველობა; დასაქმება, საარსებო პირობები და სოციალური დაცვა;  განათლება;  ჯანდაცვა; და საზოგადოების უსაფრთხოება და სიცოცხლისუნარიანობა.

ღონისძიება გაიმართება პარასკევს, 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში (რუსთაველის გამზ. 6, თბილისი).

საქართველოს პრემიერის განცხადება "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 ნოემბერი 2015 14:39

"ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესი არის კერძო კომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებული სასამართლო დავა და ბუნებრივია, რომ ორივე მხარე იყენებს ყველა არსებულ იურიდიულ ბერკეტს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად", ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "რუსთავი 2"-ს გარშემო მიმდინარე პროცესების კომენტირებისას.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სურს მკაფიოდ და ნათლად დააფიქსიროს ხელისუფლების პოზიცია. "ჩვენი, ხელისუფლების ვალია უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სრულად იქნება დაცული სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობა, რადგან სწორედ ამ ორ უმნიშვენლოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტზე დგას ჩვენი სახელმწიფოს განვითარება", - მიაჩნია პრემიერს.

მისივე თქმით, საქართველო აშენებს დემოკრატიულ სახელმწიფოს, ასეთ სახელმწიფოში კი კერძო სასამართლო დავას და მით უფრო, მასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული. "ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩვენ ისტორიას ჩავაბარეთ".

როგორც სახელმწიფოს მეთაური აცხადებს, ამ საქმესთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ და მხოლოდ დამოუკიდებელი სასამართლოს პრეროგატივაა. პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად ღიად, რათა საზოგადოებამ მიიღოს დეტალური ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

"ხელისუფლებამ, მედიამ, სასამართლომ და საზოგადოებამ - ყველამ უნდა უზრუნველვყოთ როგორც მედიის, ისე სასამართლოს დამოუკიდიებლობა, რათა არავის მხრიდან არ მოხდეს ამ ინსტიტუტების გამოყენება ვინმეს პარტიული თუ პოლიტიკური მიზნებისთვის," - ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური