საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 ნოემბერი 2019 16:59

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან.

მარკ რუტემ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, ასევე - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რამდენადაც ნიდერლანდების სამეფოს, ორმხრივ ფორმატში, საქართველოს მთავრობის მეთაური პირველად ეწვია.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კუთხით არსებული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებას.

ასევე, ხაზი გაესვა საქართველოში ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას და გამოითქვა იმედი, რომ ამ კუთხით არსებული პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდება.

შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019 15:38

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრი გერმანელ დიპლომატს ქვეყანაში მიმდინარე წარმატებულ რეფორმებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების რეფორმას და აღნიშნულ სფეროში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას.  ხაზი გაესვა პროფესიული განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და გერმანულ მოდელთან მაქსიმალური დაახლოების საჭიროებას.

როგორც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია პროფესიები, რომლებშიც კვალიფიციური კადრების დეფიციტია და შესაბამისი სასწავლო პროგრამების სწორად შემუშავებასა და დანერგვაში გერმანულ მხარესთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე და ამ სფეროში GIZ-ის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე. დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა და საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ელჩმა ასევე იმსჯელეს საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმზე, რომლის გამართვა უახლოეს მომავალში იგეგმება.

საქართველოს პრემიერი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის გახსნის ცერემონიალს დაესწრება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 30 ოქტომბერი 2017 11:33

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის.
თურქეთის პრემიერი საქართველოს მთავრობის მეთაურს ტელეფონით ესაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ბინალი ილდირიმის განსაკუთრებულ წვლილს, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნის ცერემონია აზერბაიჯანში ხვალ გაიმართება. ღონისძიებას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ცერემონიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თურქეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტები და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი.

ამერიკის მეგობართა კლუბის საჯარო განცხადება საქართველოს პრემიერის აშშ-ში ვიზიტითან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 04 მაისი 2016 15:02

პირველ ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში ახალი პოლიტიკური ეპოქა დაიწო. საქართველოს უახლეს ისტორიის ქართულ ამერიკული ურთიერთობის კონტექსტში, საქართველოს პრემიერ  მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი შეერთებულ შტატებში იყო უმნიშვნელოვანესი. მსგავსი ყოვლისმომცველი სამუშაო ვიზიტი ერთ-ერთი გამორჩეულია იმ თვალსაზრისითაც, რომ ოფიციალური ვაშინგტონიდან და ამერიკის ანალიტიკური წრეებიდან, საქართველოს მიმართ გაკეთდა უაღრესად დადებითი შეფასებები. ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაო შეხვედრებში ჩართულები იყვნენ საქართველოს ბიზნეს წრეების წარმომადგენლებიც.  
მოგეხსენებათ, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მათ შორის უკრაინაში განვითარებული კრიზისის გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულია ურთიერთობები. ამ ფონზე საქართველოს მიმართ წამოვიდა ძალიან აქტუალური და პოზიტიური მესიჯები, მიმართული ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ.
ნაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქართულ ამერიკულ მეგობრობას ამოფარებულმა პოლიტიკოსებმა თუ დემოკრატიის ყალბმა დამცველებმა, რომლებიც ქართველი ერის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების შესაბამისად ირგებენ. პრემიერის შეერთებულ შტატებში უპრეცედენტოდ დატვირთული შეხვედრების პარალელურად, ნეგატიური ატმოსფეროთი გაჟღენთილი და ვარაუდებზე დაყრდნობილი განცხადებები გააკეთეს. რათქმაუნდა მათ განცხადებაში გასაკვირი არაფერი არ არის თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ  მათ პოლიტიკურ ლექსიკონში სიტყვების მანიპულირებას სხვა დატვირთვა აქვს. კერძოდ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ პროდასავლური ძალის ილუზია და ამით შეინარჩუნონ პოლიტიკური გავლენა, რაც ხშირ შემთხვევაში მათ პარტიულ მიზნებს ამართლებს.
ამერიკის მეგობართა კლუბი საჯაროდ აცხადებს, რომ მათი მხრიდან მსგავსი პოლიტიკური ინტერპრეტაციები საქართველოს პოლიტიკურ მიზნებთან შეუთავსებელია. მათი შეფასებები ხელს უწყობს შიდა დაპირისპირებას, ქმნის დესტაბილიზაციას და ეწინაამღდეგება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.  ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სანამ საქართველოში შიდა-პოლიტიკური ლექსიკონი და ძალაუფლების განმტკიცებისკენ სწრაფვა არ შეიცვლება პოლიტიკური ელიტის ევროატლანტიკური ერთობით, წინაამღდეგ შემთხვევაში ნატო-ზე ფიქრიც და ნატოში გაწევრიანებისთვის გარჯა ბუნდოვან პერსპექტივებს უქმნის საქართველოს.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრული დამოკიდებულება არ წარმოადგენს საქართველოში, რომელი პოლიტიკური პარტიის ან საზოგადოებრივი მოძრაობის პირად კუთვნილებას და პრივილეგიას, სინამდვილეში ამერიკელი ხალხი და მთავრობა უპირველესად მეგობრობს საქართველოს ხალხთან და პატივს სცემს მის არჩევანს.
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის დროს ხაზგასმით დააფიქსირა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების კუთხით ოფიციალური ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და აგრძელებს თანამშრომლობას სამომავლო რეფორმების განხორციელებისთვის. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოახლოვებულ ნატოს ვარშავის სამიტამდე ადრე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა.  გზავნილმა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ გულითად დამოკიდებულებას და დაუპირისპიდა ფსევდო პოლიტიკოსების მხრიდან გამიზნულ ფალსიფიცირებულ ჭორებს.  
ამერიკის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტმა ფრედერიკ კემპემ განაცხადა, რომ საქართველო არის წარმატებული დემოკრატიის მაგალითი და საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზიტი შეერთებულ შტატებში აღიქმება ძალიან დადებითად. რასაკვირველია ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტის მსგავსი შინაარსის განცხადებამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ქართულ ამერიკული მეგობრობის არაკეთილისმსურველი პოლიტიკოსების მხრიდან გავრცელებულ უსაფუძვლო  გამოწვევებს.
აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, პრემიერ მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, აგრეთვე ქვეყანაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე. ხაზი გაუსვა საქართველოში მოახლოებულ არჩევნების საკითხს და მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი მიზანია, დემოკრატიულად და უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სენატორი კრის მერფი,საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და ყოფილი ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა და საქმიანმა წრეებმა უაღრესად დადებითად შეაფასეს საქართველოს პრემიერ მინისტრის ხანმოკლე, მაგრამ ყოვლისმომცველი ვიზიტი, როგორც პოლიტიკური ასევე სავაჭრო ეკონომიკური კუთხით.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური